Tag Archives: მღვდელი

ეკლესია, მაფია, პოლიცია

სტანდარტული

სააღდგომოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პაატა შამუგიას ბლოგპოსტმა და კიდევ ერთხელ დასვა დღის წესრიგში საკითხი, რას წარმოადგენს ეკლესია და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მის მიმართ საზოგადოებას.

ზემოხსენებული ბლოგპოსტის შთაბეჭდილებით ბევრმა ადამიანმა ეკლესია და სამღვდელოება მაფიას შეადარა, ზოგმა პოლიციასთანაც გაავლო პარალელები. ვნახოთ, რით ჰგავს ან განსხვავდება ეს სამი ინსტიტუტი ერთმანეთისგან.

ეკლესია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? არანაირი. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს უქმნის ილუზიას, რომ “ყველაფერი რიგზეა” და “ყველაფერი კარგად იქნება”; ასევე თუ “წესიერად” მოიქცევა, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. შეიძლება შემომედავონ კიდეც რომ ამგვარი ტყუილი და ილუზია საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მაგრამ მე პირიქით მგონია.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? მღვდლობა მართლაც ძალიან კომფორტული “პროფესიაა”. მღვდლები არაფერ სასარგებლოს არ ქმნიან, არაფრით არ ემსახურებიან საზოგადოებას. ისინი მხოლოდ არწმუნებენ ადამიანებს, თუ ფულს და ძალაუფლებას მოგვცემთ, სამოთხეში მოხვდებითო. ჰოდა, იღებენ კიდევაც – ფულსაც და ძალაუფლებასაც. თუ “მორჩილებაში არ იქნები”, თუ ეკლესიას და მოძღვარს არ დაუჯერებ, თუ შენი ცხოვრების ყოველ დეტალს მოძღვრის კონტროლს არ დაუქვემდებარებ და ყველაფერზე კურთხევას არ ითხოვ, მაშინ ცოდვილი ხარ და ღმერთი დაგსჯის, სამოთხეში ვეღარ მოხვდები… – ეს დისკურსი ძალიან გავრცელებული და ყველასთვის ცნობილია. ეკლესიას უნდა დაემონო, ემსახურო, ფული შესწირო (რაც მეტი, მით უკეთესი), მოძღვარს ყველაფერი დაუჯერო, საერთოდ სასულიერო პირში არასოდეს შეიტანო ეჭვი და არასდროს გააკრიტიკო, რადგან ის “წმინდაა”.

ამგვარად დამონებულ მრევლში/საზოგადოებაში ეკლესიას, რა თქმა უნდა, არ უჭირს გაავრცელოს ის იდეები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მისი ძალაუფლების განმტკიცებას – მათ შორის, ფაშისტური, სექსისტური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური ან უბრალოდ აბსურდულ-ირაციონალური და ანტიმეცნიერული იდეები.

ამხელა ძალაუფლების მქონე ეკლესიას უკვე ისიც აღარ უჭირს, რომ არა მხოლოდ თავის მრევლს, არამედ სახელმწიფოსაც გამოსძალოს ფული რამდენიმე ათეული მილიონის ოდენობით (შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფოს ფული” იგივე საზოგადოების, გადასახადების გადამხდელთა ფულია). თუკი სახელმწიფო უარს იტყვის მისთვის ამ ფულის გადახდაზე, დიდია ალბათობა, ეკლესიამ თავისი ზომბირებული მრევლი ააჯანყოს.

ამგვარად, ეკლესია “იკვებება” საზოგადოების ხარჯზე, იღებს დიდ ფულსაც და დიდ ძალაუფლებასაც, ავრცელებს მახინჯ იდეებსა და მენტალიტეტს. ეკლესია აგებულია ადამიანთა ჩაგვრაზე, დისკრიმინაციასა და ექსპლუატაციაზე.

მაფია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? არანაირი. მაფიის ზოგი ტიპი ცდილობს, გარკვეულწილად ჩაანაცვლოს პოლიცია და სასამართლო და გადაწყვიტოს ადამიანებს შორის არსებული დავები. მაგრამ მაფიას არ შეუძლია, ჩაენაცვლოს სასამართლოს ან პოლიციას, ის ვერ იქნება სამართლიანობისა და უსაფრთხოების გარანტი, რადგან თავად არის კრიმინალური და უსამართლო. ისიც, ეკლესიის მსგავსად “მუშაობს” მხოლოდ საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გასაზრდელად და არავითარი სხვა მიზანი არ გააჩნია.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? მაფია არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ქმნის კრიმინალურ ქსელებს, არის სხვადასხვა ტიპის მძიმე დანაშაულის ბუდე, ადამიანებს ფულს სძალავს და ექსპლუატაციას უწევს. მაფია აგრეთვე ავრცელებს მახინჯ მენტალიტეტს და სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციულ თუ ფაშისტურ იდეებს, რომლებიც ზემოთ ეკლესიასთან აღვნიშნე.

მაფიის ბოროტების დანახვა გაცილებით უფრო ადვილია, რადგან ის კრიმინალურია და ადამიანების დამონებას უხეში ძალის გამოყენებით ახდენს. აი, ეკლესია კი ღმერთის (სიკეთის) სახელსაა ამოფარებული და მას თავისი ნებით ემონებიან, იმ იმედით, რომ სამოთხეში მოხვდებიან. ტყუილია! არ დაიჯეროთ! მონა ან ზომბი თუ იქნებით, ამის გამო სამოთხეში არ მოხვდებით.

პოლიცია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, უზრუნველყოფს ადამიანთა უსაფრთხოებას და ძალადობისგან დაცულობას.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? პოლიციამ შეიძლება გამოამჟღავნოს მიდრეკილება კორუფციისკენ, ზოგიერთი ტიპის დანაშაულის იგნორირების ან სულაც ხელშეწყობისკენ, ძალის გადამეტებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ…

პოლიცია არის ინსტიტუტი, რომელიც არსებობს ადამიანთა შეთანხმების საფუძველზე. პოლიციის ფუნქცია არის სწორედ ის, რომ მან დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს უსაფრთხოება და კანონიერება. მაშასადამე, საზოგადოებას შეუძლია გააკრიტიკოს პოლიცია, მოითხოვოს მისგან, რომ არ გადაუხვიოს თავის ფუნქციებს, მოითხოვოს მასზე მეტი კონტროლი და ა.შ. მაფიის შემთხვევაში, რაიმე კონსტრუქციული კრიტიკა, რომ “ის თავის ფუნქციებს არ ასრულებს”, რა თქმა უნდა აბსურდია. ვფიქრობ, ასევეა ეკლესიის შემთხვევაშიც, რადგან ეკლესიის ოფიციალურად გაცხადებული ფუნქციები და მიზნები ბუნდოვანი და მისტიკურია. გარდა ამისა, სასულიერო პირების კრიტიკა, როგორც აღვნიშნე, პრაქტიკულად აკრძალულია.

როცა “ბედავენ” და რომელიმე მღვდელს აკრიტიკებენ, ეკლესიის დამცველებს ხანდახან მოჰყავთ ხოლმე ასეთი არგუმენტი, ამას მთელ ეკლესიაზე რატომ ავრცელებთ, ცუდი და კარგი ხომ ყველგან არისო. მე მინდა ვუპასუხო მათ, პოლიციაში შეიძლება იყვნენ “ცუდები და კარგები”, მაგრამ ეკლესიაში არა. არც მაფიაში. ეს ორი ინსტიტუტი თავისი არსით არის ბოროტება და თითო-ოროლა “ბუნჩულა” და “შემწყნარებლური” წევრი თუ გამოერევათ, ეს ინსტიტუტის ბუნებას არ ცვლის. ამგვარ ინსტიტუტებს უნდა ებრძოლო.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეკლესიაც, მაფიაც და პოლიციაც თითქმის სულ მამაკაცებით არის დაკომპლექტებული. ეკლესია და მაფია თავისი არსით წარმოადგენს მკაცრ პატრიარქალურ, იერარქიულ ინსტიტუტებს. ეკლესია და მაფია თავიანთი მახინჯი მენტალიტეტით ჩაგრავენ და მტრობენ არა მხოლოდ საზოგადოებრივ უმცირესობებს, არამედ ისეთ დიდ ჯგუფსაც, როგორიც არიან ქალები. ისინი, რასაკვირველია, იმონებენ თავიანთი წრის გარეთ მყოფ მამაკაცებსაც, მაგრამ მათი გაგებით ქალები (და ჰომოსექსუალი მამაკაცები) იერარქიის კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე დგანან. ამიტომ, მაფია და ეკლესია ნებისმიერ, თვით ყველაზე დაჩაგრულ-დამონებულ მამაკაცსაც კი “საჩუქარს უკეთებენ” – უფლებას აძლევენ, რომ ქალებზე იბატონოს. რაც შეეხება პოლიციას, ისიც, როგორც ყველა ტრადიციული ძალაუფლებასთან დაკავშირებული ინსტიტუტი ძირითადად მამაკაცებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ვფიქრობ, ამის შეცვლა შესაძლებელია.

მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს, ამომრჩეველს შევპირდებოდი:

  1. ეკლესიისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას;
  2. პოლიციის ფემინიზაციას.
იხილეთ რუსი ფემინისტების “პანკ-ლოცვა”

ახალგაზრდა ქალთა პერსპექტივები საქართველოში

სტანდარტული

უნივერსიტეტს რომ დაამთავრებს, ალბათ ბევრი სტუდენტი უსვამს საკუთარ თავს კითხვას – “ახლა რა ვაკეთო?” და სამსახურის ძიებას იწყებს. ვინაიდან უნივერსიტეტიც ახალდამთავრებული მაქვს და ქალთა სქესსაც ვეკუთვნი, ჩემთვის საინტერესო საკითხია, რა პერსპექტივები აქვთ ახალგაზრდა ქალებს დღევანდელ საქართველოში.

მართებული იქნება, თუ ჯერ წარმატებულ ადამიანებს განვიხილავ – ეს ხომ თავისთავად გვიჩვენებს, რანაირად ხდება ადამიანი წარმატებული, ან სხვანაირად თუ ვიტყვით – როგორი ადამიანი ხდება წარმატებული. აქვე განვმარტავ, რომ წარმატებულობის შესაფასებლად ვიყენებ ორ კრიტერიუმს: მაღალი შემოსავალი და პოპულარობა/საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა.

რომელია საქართველოში ისეთი საქმიანობა, ისეთი სფერო, სადაც დასაქმებულებს მაღალი შემოსავლებიც აქვთ და პოპულარობა ან გავლენაც? ვფიქრობ, განსაკუთრებით გამორჩეული ამ მხრივ ორი სფეროა, ესენია მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და პოლიტიკა. როგორია ამ სფეროთა მიმართება (ახალგაზრდა) ქალებთან?

რაც შეეხება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, აქ ქალებისთვის კარი მაგრად არის დაკეტილი – ქალი არ შეიძლება, მღვდელი გახდეს. მართალია, ქალის მონაზვნობა დაშვებულია, მაგრამ მათი გავლენა მრევლზე და საზოგადოებაზე მათი “კოლეგა” მამაკაცების გავლენასთან ახლოსაც ვერ მოვა (მათ შემოსავლებზე კი ბევრი არაფერი ვიცი). ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ გარდა მღვდლობისა, ქალი ეკლესიის მაღალ იერარქებშიც ვერ გაჭაჭანდება. ასე რომ, თუ ქალი ხარ და თან მაინცდამაინც მღვდლობა გინდა, ალბათ ჯობია პროტესტანტი გახდე და იქ სცადო ბედი (ზოგიერთი პროტესტანტული ეკლესია ამ პრაქტიკას მისდევს). მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა წარმოიშობა – საქართველოში წარმატებული ადამიანები მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის (და არა რომელიმე სხვისი) მსახურები არიან.

დასკვნა: თუ ქალი ხარ და თან გინდა, წარმატებული იყო, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

პოლიტიკა? პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. აქ ვერ წააწყდებით აბსურდულ აკრძალვებს, რომ ქალის პარლამენტში არჩევა არ შეიძლება; ან, რომ ქალისთვის მენსტრუაციის დროს პარლამენტის შენობაში შესვლა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ამ სფეროშიც დღემდე კაცები დომინირებენ და ეტყობა, მაინცდამაინც არ იწვიან სურვილით, ქალებსაც გაუყონ ძალაუფლება. ამიტომ პოლიტიკური კარიერის გაკეთება ძნელია – თუ, რა თქმა უნდა, მაინცდამაინც თვით პრეზიდენტს არ გადაეყარეთ და ის კი თქვენი განათლებით, გარეგნობით, ნიჭით, ახალგაზრდული შემართებით თუ ამ ყველაფრით ერთად, არ აღფრთოვანდა და მისი პირადი ინიციატივით არ მოხვდით რომელიმე მაღალ თანამდებობაზე. ამის შანსი კი მეტად მცირეა.

დასკვნა: თუ ქალი ხარ და თან გინდა, წარმატებული იყო, ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ ხელშემწყობი პირობები ცოტაა, ხელისშემშლელი კი – ბევრი.

საბოლოო დასკვნა: ამ ორ ყველაზე გამორჩეულ სფეროში ქალებს კარიერის გაკეთების შანსი ან საერთოდ არ აქვთ, ან ძალიან მცირე შანსი აქვთ.

პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სფერო, რომელიც ჩემ მიერ დასახელებულ წარმატებულობის ორ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს და სადაც ქალები მასობრივად არიან დასაქმებული. ამიტომ სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა ის, რომ “წარმატებული” სფეროებიდან წარმატებული ქალების განხილვაზე გადავიდე. ვინ არიან დღევანდელ საქართველოში წარმატებული ქალები?

ჟურნალისტი, მწერალი, პროფესორი, წარმატებული ბიზნეს(ვუ)მენი, უმუშავია მინისტრის მოადგილედაც – ამ ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა თვალწინ ინტელექტუალური, წარმოსადეგი ქალი დაგიდგათ, მაგრამ თქვენს წარმოსახვას რომ მოწყდებით ხელთ მხოლოდ ვულგარულად ჩაცმული, ეპატაჟური და ყვითელი პრესისა თუ ტელეგადაცემების ვარსკვლავი – ლალი მოროშკინა – შეგრჩებათ. მისი CV ეჭვს არ იწვევს – ეს ქალი წარმატებულია.

წარმატებული ქალის სხვა მაგალითად მაია ასათიანი გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრს ლანძღავენ და აქილიკებენ, მისი შოუ მეტად პოპულარულია. მაია ალბათ სკანდალური მოროშკინას ანტიპოდად შეიძლება მივიჩნიოთ – ის მორცხვია, მოკრძალებული, ჩურჩულით საუბრობს… საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მის კარიერაში გარდატეხის მომენტად ითვლება ცნობილი მაჩოსგან, ტელესერიალის ვარსკვლავ მარიო ჩიმაროსგან ინტერვიუს აღება.

საინტერესოა ისიც, რომ ორივე ეს ქალი ყვითელი მედიის ვარსკვლავია. ალბათ ეს ფაქტი რაღაცნაირად ეხმაურება გენდერულ სტერეოტიპს, რომ “ჭორაობა ქალის (საყვარელი) საქმეა”. თუმცა აღნიშნულ ქალებზე ჭორაობა მამაკაცებსაც ძალიან უყვართ.

დასკვნა: თუ მზად ხართ, ლალი მოროშკინას და მაია ასათიანს დაემსგავსოთ, მათი მსგავსი იმიჯი მოირგოთ (თუმც კი ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდებიან), თქვენი წარმატების შანსი ერთი ათად გაიზრდება.

თუნდაც თანახმა ვიყოთ ამგვარ წარმატებაზე, მაინც რამდენი “ლალი მოროშკინა” და “მაია ასათიანი” შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას? აშკარაა, რომ ვაკანტური ადგილები ცოტაა. ქალების უმეტესობას კი შემდეგი საქმიანობები რჩება:

  • მიკროფონის ხელში დამჭერი და კითხვის ნიშნის წარმომთქმელი
  • ბანკის კლერკი
  • ოფისის მენეჯერი
  • მოლარე ან კონსულტანტი სუპერმარკეტში/მაღაზიაში
  • ……..

ამის პარალელურად კი:

  • ჰალსტუხიანი და შავებში ჩაცმული მამაკაცები მათ კანონებს დაუდგენენ;
  • წვერიანი და შავებში ჩაცმული მამაკაცები მათ კანონებს დაუდგენენ.

პ.ს. ამასობაში:

2006 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და მსოფლიოს 162 ქვეყანაში ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება გაზომა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს “წესი” სრულდება – რაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ქალებს, მით უფრო უფრო წარმატებულია ქვეყანა ეკონომიკურად.