Tag Archives: პასუხისმგებლობა

ძალაუფლება, სისტემა და მოქალაქეები

სტანდარტული

ციხეში წამების კადრების გამოქვეყნებამ რადიკალური გარდატეხა მოახდინა. არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიის რეიტინგი დაეცა და სხვისი რეიტინგი კი პირიქით, გაიზარდა. ეს თავად პარტიებისა და მათი თავგადაკლული მხარდამჭერებისთვის არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა.

მგონია, რომ ამ კადრების გამოქვეყნებამდე ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები – ვფიქრობდით, რომ შეგვიძლია ვენდოთ მთავრობას.  ძალაუფლების მპყრობელი პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” და შესაბამისად, მთავრობაც თავს მუდამ პროგრესისა და ცივილიზაციის დამცველად წარმოგვიჩენდა. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ უპირისპირდებოდნენ ანტიცივილიზაციურ მოვლენებს – რუსეთს, მაფიას და კრიმინალებს, ათასი ჯურის ქსენოფობ-ჰომოფობ-ფაშისტებს… სამაგიეროდ, ჩვენ ჩვენი მხრივ თვალს ვხუჭავდით სხვადასხვა ძალადობრივ გადაცდომებზე, იმაზე რომ ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლოთ დაენიშნათ მინისტრად საეჭვო რეპუტაციის ადამიანები, ან ხშირ-ხშირად და ასევე ახსნა-განმარტების გარეშე შეეცვალათ პოლიტიკა მთელ რიგ სფეროებში; აგრეთვე იმაზე, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტდა უამრავ საკითხს – დაწყებული მთელი ქალაქის მშენებლობით და დამთავრებული იმით, თუ რომელ კუთხეში როგორი შადრევანი უნდა დაიდგას ან როგორი ბუჩქი დაირგოს… ბევრ რამეზე ვხუჭავდით  თვალს ან/და მხოლოდ პასიურად ვაპროტესტებდით, ალბათ იმიტომ რომ ვენდობოდით მთავრობას და ვფიქრობდით, “რაღაცეები ეშლებათ, მაგრამ მაინც კარგი ტიპები არიან და კატასტროფულს არაფერს გააკეთებენ”. მერე კი უცებ ცხადი გახდა, რომ ეს ცივილიზაციის მცველები და “კარგი ტიპები” სრულიად ამაზრზენი, კატასტროფული, ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი სისტემის არსებობას უშვებდნენ და არაფერს აკეთებდნენ მის აღსაკვეთად.  მგონია, რომ ციხის კადრების ნახვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ცდებოდა; გააცნობიერა, რომ ძალაუფლება რყვნის და არავის ნდობა არ შეიძლება. მთავრობაზე საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია, უკონტროლო ძალაუფლება საშიშია, ვინც არ უნდა ფლობდეს მას, თუნდაც უაღრესად სიმპათიური და ცივილიზებული ადამიანები იყვნენ (ან თავს ასეთებად წარმოაჩენდნენ).

ამ პირობებში იშვა სლოგანი “სისტემა უნდა დაინგრეს”. “სისტემას” ხშირად განმარტავენ როგორც ძალადობას და სიძულვილს, მაგრამ ჩემი აზრით, ის ასევე გულისხმობს  თვალის დახუჭვას, გულგრილობას და უპასუხისმგებლობას (როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მხრიდან). “სისტემა” არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული მთავრობით ან ზოგადად მთავრობით, როგორც ინსტიტუციით. “სისტემა” მოიცავს მთელ რიგ სოციალურ პრობლემებს – ძალადობასა და სიძულვილს, რომელიც სხვადასხვა ფობიის, უთანასწორობის და დისკრიმინაციის სახით ვლინდება. “სისტემა” არის იერარქიული სისტემა, სადაც ძალაუფლება არათანაბრადაა გადანაწილებული. “სისტემა” არის ისეთი მოვლენა, რომელსაც ყოველთვის, ნებისმიერი მთავრობის დროს, ნებისმიერ პირობებში ყოველდღიურად უნდა ებრძოლო. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს კონკრეტული კამპანია თუ მოძრაობაც გაგრძელდება და ვინმე არ იფიქრებს, რომ მისია შესრულებულია.

ვფიქრობ, მოქალაქეების ნაწილმა (მეც მათ შორის) ეს ყველაფერი გააცნობიერა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც ამას ვერ მიხვდნენ ან “არ მიხვდნენ”. მათზე ციხის კადრებს თითქოს შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ისინი ისევ მზად არიან, თვალი დახუჭონ თუნდაც ამაზე და ბრმად ენდონ მთავრობას. ეს ადამიანები კვლავ ენდობიან “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს, ვერ გრძნობენ საზოგადოებრივი კონტროლის საჭიროებას და შესაბამისად,  სწორედ ისინი გაბრაზდნენ  ყველაზე მეტად 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამო. მათ სურთ, ხელისუფლებაში იყოს ის, ვისაც ენდობიან (ბრმად) – ასეთი კი “ცივილიზებული” და დასავლეთთან ასოცირებული “ნაციონალური მოძრაობაა” და არა მოფაშისტო და რუსეთთან ასოცირებული “ქართული ოცნება”. ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში არსებული მესიანისტური ტენდენციები კი არ აწუხებთ , ისინი წუხდებიან იმით, რომ იმ მესიამ გაიმარჯვა, რომელსაც არ ენდობიან – ასე ვთქვათ, მესია ცრუმესიით ჩანაცვლდა. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ქართველმა ხალხმა შეცდომა დაუშვა, რომ ცრუმესია ათას უბედურებას მოგვიტანს – გაანადგურებს ცივილიზაციას, დააბრუნებს ქურდებს და რუსეთს და ა.შ. ისინი ნიშნს გვიგებენ და აპოკალიფსით გვემუქრებიან, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღონ ყველაფერზე, რაც იყო და რაც იქნება.  ამ ადამიანებს ასევე არ სურთ გაიგონ “სისტემის ნგრევის” მნიშვნელობა და ნიშნის მოგებით გვიცხადებენ, ხომ დაანგრიეთ სისტემა, ახლა ნახავთ რა მოგივათო. “სისტემას” რატომღაც კონკრეტულ მთავრობასთან ან პიროვნებებთან აიგივებენ.

ამდენი შფოთის, შეთქმულების თეორიის და ზოგადი გაურკვევლობის ფონზე ძნელი სათქმელია, როგორ გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამჯერად საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება, მუდმივად გააკონტროლებს მთავრობას და მხოლოდ მისი გადაწყვეტილებების პასიური მიმღების როლს არ დასჯერდება.

უნივერსიტეტი და საბავშვო ბაღი

სტანდარტული

გუშინ, სწავლის დაწყების დღეს, ”ლაბორატორია 1918-ის” მიერ თსუ-სთან გამართული აქცია ფეისბუქზე დღის მთავარ თემად იქცა. ხალხი აზიარებდა ბმულებს, აღფრთოვანებას გამოხატავდა ”პროტესტანტი” სტუდენტების მიმართ, ქილიკობდა რექტორ სანდრო კვიტაშვილზე, ლანძღავდა თვითმმართველობას და ა.შ. მრავალგზის იქნა გაქილიკებული კვიტაშვილის სიტყვით გამოსვლა. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში.

“როცა უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, რომ 4 წელია აქ სწავლობს და ვერაფერი მიიღო, ხოლო ამის შემდეგ მაინც აქვე აბარებს გამოცდებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ან რაღაც სხვა პრობლემა აქვს, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ან სწორ არჩევანს ვერ აკეთებს. ვისაც პათოლოგიური ზიზღი აქვს აქაურობის მიმართ, შეუძლია სხვაგან წავიდეს.” მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერები თუ სიტყვები მართლაც მრავალჯერ იქნა ”გადაღეჭილი”, არც ერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა (ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მინახავს), მაინც რატომ აბარებენ ეს სტუდენტები ისევ იმ უნივერსიტეტში, რომელიც ეზიზღებათ; რა აიძულებთ, რომ იქ განაგრძონ სწავლა. აქ კიდევ ახალი კითხვა იბადება: რატომ არ გაუჩნდათ ამ ადამიანებს (ფეისბუქელებს) წინარე კითხვა? ამაზე პასუხს, ვფიქრობ, მოძღვრები გვაძლევენ – უბრალოდ უნდა გწამდეს, ზედმეტი კითხვების დასმა კი მკრეხელობაა :))) მაგრამ მე ცოდვილი, ამჯერადაც ვერ ვიკავებ თავს ამ მკრეხელური საქციელისგან და ვსვამ კითხვას. თსუ-ს რექტორის მსგავსად მეც მიკვირს, რატომ არ უნდა გაეცალო იმ ადგილს, რომელიც არ მოგწონს. არ ვიცი, ბაღის ასაკის ბავშვებს თუ აქვთ ამდენის მიხვედრის უნარი, მაგრამ მოზრდილობასა და მოწიფულობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს კი ნამდვილად უნდა ჰქონდეს. ცხადია, სტუდენტების წასვლა თუ არწასვლა რექტორს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს , მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს სულაც არ ხდის პირველ საკითხს ნაკლებად აქტუალურს ან საინტერესოს. ბოლოსდაბოლოს, სანამ რექტორს მოსთხოვს, იმხელა უნივერსიტეტზე აგე პასუხიო, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავზე მაინც ხომ უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება.

სიმართლეს ვიტყვი და დიდი კვლევები ნამდვილად არ ჩამიტარებია, მაინც რატომ ჩააბარა ამ ხალხმა უნივერსიტეტში, რომელიც ეზიზღებათ. მხოლოდ, აქა-იქ მოვკარი თვალი თითო-ოროლა ”არგუმენტს”. მაგალითად, ერთგან ვნახე თსუ-ს მიმართ თითქოს კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმა როგორ განაცხადა, რომ თსუ თურმე საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია – დაეთანხმა ამის თაობაზე დიმიტრი შაშკინის განცხადებას. თუმცა სინამდვილეში, მთლად ასეთი საოცრება შაშკინსაც კი არ უთქვამს, მან თსუ ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიხსენია. ისევ ”არგუმენტს” რომ დავუბრუნდეთ, მაშასადამე, თსუ ცუდია, მაგრამ მაინც საუკეთესო. ასევე ვიხილე ”არგუმენტები”: ”სხვაგან სად უნდა ჩააბარო?”; ”სხვაგანაც იგივე ხდება”. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მეტი არაფერი საინტერესო არ გამიგია. ისღა დამრჩენია, დავკმაყოფილდე შეგროვებული მასალით და მათზე დაყრდნობით ვცადო ამ ადამიანთა მოტივაციის ახსნა.

ვფიქრობ, შეიძლება გამოიყოს სამი სახის მოტივაცია:

  1. გულუბრყვილო – ”თსუ ცუდია, მაგრამ მაინც სხვებზე უკეთესი და მაშასადამე, საუკეთესოა”. მიკვირს და გამკვირვებია – როგორ შეიძლება თსუ-ში მთელი ოთხი წელი ისწავლო, ნახო და გააცნობიერო (?) მთელი მისი ნაკლოვანებანი და ამის მიუხედავად, მაინც ვერ განთავისუფლდე იმ მითის ტყვეობისგან, რომ ”თსუ საუკეთესოა”. ასეთი სტუდენტი, რასაკვირველია, ბოლოს იმით დაამთავრებს, რომ შაშკინსაც და კვიტაშვილსაც გადაუჯოკრავს თსუ-ს ქება-დიდებაში.
  2. უპასუხისმგებლო – ”სხვაგანაც იგივე ხდება”. მაინც რატომ არის ამის მთქმელი ადამიანი ისეთი დარწმუნებული, რომ ცდაც კი არ უნდა? ჩემი აზრით, ეს ”არგუმენტი” პირველს წააგავს, ოღონდ უფრო პასიურია.
  3. ჰეროიკული – ”თსუ ცუდია, მაგრამ მე მაინც დავრჩები და აქვე ვიბრძოლებ მისი გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის”. მართალია, ასეთი ”არგუმენტი” ან რაიმე მინიშნება მასზე მე არ მინახავს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. რა შეიძლება ითქვას ასეთ მებრძოლ სტუდენტებზე? ნაცვლად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად იზრუნონ თავიანთ განვითარებასა თუ ბედნიერებაზე, ისინი საკუთარ თავს და მომავალს თსუ-ს გადასარჩენად სწირავენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს სურთ მადლიერმა შთამომავლობამ თსუ-სთვის თავდადებული გმირების სახელით მოიხსენიოს; მთლად უკეთესი კი ის იქნება, წმინდანის შარავანდედსაც თუ გამოჰკრავენ ხელს. 🙂

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილება რაციონალიზმისგან დაცლილი ჩანს და არასერიოზულად გამოიყურება. არასერიოზული და ირაციონალურია ისიც, როცა თვითმმართველობის წევრები გირტყამენ და ამის პასუხად აქციას აწყობ და მეგაფონში გზნებით გაჰყვირი, არა ძალადობასო. მოგვიანებით კი რექტორს შეჰღაღადებ, ბიძია, უთხარი რა, არ დაგვარტყანო.  გცემენ? ადექი და უჩივლე. მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობის აღება ხომ ძნელია, ბევრად უფრო ადვილია, აქცია მოაწყო, ტრანსპარანტები აფრიალო და ემოციებად დაიღვარო. თან ეროვნულ ტრადიციებშიც კარგად ჯდება. 🙂 და მაინც, თუ არ შეგიძლია იყო რაციონალური, მაშინ რატომ გაქვს პრეტენზია, რომ ბავშვად, უმწიფრად არ მიგიღონ?

წინა პოსტში ვწერდი, საქართველოში ინდივიდუალიზმს არ სწყალობენ მეთქი. არც რაციონალიზმს სწყალობენ. მოკლედ, ლიბერალური ღირებულებები აქ ვერ ხარობს. ქართველები პრობლემების გადასაჭრელად (?) ან ემოციებს მიმართავენ ან ტრადიციებს, რაციონალიზმს კი ყველაზე ნაკლებად. როგორც ჩანს, თავიანთი მამებისა და დედებისაგან განსხვავებულნი არც ახალგაზრდები არიან.

P.S. თუ მოხდება ისე, რომ რომელიმე მკითხველს მეტისმეტად აღაშფოთებს ჩემი პოსტი, მაშინ ვურჩევ ცივი წყალი დალიოს და ეს წაიკითხოს.