Tag Archives: გოგონა დრაკონის ტატუთი

ლიზბეთ სალანდერი შვედეთის წინააღმდეგ

სტანდარტული

“იძებნება სამმაგი მკვლელობისთვის! პოლიცია ეძებს ფსიქოპათ მკვლელს!

პოლიცია ლიზბეთ სალანდერს ეძებს. სასამართლოს მიერ გონებაშეზღუდულად გამოცხადებული სალანდერი შვედური პოლიციის ერთადერთი ეჭვმიტანილია – მას თავისი მეურვისა და ჟურნალ “მილენიუმის” ჟურნალისტების მკვლელობაში ედება ბრალი. გოგონა ცეცხლს ეთამაშება…”

ასეთი დამაინტრიგებელი ანოტაცია აქვს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ ახალგამოცემულ წიგნს “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”. ეს სტიგ ლარსონის “მილენიუმის ტრილოგიის” მეორე წიგნია, გახმაურებული “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ს გაგრძელება.

შარშან შემოდგომაზე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ბლოგერებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ბლოგერებს “გოგონა დრაკონის ტატუთი” უნდა წაეკითხათ და პოსტი დაეწერათ. მონაწილეობა მეც მივიღე და ეს პოსტი დავწერე. ამჟამად კონკურსი არ არის გამოცხადებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ შემიშლის ხელს მეორე წიგნზეც გადმოვცე ჩემი შთაბეჭდილებები.

მაშ ასე, “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”:

ამ წიგნში, რა თქმა უნდა, კვლავ ვხვდებით უკვე ნაცნობ პერსონაჟებს – იქნება ეს ლიზბეთ სალანდერი, მიქაელ ბლუმკვისტი, ერიკა ბერგერი თუ სხვები. მათ გარდა ახალი პერსონაჟებიც ჩნდებიან და უნდა ითქვას, რომ ისინიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ წიგნს თავისმომაბეზრებელი, უინტერესო დასაწყისი აქვს. წიგნის დაახლოებით პირველი 170 გვერდი სავსეა ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციით, საყიდლების სიებითა და უინტერესო სექსუალური სცენებით. თუმცა ამ გვერდებზე რამდენიმე “გამონათებაც” არის და თუ მათ არ წაიკითხავთ, გაგრძელების გაგება გაგიჭირდებათ. გაგრძელება კი მართლაც შთამბეჭდავია. უინტერესო დასაწყისის შემდეგ ავტორი აღწერს იმას, რისი აღწერა და ჩვენება მართლაც ძალიან კარგად გამოსდის – სოციალურ უსამართლობას და ზნედაცემულ ადამიანებს/ქალთმოძულე კაცებს.

ქალთმოძულე კაცები, ფემინიზმი, გენდერული საკითხები ამ წიგნში, ისევე როგორც პირველში, აქტუალურია. ამჯერად, ავტორი საკითხის სხვა კუთხეს გვაჩვენებს. პირველი წიგნი მდიდარ ნაცისტებსა და შეშლილ მანიაკებს ეხებოდა, მეორე წიგნში კი სექს-ტრეფიკინგისა და სექს-მაფიის თემა შემოდის.

წიგნში ნათქვამია, რომ “შვედეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან მეძავების იმპორტის მხრივ”; ხოლო “სექს-მაფია რეალურად ვიღაც არარაობების უვარგისი ხროვაა”. მოკლედ, სექს-მაფია გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი და ხელმოცარული ხალხითაა დაკომპლექტებული და არა – საზოგადოების მაღალი წრეებიდან გამოსული ადამიანებით. წიგნში მოცემული ინფორმაციით, მაფია აღმოსავლეთ ევროპიდან სექს-ტრეფიკინგს დაუბრკოლებლად აწარმოებს. საგანგებოდ არის ხაზი გასმული იმ ფაქტზე, რომ საზოგადოება და პოლიცია ამ ტიპის დანაშაულის მიმართ შემწყნარებლობას იჩენს და აიგნორებს მას. მაფია სინამდვილეში მეტად სუსტია, პოლიციას ამ პრობლემის მოგვარება უბრალოდ არ სურს და არ აინტერესებს. “ტალინელი და რიგელი თინეიჯერი გოგონების ჩაგვრა და გაუპატიურება არავის ადარდებს. ბოზი ბოზია. ეს სისტემის ნაწილია”. საუბარია იმაზეც კი, რომ პოლიცია მკვდარი მეძავის პოვნის შემთხვევასაც უმნიშვნელოდ მიიჩნევს და ჩქმალავს – “თუ ორმოცდარვა საათში მკვლელს ვერ იპოვიდნენ, პოლიცია “უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებაზე” გადაერთვებოდა ხოლმე”.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა შვედეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მკაცრი კანონმდებლობა არსებობს და სექსუალური მომსახურების ყიდვაც კანონით ისჯება. ავტორის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შეიძლება ამ ფრაზით შეჯამდეს: “ტრეფიკინგი ადამიანის უფლებათა უდიდესი დარღვევაა”.

ლიზბეთ სალანდერი (რუნი მარა)

წიგნის ანოტაციიდან ჩანს, რომ ლიზბეთ სალანდერი მკვლელობებში ერთადერთ ეჭვმიტანილად გამოცხადდა. ამის შემდეგ არა მარტო პოლიციის, არამედ მედიისა და საზოგადოების მახინჯი სახეც გამოჩნდა. თავი წამოყო სკანდალებზე მონადირე, ყვითელმა, იარლიყების მიკერების მოყვარულმა და, თამამად შეიძლება ითქვას, ფაშისტურმა მედიამ. სტიგ ლარსონი ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას უთმობს და ვრცლად აღწერს, მაგრამ ერთგან თვითონვე ძალიან სხარტად და მრავლისმეტყველად აჯამებს: “პრესაში დაბეჭდილი მასალების მიხედვით, პოლიცია ეძებდა ფსიქოპათ ლესბოსელს, რომელიც სატანისტთა სექტას შეუერთდა და მათთან ერთად ეწეოდა სადო-მაზოხისტური სექსის და საზოგადოების, განსაკუთრებით, მამაკაცთა სიძულვილის პროპაგანდას”. სახელმწიფოს მიერ ქმედუუნაროდ და ფსიქოპათად გამოცხადებული, პოლიციის მიერ დევნილი და მედიის მიერ დემონიზებული ლიზბეთი არც სხვებმა დაინდეს. პირიქით, ეს საუკეთესო დრო გამოდგა მისი ძველი ნაცნობებისთვის, რომელთაც ლიზბეთი გაუგებარი მიზეზებით არ მოსწონდათ ან სძულდათ – გუდას პირი მოხსნეს და ისედაც დარწმუნებულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აუწყეს, რა საშინელი და საშიში ადამიანი იყო ლიზბეთ სალანდერი. გასაკვირი არ არის, რომ ლიზბეთს ერთი პერიოდი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მთელ შვედეთს მარტო უპირისპირდებოდა. თუმცა მას მალე მეგობრები და მოკავშირეებიც გამოუჩნდნენ. სხვათაშორის, ეს არის ის საკითხი, რაზეც შეიძლება ავტორს მიედავო და გააკრიტიკო – აღმოჩნდა, რომ ლიზბეთი მეგობრობდა მარგინალ ქალებთან და საზოგადოებაში ინტეგრირებულ, შეიძლება ითქვას, ავტორიტეტულ მამაკაცებთან. მისი ყველა “მფარველი” მამაკაცია. ქალებისა და კაცების ამგვარი დაყოფა-დაპირისპირება უცნაურად ჩანს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ავტორი ასეთი მგრძნობიარეა გენდერული საკითხების მიმართ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც ავტორი ეხება არის სახელმწიფოს ინტერესების სახელით ადამიანების ჩაგვრა. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქიატრიაც. როგორც ჩანს, ავტორს ფსიქიატრიისა და ფსიქიატრების მიმართ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს (რაც ჩემს დამოკიდებულებას ემთხვევა). წიგნში აღწერილი “მთავარი” ფსიქიატრი, საერთაშორისო დონის ექსპერტი, მხოლოდმხოლოდ ბანალური მოძალადეა, რომელსაც სახელმწიფო თავისი მიზნებისთვის იყენებს. ჩვეულებრივი მოძალადისგან განსხვავებით, მასთან ბრძოლა ძნელია, რადგან იგი “სიგელების, დიპლომების, აკადემიური წოდებების” უკან იმალება.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ პრობლემებისა და უსამართლობების აღწერით ავტორი ახერხებს, მკითხველი გააბრაზოს და აღაშფოთოს. ჩემი აზრით, ეს სწორედ ისაა, რისთვისაც ღირს ამ წიგნის წაკითხვა.

სტიგ ლარსონი თანამედროვე პრობლემებს აღწერს და რაც მთავარია, ეს პრობლემები უნივერსალურია – იმავე პრობლემებს ევროპის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც შეხვდებით. ეს ეხება საქართველოსაც. ის, რითიც საქართველო შვედეთს არ ჰგავს, სამწუხაროდ შემდეგია:

ა) ძლიერი ფემინისტური მოძრაობა;

ბ) განათლებული და სოციალური თემებით დაინტერესებული ჟურნალისტები; ასევე ჟურნალისტური გამოძიებები ამ თემებზე.

ქალთმოძულე კაცები

სტანდარტული

“გოგონა დრაკონის ტატუთი” შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნია. იგი პირველად 2005 წელს გამოვიდა შვედეთში. წიგნი მალევე იქცა საერთაშორისო ბესტსელერად – 40 ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა. სამწუხაროა, რომ თავად ავტორი ვერ მოესწრო ამ წარმატებას – იგი 2004 წელს გარდაიცვალა. მილენიუმის ტრილოგიის მომდევნო ორი წიგნია “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” და “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია”. პირველ წიგნს შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ერქვა და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ამავე სათაურით გამოიცა. “გოგონა დრაკონის ტატუთი” ინგლისურენოვანი გამოცემის ვერსიაა. უნდა ვთქვა, რომ ეს უკანასკნელი სათაური თავიდანვე უინტერესოდ და მასებზე გათვლილ, “პაპსა” რამედ მომეჩვენა.”ქალთმოძულე კაცები” უფრო მომწონს – ეს სათაური  წიგნის ერთ-ერთ მთავარ თემაზე მიანიშნებს და თან უფრო დამაინტრიგებელიც არის. თუმცა, როდესაც დანარჩენი ორი წიგნის სათაურებიც მოვიძიე, დავასკვენი, რომ მთლიანობაში ასეც არა უშავს.

წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალებზე ძალადობაა. ორიგინალის სათაურიც და მთავარი გმირი გოგონაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წიგნი დიდწილად ფემინისტურია. უფრო მეტიც, წიგნი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და თითოეულ ნაწილს წამძღვარებული აქვს  მცირე სტატისტიკური მონაცემი (შვედეთში) ქალებზე ძალადობის შესახებ.

გოგონას ლიზბეთ სალანდერი ჰქვია და 24 წლისაა. წიგნში ჩართულია იმაზე მინიშნებაც, რომ გოგონა პეპი გრძელიწინდას ჰგავს; პეპი კი, როგორც ცნობილია, ფემინისტების ფავორიტია და მისაბაძ მაგალითადაც არის აღიარებული. ლიზბეთიც პეპის მსგავსად ექსტრავაგანტური, დამოუკიდებელი, მამაცი, ძლიერი, მებრძოლი გოგოა. ლიზბეთი საზოგადოებისგან სწორედ ამ თვისებების გამო არის გარიყული. ის პრობლემურ ბავშვად იყო შერაცხული, შემდეგ კი სულაც ჭკუასუსტად და ქმედუუნაროდ გამოაცხადეს და მიუხედავად სრულწლოვანებისა, სასამართლომ მეურვე დაუნიშნა. საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ლიზბეთი ჭკუასუსტია – მხოლოდ იმიტომ, რომ ძალადობრივ საზოგადოებას ვერ ეგუებოდა და თავადაც აგრესიით პასუხობდა, იმიტომ რომ პროტესტის ნიშნად განათლების სისტემას აღარაფრად აგდებდა და ოფიციალურ განათლებაზე უარი თქვა… სინამდვილეში ლიზბეთი ძალიან ინტელექტუალურია და შესანიშნავ უნარებს ფლობს, რასაც იყენებს კიდეც თავის გამოძიებებში. ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპანიაში, Milton Security-ში მუშაობს.

წიგნში მრავლად შეხვდებით ქალთმოძულე კაცებს – შეშლილ ნაცისტებს, სერიულ მკვლელებსა და სადისტებს. თან არ გეგონოთ ეს კაცები საზოგადოების დაბალი ფენებიდან გამოსული, მარგინალიზებული და სასაოწარკვეთილი ტიპები იყვნენ. პირიქით, ყველა მათგანი მდიდარია, საკმაო ძალაუფლებაც აქვს და საზოგადოებაში პატივსაცემ ადამიანადაც ითვლება. მათი მსხვერპლი ქალები კი პირიქით, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე და შესაბამისად, სუსტნი და დაუცველნი არიან. ბუნებრივია, შეუძლებელია, ყველა კაცი სერიული მკვლელი იყოს. ამიტომ, ვფიქრობ ლარსონის პერსონაჟები და მათი ქმედებები უბრალოდ სიმბოლოა იმ ძალაუფლებისა, რომელსაც პატრიარქალურ საზოგადოებებში კაცები ფლობენ და ბოროტად იყენებენ.

“გოგონა დრაკონის ტატუთი” დეტექტიურ ჟანრშია გადაწყვეტილი. ლიზბეთ სალანდერი და მეორე მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი, 60-იან წლებში გაუჩინარებელ გოგონას ეძებენ და კვალი სწორედ ქალთმოძულე კაცებამდე მიიყვანთ. აღსანიშნავია, რომ წიგნის პერსონაჟებს, მათ პიროვნებებს გაცილებით მეტი დრო ეთმობა, ვიდრე ეს კლასიკური დეტექტივებისთვის არის დამახასიათებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს წიგნი სხვა დეტექტივებთან შედარებით ნაკლებად ზედაპირულია. ავტორს ვუფასებ იმასაც, რომ კარგად წარმოაჩინა თანამედროვეობა, თუნდაც ისეთი პრობლემები, როგორიც ქალებზე ძალადობა ან ბიზნესმენთა კრიმინალური საქმიანობაა. წიგნის მეორე მთავარი თემა სწორედ თაღლითი და მაფიოზი ბიზნესმენებია. მათ ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით უპირისპირდება. ერთი სიტყვით, ბლუმკვისტი და სალანდერი მთელი წიგნის განმავლობაში სიმართლის დასადგენად ან\და გამოსააშკარავებლად იბრძვიან. სიმართლე კი დიდი ღირებულებაა.