ინდივიდუალიზმი არის რწმენა ინდივიდის უზენაესობისა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე.
კოლექტივიზმი არის რწმენა იმისა, რომ კოლექტიური ადამიანური მცდელობა უფრო დიდი პრაქტიკული და მორალური ღირებულების მქონეა, ვიდრე ინდივიდუალური სწრაფვა.
წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები, ენდრიუ ჰეივუდიინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი მიიჩნევა კონკრეტული საზოგადოებების, კულტურების მახასიათებელ ნიშნად. მაგალითისთვის, დასავლური კულტურა და საზოგადოებები უფრო ინდივიდუალისტურად მიიჩნევა, ვიდრე სხვები. აი, საქართველოში კი ინდივიდუალიზმს საერთოდ არ სწყალობენ, თუმცა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ საზოგადოებას შეიძლება, კლასიკური გაგებით, კოლექტივისტური ეწოდოს. მე ვიტყოდი, რომ ქართული საზოგადოება არის კლანური. უფრო სწორად, საზოგადოება შედგება კლანებისგან. ერთი ადამიანი შეიძლება ერთიანდებოდეს ერთ ან რამდენიმე კლანში – სანათესაოში, სამეგობროში, კოლეგების კოლექტივში, ეკლესიის მრევლში, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ან მოძრაობაში… რა თქმა უნდა, შეიძლება ისიც, რომ ეს კლანები ნაწილობრივ ერთმანეთს კვეთდეს.
რას ნიშნავს ან რაში გამოიხატება კლანურობა? კლანურობა არის საკუთარი ჯგუფის (კლანის) მიმართ უკიდურესი ლოიალობა, ხოლო მთელი დანარჩენი საზოგადოების (ე.ი. დანარჩენი კლანების :)) მიმართ უკიდურესად ინდეფერენტული და გულცივი დამოკიდებულება. მიიჩნევა, რომ კლანის თითოეულმა წევრმა უნდა იღვაწოს კლანის წარმატებისა და კეთილდღეობისათვის, უნდა დაიცვას მისი ინტერესები, უნდა ეცადოს, მოუპოვოს კლანს რაც შეიძლება მეტი პრივილეგია და აღაზევოს ის. აღზევებისაკენ მიმავალ გზაზე სხვა მეტოქე კლანის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო საშუალება ანუ დასაშვებია მთელი რიგი ამორალური საშუალებებიც. მეორე მხრივ, დაუშვებელია საკუთარი კლანის წევრების გაკრიტიკება, მათთვის რამეში წინააღმდეგობის გაწევა, მით უმეტეს საჯაროდ. საკუთარი კლანის წევრები მუდამ უნდა აქოთ და ადიდოთ, მათი ყოველი ნაბიჯით აღფრთოვანდეთ და ყოველ მოქმედებასა თუ მოსაზრებას გენიალური უწოდოთ. განსხვავებული აზრის გამოთქმა დაუშვებელია, ეს ნამდვილი მკრეხელობა და კლანის ღალატია (მით უმეტეს, თუ თქვენი განსხვავებული აზრი შემთხვევით ნაწილობრივ მაინც დაემთხვა რომელიმე მეტოქე კლანის აზრს). კლანი უკიდურეს ლოიალობასა და კონფორმიზმს მოითხოვს. სასაცილოა, მაგრამ ამას ის კლანებიც აკეთებენ, რომლებიც საკუთარ თავს ნონკონფორმისტებად აცხადებენ (მაგალითად, ისინი, ვინც საზოგადოების უმრავლესობაში გავრცელებულ შეხედულებებს ან ძალაუფლების მფლობელთ უპირისპირდებიან). საბოლოოდ, ნებისმიერი კლანის მიზანი ჭეშმარიტების დადგენა კი არა, საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. იმიტომაც არის ის კლანი. კლანთა ურთიერთობა ნორმალურ საზოგადოებრივ პროცესს კი არა, ომში ჩაბმული ქვეყნების ქცევას მოგაგონებთ. როგორც ჩანს, ასეა, ეს ქვეყანა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული კლანების ასპარეზია.
კლანურობა ნიშნავს ორმაგი მორალის არსებობას. მაგალითად – თუკი B კლანის წევრი ადამიანს მოკლავს, A კლანის წევრები მყისვე მოახდენენ რეაგირებას და მკაცრად დაგმობენ ამ აღმაშფოთებელ საქციელს. მაგრამ თუკი A კლანის წევრი ჩაიდენს იმავე საქციელს, მისი თანაკლანელები სანიმუშოდ მიმტევებელნი შეიქნებიან და მიხვდებიან, რომ უნდა ”გაუგონ” დამნაშავეს. იგივე ”აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავს” პრინციპი ვრცელდება, რა თქმა უნდა, ყველა სხვა დიდსა თუ პატარა ცოდვაზე.
თავისი პრინციპებიდან გამომდინარე, კლანურობა ფარისევლობის საბადოა. როდესაც ნებისმიერი კლანი გამოჩნდება ასპარეზზე, მორალს კითხულობს და ხმამაღლა ითხოვს სამართლიანობას, ის მე მატყუებს. მას სამართლიანობა კი არა, საკუთარი კეთილდღეობა აღელვებს; თვითონ რომ მიეცეს საშუალება, შეიძლება იმაზე გაცილებით უარესი რამ მოიმოქმედოს, რასაც ახლა გზნებით აპროტესტებს.
ქართული საზოგადოება, რომელსაც ვითომდა სამართლიანობის წყურვილი კლავს, რომელიც თითქოს სამართლიან სასამართლოს მოითხოვს, თვითონვეა უსამართლობის წყარო. კლანურობის პირობებში შეუძლებელია სამართლიანობის არსებობა, ორმაგი მორალი გამორიცხავს მას! სამართლიანობა გინდათ? მაშინ მოკალით კლანი, გაანთავისუფლეთ ინდივიდი!
კლანურობის მეტასტაზები მთელ საზოგადოებასაა მოდებული – გავრცელებულია ყველა პროფესიისა თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანებში. კლანურია ელიტაც – პოლიტიკოსები, სამღვდელოება, ჟურნალისტები, ინტელექტუალები… კლანურია პლებსიც. დაბალი ფენა ამას ”ქართველობას” და ”ჯიგრობას” უწოდებს, ინტელექტუალები – სოლიდარობას, მაგრამ ამით მისი არსი არ იცვლება.