Tag Archives: ლარს ფონ ტრიერი

მედეა – ფემინისტი

სტანდარტული

მედეა ბერძნული მითოლოგიის ცნობილი გმირია. მითი მოკლედ ასეთია: იასონი არგონავტებთან ერთად კოლხეთში მიემგზავრება, რათა ოდესღაც საბერძნეთიდან ”წაღებული” ოქროს საწმისი უკან დააბრუნოს. იგი კოლხეთის მეფის, აიეტის გრძნეულ ასულს, მედეას უყვარდება და საწმისის გატაცებაში ეხმარება. მედეა იასონს თან მიჰყვება საბერძნეთში, მათ გაუჩნდებათ ორი შვილი. რაღაც ხნის შემდეგ დევნილი მედეა და იასონი კორინთოში აღმოჩნდებიან. აქ იასონი გადაწყვეტს, გამოიყენოს შესაძლებლობა – ცოლად შეირთოს კორინთოს მეფის ასული კრეუსა (ზოგი ვერსიით გლავკე) და შესაბამისად მიატოვოს მედეა. შეურაცხყოფილი მედეა ახერხებს, მოკლას კრეუსა და მეფეც, შემდეგ კი თავის შვილებსაც ხოცავს და იქაურობას განერიდება.

მოგვიანებით ამ მითზე დაყრდნობით თავად ძველი ბერძნები ქმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ევრიპიდეს პიესა ”მედეა”. ზოგადად მედეას თემა საკმაოდ პოპულარულია და არსებობს უამრავი ნამუშევარი ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

საქართველოში მედეას მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს – ზოგს საინტერესოდ, სასიამოვნოდ ესახება ის, რომ ეს კოლხი ასული ასეთი პოპულარულია; ზოგს კი არ სიამოვნებს ის, რომ ”სამშობლოს მოღალატე” და შვილების მკვლელი ქალი მის ქვეყანასთან ასოცირდება. ამავე მიზეზებით აცხადებენ/აცხადებდნენ, რომ საქართველოში მედეას ქანდაკების დადგმა არასასურველია.

როგორც ჩანს, ეს ადამიანები მედეას უყურებენ, როგორც ისტორიულ პერსონაჟს. ”სამშობლოს მოღალატე” და ”შვილების მკვლელი” კი მათ არ უწყობს ხელს, რომ ”დიადი წარსულით” იამაყონ. მაგრამ როგორია მედეას უფრო მხატვრული სახე? ევრიპიდეს ”მედეა” არსებითად ფემინისტური ნაწარმოებია და არა ქალთმოძულე, როგორც ზოგი რატომღაც ფიქრობს. მედეას თავს გადამხდარი ამბავი კარგად აჩვენებს ქალის ხვედრს პატრიარქალურ საზოგადოებაში. მედეა მართლაც ბევრს გაიღებს იასონისთვის, უღალატებს და მიატოვებს სამშობლოს, მიდის უცხო მხარეში, სანაცვლოდ კი რას იღებს? უმადური მეუღლე მას ძალაუფლებასა და სოციალურ პრესტიჟზე ცვლის. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამის ჩადენა მას ძალიან ადვილად შეუძლია, მაშინ როცა ქალი არ სარგებლობს ასეთი უფლებებით. უფრო მეტიც, იასონი არა მხოლოდ მიატოვებს მედეას, არამედ უშვებს იმას, რომ ის კორინთოს მეფემ განდევნოს. რასაკვირველია, ამით მედეას მდგომარეობა ერთი-ორად მძიმდება – სულ მარტო და უმეგობროდ დარჩენილი იგი იძულებელი გახდება, რომ თავშესაფარი ეძებოს თავისთვის უცხო მხარეში, სადაც მტრები და მდევნელები უკვე საკმარისად ჰყავს. აი, როგორ ჩივის ქალის ხვედრზე ევრიპიდესეული მედეა: ”ვისაც შევწირე ჩემი სიცოცხლე, – გვიან გავიგე, საყვარლებო – თურმე უკანასკნელი ყოფილა კაცთა შორის. რამდენი სულდგმულია ამქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება, ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი. ჯერ არის და, მამასისხლად ვყიდულობთ ქმარს, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მონა კი არა, დესპოტი შეგვიძენია, ხორცის მჯიჯგნელი. ვთქვათ, გაცილება დააპირე, ვაი შენს დღეს და მოსწრებას, სად წაუხვალ სირცხვილს? ქალებს ვინ მოგვცა იმისი ნება, რომ ქმარს გავეყაროთ? და, აი, ალალბედზე შევდივართ ქმრის სახლში, – უცხო ხალხი, უცხო წესი, უცხო გარემო; მიდი და იმტვრიე თავი, სადა ხარ, ვისთანა ხარ, ვინ გიწევს გვერდით, მხეცი თუ კაცი! ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლ-ქმრობის უღელს; თუ არა და, სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს. თუ კაცს თავი მოაბეზრეს შინაურებმა, გავა, გარეთ გაინავარდებს, ტოლ-სწორებში მოილხენს და დროს გაატარებს, ჩვენ კი მხოლოდ მას უნდა შევციცინებდეთ თვალებში. ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობთ ქმრის სახლში, კაცის ცხოვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.”

მედეას მიერ შვილების მოკვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საჭირო ფაქტია, რადგან ამის გარეშე ნაწარმოები როგორც ტრაგედია არ შედგება. მედეას მხოლოდ იასონის ახალი საცოლე და მამამისი რომ მოეკლა, ეს ”უბრალოდ” მიტოვებული, გამწარებული ქალის შურისძიებას დაემსგავსებოდა. შვილების მკვლელობა კი იმას ნიშნავს, რომ მედეა ჯანყდება – იგი ჯანყდება იასონის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მათი კავშირის წინააღმდეგ და შესაბამისად, ანადგურებს ამ კავშირის ნაყოფს – კლავს შვილებს. ეს აბსოლუტური უარყოფა და აბსოლუტური უიმედობაა, მედეა უკან დასახევ გზას არ იტოვებს. სწორედ ამიტომ არის იგი ჭეშმარიტად ტრაგიკული გმირი – აბსოლუტურ უარყოფაზე მწარე არაფერი არსებობს. ეს უკანასკნელი ჯანყი და აბსოლუტური უარყოფის ფაქტი განსაკუთრებით კარგად ჩანს ლარს ფონ ტრიერის ”მედეაში”; აქ იასონიც კიდევ უფრო მორალურად დაცემული გმირია, ვიდრე ევრიპიდესთან.

მედეა მართლაც ძლიერი და შთამბეჭდავი მხატვრული სახეა – აჯანყებული ფემინისტი.