Tag Archives: ფემინისტები

სირაქლემები და “ტაბულა”

სტანდარტული

“ქართული ოცნების” პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე 8 მარტს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ქალის უფლებები დაცულია და ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ არის.

ჟურნალ “ტაბულას” ბოლო ნომერი ფემინისტების მიერ გადაცემა “ქალური ლოგიკის” მიმართ პროტესტსა და დახურვის მოთხოვნას ეხმაურება სტატიით “ფემინისტური ლოგიკა”. სტატიის არსი ისაა, რომ “ტაბულა” ფემინისტებს თავისუფალი სიტყვისა და მედიის მტრებად აცხადებს; ერთგან კი წერია ასეთი რამ: “ერთია, როცა გამოხატვა აჩენს მყისიერ საფრთხეს – ძალადობის მსხვერპლად იქცეს რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი. ასეთ დროს პირდაპირი კავშირი ძალადობასა და გამოხატვას შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას ქმნის.” მაშასადამე, “ტაბულას” ჟურნალისტების აზრით, “ქალური ლოგიკა” ძალადობის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის და ამიტომ მისი დახურვის მოთხოვნა ბოროტებაა.

როგორც მაია ფანჯიკიძის, ისე “ტაბულაში” გამოთქმული მოსაზრება მცდარია და აი, რატომ:

არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” 2010 წელს ჩაატარა კვლევა ოჯახში ძალადობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კახეთშია, სადაც ძალადობის მსხვერპლი 92%-ს აღწევს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, ქვემო ქართლში, აჭარაში და იმერეთში ძალადობის მსხვერპლი ქალთა 3/4-ია. ძალადობა არის სხვადასხვა სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური.

ქალები ხშირად ვერ ახერხებენ მოძალადე ქმრისგან (ან სხვა ოჯახის წევრისგან) თავის დახსნას, რადგან გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრი მათ წინააღმდეგაა, მათ უბრალოდ წასასვლელიც არსად აქვთ ხოლმე – მათ უძრავი ქონება ან მაღალი შემოსავალი არა აქვთ, გათხოვილ ქალს კი თავისი ოჯახი უარს ეუბნება უკან მიღებაზე. სახელმწიფოსთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის, არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალის დაცვას. ქალის დაცვას ვერც ქალის უფლებადამცველი ორგანიზაციები ახერხებენ – სხვადასხვა ინტერვიუებში თვითონვე აღიარებენ ამას. ისინი როგორც წესი, მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ მსხვერპლს დროებითი თავშესაფარი მისცენ, მაგრამ საბოლოოდ ქალი მაინც იძულებული ხდება მოძალადესთან დაბრუნდეს.

ასეთ პირობებში, საუბარი იმაზე, რომ ქალის უფლებები დაცულია ან რომ ძალადობის მყისიერი საფრთხე არ არსებობს, სირაქლემის პოზაა და სხვა არაფერი. ამ თემაზე სირაქლემის პოზა ძალიან გამტკბარი აქვს ნებისმიერი მიმართულების პოლიტიკოსს და “უფლებადამცველს”. ამაზე არავინ საუბრობს. “პოლიტიკური თემაა” ყველაფერი – საგარეო ურთიერთობებიდან დაწყებული სხვადასხვა სკულპტურების დადგმით დამთავრებული. ქალების პრობლემები კი “პოლიტიკური თემა” არაა. ჟურნალისტებს არც კი მოსდით აზრად, პოლიტიკოსებს ამის შესახებ კითხვა დაუსვან. “ბატონო/ქალბატონო, რას ფიქრობთ ოჯახში ძალადობის შესახებ და როგორ ესახება თქვენს პარტიას ამ პრობლემის მოგვარება?” გინახავთ ან გაგიგიათ ოდესმე მსგავსი კითხვა ქართველი პოლიტიკოსის მიმართ? მე არ მახსენდება. ჟურნალისტებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ თემაზე კითხვები მხოლოდ ქალის უფლებადამცველ ორგანიზაციებს ან დიდი-დიდი სახალხო დამცველის აპარატს უნდა დაუსვან.

პოლიტიკოსები და უფლებადამცველები დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ პატიმართა უფლებების დარღვევაზე, მათზე განხორციელებულ ძალადობაზე ან კიდევ აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლაზე და ა.შ. სტუდენტები აპროტესტებენ, რომ თვითმმართველობის წევრები “რიგით” სტუდენტებს სცემენ… ყველა აპროტესტებს, როცა კაცებს ხვდებათ, ქალებზე კი ყველა დუმს. რატომ? იმიტომ რომ ასეთი წესია – კაცებზე ჩვეულებრივ საჯაროდ ძალადობენ, ქალებზე კი არა. ქალზე საჯაროდ “ხელის აწევა” პატრიარქალურ-მაჩოისტური გადმოსახედიდან დიდ სირცხვილად და თავის მოჭრად ითვლება. აი, სახლში “ჩუმად” საკუთარ ცოლზე, შვილზე ან დაზე ძალადობა კი შეიძლება, სადმე მოფარებულ კუთხე-კუნჭულში ქალის გაუპატიურებაც არაა პრობლემა. ასეთი ძალადობის არშემჩნევა, მასზე თვალის დახუჭვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე იმაზე, რომელიც საჯარო სივრცეში ხდება.

დავუბრუნდეთ ისევ პატიმრების თემას. პატიმართა უმეტესობა კაცია, როგორც ითქვა, მათ არც თუ ცოტა დამცველი და გულშემატკივარი ჰყავთ. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა, თუ ვინმე რეციდივისტი და საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიში მამაკაციც კი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებების დაცვისთვის იბრძოლონ, რატომ არ იმსახურებს იმავეს მშვიდობიანი მოქალაქე ქალი? აშკარა უსამართლობაა ის, რომ ქალის უფლებების ხსენებისთანავე ყველა (მათ შორის ქალებიც!) თავს ქვიშაში წარგავს და განაცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, ეს რა სალაპარაკოა და ა.შ.

ქალზე ძალადობა მთელ მსოფლიოში პრობლემად რჩება. მაგალითად მოვიყვან შემთხვევებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკული შედეგით დასრულდა. 2000 წელს პალესტინაში 21 წლის ფახრა იუნუსს ყოფილმა ქმარმა მჟავა დაასხა. გოგონამ საშინელი დაზიანებები მიიღო, ცხვირი პრაქტიკულად სულ დაუდნა, უამრავი ოპერაცია გაიკეთა და ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ამ თავდასხმამ სამუდამოდ დაამახინჯა და ადამიანის სახე დაუკარგა. 12 წლის შემდეგ უბედური ქალი ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა.

უკრაინელ 18 წლის გოგონას, ოქსანა მაკარს რამდენიმე კაცი დაესხა თავს, გააუპატიურეს, აწამეს და ცეცხლი წაუკიდეს. გოგონამ მძიმე დამწვრობები მიიღო, ექიმებს მისი ორივე ქვედა კიდურის და ერთი ხელის ამპუტაცია დასჭირდათ, მაგრამ ოქსანა მაინც გარდაიცვალა.

ამ პოსტს რომ ვწერდი, ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე სწორედ მაშინ გააზიარა საქართველოში მომხდარი ეს ამბავი. 23 წლის გოგონა ქმარმა მოკლა. მოკლულს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ დამნაშავე მაინც დაისაჯოს მკაცრად. ზემოთ აღწერილ შემთხვევებში, მიუხედავად ძალადობის სიმძიმისა და კატასტროფული შედეგებისა, ფახრაზე და ოქსანაზე თავდამსხმელმა მამაკაცებმა მაინც მოახერხეს სასჯელისგან თავის დაძვრენა… იმიტომ, რომ გავლენიანი ოჯახებიდან იყვნენ და სახელმწიფოც მათ მხარეზე აღმოჩნდა.

 

რაც შეეხება “ტაბულას”, “ფემინისტური ლოგიკა” მათი პირველი ანტიფემინისტური სტატია არ არის, ამგვარი სტატიები ამ ჟურნალში საკმაოდ ხშირია. “ტაბულას” რედაქციას მიაჩნია, რომ მათ მემარჯვენე-ლიბერტარიანულ იდეოლოგიასთან ყველანაირი ფემინიზმი წინააღმდეგობაში მოდის. მაგრამ მე ვფიქრობ, ამაშიც ცდებიან. ამის სადემონსტრაციოდ კი სწორედ ოჯახში ძალადობის თემა გამოდგება. მემარჯვენეებისთვის იდეალური სახელმწიფო მინიმალური სახელმწიფოა. მინიმალური სახელმწიფოს არსი მდგომარეობს შემდეგში: მან უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები საფრთხისგან, როგორც ერთმანეთისგან, ასევე სახელმწიფოს გარედან მომდინარე საფრთხისგან. ამიტომ მინიმალური სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია ჯარი და პოლიცია. მეორე მხრივ, ეს სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს სხვა საკითხებში, განსაკუთრებით ეკონომიკაში. მაშასადამე, მემარჯვენეების აზრით, სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაიცვას ადამიანები საფრთხისგან, ძალადობისგან, თავისუფლების შეზღუდვისგან, ხოლო სხვა მხრივ აცალოს მათ თავისუფლად განვითარება და ეკონომიკური აქტივობა. თუ დავეყრდნობით ქალზე ძალადობის შესახებ ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციას, თუნდაც ზემოთ ხსენებულ სტატისტიკას, გამოდის, რომ სახელმწიფო თავის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას – ძალადობისგან დაცვას – ვერ ან არ ასრულებს. ამ ქალებისთვის ფაქტობრივად, არც მინიმალური და არც საერთოდ არანაირი სახელმწიფო არ არსებობს. ისინი არიან პრესახელმწიფოებრივ, ჰობსისეულ “ბუნებრივ მდგომარეობაში”, სადაც შედარებით სუსტ ადამიანს სხვა გზა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ან ითმინოს ძალადობა ან მოძალადე მოკლას. იმ შემთხვევაში თუ გატანჯული ქალი მეორე, უკიდურეს და საშინელ არჩევანამდე მივა, აქ უცებ საიდანღაც გაჩნდება სახელმწიფო და მკვლელს დასჯის, მიუხედავად იმისა, რომ თავისივე უმოქმედობითა თუ უუნარობით მიიყვანა ადამიანი ამ ზომამდე.

მართალია, მინიმალური სახელმწიფოს ცნება ჯერ კიდევ იმ ბნელ დროებაში ჩამოყალიბდა, როცა ქალი მოქალაქედ და სრულფასოვან ადამიანად არ მოიაზრებოდა. ასე რომ, ის თავიდან მართლაც მხოლოდ მამაკაცების დასაცავად იყო ჩაფიქრებული. მაგრამ ახლა ხომ სხვა დროა – თუ ქალს ადამიანად და მოქალაქედ ვაღიარებთ (რისი აღიარებისთვისაც სხვათაშორის, ქალებმა/ფემინისტებმა ბევრი იბრძოლეს), მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია ქალი ძალადობისგან დაიცვას, ისევე როგორც მამაკაცი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად და რა პირობებში ხორციელდება ეს ძალადობა.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, რით ეწინააღმდეგება ქალის ძალადობისგან დაცვის ფემინისტური მოთხოვნა ვინმეს მემარჯვენე-ლიბერტარიანულ იდეოლოგიას. მესმის, მემარჯვენე არ ეთანხმებოდეს სოციალისტური ფემინიზმის ზოგიერთ მოთხოვნას, მაგრამ ძალადობის საკითხზე სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მესმის. თუ ამ ადამიანს ყველანაირი ფემინიზმის ხსენებაზე ელეთმელეთი მოსდის და ჯიუტად უარყოფს ძალადობის არსებობას ან ამ თემის მნიშვნელობას, მაშინ გამოდის, რომ მას უბრალოდ ხელს აძლევს ამგვარი ძალადობის არსებობა და ქალის დაუცველობა. უკეთეს შემთხვევაში, ასეთ მემარჯვენეს (მამაკაცს) მოსწონს ის, რომ ამგვარად დამონებულ-დაბეჩავებული ქალები საზოგადოებრივ ასპარეზზე თუ შრომის ბაზარზე ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ, უარეს შემთხვევაში კი თვითონაც მოძალადეა. ძალადობაზე თვალის დახუჭვა არანაირი პოზიტიური იდეოლოგიური მოსაზრებებით არ იხსნება და არც შეიძლება აიხსნას.