Tag Archives: ზღაპარი

დისნეი: მტვრის გადაწმენდიდან ბიზნესვუმენობამდე

სტანდარტული

ყოველთვის მიყვარდა ”დისნეის” მულტფილმები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც პრინცებზე და პრინცესებზეა. ამ პოსტშიც სწორედ მათზე ვისაუბრებ.  ”დისნეის” პირველი ასეთი მულტფილმი – ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა” – 1937 წელს გამოვიდა, ბოლო – ”დახლართული” (Tangled) – კი 2010 წელს. სხვაობა 73 წელს შეადგენს. საინტერესოა როგორ იცვლებოდნენ ამ ხნის განმავლობაში პრინცესები და როგორ წარმოუდგენდა ”დისნეი” ბავშვებს (და არა მარტო მათ) იდეალურ გოგონას? პრინცესა ხომ იდეალური გოგონას განსახიერებაა…

არის თვისებები, რომლებიც ყველა პრინცესისთვის ან უმეტესობა მათგანისთვის საერთოა, მაგალითად – ყველა კეთილია, ლამაზი, უყვარს სხვების დახმარება და ცხოველები; ყველა ცდილობს გაუმკლავდეს რაღაც პრობლემებს, უპირისპირდება უფროს თაობას/მშობლებს… რაც შეეხება განსხვავებებს – შეიძლება გამოვყოთ პრინცესათა სამი კატეგორია:

  1. პრინცესები, რომლებიც პასიურად ელიან პრინცს;
  2. პრინცესები, რომლებიც აქტიურად ეძიებენ პრინცს;
  3. პრინცესები, რომლებიც თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი და პრინცს ”უბრალოდ” გზაში ხვდებიან.

”პასიური” პრინცესები გვხვდება 1937-1959 წლებში გადაღებულ ანიმაციებში. ესენია ფიფქია, კონკია და ავრორა/როუზი. ეს პრინცესები გარემოცულნი არიან ავისმსურველებით – ბოროტი დედინაცვლებით ან ბოროტი ჯადოქრით (ეს უკანასკნელი ავრორას ანუ მძინარე მზეთუნახავის შემთხვევაში), რომლებიც არ აძლევენ მათ საშუალებას ნორმალურად და ბედნიერად იცხოვრონ, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ და ა.შ. მეტიც, ორ შემთხვევაში ისინი საერთოდაც კლავენ/მიაძინებენ საბრალო პრინცესებს. მაგრამ ამ ანიმაციებში არ დგას საკითხი, რომ ამ პრინცესებმა იაქტიურონ და ბოროტებასა და ჩაგვრას როგორმე თავი დააღწიონ. მათი ერთადერთი ხსნა პრინცია – პრინცი მოვა, გადაარჩენს და იხსნის მათ, ბოროტებას განარიდებს. მათი ოცნებები და პრინცის ეს მოლოდინი აისახება მათ სიმღერებშიც. მაგალითად, ფიფქია პირდაპირ მღერის Someday My Prince Will Come-ო. 🙂 რით არიან დაკავებულნი ეს პრინცესები, სანამ პრინცი გამოჩნდება? ძირითადად სახლის დალაგება-წმენდა-რეცხვით, საჭმლის მზადებითა და ცხოველებთან მეგობრობით. 🙂 ამ მხრივ განსაკუთრებით ფიფქია გამოირჩევა – ალბათ გახსოვთ, რომ სისუფთავის დიდი მოყვარულია და საკუთარ მასპინძელ ჯუჯებსაც კი ხელ-პირის დაბანას აიძულებს. არც კონკიასთვისაა უცხო მსგავსი საქმიანობა, თუმცა ეს პერსონაჟი ალბათ სხვაგვარი ვერც იქნება.

”აქტიური” პრინცესები გვხვდება დაახლოებით 1989-1995 წლების ანიმაციებში: არიელი, ბელი, ჟასმინი, პოკაჰონტასი. ეს პრინცესები უკვე აღარ ელიან, როდის მოვა პრინცი და როდის გადაარჩენს მათ, ისინი თავად აქტიურობენ, ცდილობენ გაექცნენ იმ გარემოს, რომელიც ზღუდავს მათ როგორც ქალს და როგორც ადამიანს. ზოგადად, მათ არ აკმაყოფილებთ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ; მათ აინტერესებთ თვითსრულყოფა, შემეცნება, უნდათ რომ ნახონ მსოფლიო და გაიფართოვონ თვალსაწიერი. ბელი წიგნებს კითხულობს; არიელი ხმელეთის მცხოვრებთა ნივთებს აგროვებს; ჟასმინი სახლიდან გარბის, რათა ნახოს როგორია ცხოვრება სასახლის გარეთ; პოკაჰონტასი უცხოტომელს უმეგობრდება. პრინცები აქ კვლავინდებურად აქტუალურია – ოღონდ აქ პრინცესების რჩეული ის ხდება, ვინც მათ შემეცნებაში ეხმარება. მათი სიმღერებიც შემეცნებისკენ სწრაფვას ან მისით ტკბობას გამოხატავს – A Whole New World, Colors of the Wind… პრინცესების აქტიურობა ჩანს იმაშიც, რომ აქ უკვე მაინცდამაინც თავად ისინი აღარ არიან გადასარჩენები; პირიქით, ზოგ შემთხვევაში თვითონ იხსნიან ხოლმე თავიანთ პრინცებს.

”საქმიანი” პრინცესები – 1998-2010 წლები: მულანი, ტიანა, რაპუნცელი. თუ ”აქტიურ” პრინცესათა ოცნებებში პრინცები ჯერ კიდევ ფიგურირებს, ”საქმიანებს” ამაზე ფიქრი აზრადაც არ მოსდით. 🙂 მათ თავიანთი მიზნები და საქმეები აქვთ, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება მძიმე შრომა, საკუთარი თავისთვის ძალის დატანება, რისკზე წასვლა დასჭირდეთ… მაგრამ ისინი უკან არაფერზე იხევენ, რადგან არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისგან დამხსნელი საკუთარი თავის გარდა არავინ ეგულებათ. ამიტომ მულანი ომში მიდის, ტიანა კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს… ამ პრინცესებისთვის აქტუალურია საკუთარი თავის ძიება და საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამის მაგალითად შეიძლებად მულანის ნამღერი Reflection გამოდგეს. ხოლო თუ საქმით გართულ პრინცესებს გზაში ვინმე სიმპათიური, მხიარული ყმაწვილი გადაეყრებათ, ამას რა სჯობსო, უარს არ ამბობენ. 🙂

ჰარი პოტერი და სხვა დანაკარგები

სტანდარტული

ფენტეზი ლიტერატურული ჟანრია, რომელიც სიუჟეტში მაგიას ან სხვა ზებუნებრივ მოვლენებს რთავს. ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებში ავტორები ხშირად  სრულიად ახალ, განსხვავებულ, მაგიურ სამყაროს და რეალობას ქმნიან ხოლმე. ფენტეზი ზღაპრებსა და მითებს ეყრდნობა და მათით იკვებება, შესაბამისად, ჰგავს კიდეც ზღაპარს; მაგრამ ზღაპარი უფრო მარტივია, პრიმიტიულია, ფენტეზისეული რეალობა კი უფრო რთული და დახვეწილია; სწორედ სირთულე აქვს საერთო ჩვენს რეალობასთან. მე მიყვარს ფენტეზი სწორედ იმის გამო, რომ ის არ ირეკლავს სარკესავით და არ აკეთებს ჩვენი რეალობის ”კოპირებას” – ის ახალ, ზღაპრულ და ამავდროულად საკმაოდ რთულ სამყაროს გვთავაზობს.

ფენტეზის მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ის ”უაზროა”, ზედაპირულია. დიახ, ეს მართალია იმ გაგებით, რომ ფენტეზის არც აქვს პრეტენზია, იყოს ღრმად ფილოსოფიური ლიტერატურა. ზღაპრების მსგავსად ფენტეზის ცენტრალური თემაც ხშირად ერთი მარტივი იდეაა – სიკეთისა და ბოროტების, თეთრისა და შავის დაპირისპირება. კარგი ფენტეზი იდეალურია მისთვის, ვისაც კითხვისგან სიამოვნების მიღება ან/და მოყირჭებული რეალობისგან დროებით სხვა რეალობაში გადართვა უნდა.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფენტეზი უდაოდ ჯოან როულინგის ”ჰარი პოტერია”. ეს ის წიგნია, რომელმაც ფენტეზი როგორც ჟანრი შემაყვარა. ამას გარდა ეს წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაცაა ჩემთვის (და ალბათ ჩემი თაობის სხვა მკითხველებისთვისაც), რომ ფაქტობრივად ჰარის და მისი მეგობრების პარალელურად, მათი თავგადასავლების კითხვის პარალელურად, მათთან ერთად ვიზრდებოდი. ”ჰარი პოტერის საგა” სულ შვიდი წიგნისგან შედგება.

მთავარი, რაც ”ჰარი პოტერზე” მინდოდა მეთქვა, ის არის, რომ ვისაც ეს წიგნები არ წაუკითხავს, მან მართლაც მშვენიერი სამყარო დაკარგა – ჯადოქრების სამყარო, სადაც კეთილი და ბოროტი ძალები იბრძვიან.

ვისაც ”ჰარი პოტერი” არ წაუკითხავს, ის არასოდესაა ნამყოფი ამ ადგილებში:

ჰოგვორთსი – ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა;
ჰოგვორთსის აკრძალული ტყე;
მაგიის სამინისტრო;
გრინგოტსი – ჯადოქართა ბანკი;
აზკაბანი – ჯადოქართა ციხე;
ჰოგსმიდი – ჯადოქრული დასახლება-სოფელი;
პლატფორმა 9¾
მრუდე ქუჩა;
მრუმე ქუჩა….

მას არ უნახავს ეს არსებები:

გობლინები;
შინაური ელფები;
ცალრქიანი ცხენები;
თესტრალები;
ჰიპოგრიფები;
მაქციები;
დრაკონები;
კენტავრები…

იგი არასდროს დასწრებია შემდეგ გაკვეთილებს:

ტრანსფიგურაცია;
შელოცვები;
ჰერბოლოგია;
შხამ-წამლები;
ბნელი ძალებისგან თავდაცვა;
ჯადოსნური არსებების მოვლა…

ის არ იცნობს ჰოგვორთსის შესანიშნავ პროფესორებს:

მხიარულ და გულღია დირექტორ ალბუს დამბლდორს;
მკაცრ და ცივ მინერვა მაკგონაგელს;
სარკასტულ და იდუმალ სევერუს სნეიპს;
მეგობრულ მაქცია რემუს ლუპინს;
მშიშარა და კომფორტული ცხოვრების მეტისმეტად მოყვარულ ჰორაციუს სლაგჰორნს…

ცხადია, არც სხვა პერსონაჟებს იცნობს 🙂 :

თვით ჰარი პოტერსა და მის უახლოეს მეგობრებს – ჰერმიონ გრეინჯერს და რონ უისლის;
უისლების მრავალრიცხოვან, არაჩვეულებრივ ოჯახს;
მუდამ დაბნეულ და გაუბედავ ნევილ ლონგბოტომს;
”სულელუნად” მონათლულ, მაგრამ ძალიან ჭკვიან და კეთილ ლუნა ლავგუდს;
ქედმაღალ და თვითკმაყოფილ დრაკო მალფოის;
ჰოგვორთსის სხვა სტუდენტებს;
ბნელი ძალების წარმომადგენლებს – ბელატრისა ლესტრეინჯს, ლუციუს მალფოის, თვით ვოლდემორსა და სხვებს;
სხვადასხვა დროის მაგიის მინისტრებს;
სხვა ქვეყნებიდან წვეულ ჯადოქრებს
და სხვა მრავალს.

რაც მთავარია, არც ის იცის, თუ რა ნათესაური, მეგობრული ან მტრული კავშირ-ურთიერთობებია ამ პერსონაჟებს შორის. მან არ იცის, ვინ არიან ჰოგვორთსის დამფუძნებლები; ვინ არიან სიკვდილის მხვრელები, რა არის პატრონუსი ან ფენიქსის ორდენი; ვინ არიან დემენტორები ან რას ნიშნავს ”დემენტორის კოცნა”; რას ნიშნავს ”მუქსისხლიანი” და რატომაა ეს ცუდი სიტყვა; რა არის ქვიდიჩი, აპარაცია, ჰორკრუქსი ან აურორი…

მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, ამ ჩამონათვალების გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება. მე მხოლოდ მინდა გირჩიოთ 🙂 – ნუ დაკარგავთ ამდენ რამეს, ნუ დაკარგავთ ამ სამყაროს. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, მაშინ ახლა წაიკითხეთ ”ჰარი პოტერი”; წაიკითხეთ განურჩევლად იმისა, თუ რამდენი წლისა ხართ, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. 🙂