Tag Archives: მართლმადიდებლური ეკლესია

დიდი ძმა გიყურებთ

სტანდარტული

ჯორჯ ორუელი თავის ანტიუტოპიურ რომანში “1984” აღწერს ტოტალიტარულ სახელმწიფო ოკეანიას. ოკეანიაში მკაცრი იერარქიაა, სახელმწიფოს მართავს მცირერიცხოვანი პარტია, პარტიის სათავეში კი დგას ვინმე “დიდი ძმა”. მოქალაქეების საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრება, მათი აზროვნება მკაცრად კონტროლდება პარტიის მიერ. მათ ერთი წამითაც არ უნდა დაავიწყდეთ “თავიანთი მოვალეობები”, ამიტომ საჯარო ადგილებში გაკრული პლაკატები მათ ამცნობს და ახსენებს: “დიდი ძმა გიყურებთ”.

ოკეანიის ერთ-ერთი სამინისტრო, რომელსაც ირონიულად სიყვარულის სამინისტრო ჰქვია, და მის დაქვემდებარებაში მყოფი აზრის პოლიცია მუშაობენ იმაზე, რომ პოტენციური მეამბოხეები გამოავლინონ და სხვადასხვა მეთოდების (მათ შორის, წამების) გამოყენებით, ისევ “სწორ გზაზე დააყენონ”, ესე იგი, შეაყვარონ პარტია და დიდი ძმა. სწორედ ასე ემართება რომანის პროტაგონისტ უინსტონ სმითსაც. რომანის დასაწყისში მას პარტია სძულს და ერთგვარი მეამბოხეა, მაგრამ საბოლოოდ, სიყვარულის სამინისტროს “კარგი მუშაობის” შედეგად, დიდ ძმას ისიც შეიყვარებს.

დიდი ძმის და პარტიის სიყვარული კი ნიშნავს, ფლობდე ე.წ. ორაზრის ხელოვნებას, შეგეძლოს აბსურდული დებულებების დაჯერება, მაგალითად ოკეანიის ლოზუნგების: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინარობა ძალაა. ან კიდევ სხვა დებულებისა, ორუელის სხვა რომანიდან “ცხოველების ფერმა”: ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია.

პატრიარქის 29 აპრილის ქადაგება ქალის მოვალეობებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე, ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ იმასაც, რომ ამ ქადაგების არსი ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს. არაფერი რთული იქ არ თქმულა. ყოველი შემთხვევისთვის, ქადაგების ძირითად დებულებებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცოლი და ქმარი თანასწორი არ არიან, ქმარი ცოლზე აღმატებულია (შესაბამისად, მამაკაცი ქალზე აღმატებულია); ცოლი უნდა მოემსახუროს ქმარს; ქალის მოვალეობაა დედობა და ქმრის მომსახურება. ყველაფერი დანარჩენი გამომდინარეობს პირველი დებულებიდან, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორები არ არიან! განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ პატრიარქმა თქვა, ქალმა ქმარს ფეხების დაბანა უნდა შესთავაზოსო. ამაზე შემდეგში კიდევ ვილაპარაკებ, მანამდე კი ისევ ზოგად განცხადებას მივუბრუნდები.  გასაკვირი არ არის, რომ პატრიარქს ბევრი დამცველი გამოუჩნდა. უნდა ითქვას, რომ ისინი მოაზროვნე ადამიანებივით სულაც არ იქცევიან, საუბრობენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი  ალეგორიაა, ან კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, “მორჩილება” თურმე მონობა არ არის ან პატრიარქი თურმე მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე საუბრობდა და სხვაზე არაფერზე. ერთი სიტყვით, მათ უყვართ დიდი ძმა და ფლობენ ორაზრს. თუ მართლაც მოაზროვნე ადამიანები ვართ და არა ზომბები, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ თავისუფლება მონობა არ არის, არც თანასწორობა და უთანასწორობა შეიძლება ერთდროულად არსებობდეს. ეს ქადაგება კი გენდერული თანასწორობის და ადამიანის (ქალის) თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

ახლა რაც შეეხება ფეხების დაბანას, რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად თვალშისაცემია ყველასთვის. ფემინისტებმა, ლიბერალებმა და სხვა კრიტიკოსებმა აღშფოთების გამოხატვისას აქცენტი ძირითადად სწორედ ამ მონაკვეთზე გააკეთეს. დამცველებიც, საპასუხოდ, შეეცადნენ აღნიშნული მონაკვეთი გაემართლებინათ (სწორედ ამაზე აცხადებენ, ალეგორია არისო). ისე გამოდის, თითქოს ქადაგების დანარჩენი ნაწილი ყველასთვის მისაღებია და მხოლოდ ფეხების დაბანაა პრობლემა. მე როგორც ფემინისტი, ვაცხადებ, რომ ეს ასე არ არის! მიუღებელია მთლიანად ეს ქადაგება, ხოლო “ფეხების დაბანა” ძირითადი პრინციპიდან (ქალის და მამაკაცის უთანასწორობიდან) მომდინარე ერთ-ერთი რიგითი სიმახინჯეა. აღმაშფოთებელია ის, რომ ქალს როგორღაც არასრულ ადამიანად და მამაკაცის მონად თუ მოსამსახურედ მიიჩნევენ.

სამწუხაროდ, პატრიარქის ქადაგებაზე არაადეკვატური რეაქცია აქვთ ე.წ. ქალის უფლებადამცველებს – საუკეთესო შემთხვევაში ეს პატრიარქის რბილი და უცნაური კრიტიკაა, ხოლო ნინო ციხისთავმა საერთოდ დიდი ძმის სანიმუშო სიყვარული გამოამჟღავნა. მარინა თაბუკაშვილი კი მიუთითებს, რომ უშუალოდ სახარებაში არაფერია ნათქვამი ქალისა და მამაკაცის უთანასწორობაზე. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამას უფლებადამცველისთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. რომ ეწეროს ეს სახარებაში, მაშინ თანახმა ვიქნებოდით? აღარ ვიბრძოლებდით ადამიანის უფლებების დაცვისთვის? ქალბატონი მარინა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ქალი მუშაობს და ქმრებს შეუძლიათ მათ ფეხები დაბანონ. “მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ფეხები უნდა დაბანონ, თუ სიყვარულით და პატივისცემით არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ” – აცხადებს იგი, იმის ნაცვლად რომ საერთოდ უარყოს ფეხების დაბანის უცნაური იდეა. თუმცა ეს ალბათ გემოვნების საკითხია. ნინო ციხისთავი და გალინა პეტრიაშვილი აცხადებენ, რომ მთავარია სახელმწიფომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა მიუხედავად იმისა, თუ რას იქადაგებს პატრიარქი. საინტერესოა, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ამის გაკეთებას, ექნება კი აზრი მის მიერ გატარებულ ღონისძიებებს (მაგალითად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ), მაშინ როცა ქალებს დიდი ძმა უყურებს და ჯოჯოხეთით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი “თავიანთ მოვალეობას” არ შეასრულებენ, მაშინ როცა პატრიარქის ქადაგება ამყარებს პატრიარქატს.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტრადიციული რელიგიები და ჩვენი ეკლესიაც, ქალთმოძულეა. ქალი რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი და ქმრის მოსამსახურეა, ამას უფრო დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირები ისედაც გამუდმებით უქადაგებენ მრევლს. და მაინც, პატრიარქის, მაღალი იერარქის ქადაგება უდაოდ კარგი საბაბია გენდერული თანასწორობისა და მის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულების პრობლემის წინწამოსაწევად და ამ თემაზე დისკუსიის დასაწყებად. დასანანი იქნება, თუ ამ საკითხზე ერთადერთ ფემინისტურ (?) გამოხმაურებად მხოლოდ ზემოხსენებული უფლებადამცველების განცხადებები დარჩება.

ახალგაზრდა ქალთა პერსპექტივები საქართველოში

სტანდარტული

უნივერსიტეტს რომ დაამთავრებს, ალბათ ბევრი სტუდენტი უსვამს საკუთარ თავს კითხვას – “ახლა რა ვაკეთო?” და სამსახურის ძიებას იწყებს. ვინაიდან უნივერსიტეტიც ახალდამთავრებული მაქვს და ქალთა სქესსაც ვეკუთვნი, ჩემთვის საინტერესო საკითხია, რა პერსპექტივები აქვთ ახალგაზრდა ქალებს დღევანდელ საქართველოში.

მართებული იქნება, თუ ჯერ წარმატებულ ადამიანებს განვიხილავ – ეს ხომ თავისთავად გვიჩვენებს, რანაირად ხდება ადამიანი წარმატებული, ან სხვანაირად თუ ვიტყვით – როგორი ადამიანი ხდება წარმატებული. აქვე განვმარტავ, რომ წარმატებულობის შესაფასებლად ვიყენებ ორ კრიტერიუმს: მაღალი შემოსავალი და პოპულარობა/საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა.

რომელია საქართველოში ისეთი საქმიანობა, ისეთი სფერო, სადაც დასაქმებულებს მაღალი შემოსავლებიც აქვთ და პოპულარობა ან გავლენაც? ვფიქრობ, განსაკუთრებით გამორჩეული ამ მხრივ ორი სფეროა, ესენია მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და პოლიტიკა. როგორია ამ სფეროთა მიმართება (ახალგაზრდა) ქალებთან?

რაც შეეხება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, აქ ქალებისთვის კარი მაგრად არის დაკეტილი – ქალი არ შეიძლება, მღვდელი გახდეს. მართალია, ქალის მონაზვნობა დაშვებულია, მაგრამ მათი გავლენა მრევლზე და საზოგადოებაზე მათი “კოლეგა” მამაკაცების გავლენასთან ახლოსაც ვერ მოვა (მათ შემოსავლებზე კი ბევრი არაფერი ვიცი). ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ გარდა მღვდლობისა, ქალი ეკლესიის მაღალ იერარქებშიც ვერ გაჭაჭანდება. ასე რომ, თუ ქალი ხარ და თან მაინცდამაინც მღვდლობა გინდა, ალბათ ჯობია პროტესტანტი გახდე და იქ სცადო ბედი (ზოგიერთი პროტესტანტული ეკლესია ამ პრაქტიკას მისდევს). მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა წარმოიშობა – საქართველოში წარმატებული ადამიანები მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის (და არა რომელიმე სხვისი) მსახურები არიან.

დასკვნა: თუ ქალი ხარ და თან გინდა, წარმატებული იყო, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

პოლიტიკა? პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. აქ ვერ წააწყდებით აბსურდულ აკრძალვებს, რომ ქალის პარლამენტში არჩევა არ შეიძლება; ან, რომ ქალისთვის მენსტრუაციის დროს პარლამენტის შენობაში შესვლა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ამ სფეროშიც დღემდე კაცები დომინირებენ და ეტყობა, მაინცდამაინც არ იწვიან სურვილით, ქალებსაც გაუყონ ძალაუფლება. ამიტომ პოლიტიკური კარიერის გაკეთება ძნელია – თუ, რა თქმა უნდა, მაინცდამაინც თვით პრეზიდენტს არ გადაეყარეთ და ის კი თქვენი განათლებით, გარეგნობით, ნიჭით, ახალგაზრდული შემართებით თუ ამ ყველაფრით ერთად, არ აღფრთოვანდა და მისი პირადი ინიციატივით არ მოხვდით რომელიმე მაღალ თანამდებობაზე. ამის შანსი კი მეტად მცირეა.

დასკვნა: თუ ქალი ხარ და თან გინდა, წარმატებული იყო, ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ ხელშემწყობი პირობები ცოტაა, ხელისშემშლელი კი – ბევრი.

საბოლოო დასკვნა: ამ ორ ყველაზე გამორჩეულ სფეროში ქალებს კარიერის გაკეთების შანსი ან საერთოდ არ აქვთ, ან ძალიან მცირე შანსი აქვთ.

პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სფერო, რომელიც ჩემ მიერ დასახელებულ წარმატებულობის ორ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს და სადაც ქალები მასობრივად არიან დასაქმებული. ამიტომ სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა ის, რომ “წარმატებული” სფეროებიდან წარმატებული ქალების განხილვაზე გადავიდე. ვინ არიან დღევანდელ საქართველოში წარმატებული ქალები?

ჟურნალისტი, მწერალი, პროფესორი, წარმატებული ბიზნეს(ვუ)მენი, უმუშავია მინისტრის მოადგილედაც – ამ ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა თვალწინ ინტელექტუალური, წარმოსადეგი ქალი დაგიდგათ, მაგრამ თქვენს წარმოსახვას რომ მოწყდებით ხელთ მხოლოდ ვულგარულად ჩაცმული, ეპატაჟური და ყვითელი პრესისა თუ ტელეგადაცემების ვარსკვლავი – ლალი მოროშკინა – შეგრჩებათ. მისი CV ეჭვს არ იწვევს – ეს ქალი წარმატებულია.

წარმატებული ქალის სხვა მაგალითად მაია ასათიანი გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრს ლანძღავენ და აქილიკებენ, მისი შოუ მეტად პოპულარულია. მაია ალბათ სკანდალური მოროშკინას ანტიპოდად შეიძლება მივიჩნიოთ – ის მორცხვია, მოკრძალებული, ჩურჩულით საუბრობს… საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მის კარიერაში გარდატეხის მომენტად ითვლება ცნობილი მაჩოსგან, ტელესერიალის ვარსკვლავ მარიო ჩიმაროსგან ინტერვიუს აღება.

საინტერესოა ისიც, რომ ორივე ეს ქალი ყვითელი მედიის ვარსკვლავია. ალბათ ეს ფაქტი რაღაცნაირად ეხმაურება გენდერულ სტერეოტიპს, რომ “ჭორაობა ქალის (საყვარელი) საქმეა”. თუმცა აღნიშნულ ქალებზე ჭორაობა მამაკაცებსაც ძალიან უყვართ.

დასკვნა: თუ მზად ხართ, ლალი მოროშკინას და მაია ასათიანს დაემსგავსოთ, მათი მსგავსი იმიჯი მოირგოთ (თუმც კი ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდებიან), თქვენი წარმატების შანსი ერთი ათად გაიზრდება.

თუნდაც თანახმა ვიყოთ ამგვარ წარმატებაზე, მაინც რამდენი “ლალი მოროშკინა” და “მაია ასათიანი” შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას? აშკარაა, რომ ვაკანტური ადგილები ცოტაა. ქალების უმეტესობას კი შემდეგი საქმიანობები რჩება:

  • მიკროფონის ხელში დამჭერი და კითხვის ნიშნის წარმომთქმელი
  • ბანკის კლერკი
  • ოფისის მენეჯერი
  • მოლარე ან კონსულტანტი სუპერმარკეტში/მაღაზიაში
  • ……..

ამის პარალელურად კი:

  • ჰალსტუხიანი და შავებში ჩაცმული მამაკაცები მათ კანონებს დაუდგენენ;
  • წვერიანი და შავებში ჩაცმული მამაკაცები მათ კანონებს დაუდგენენ.

პ.ს. ამასობაში:

2006 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და მსოფლიოს 162 ქვეყანაში ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება გაზომა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს “წესი” სრულდება – რაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ქალებს, მით უფრო უფრო წარმატებულია ქვეყანა ეკონომიკურად.

უცნობი(?) ისტორია

სტანდარტული

ცოტა ხნის წინ ვიყავი ბათუმში. განახლებული ქუჩების, ახლად აშენებული სასტუმროებისა და რესტორნების გარდა ჩემი ყურადღება ბათუმის ისტორიამაც მიიპყრო. განსაკუთრებით კი ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიამ და ძმები ნობელების მუზეუმმა დამაინტერესა.

ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია

ეს გოთიკური, კათოლიკური ეკლესიის არქიტექტურის ტრადიციებში გადაწყვეტილი ტაძარი მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და ტაძარი ამოქმედდა კიდეც. საბჭოთა პერიოდში ტაძარი გაუუქმებიათ, 1989 წელს კი იგი კვლავ ამოქმედდა, ოღონდ ამჯერად როგორც მართლმადიდებლური. დღემდე ეს ტაძარი ისევ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ის კათოლიკეებს დაუბრუნონ. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო და სადავოც კი არაფერია – ისტორია ცნობილია, ტაძარი თავიდანვე აიგო როგორც კათოლიკური; არქიტექტურული თვალსაზრისითაც ეს აშკარად არ არის ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური საღვთისმსახურო ნაგებობა. მოკლედ, არავის არანაირი საფუძველი არა აქვს ამტკიცოს, თითქოს ეს ტაძარი ოდითგანვე მართლმადიდებლურია და არა კათოლიკური. საქმე გვაქვს აშკარა უსამართლობასთან – მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ბევრი სხვა დაჯგუფება ჩვენს ქვეყანაში, ორმაგი მორალით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, არც საპატრიარქოს და არც მრევლს არ მოეწონება, რომელიმე სხვა კონფესიამ მართლმადიდებლური ტაძარი რომ მიითვისოს, მაგრამ წინააღმდეგნი არ არიან, თავად ჩაიდინონ იგივე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ქმედება არა მხოლოდ ზოგადადამიანური სამართლიანობის უგულებელყოფა და სხვა სარწმუნოების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა, არამედ აგრეთვე საკუთარი ერის წარმომადგენლების მიმართაც. როგორც ვიცით, ტაძარი ქართველი კათოლიკეების აგებულია და ახლაც მათსავე განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. ბათუმელმა კათოლიკეებმა მოძებნეს გამოსავალი – 2000 წელს ახალი, სულიწმინდის სახელობის ეკლესია  ააგეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ამით სამართლიანობა აღდგა.

სულიწმინდის სახელობის ეკლესია

ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა. ძმები ალფრედ, რობერტ და ლუდვიგ ნობელები ბათუმში მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. 1876 წელს მათ ბაქოში ნავთობსამრეწველო კომპანია, ,,ძმები ნობელების ამხანაგობა” იგივე ბრანობელი დააარსეს. ძმებმა ნობელებმა დიდი წვლილი შეიტანეს

ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი

ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, რკინიგზის და აგრეთვე ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობაში. მათ პირველებმა გაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით. მუზეუმი ძმები ნობელების ყოფილ სახლშია განთავსებული (საბჭოთა პერიოდში აქ მილიციის სამმართველო იყო). გამოფენილია ძმები ნობელების ავეჯი, სხვადასხვა ნივთები, აგრეთვე ნავთობის მრეწველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნოლოგია. თუმცა ექსპონატები ამით არ ამოიწურება – აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სერგეი პროკუდინ-გორსკის და რამდენიმე სხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული, ძველი ბათუმის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, აგრეთვე ჩინელი ჩაის სპეციალისტის პირადი ნივთები. აღნიშნული სპეციალისტი სხვა ჩინელებთან ერთად საქართველოში ჩაის კულტურის დასანერგად მოუწვევიათ და მათ მრავალი წელი გაატარეს აქ. საინტერესო ბევრია. აღნიშნული ექსპონატების დათვალიერება თვალნათლივ გაჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ბათუმი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში; რწმუნდები, რომ ბათუმს (აჭარას, საქართველოს) ჰქონდა ნორმალური განვითარების პოტენციალი იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი დარჩებოდა და საბჭოთა ტერიტორიულ თუ იდეოლოგიურ საზღვრებში არ მოექცეოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა და წინანდელი ეკონომიკური აქტივობაც შეწყდა.