Tag Archives: ნაციონალიზმი

ქართლის დედა და გლამურული გოგონა

სტანდარტული

ფეისბუქზე ყურადღება მიიქცია ერთმა ფოტომ. მისი ავტორი შალვა ლონდარიძეა და ზედ გამოსახულია ორი ქალი, ორი ქანდაკება. ერთი ქართლის დედაა, ერთიც ახალი ქანდაკება ხიდის მოაჯირზე. კონტრასტი ამ ქანდაკებებს, ქალის ამ სახეებს შორის აშკარაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი.

ზოგმა ამ კონტრასტში პროგრესი დაინახა, ახალი ქალი ფემინისტური იდეის განსხეულებად აღიქვა. კერძოდ, საუბარი მაქვს გიორგი კიკონიშვილის პოსტზე. გიორგი აცხადებს, რომ ამ ქანდაკებამ თუ ამ კონტრასტმა ქანდაკებებს შორის შეძლო მიეტანა ხალხამდე ის, რაც “აკადემიური ენით” მოსაუბრე ფემინისტებმა ვერ შეძლეს. მისი თქმით, ქანდაკება “ორგანულადაა შერწყმული ადგილობრივ კულტურასთან და ამ ადგილობრივი ენით ელაპარაკება ადამიანებს”. ერთი სიტყვით, გიორგის აზრით, ხელოვნებამ შეძლო ადამიანებთან მიეტანა ის იდეა, რომელიც ამ იდეის უპირველესმა მატარებლებმა (ფემინისტებმა) ვერ შეძლეს. ამ აზრით, ქართლის დედა კულტურის მიერ რეპრესირებული ქალის სახეა, “ახალი ქალი” კი, მისგან განსხვავებით, თავისუფალი და ბედნიერია.

მაგრამ არის კი ეს კონტრასტის სწორი ინტერპრეტაცია?  ნამდვილად თავისუფალია “ახალი ქალი” თუ ისიც პატრიარქალური კულტურის მიერ არის კონსტრუირებული? აბა, დავაკვირდეთ ფოტოს. კი, “ახალი ქალი” ნამდვილად უფრო დინამიურია, მაგრამ მასშიც ისევე იგრძობა “დაჭიმულობა”, როგორც ქართლის დედის შემთხვევაში. ამას მისი მოკლე კაბა და ვარცხნილობა მოწმობს.  იქნებ ეს მდინარესთან ჩამომჯდარი თავისუფალ-გახარებული ქალი კი არა, ვინმე გლამურული რუსკა, თიკო ან ნუკია, რომელთაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვხედავთ ხოლმე? იქნებ სულაც “ქალური ლოგიკის” გადაღებებიდან ახლახანს გამოსული მოდელი გოგოა? აღნიშნული გოგონები ქართლის დედას საერთოდ არ ჰგვანან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი კულტურის მიერ რეპრესირებული ქალები არ არიან. უბრალოდ ისინი სხვა მოთხოვნებს ემორჩილებიან, სხვა როლს თამაშობენ და ქართლის დედა კი – სხვას.

ილია ჭავჭავაძე თავის ლექსში “ქართვლის დედას” წერს:

“ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…”

მერე კი აზუსტებს, როგორ ხედავს ქალის როლს ამ საქმეში:

“აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს…”

ქართლის დედა ნაციონალისტური პროექტის ნაწილია. აქ ქალის ერთადერთი დანიშნულება და საქმე ისაა, რომ გახდეს დედა და “ღირსეული” შვილები აღზარდოს – ბიჭები კარგ მებრძოლებად და პატრიოტებად გამოზარდოს, გოგოები კი მოამზადოს ისევ იმ საქმისთვის, რასაც თავად აკეთებს – დედობისთვის და მომდევნო თაობის აღზრდისთვის.  ასეთი ქალის ერთადერთი ლეგიტიმური იდენტობა არის დედობა, მან არაფერზე არ უნდა იფიქროს სამშობლოს წინაშე თავისი ვალისა და თავისი შვილების გარდა, შვილებს უნდა მიუძღვნას თავისი ცხოვრების ყოველი წუთი, არ უნდა ჰქონდეს სექსუალური სურვილები, არ უნდა ჰქონდეს “მამაკაცის მსგავსად” მუშაობის, საზოგადო მოღვაწეობის ან თუნდაც ბრძოლის სურვილი. ეს ყველაფერი ქალს სამშობლოსა და მისი მომავლის სახელით ეკისრება, ანუ ეს ნაციონალისტური იდეოლოგიის შეკვეთაა.

როგორც ვხედავთ, ქალის როლის ასეთი გააზრება ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არის აქტუალური და XXI საუკუნეში ჯერ კიდევ არ გამხდარა მარგინალური. ამას სიმბოლური გამოხატულებაც აქვს, ქართლის დედის ქანდაკება ჯერ კიდევ მკვიდრად დგას და მის დემონტაჟზე არავინ ფიქრობს. მაგრამ ახალ დროს ახალი მოთხოვნებიც მოაქვს, პატრიარქატიც ტრანსფორმირდება და მის მიერ მოთხოვნილი ქალური როლები უფრო მრავალფეროვანი ხდება. რა თქმა უნდა, ფემინისტური გადმოსახედიდან არამცდაარამც არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრესად ის, რომ დღეს თავდადებული დედებისა და დიასახლისების გვერდით რუსკები და თიკოებიც არსებობენ.

როგორც ვთქვი, “ახალი ქალის” ქანდაკება თავისუფალი და ბედნიერი ქალის ასოციაციას არ მიქმნის. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ახალ, განსხვავებულ როლს მორგებულია ქალია. ცოტა ხნის წინ შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ მას ებრალება ის ქალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მამაკაცის ძლიერი ფრთის ქვეშ იყვნენ და რომლებსაც თავიანთ ვალად არ მიაჩნიათ, მამაკაცებს ემსახურონ (სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა). ასე გამოეხმაურა იგი ფემინისტების აღშფოთებასა და პროტესტს სექსისტური რეკლამებისა და “ქალური ლოგიკის” მიმართ. “ახალი ქალიც”, ვფიქრობ, იმ ქალის სახეა, რომელიც ძლიერ “ფრთოსნებს” მოსწონთ – ეს არის გლამურული, კეკლუცი, სულელი, სექსუალური (“ფრთოსნების” გაგებით სექსუალური), სუსტი და ძლიერი ფრთის ქვეშ თავის შეფარების მოსურნე ქალი. ქართლის დედა ნაციონალიზმის შეკვეთა იყო/არის, “ახალი ქალი” კი ძლიერი “ფრთოსნების” – მდიდარი და ძალაუფლების მქონე მამაკაცების შეკვეთაა.

შესაბამისად, ახალ ქანდაკებას ნამდვილად ვერ აღვიქვამ ფემინისტური იდეების გამოხატულებად და ამ იდეების ხალხამდე მიტანად. გიორგი კიკონიშვილის აზრით, ეს ადგილობრივი კულტურის ორგანული ნაწილია. ამაში კი დავეთანხმები, სამწუხაროდ, ქალის როგორც ერთი, ისე მეორე სახე ჩვენი კულტურის ორგანულია ნაწილია. ფემინიზმი, თავისუფალი და ბედნიერი ქალები კი ჩვენი კულტურის ნაწილი არ არის.