Tag Archives: სექსიზმი

სარვამარტო სექსიზმი

სტანდარტული

საქართველო მარტის დასაწყისში ორ დღეს აღნიშნავს – 3 მარტს, ქართულ დედის დღეს და 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. 8 მარტთან დაკავშირებით ზოგადად დიდი არეულობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა სუფევს. ზოგს ჰგონია, რომ ეს საბჭოური გადმონაშთი, “კომუნისტური დღესასწაულია” და როგორც ბოროტებას ისე უნდა ებრძოლოს. 3 მარტიც ხომ თავის დროზე ყოველივე საბჭოურთან და კომუნისტურთან ბრძოლის ეგიდით შემოიღეს; თანაც ქართულ “დედის კულტსაც” კარგად ეთანხმებოდა. მაგრამ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია მაინც არ გაქრა და დღესაც ბევრი ადამიანი ამ დღეს “ქალების მიმართ პატივისცემას” ყვავილების ჩუქებით გამოხატავს. როგორც ჩანს, ცოტამ თუ იცის, რომ 8 მარტი გაეროს მიერ აღიარებული საერთაშორისო “დღესასწაულია” და კიდევ უფრო ცოტას აინტერესებს, რომ ეს დღე ქალთა უფლებებს დაუკავშიროს.

ასეა თუ ისე, ფართო საზოგადოებაში მიღებულია აზრი, რომ ამ დღეებში ქალებს განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოეპყრონ. ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტებზე, თუ როგორ გამოხატავს ქართული მედია და ბიზნესი ქალების მიმართ პატივისცემას.

“ჯი პი აი ჰოლდინგი” ქალებს მანქანის დაზღვევას სთავაზობს, ოღონდ სექსისტური რეკლამით. “ფრთხილად! ავტომობილის სარკესთან ქალია!” გვაუწყებს მათი სარეკლამო ბანერი და შემდეგ ყოველგვარი უხერხულობის გრძნობის გარეშე აგრძელებს: “სარვამარტო საჩუქარი მანდილოსნებს…” ბანერზე გამოსახულნი არიან ქალები, რომელთაც ხელში კოსმეტიკური საშუალებები უჭირავთ. ფეისბუქზე აღვნიშნე, რომ ეს რეკლამა ამგვარი სულისკვეთების შემცველია:”სულელო და უპასუხისმგებლო ქალებო, მანქანა ჩვენთან დააზღვიეთ!” მართლაც, რეკლამა იმეორებს სტერეოტიპს, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან; აგრეთვე სულელები და უპასუხისმგებლოები, რომელთაც თავიანთი “პრანჭიაობის” მეტი არაფერი აინტერესებთ. საოცარია, რას ფიქრობს ამ რეკლამის შემქმნელი, ქალებს შეურაცხყოფა უნდა გაუხარდეთ და სასწრაფოდ უნდა გაიქცნენ ამ კომპანიის მომსახურების საყიდლად?

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ეს “სარვამარტო საჩუქარია”. ქალებს დაცინვას, შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციას უძღვნიან – სწორედ იმ დღის აღსანიშნავად, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.

“ჯი პი აი ჰოლდინგს” არც ტელეკომპანია იმედი ჩამორჩა. იქ ახალი გასართობი შოუ, “ქალური ლოგიკა” დაიწყო. ვისაც ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ ამ გადაცემის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მისი ანონსი. მართალია, “იმედს” ეს გადაცემა მაინცდამაინც 8 მარტისთვის არ დაუკავშირებია, მაგრამ ეს პროექტიც ამ პერიოდში დაიწყეს, ამიტომ შეგვიძლია, ესეც ქალებისთვის გაკეთებულ “საჩუქრად” ჩავთვალოთ.

დავიწყოთ იმით, რომ გადაცემის სათაური უკვე სექსისტურია. რამე გადაცემა რომ ყოფილიყო სათაურით “სომხური ლოგიკა” ან “ჰომოსექსუალთა ლოგიკა”, უფლებადამცველებსა და მედიას ეს არ გამორჩებოდათ და დიდ აჟიოტაჟსაც ატეხდნენ (სავსებით სწორადაც), “ქალური ლოგიკა” კი, სამწუხაროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უბრალოდ “გაატარა”.

გარდა სათაურისა, თუ ანონსიც მოისმინეთ, იქაც ნახავდით, რას წარმოადგენს ეს შოუ. საკვანძო ფრაზაა: “შემოქმედებითი ჯგუფის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა ქალურ ლოგიკაზე უკვე გაიცინეს”. დიახ, ეს შოუ იმისთვისაა, რომ კიდევ ერთხელ გავიცინოთ, რა სულელები არიან ეს ქალები!

ამ გადაცემა-თამაშის პრინციპი შემდეგია: მოწვეული არიან ექვსი ქალი და ექვსი მამაკაცი, რომლებიც თავის მხრივ სამ-სამ წყვილად იყოფიან. ქალებს უსვამენ კითხვებს, ხოლო მამაკაცებმა უნდა გამოიცნონ, იციან თუ არა ქალებმა ამ კითხვის პასუხი; თუ სწორად გამოიცნობენ, მაშინ ფულს იგებენ. წამყვანმა რამდენჯერმე უთხრა მამაკაცებს, რომ “არ არის მნიშვნელოვანი, თქვენ თუ იცით პასუხი”. მართალია, ხანდახან მამაკაცებმა არ იცოდნენ სწორი პასუხი და ქალებმა ზოგჯერ იცოდნენ, მაგრამ გადაცემა იმგვარად არის აწყობილი, რომ მამაკაცის ცოდნა-არცოდნა უმნიშვნელოა, ხოლო ქალებს პასუხის გაცემა მოეთხოვებათ და თუ ისინი უვიცები აღმოჩნდებიან, მათი მსჯელობა სასაცილოა. ჰოდა, მიზანიც მიღწეულია, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ ქალების სისულელეს, “ქალურ ლოგიკას” და ამაზე ვიცინოთ. მიზანი მით უფრო ადვილად მიიღწევა, თუ გადაცემაში ახალგაზრდა მოდელებს მივიწვევთ, რომელთაც, როგორც გადაცემის წამყვანი აღნიშნავს, “ყველაფრის ცოდნა არ მოეთხოვებათ”. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს გოგონა სტუდენტიც არის (თავად თქვეს თავის წარდგენისას), ისინი ხაზგასმით მოდელების რანგში იყვნენ წარმოდგენილნი, კოკტეილის კაბებში გამოწყობილები ისხდნენ და “ქალურ ლოგიკას” ამჟღავნებდნენ.

ამგვარად აღნიშნავს 8 მარტს საქართველო. ისღა დამრჩენია, ვთქვა, რომ თუ ვინმე (მამაკაცი) მართლაც სცემს პატივს ქალთა სქესს, ყვავილების ჩუქებითა თუ ავტობუსებში ადგილის დათმობით თავს ნუ შეიწუხებს, არამედ ქალთა შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია გააპროტესტოს.

ფემინიზმი და სილამაზე

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერა გიორგი ძნელაძის სტატიამ გადამაწყვეტინა. ავტორი სილამაზის კონკურსებისა და მათთან დაკავშირებული სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებს, ამხელს მათ სექსისტურობას. ყოველივე ამაში გიორგის მეც ვეთანხმები, სილამაზის კონკურსი მართლაც პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მახინჯი მოვლენაა, მართლაც უწყობს ხელს ქალის ობიექტივაციას და მამაკაცთა სურვილებსა თუ გემოვნებაზე დაქვემდებარებას. ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ სილამაზე იყო მამაკაცების მიერ ქალისთვის ”მიგდებული” ერთადერთი სფერო (?), რომლის წყალობითაც მას საზოგადოებრივ ასპარეზზე გარკვეული წარმატების მიღწევა შეეძლო. მაგრამ თვით ამ სფეროშიც კი მკაცრი და მამაკაცზე ორიენტირებული სტანდარტები იყო გაბატონებული.

თუმცა თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, თუ როგორ აზრებს და რეაქციებს ბადებს ხანდახან მსგავსი სტატიები, ან ზოგადად, იდეები. ანტიფემინისტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საბაბი, განაცხადონ, რასაც ისედაც დიდი ენთუზიაზმით აცხადებენ ხოლმე – ფემინისტები მხოლოდ მახინჯი ქალები არიანო. მათი თქმით, ფემინიზმი თავშესაფარია ისეთი ქალებისთვის, რომლებმაც მამაკაცებს თავი ვერ მოაწონეს, ესე იგი, ”მახინჯებისთვის”.  თავის მხრივ, ასეთი განცხადებები ფემინისტებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განუმტკიცებს რწმენას სილამაზის კონკურსებისა და სხვა მისთანათა სექსისტურობაზე. აქ ამაზე აღარ განვავრცობ და ფემინისტურ მოსაზრებებზე არსებულ რეაქციებს დავუბრუნდები. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის გვესმის, რომ ფემინისტები ”მახინჯები” არიან; ზოგმა ადამიანმა შეიძლება ასეც შენიშნოს და იკითხოს, ფემინიზმი ესთეტიკას ხომ არ უპირისპირდებაო.

სწორედ ამ საკითხზე მინდა ვისაუბრო – ესე იგი, ფემინიზმის და ზოგადად სილამაზის იდეის ან ფემინიზმისა და ქალის სილამაზის ურთიერთდამოკიდებულებაზე. სწორი შთაბეჭდილება უჩნდებათ ამ ადამიანებს? მართლაც უპირისპირდება ფემინიზმი სილამაზის იდეას ან უარყოფს ქალის სილამაზეს? ნუთუ ფემინიზმისთვის სილამაზე ღირებული არ არის ან არ უნდა იყოს? რა უნდათ საერთოდ ამ ფემინისტებს?

Freja Beha

იქნებ ფემინისტების სურვილი ისაა, რომ ქალებმა პირდაუბანელებმა ან ტომარაგადაცმულებმა იარონ? მაგრამ არა, როგორც ცნობილია, ქალის ჩადრის, ბურკის და სხვა მსგავსი შესამოსლების ქვეშ დამალვა ფემინისტებს ისევე (ან უფრო მეტადაც) აღაშფოთებთ, როგორც ვთქვათ, სილამაზის კონკურსზე ბიკინებში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ქალი. მაშ რა უნდათ, თუ არც ერთი მოსწონთ და არც მეორე? ამის პასუხი შემდეგია: ფემინისტებს უნდათ, ქალი თვითონ ფლობდეს და განაგებდეს თავის სხეულს, შესაბამისად, თავის სილამაზეს და სექსუალობასაც. ჩადრიც და სილამაზის კონკურსიც იმიტომ არის მათთვის მიუღებელი, რომ  არც ერთ შემთხვევაში ქალი არ არის საკუთარი სხეულისა და სილამაზის განმკარგველი, არამედ ორივე შემთხვევაში ის ემორჩილება სხვის (მამაკაცის) მოთხოვნებს ან/და თავსმოხვეულ სილამაზის სტანდარტებს.

თუ მაინცდამაინც ამ უაზრო და ”დაშტამპულ” სილამაზის კონკურსებს მივაჩერდებით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ უიმედო მდგომარეობაა და ქალები ვერაფრით ვერ თავისუფლდებიან ხსენებული თავსმოხვეული სილამაზის სტანდარტებისგან. მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა. ვინც მოდის ინდუსტრიაში ასე თუ ისე ჩახედულია, მან იცის, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც სამოდელო ბიზნესში გამოჩნდნენ გოგონები… ასე ვთქვათ, ანდროგინული გარეგნობისა და სტილის მქონე გოგონები, რომლებიც სულაც არ ჰგვანან სილამაზის კონკურსების ”დაშტამპულ” მონაწილეებს. ვფიქრობ, ისინი მართლაც ფლობენ საკუთარ სილამაზესა და სექსუალობას, ისინი არ ”ყიდიან” საკუთარ თავს მამაკაცებზე – თავისუფალნი არიან მოჭარბებული ფემინურობის, კეკლუცობის, ქარაფშუტობისა თუ ვულგარულობისგან.

ხსენებულ მოდელთა ლიდერად, ვფიქრობ, 22 წლის დანიელი გოგო, ფრეია ბეჰა (Freja Beha Erichsen) უნდა ჩაითვალოს. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ფრეია ცნობილია, როგორც ლესბოსელი და სასიყვარულო ურთიერთობები თავის კოლეგა-მოდელებთანაც ჰქონია. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, მასთან თანამშრომლობენ Chanel, Gucci, Burberry, Alexander Wang, Prada, Balmain, Balenciaga და ბევრი სხვა, მონაწილეობას იღებს უამრავ სარეკლამო კამპანიაში, ფოტოგადაღებებში… არანაკლებ ცნობილნი და პოპულარულნი არიან სხვა მოდელებიც: Kasia Struss, Irina Lazareanu, Agyness Deyn, Saskia de Brauw… ხსენებული მოდელების წარმატებულობას თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამედროვე მოდის ტენდენციები. ცხადია, თანამედროვე ანდროგინულ სამოსს ვინმე თვალებფახულა, ტუჩებგაბუსხულ თუ ხელოვნურად გაბერილმკერდიან გოგოს ვერ ჩააცვამ. მას ეს უბრალოდ არ მოუხდება.

დაბოლოს, არ შეიძლება არ ვახსენო კოკო შანელიც, რომელიც მოდისა და სილამაზის ისტორიაში რევოლუციური ფიგურა იყო. შანელი სისადავესა და ორიგინალობას ქადაგებდა და ებრძოდა ვულგარულობას. იგი ამბობდა (ბოდიშს ვიხდი უხეში თარგმანისთვის): ”მე ფუფუნება (luxury) მიყვარს. ფუფუნება მდიდრულობას და მორთულ-მოკაზმულობას კი არ ნიშნავს, არამედ ვულგარულობის არარსებობას. ვულგარულობა ამქვეყნად ყველაზე საძაგელი რამაა და მეც სწორედ იმისთვის ვიღწვი, რომ აღმოვფხვრა ის”.