Tag Archives: სტუდენტი

სტუდენტი მეგაფონით

სტანდარტული

ამ ბოლო დროს გაისმის საყვედურები იმის შესახებ, რომ თურმე ჩემი თაობა, როგორც იტყვიან სტუდენტი-ახალგაზრდობა, “ქუჩაში არ გამოდის” და არაფერს აპროტესტებს. ამის გამო ახალგაზრდებს “მძინარებს”, მშიშრებს ან კონფორმისტებს უწოდებენ. საინტერესოა, მაინცდამაინც ახალგაზრდები რატომ გამოდიან ასეთი მშიშრები თუ კონფორმისტები, მაშინ როცა მათმა მშობლებმა ნახევარი სიცოცხლე ქუჩის აქციებზე გაატარეს?

მშობლების თემას მოგვიანებით კიდევ მივუბრუნდები, მანამდე კი მოვყვები, მე როგორ ვხედავ ქუჩის აქციებს. რაღაც ხნის წინ ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ასეთ აქციაზე ვიყავი. წავედი, მიუხედავად იმისა, რომ აქციების მიმართ მაშინაც და ახლაც სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. იმ აქციამაც დამიდასტურა, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. აქცია ჩვეულებრივად წარიმართა – ვიღაცებმა მეგაფონში იყვირეს და დავიშალეთ. აქციისშემდგომი ბლოგპოსტები და კომენტარები სავსე იყო თვითტკბობით – ეს რა გავაკეთეთ, როგორ “გამოვიღვიძეთ”, რა მეამბოხეები ვართ, რა მაგრები ვართ… ისეთი ეიფორია იყო, გეგონებოდა, აქამდე არნახული რამე გააკეთეს ან ცხოვრებაში პირველად გაუწიეს წინააღმდეგობა რაღაცას. უფროსი თაობის შექებამ და უცებ დამეგობრება-ჩასასტავებამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეასხა ფრთა მათ აღტაცებას.

აღნიშნულ აქციას თავისთავად არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, ის პრობლემა რაც არსებობდა, ისევე დარჩა, როგორც იყო. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! ეს ფაქტი თვითტკბობას სულაც არ ანელებდა. მიზანი პრობლემის მოგვარება კი არა, თავად აქცია იყო. მთავარია, როლი კარგად შეასრულო, მეგაფონში იყვირო, მკერდში მჯიღი იბრაგუნო… ასე მეამბოხის სტატუსსაც მიიღებ და უფროსი თაობაც გაღიარებს. მეტი რაღაა საჭირო კმაყოფილებისთვის?

ახალგაზრდებს მოუწოდებენ, “მამების” თაობას დაუპირისპირდნენ; ქუჩის აქციებსა და პროტესტსაც ამ ბრძოლის ნაწილად მოიაზრებენ. მაგრამ აბა გავიხსენოთ, რას აკეთებს “მამების” თაობა – 20 (?) წლის განმავლობაში ქუჩის აქციებს მართავს. ამ აქციებისთვის დამახასიათებელია სწორედ ისეთივე ირაციონალიზმი, ისეთივე მეგაფონში ყვირილი, ისეთივე მკერდში მჯიღის ცემა და ალბათ ისეთივე თვითტკბობა, როგორიც მე ზემოთ აღვწერე. ამ კომედიის სახე შალვა ნათელაშვილია – აი, როგორ გამოთქვამს პროტესტს ქუჩაში. ამერიკაში. სად არის ან პრობლემა, ან მიზანი, ან შედეგი? მაგრამ ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ აქცია იმართება.

მე ვბრაზდები, როცა უფროსი თაობის წარმომადგენელი მომიწოდებს, ქუჩაში გამოვიდე და “გავაპროტესტო”. ჩემს თვალში იგი სწორედ ის “მამაა”, რომელიც თავისი სულელური ტრადიციის გაგრძელებას მთხოვს.  ჯერჯერობით ეს ერთ-ერთი იშვიათი რამეა, რაშიც ჩემი თაობა “მამების” ტრადიციას არ აგრძელებს. მაგრამ როგორც ჩანს,  “მამებს” არც ამის დათმობა უნდათ.

მე უარს ვამბობ ირაციონალიზმზე და ქუჩის აქციებზე. ისინი პრობლემებს ვერ აგვარებს.

უნივერსიტეტი და საბავშვო ბაღი

სტანდარტული

გუშინ, სწავლის დაწყების დღეს, ”ლაბორატორია 1918-ის” მიერ თსუ-სთან გამართული აქცია ფეისბუქზე დღის მთავარ თემად იქცა. ხალხი აზიარებდა ბმულებს, აღფრთოვანებას გამოხატავდა ”პროტესტანტი” სტუდენტების მიმართ, ქილიკობდა რექტორ სანდრო კვიტაშვილზე, ლანძღავდა თვითმმართველობას და ა.შ. მრავალგზის იქნა გაქილიკებული კვიტაშვილის სიტყვით გამოსვლა. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში.

“როცა უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, რომ 4 წელია აქ სწავლობს და ვერაფერი მიიღო, ხოლო ამის შემდეგ მაინც აქვე აბარებს გამოცდებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ან რაღაც სხვა პრობლემა აქვს, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ან სწორ არჩევანს ვერ აკეთებს. ვისაც პათოლოგიური ზიზღი აქვს აქაურობის მიმართ, შეუძლია სხვაგან წავიდეს.” მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერები თუ სიტყვები მართლაც მრავალჯერ იქნა ”გადაღეჭილი”, არც ერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა (ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მინახავს), მაინც რატომ აბარებენ ეს სტუდენტები ისევ იმ უნივერსიტეტში, რომელიც ეზიზღებათ; რა აიძულებთ, რომ იქ განაგრძონ სწავლა. აქ კიდევ ახალი კითხვა იბადება: რატომ არ გაუჩნდათ ამ ადამიანებს (ფეისბუქელებს) წინარე კითხვა? ამაზე პასუხს, ვფიქრობ, მოძღვრები გვაძლევენ – უბრალოდ უნდა გწამდეს, ზედმეტი კითხვების დასმა კი მკრეხელობაა :))) მაგრამ მე ცოდვილი, ამჯერადაც ვერ ვიკავებ თავს ამ მკრეხელური საქციელისგან და ვსვამ კითხვას. თსუ-ს რექტორის მსგავსად მეც მიკვირს, რატომ არ უნდა გაეცალო იმ ადგილს, რომელიც არ მოგწონს. არ ვიცი, ბაღის ასაკის ბავშვებს თუ აქვთ ამდენის მიხვედრის უნარი, მაგრამ მოზრდილობასა და მოწიფულობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს კი ნამდვილად უნდა ჰქონდეს. ცხადია, სტუდენტების წასვლა თუ არწასვლა რექტორს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს , მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს სულაც არ ხდის პირველ საკითხს ნაკლებად აქტუალურს ან საინტერესოს. ბოლოსდაბოლოს, სანამ რექტორს მოსთხოვს, იმხელა უნივერსიტეტზე აგე პასუხიო, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავზე მაინც ხომ უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება.

სიმართლეს ვიტყვი და დიდი კვლევები ნამდვილად არ ჩამიტარებია, მაინც რატომ ჩააბარა ამ ხალხმა უნივერსიტეტში, რომელიც ეზიზღებათ. მხოლოდ, აქა-იქ მოვკარი თვალი თითო-ოროლა ”არგუმენტს”. მაგალითად, ერთგან ვნახე თსუ-ს მიმართ თითქოს კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმა როგორ განაცხადა, რომ თსუ თურმე საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია – დაეთანხმა ამის თაობაზე დიმიტრი შაშკინის განცხადებას. თუმცა სინამდვილეში, მთლად ასეთი საოცრება შაშკინსაც კი არ უთქვამს, მან თსუ ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიხსენია. ისევ ”არგუმენტს” რომ დავუბრუნდეთ, მაშასადამე, თსუ ცუდია, მაგრამ მაინც საუკეთესო. ასევე ვიხილე ”არგუმენტები”: ”სხვაგან სად უნდა ჩააბარო?”; ”სხვაგანაც იგივე ხდება”. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მეტი არაფერი საინტერესო არ გამიგია. ისღა დამრჩენია, დავკმაყოფილდე შეგროვებული მასალით და მათზე დაყრდნობით ვცადო ამ ადამიანთა მოტივაციის ახსნა.

ვფიქრობ, შეიძლება გამოიყოს სამი სახის მოტივაცია:

  1. გულუბრყვილო – ”თსუ ცუდია, მაგრამ მაინც სხვებზე უკეთესი და მაშასადამე, საუკეთესოა”. მიკვირს და გამკვირვებია – როგორ შეიძლება თსუ-ში მთელი ოთხი წელი ისწავლო, ნახო და გააცნობიერო (?) მთელი მისი ნაკლოვანებანი და ამის მიუხედავად, მაინც ვერ განთავისუფლდე იმ მითის ტყვეობისგან, რომ ”თსუ საუკეთესოა”. ასეთი სტუდენტი, რასაკვირველია, ბოლოს იმით დაამთავრებს, რომ შაშკინსაც და კვიტაშვილსაც გადაუჯოკრავს თსუ-ს ქება-დიდებაში.
  2. უპასუხისმგებლო – ”სხვაგანაც იგივე ხდება”. მაინც რატომ არის ამის მთქმელი ადამიანი ისეთი დარწმუნებული, რომ ცდაც კი არ უნდა? ჩემი აზრით, ეს ”არგუმენტი” პირველს წააგავს, ოღონდ უფრო პასიურია.
  3. ჰეროიკული – ”თსუ ცუდია, მაგრამ მე მაინც დავრჩები და აქვე ვიბრძოლებ მისი გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის”. მართალია, ასეთი ”არგუმენტი” ან რაიმე მინიშნება მასზე მე არ მინახავს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. რა შეიძლება ითქვას ასეთ მებრძოლ სტუდენტებზე? ნაცვლად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად იზრუნონ თავიანთ განვითარებასა თუ ბედნიერებაზე, ისინი საკუთარ თავს და მომავალს თსუ-ს გადასარჩენად სწირავენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს სურთ მადლიერმა შთამომავლობამ თსუ-სთვის თავდადებული გმირების სახელით მოიხსენიოს; მთლად უკეთესი კი ის იქნება, წმინდანის შარავანდედსაც თუ გამოჰკრავენ ხელს. 🙂

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილება რაციონალიზმისგან დაცლილი ჩანს და არასერიოზულად გამოიყურება. არასერიოზული და ირაციონალურია ისიც, როცა თვითმმართველობის წევრები გირტყამენ და ამის პასუხად აქციას აწყობ და მეგაფონში გზნებით გაჰყვირი, არა ძალადობასო. მოგვიანებით კი რექტორს შეჰღაღადებ, ბიძია, უთხარი რა, არ დაგვარტყანო.  გცემენ? ადექი და უჩივლე. მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობის აღება ხომ ძნელია, ბევრად უფრო ადვილია, აქცია მოაწყო, ტრანსპარანტები აფრიალო და ემოციებად დაიღვარო. თან ეროვნულ ტრადიციებშიც კარგად ჯდება. 🙂 და მაინც, თუ არ შეგიძლია იყო რაციონალური, მაშინ რატომ გაქვს პრეტენზია, რომ ბავშვად, უმწიფრად არ მიგიღონ?

წინა პოსტში ვწერდი, საქართველოში ინდივიდუალიზმს არ სწყალობენ მეთქი. არც რაციონალიზმს სწყალობენ. მოკლედ, ლიბერალური ღირებულებები აქ ვერ ხარობს. ქართველები პრობლემების გადასაჭრელად (?) ან ემოციებს მიმართავენ ან ტრადიციებს, რაციონალიზმს კი ყველაზე ნაკლებად. როგორც ჩანს, თავიანთი მამებისა და დედებისაგან განსხვავებულნი არც ახალგაზრდები არიან.

P.S. თუ მოხდება ისე, რომ რომელიმე მკითხველს მეტისმეტად აღაშფოთებს ჩემი პოსტი, მაშინ ვურჩევ ცივი წყალი დალიოს და ეს წაიკითხოს.

ბიუროკრატია ბოროტებაა ანუ ამბავი სტუდბილეთისა

სტანდარტული

თსუ-ში 2007 წელს ჩავაბარე. ე.წ. სტუდბილეთები თავიდან თვითონ უნივერსიტეტმა დაგვიმზადა და დაგვირიგა. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო უბრალო ბარათი ზედ სურათითა და გვარ-სახელით. პირველი კურსის ბოლოს კი ეს ბარათები გამოცვალეს – სტუდბილეთის ფუნქცია ამიერიდან ”სახალხო ბანკის” ( აწ უკვე ”ლიბერთი ბანკის”) დამზადებულ საკრედიტო ბარათს უნდა შეესრულებინა. ერთი ასეთი ბარათი მეც მომცეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბარათზე რაღაც შეცდომა იყო. რაღას ვიზამდი, ხელახლა შევიტანე მოთხოვნილი ”საბუთები” უნივერსიტეტის რომელიღაც კაბინეტში და დავიწყე ლოდინი, როდის დამიმზადებდნენ ახალ ბარათს. ლოდინი ფუჭი გამოდგა, არავითარი ჩემთვის განკუთვნილი ბარათი უნივერსიტეტს არ მიუღია. მერე აღარ მახსოვს, ”საბუთების” კიდევ ერთხელ შეტანა დამეზარა თუ უკვე აზრიც აღარ ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, ის სემესტრი სტუდბილეთის გარეშე დავასრულე.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის ყველაზე წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდია გაიცემა. როდესაც დავინტერესდი, როგორ ხდებოდა ხსენებული სტიპენდიის მიღება, აღმოჩნდა, რომ ამისთვის რაღაც ”ფორმა” უნდა შეგევსო თუ განცხადება უნდა დაგეწერა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს თავისთავად აქვს ინფორმაცია სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესახებ, სტიპენდიის გასაცემად რატომღაც მაინც განცხადებები სჭირდება – ესე იგი, რაც არ უნდა გადასარევად სწავლობდეს სტუდენტი, თუ განცხადება არ დაწერა, სტიპენდიას ვერ ეღირსება 🙂 ეს კიდევ არ არის ყველაფერი – არასოდეს არსად მინახავს ინფორმაცია სტიპენდიის მიღების ”წესის” შესახებ, არც უნივერსიტეტის საიტზე და არც საინფორმაციო დაფებზე მსგავსი არაფერი ყოფილა გამოკრული. დღემდე ისიც არ ვიცი ზუსტად, ეს განცხადება სემესტრის დასაწყისში იწერებოდა თუ სემესტრის ბოლოს (სტუდენტებმა ამის შესახებ არაერთგვაროვანი ინფორმაცია მომაწოდეს). მიუხედავად ინფორმაციის კატასტროფული ნაკლებობისა, მეორე კურსზე შევეცადე, სტიპენდია მიმეღო. პირველ მცდელობაზე, რამდენადაც მახსოვს, განცხადების შეტანის ვადას გადავაცილე :))) მეორე ჯერზე როგორც იქნა, ჩავიგდე ხელში ძვირფასი ”ფორმა”, მაგრამ ამჯერად აღმოჩნდა, რომ სტიპენდიის მისაღებად აუცილებლად სტუდბილეთი ანუ ”სახალხო ბანკის” მიერ დამზადებული ბარათი უნდა გქონოდა; სხვა შემთხვევაში კი განცხადების დაწერას არავითარი აზრი არ ჰქონდა. იმ პერიოდში ”სახალხო ბანკი” ახალ პირველკურსელებს უმზადებდა ბარათებს, მეც მათ შევუერთდი და კიდევ ერთხელ ვცადე სტუდბილეთის აღება. არ ვიცი, ამჯერად ვინ იყო დამნაშავე – ბანკი თუ უნივერსიტეტი, მაგრამ ბარათი ისევ ვერ მივიღე. რა თქმა უნდა, ვერც სტიპენდია. მერე და მერე ამ და სხვა ადმინისტრაციული თუ აკადემიური პრობლემების გამო სწავლის მოტივაცია თანდათან დავკარგე, ასე რომ სტიპენდიას ალბათ მაინც ვერ მივიღებდი.

ამ ამბავში ჩემთვის სასიხარულო მხოლოდ ის არის, რომ ეს ყბადაღებული სტუდბილეთი გარდა სტიპენდიის შემთხვევისა, მაინცდამაინც არაფერში დამჭირვებია. ჩემმა სტუდენტობის პერიოდმა კი კარგად დამანახა, რომ ბიუროკრატია ბოროტებაა. ბიუროკრატია ან უნდა გაუქმდეს, ან სადაც სულ გაუქმება შეუძლებელია, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მაგალითად, საჭიროა კი, გვქონდეს ეს სამინისტროები:

  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ხომ არ აჯობებს, რომ ისინი გაუქმდეს ან მცირე დეპარტამენტის სახით შეუერთდეს რომელიმე სხვა სამინისტროს? საჭიროა, რომ ცალკე გარემოს დაცვის სამინისტრო არსებობდეს და ცალკე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო? ხომ არ აჯობებდა მათი გაერთიანება და ზედმეტი ბიუროკრატიის მოშორება? საჭიროა იმდენი დეპარტამენტი და სამსახური, რამდენიც აქვთ სამინისტროებს?

რატომ უნდა ვამრავლოთ ბიუროკრატია, რომელსაც ჩვენი ფულის, დროისა და ნერვების ფლანგვა ეხერხება, საქმის კეთება კი არა?