ლეილა აჩბას მემუარები

სტანდარტული

“ლეილა აჩბა–ანჩაბაძე ერთ–ერთ პირველ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავალია. მამამისი, რეფიქ ბეი აჩბა, ოსმალეთის სულთან აბდულაზიზის ცოლის დისშვილი იყო. მისი დეიდა, ფეივესტე ემხვარი და ბიძაშვილი, ფატმა აჩბა, სულთან აბდულჰამიდ II-ის ცოლები იყვნენ.

1919 წელს ლეილა აჩბა ფადიშაჰის სასახლეში აიყვანეს და ოსმალეთის ბოლო სულთნის, მეჰმედ VI–ის ცოლის, ემინე ნაზიქედას, სეფექალი გახდა.

მართალია, ამ დროს ფადიშაჰის სასახლე და ჰარამხანა ძველებური ტრადიციებითა და წესებით აღარ ცხოვრობს, მაგრამ ლეილა აჩბას ჩანაწერები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იგი ერთადერთი ქალია, რომელიც ჰარემში ცხოვრობდა და ამის შესახებ მოგონებები აქვს დაწერილი. გარდა ამისა, ის არის თვითმხილველი ოსმალეთის იმპერიის დაცემის, ასევე სულთანათისა და ხალიფატის გაუქმებისა, რაზეც ის სასახლის სეფექალის პოზიციიდან საუბრობს. ლეილა აჩბას მემუარები საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიცავს ბევრ ცნობას თურქეთში მცხოვრები აფხაზების შესახებ.”

ლეილა აჩბას მემუარები “ლიტერატურის მუზეუმმა” 2011 წელს გამოსცა. როგორც წიგნის ანოტაცია გვამცნობს, ლეილა ერთადერთი ქალია, ვინც ჰარამხანაში ცხოვრობდა და ამის შესახებ მოგონებები დაწერა. გარდა ამისა, მისი სეფექალობა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს დაემთხვა – ოსმალეთის იმპერია დაეცა, სულთანათი გაუქმდა და რესპუბლიკა გამოცხადდა. სულთანი და მისი ოჯახი გადასახლებაში წავიდნენ.

ლეილას მემუარები რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლეილას ოჯახის ისტორია, სასახლის ცხოვრების აღწერა და სულთნის გადასახლების პერიოდი. ყურადღებას გავამახვილებ ზოგიერთ საინტერესო მონაკვეთზე:

 

სულთანი და მისი ცოლები 

სულთნის პირველი ცოლი – სულთან მეჰმედ VI ვაჰიდედდინის პირველი ცოლი ემინე ნაზიქედა იყო. უფლისწულმა ვაჰიდედდინმა ნაზიქედა მაშინ შეამჩნია, როცა ის მის დასთან მსახურობდა სეფექალად. უფლისწულს მოეწონა იგი, ამიტომ დასთან მივიდა და სთხოვა, ცოლად გამატანეო, მაგრამ უარი მიიღო. ერთწლიანი ხვეწნის შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმა და, მაგრამ ერთი პირობით – ნაზიქედას გარდა სხვა ცოლი არასოდეს უნდა შეერთო.

ნაზიქედამ ორი გოგო გააჩინა, შემდეგ კი იავადმყოფა და მეტი ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო. ლეილა წერს, ამის შემდეგ დედოფალი შეგუებული იყო იმ აზრთან, რომ მისი ქმარი კიდევ მოიყვანდა ცოლს – მას ხომ ვაჟი, ტახტის მემკვიდრე არ გაუჩენია.

მეამბოხე ინშირაჰი – მართლაც, სულთანმა მალევე მოისურვა მეორე ცოლის შერთვა და ერთი 17 წლის გოგო, ინშირაჰი მოიყვანა. მაგრამ ინშირაჰი უჩვეულოდ მეამბოხე გამოდგა, პირველი ცოლისგან განსხვავებით, ის სულთნის გარეშე რომანებს არ ეგუებოდა. ლეილა მას “ზღვარგადასულად ეჭვიანს” უწოდებს. ერთხელ ინშირაჰს მსახურმა ამბავი მიუტანა, სულთანი გღალატობსო. ინშირაჰმა სკანდალი მოაწყო, შემდეგ კი სასახლიდან წავიდა. ორი დღის შემდეგ კი სულთანი მას ოფიციალურად გაეყარა.

ბიძაშვილები – ამის შემდეგ სულთანმა ვაჰიდედდინმა ცოლად შეირთო მუვედდეთი, რომელმაც, როგორც იქნა, გააჩინა ასე ნანატრი ვაჟი. მაგრამ ამ დიდმა “მიღწევამაც” კი ვერ იხსნა იგი ერთი მისთვის არასასურველი მოვლენისგან. მუვედდეთთან სეფექალად მისი ბიძაშვილი ნევვარე მსახურობდა. სულთანს იგი მოეწონა და მისი ცოლად მოყვანა განიზრახა. მუვედდეთმა ეს რომ შეიტყო, სულთანთან მივიდა და შეეხვეწა, ნუ შეირთავ ცოლად ნევვარეს, ამის შემდეგ ისე ვეღარ მეყვარება და ისეთ პატივს ვეღარ ვცემ, როგორც ადრეო. სულთანმა ყურად არ იღო ეს თხოვნა და ნევვარე მისი მესამე ცოლი გახდა.

სულთნის მეოთხე ცოლი – სულთნის ბოლო ცოლს ნევზადი ერქვა. ლეილა აღნიშნავს, რომ სულთანი მას განსაკუთრებულად ენდობოდა და მასთან ბევრ დროს ატარებდა. ეს კი სხვა ცოლების (განსაკუთრებით, ნევვარეს) ბრაზსა და ეჭვიანობას იწვევდა.

სულთნის ცოლებთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ისინი ორგვარი ტიტულით სარგებლობდნენ – ქადინეფენდი და იქბალი. “ქადინეფენდი” უფრო მაღალი და პატივსაცემი ტიტული იყო, “იქბალი” კი, ფაქტობრივად, ხარჭას უფრო ნიშნავდა. ამ ტიტულებს ცოლებს თავად სულთანი ანიჭებდა. ვაჰიდედდინს ასე გადაუწყვეტია – “ქადინეფენდის” ტიტული მხოლოდ იმ ცოლებს მიანიჭა, რომლებთანაც შვილი ეყოლა, ესე იგი, პირველ და მეორე ცოლებს. ასე რომ, ნევზადსაც “იქბალის” ტიტული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სულთანი მისით სხვებზე მეტად იყო გატაცებული. ლეილა აღნიშნავს, რომ “ამ საკითხთან დაკავშირებით სასახლეში ბევრს ჭორაობდნენ”.

სულთნის ცოლები, გარდა ნევზადისა, ეთნიკურად აფხაზები იყვნენ. ნაზიქედა გვარად მარშანია იყო, მუვედდეთი და ნევვარე კი ჩიჰბას გვარის წარმომადგენლები იყვნენ.

 

მექალთანე მამაკაცები

როგორც ვხედავთ, სულთანს საერთო ჯამში ხუთი ცოლი ჰყავდა და კიდევ არაერთი რომანიც ჰქონდა. მამაკაცების მექალთანეობა თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არც არავის უნდა გაკვირვებოდა. მიუხედავად ამისა, ლეილა ზოგიერთ მამაკაცს ანტიპათიით მოიხსენიებს და “მექალთანეს” უწოდებს. ჰარამხანის მკვიდრისგან ამ სიტყვის ხსენება მართლაც საოცარი მეჩვენა. ბოლო-ბოლო დავასკვენი, რომ “მექალთანეს” აქ ისეთ მამაკაცს უწოდებდნენ, ვინც გარკვეულ ზღვარს გადადიოდა – სასახლის ეტიკეტს არღვევდა. ამის გარდა, ისინი მართლაც არაფრით განსხვავდებოდნენ არც სულთნისა და არც სხვა მამაკაცებისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველანი ერთნაირად მექალთანეები იყვნენ.

 

დამოკიდებულება ჰარამხანის მიმართ

ლეილა დაწვრილებით აღწერს ჰარამხანაში ქალების (სეფექალების, მსახურების) ცხოვრებას. მისი თქმით, ამ ქალებს საწუწუნო არაფერი ჰქონდათ; მშვენივრად ცხოვრობდნენ, განათლებას იღებდნენ, ფული ჰქონდათ, პატივისცემით სარგებლობდნენ… ლეილა ვერ ხვდება, რატომ არ მოსწონდათ ევროპელებს ჰარამხანა. იგი წუხილს გამოთქვამს ამ საკითხზე: “სასახლეში სტუმრად ჩამოსულმა, მეფეებმა, პრინცესებმა, უცხოელმა ელჩებმა ჰარამხანის ცხოვრება საკუთარი თვალით იხილეს. რა სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ქილიკი არ მთავრდებოდა”.

ევროპელები ჰარამხანას თავიანთი ცივილიზაციის გადმოსახედიდან, ქედმაღლურად უცქერდნენ და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ევროპაში ქალები არ იჩაგრებოდნენ და ამ მხრივ იდეალური მდგომარეობა იყო. უბრალოდ, როგორც ცნობილია, ევროპულ-ქრისტიანული კულტურისთვის მრავალცოლიანობის იდეა ოდითგანვე მიუღებელია.

 

გადასახლება

ლეილა აჩბა

სულთანი გადასახლებაში რესპუბლიკის გამოცხადებამდე, 1922 წელს წავიდა. მისი ცოლები, ქალიშვილები, სხვა ოჯახის წევრები და მსახურები კი თურქეთში დარჩნენ. მათი ნაწილი მოგვიანებით, 1924 წელს გადაასახლეს.

სულთანათის გაუქმება, სულთნის წასვლა, რესპუბლიკის გამოცხადება – ეს ყველაფერი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა სასახლის ქალებისთვის. ჩვენს თანამედროვე ინფორმაციულ ერაში მცხოვრები ადამიანისთვის ალბათ ბევრად უფრო ადვილია თუნდაც მნიშვნელოვან ცვლილებებთან გამკლავება; მაგრამ ამ ქალებისთვის ასე არ იყო, სასახლე და ჰარამხანა მათთვის ცნობილი ერთადერთი რეალობა იყო და წარმოდგენაც კი უჭირდათ, სად უნდა წასულიყვნენ ან რა უნდა ეკეთებინათ, როცა ეს რეალობა თავზე დაემხობოდათ.

ამას ზედ დაერთო ისიც, რომ თურქეთში დარჩენილი სულთნის ცოლები თავიანთ სეფექალიან-მსახურებიანად სხვა სასახლეში გადაასახლეს. ლეილა დაწვრილებით აღწერს, თუ რა მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება; ერთი პერიოდი საწოლებიც კი არ ჰქონდათ და იატაკზე ეძინათ. გარდა ამისა, მათ არ აძლევდნენ უფლებას, სასახლიდან გასულიყვნენ ან წერილი მაინც მიეწერათ ვინმესთვის. ეს ქალები ახალგამოცხადებული რესპუბლიკის პატიმრებად იქცნენ.

ზოგმა ამგვარი მკვეთრი ცვლილებები და ცუდი პირობები ვერ აიტანა. ლეილა უშუალოდ გახდა მოწმე, როგორ შეიშალა ჭკუიდან ერთი გოგონა, დედოფალ ნაზიქედას ერთ-ერთმა სეფექალმა კი თავი მოიკლა. სამწუხაროდ, ეს მოვლენები ბევრი იქაური ქალის ნერვიულობისა და ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა. თავად ლეილაც ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქალმა, პირიქით, საკმაო სულის სიმტკიცე და შეგუების უნარი გამოავლინა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია სულთნის ბოლო  და ყველაზე ახალგაზრდა ცოლები – ნევვარე და ნევზადი. მათ გადასახლებაში სულთანთან წასვლა არ ისურვეს, მალულად დარჩნენ თურქეთში (კანონი სულთნის ყველა ცოლისა და შვილის გადასახლებას ბრძანებდა), მოგვიანებით მეორედაც გათხოვდნენ და დიდხანსაც იცოცხლეს – მეოცე საუკუნის დასაწყისში დაბადებულები 1990-იან წლებში გარდაიცვალნენ.

ლეილამ კი, როგორც მისივე ძმა ამბობს, ამ მემუარებით უკვდავყო თავისი სახელი.

ახალგაზრდა ქალთა პერსპექტივები საქართველოში

სტანდარტული

უნივერსიტეტს რომ დაამთავრებს, ალბათ ბევრი სტუდენტი უსვამს საკუთარ თავს კითხვას – “ახლა რა ვაკეთო?” და სამსახურის ძიებას იწყებს. ვინაიდან უნივერსიტეტიც ახალდამთავრებული მაქვს და ქალთა სქესსაც ვეკუთვნი, ჩემთვის საინტერესო საკითხია, რა პერსპექტივები აქვთ ახალგაზრდა ქალებს დღევანდელ საქართველოში.

მართებული იქნება, თუ ჯერ წარმატებულ ადამიანებს განვიხილავ – ეს ხომ თავისთავად გვიჩვენებს, რანაირად ხდება ადამიანი წარმატებული, ან სხვანაირად თუ ვიტყვით – როგორი ადამიანი ხდება წარმატებული. აქვე განვმარტავ, რომ წარმატებულობის შესაფასებლად ვიყენებ ორ კრიტერიუმს: მაღალი შემოსავალი და პოპულარობა/საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა.

რომელია საქართველოში ისეთი საქმიანობა, ისეთი სფერო, სადაც დასაქმებულებს მაღალი შემოსავლებიც აქვთ და პოპულარობა ან გავლენაც? ვფიქრობ, განსაკუთრებით გამორჩეული ამ მხრივ ორი სფეროა, ესენია მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და პოლიტიკა. როგორია ამ სფეროთა მიმართება (ახალგაზრდა) ქალებთან?

რაც შეეხება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, აქ ქალებისთვის კარი მაგრად არის დაკეტილი – ქალი არ შეიძლება, მღვდელი გახდეს. მართალია, ქალის მონაზვნობა დაშვებულია, მაგრამ მათი გავლენა მრევლზე და საზოგადოებაზე მათი “კოლეგა” მამაკაცების გავლენასთან ახლოსაც ვერ მოვა (მათ შემოსავლებზე კი ბევრი არაფერი ვიცი). ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ გარდა მღვდლობისა, ქალი ეკლესიის მაღალ იერარქებშიც ვერ გაჭაჭანდება. ასე რომ, თუ ქალი ხარ და თან მაინცდამაინც მღვდლობა გინდა, ალბათ ჯობია პროტესტანტი გახდე და იქ სცადო ბედი (ზოგიერთი პროტესტანტული ეკლესია ამ პრაქტიკას მისდევს). მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა წარმოიშობა – საქართველოში წარმატებული ადამიანები მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის (და არა რომელიმე სხვისი) მსახურები არიან.

დასკვნა: თუ ქალი ხარ და თან გინდა, წარმატებული იყო, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

პოლიტიკა? პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. აქ ვერ წააწყდებით აბსურდულ აკრძალვებს, რომ ქალის პარლამენტში არჩევა არ შეიძლება; ან, რომ ქალისთვის მენსტრუაციის დროს პარლამენტის შენობაში შესვლა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ამ სფეროშიც დღემდე კაცები დომინირებენ და ეტყობა, მაინცდამაინც არ იწვიან სურვილით, ქალებსაც გაუყონ ძალაუფლება. ამიტომ პოლიტიკური კარიერის გაკეთება ძნელია – თუ, რა თქმა უნდა, მაინცდამაინც თვით პრეზიდენტს არ გადაეყარეთ და ის კი თქვენი განათლებით, გარეგნობით, ნიჭით, ახალგაზრდული შემართებით თუ ამ ყველაფრით ერთად, არ აღფრთოვანდა და მისი პირადი ინიციატივით არ მოხვდით რომელიმე მაღალ თანამდებობაზე. ამის შანსი კი მეტად მცირეა.

დასკვნა: თუ ქალი ხარ და თან გინდა, წარმატებული იყო, ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ ხელშემწყობი პირობები ცოტაა, ხელისშემშლელი კი – ბევრი.

საბოლოო დასკვნა: ამ ორ ყველაზე გამორჩეულ სფეროში ქალებს კარიერის გაკეთების შანსი ან საერთოდ არ აქვთ, ან ძალიან მცირე შანსი აქვთ.

პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სფერო, რომელიც ჩემ მიერ დასახელებულ წარმატებულობის ორ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს და სადაც ქალები მასობრივად არიან დასაქმებული. ამიტომ სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა ის, რომ “წარმატებული” სფეროებიდან წარმატებული ქალების განხილვაზე გადავიდე. ვინ არიან დღევანდელ საქართველოში წარმატებული ქალები?

ჟურნალისტი, მწერალი, პროფესორი, წარმატებული ბიზნეს(ვუ)მენი, უმუშავია მინისტრის მოადგილედაც – ამ ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა თვალწინ ინტელექტუალური, წარმოსადეგი ქალი დაგიდგათ, მაგრამ თქვენს წარმოსახვას რომ მოწყდებით ხელთ მხოლოდ ვულგარულად ჩაცმული, ეპატაჟური და ყვითელი პრესისა თუ ტელეგადაცემების ვარსკვლავი – ლალი მოროშკინა – შეგრჩებათ. მისი CV ეჭვს არ იწვევს – ეს ქალი წარმატებულია.

წარმატებული ქალის სხვა მაგალითად მაია ასათიანი გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრს ლანძღავენ და აქილიკებენ, მისი შოუ მეტად პოპულარულია. მაია ალბათ სკანდალური მოროშკინას ანტიპოდად შეიძლება მივიჩნიოთ – ის მორცხვია, მოკრძალებული, ჩურჩულით საუბრობს… საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მის კარიერაში გარდატეხის მომენტად ითვლება ცნობილი მაჩოსგან, ტელესერიალის ვარსკვლავ მარიო ჩიმაროსგან ინტერვიუს აღება.

საინტერესოა ისიც, რომ ორივე ეს ქალი ყვითელი მედიის ვარსკვლავია. ალბათ ეს ფაქტი რაღაცნაირად ეხმაურება გენდერულ სტერეოტიპს, რომ “ჭორაობა ქალის (საყვარელი) საქმეა”. თუმცა აღნიშნულ ქალებზე ჭორაობა მამაკაცებსაც ძალიან უყვართ.

დასკვნა: თუ მზად ხართ, ლალი მოროშკინას და მაია ასათიანს დაემსგავსოთ, მათი მსგავსი იმიჯი მოირგოთ (თუმც კი ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდებიან), თქვენი წარმატების შანსი ერთი ათად გაიზრდება.

თუნდაც თანახმა ვიყოთ ამგვარ წარმატებაზე, მაინც რამდენი “ლალი მოროშკინა” და “მაია ასათიანი” შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას? აშკარაა, რომ ვაკანტური ადგილები ცოტაა. ქალების უმეტესობას კი შემდეგი საქმიანობები რჩება:

  • მიკროფონის ხელში დამჭერი და კითხვის ნიშნის წარმომთქმელი
  • ბანკის კლერკი
  • ოფისის მენეჯერი
  • მოლარე ან კონსულტანტი სუპერმარკეტში/მაღაზიაში
  • ……..

ამის პარალელურად კი:

  • ჰალსტუხიანი და შავებში ჩაცმული მამაკაცები მათ კანონებს დაუდგენენ;
  • წვერიანი და შავებში ჩაცმული მამაკაცები მათ კანონებს დაუდგენენ.

პ.ს. ამასობაში:

2006 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და მსოფლიოს 162 ქვეყანაში ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება გაზომა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს “წესი” სრულდება – რაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ქალებს, მით უფრო უფრო წარმატებულია ქვეყანა ეკონომიკურად.

მიუნხენს მოსწონხარ

სტანდარტული

შარშან, ესე იგი, 2011 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში წიგნის ბაზრობას დავესწარი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად იმართება და იქ მთელი მსოფლიოდან ჩადიან გამომცემლები, რომ საავტორო უფლებები იყიდონ ან გაყიდონ. უკვე წლებია, ქართველი გამომცემლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. და მაინც, მიუხედავად ასეთი შესავალისა, ჩემი პოსტის თემა ხსენებული წიგნის ბაზრობა არ არის.

საქმე ისაა, რომ ფრანკფურტში გატარებული ერთი კვირის შემდეგ რამდენიმე დღე ბერლინსა და მიუნხენშიც დავყავი, ახლა უკვე წმინდა ტურისტული მიზნებით. მიუხედავად დროის სიმცირისა, მეტ-ნაკლებად მაინც მოვახერხე ამ სამი გერმანული ქალაქის დათვალიერება და მათი შედარების საშუალებაც მომეცა. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მიუნხენმა მოახდინა. ამიტომ ამ პოსტშიც მიუნხენსა და ბავარიაზე ვისაუბრებ.

მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ბავარიის დედაქალაქი და გერმანიაში სიდიდით მესამე ქალაქია. აშენებულია მდინარე იზარზე და ახლოსაა ალპებთან.

მიუნხენი მწვანე ქალაქია უამრავი პარკით – მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ინგლისური ბაღი. ეს პარკი თუ ბაღი ძალიან ლამაზი და მასშტაბურია, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე დიდიც კი ყოფილა. პარკში ჩამოედინება მდინარე იზარი, რომელიც გედებით და იხვებითაა სავსე. ერთ ადგილას მდინარეზე სერფინგის ადგილიც კი არის მოწყობილი.

ინგლისური ბაღი – სურათები

ყვავები პარკში

სერფინგი ინგლისურ ბაღში

არანაკლებ ლამაზია მეორე პარკიც, რომელიც მე ვნახე – ეს უკანასკნელი ნიმფენბურგის სასახლეს აკრავს ირგვლივ. ნიმფენბურგის სასახლე თავის დროზე ბავარიელი პრინცების საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა და აქ დაბადებულა ბავარიის ერთ-ერთი ცნობილი მონარქიც – ლუდვიგ II ბავარიელი. ერთი სიტყვით, ნიმფენბურგისკენ მიმავალ გზაზე გრძელი არხია გაყვანილი, ხოლო უშუალოდ სასახლის წინ გედებიან-იხვებიანი ტბორია. სასახლის უკან კი ვრცელი ტყე-პარკია. ეს პარკი იმდენად “ველურია”, რომ გიჭირს დაჯერება დიდი ქალაქის, ურბანული გარემოს შუაგულში ასეთი ადგილიც რომ შეიძლება არსებობდეს.

ეს არის ის, რამაც განსაკუთრებით მომხიბლა მიუნხენში – მიუნხენი თითქოს იდეალური შერწყმაა: თან დიდია და თან მყუდრო, თან ისტორიულია და თან თანამედროვე.

ნიმფენბურგის სასახლე და პარკი – სურათები

სასახლე შიგნიდან

მე პარკში, ტბასთან

ბავარია, საერთოდ, ძალიან საინტერესო მხარეა. არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლის მონახულებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. ეს არის ნოშვანშტაინის სასახლე – ულამაზესი, ზღაპრული ქმნილება. მას წელიწადში მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ნოშვანშტაინი მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა უკვე ხსენებული ლუდვიგ II-ის ინიციატივით. ლუდვიგ II ზოგადად საინტერესო მონარქი გახლდათ – ხელოვნებისა და სილამაზის დიდი დამფასებელი იყო, მფარველობდა რიხარდ ვაგნერს, მისი ინიციატივით აიგო რამდენიმე მშვენიერი სასახლე… ამის გამო ლუდვიგი ბევრს არ უყვარდა, ბრალს ექსცენტრულობასა და მფლანგველობაში სდებდნენ. ლუკინო ვისკონტის ლუდვიგის  ცხოვრების ამსახველი ძალიან კარგი ფილმი აქვს გადაღებული. თანამედროვე ბავარიაში კი ლუდვიგი საკადრისად არის დაფასებული, რადგანაც ბავარიას ეკონომიკური თუ არქიტექტურულ-კულტურული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა, პირველ რიგში კი, სწორედ ნოშვანშტაინი. რა გასაკვირია, რომ მიუნხენის ცენტრში ლუდვიგის სახელობის ქუჩაც არის და მისი ძეგლიც დგას.

თუკი გერმანიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, მიუნხენს და ბავარიას ნუ გამოტოვებთ! 🙂

პ.ს. “მიუნხენს მოსწონხარ” მიუნხენის სლოგანია.

ნოშვანშტაინის სასახლე

შავი ჭირი ანუ არჩევანის შეუძლებლობა

სტანდარტული

ეს არის ჩემი ესსე, რომელიც უნივერსიტეტში ერთ-ერთი საგნისთვის – კერძოდ ”მეოცე საუკუნის რომანი და ესსე” – დავწერე. ჩავთვალე, რომ საინტერესოა და ბლოგზეც ღირს გამოქვეყნება. მით უმეტეს, რომ კამიუ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია.

ალბერ კამიუს ორ რომანს, ”უცხოსა” და ”შავ ჭირს”  აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანში აქტუალურია აბსურდისა და უბედურების თემა. ზოგადად, კამიუსეული შავი ჭირი შეიძლება გავიგოთ, როგორც სიმბოლო ყველა სახის დიდი ბოროტებისა და უბედურებისა, რომელიც თავს ატყდება ადამიანებს. სწორედაც რომ ”თავს ატყდება”. რადგან შავი ჭირი (ომი, სტიქიური უბედურება, ტოტალიტარული სახელმწიფო…) აბსურდული, ალოგიკური მოვლენაა. შავი ჭირი ისეთი ბუნებისაა, რომ ვერ უპასუხებ კითხვას, რატომ მოდის ის; ვერ იწინასწარმეტყველებ, როდის მოვა. შავი ჭირი (უბედურება) უაზროდ, მოულოდნელად გატყდება თავს.

რომანში ”შავი ჭირი” ამ მოვლენის რამდენიმე განსაზღვრებას ვხვდებით:

  • შავი ჭირი, როგორც სისულელე, აბსურდი (”როდესაც ომი იფეთქებს ხოლმე, ადამიანები ამბობენ: ”ომი დიდხანს ვერ გასტანს, ეს ხომ აშკარა სისულელეა”. ეჭვი არაა, ომი მართლაც დიდი სისულელეა, მაგრამ ეს არ აფერხებს მის მსვლელობას.”).
  • აბსტრაქცია (”დიახ, უბედურებას რაღაც ეცხო აბსტრაქციისა და ირეალურისა.”).
  • განმეორადობა (”შავი ჭირი ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს.”).
  • ღვთის ნება/ბედისწერა
  • არჩევანის შეუძლებლობა

ეს განსაზღვრებები სხვადასხვა პერსონაჟთა პირით გვეძლევა – შავ ჭირზე როგორც სისულელესა და აბსურდზე ავტორი/ექიმი რიე საუბრობს; აბსტრაქციასა და განმეორადობაზე – რამბერი; ღვთის ნებაზე – მამა პანელუ. თუმცა ამათ გარდა, იკვეთება ბოლო განსაზღვრებაც – არჩევანის შეუძლებლობა. როგორც უკვე ითქვა, შავი ჭირი ისეთი ბუნებისაა, რომ ადამიანი ვერ აკონტროლებს მას; ადამიანის თავისუფალ ნებას აზრი ეკარგება, იგი ვერ ირჩევს. უფრო მეტიც, შავ ჭირთან ბრძოლაც კი უაზრობა ჩანს – რაც არ უნდა გააკეთო ან რამდენჯერაც არ უნდა გააკეთო, შედეგი მაინც ერთი და იგივეა, ადამიანი უბედურებას თავს ვერ აღწევს. აქ უკვე ჩნდება კითხვა – ღირს კი იბრძოლო, ღირს კი, რომ რამე მოიმოქმედო? რომანში ერთ-ერთი პერსონაჟი, რამბერი, რამდენჯერმე ცდილობს ჩაკეტილი, ეპიდემიური ქალაქიდან გაიქცეს, მაგრამ არაფერი გამოსდის; ამიტომაც ამბობს, შავი ჭირი ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავსო. ღირს კი, რომ დაიწყო თავიდან? თუ შედეგი მუდამ ერთი და იგივეა – ასარჩევიც არაფერი ყოფილა, არჩევანი შეუძლებელია, მნიშვნელობა აღარ აქვს, a-ს მოიმოქმედებ თუ b-ს. ქალაქ ორანში არჩევანის შეუძლებლობა ყოფით საკითხებზეც ვრცელდება – ადამიანები არა თუ ვერ გადიან ქალაქიდან, თავისთვის სასურველ პროდუქტსაც კი ვეღარ და აღარ ყიდულობენ. ”სასურველიც” აღარაფერი არსებობს, რადგან ყველაფერი სულ ერთია.

ვიბრძოლოთ თუ არა, დავიწყოთ თავიდან თუ არა – ასეთი არჩევანის წინაშე რომანის გმირები მაინც დგებიან და სხვადასხვანაირად რეაგირებენ ამაზე. რამბერი სწორედ ისაა, ვინც ამჩნევს შავი ჭირის ამ თვისებას – განმეორადობას და მაინც მზად არის, რომ თავიდან დაიწყოს. რამბერისეული შავი ჭირი არაეფექტურად მომუშავე ბიუროკრატიას წააგავს – როცა ერთი ფანჯრიდან მეორესკენ გაგზავნიან, ერთი კაბინეტიდან მეორესკენ, სასურველ შედეგს კი ვერაფრით ვერ იღებ. სხვათაშორის, თავად რამბერიც, სანამ ქალაქიდან გაქცევას გადაწყვეტდა, კანონიერი გზით ცდილობდა ამ საქმის მოგვარებას და სწორედ ამდაგვარ ბიუროკრატიასთანაც მოუწია ურთიერთობა. თავიდან დაწყების გასაჭირი ადგას სხვა პერსონაჟსაც – გრანს. მას თავისი რომანის პირველი წინადადება დაუწერია, მაგრამ ამის იქით ვეღარ მიდის. მხოლოდ  ამ პირველი წინადადების დაუსრულებელი გადაკეთებითა და თავიდან დაწყებითაა დაკავებული. კიდევ ერთი პერსონაჟი, ტარუ, იდეურ დონეზე უპირისპირდება შავ ჭირს – მას მიაჩნია, რომ საჭიროა, გამუდმებით იბრძოლო და არასდროს მოდუნდე. ორანში მიმდინარე მოვლენები კი მისთვის მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი ბრძოლაა. ექიმი რიე ამბობს: ”როდესაც ხედავ მწუხარებასა და ტანჯვას, რომელიც მას მოაქვს, გიჟი, ბრმა ან ლაჩარი უნდა იყო, რომ შავ ჭირს შეურიგდე.” მამა პანელუმ კი თავის ქადაგებაში შავი ჭირი ღვთის ნებად თუ სასჯელად გამოაცხადა და, ფაქტობრივად, ამით გამორიცხა ყოველგვარი აქტიური პროტესტი და წინააღმდეგობა შავი ჭირის მიმართ. თუ შავი ჭირი ღვთის ნებაა, ის თავისით შეწყდება მაშინ, როცა ღმერთი ინებებს – ადამიანებს ისღა დარჩენიათ, მორჩილად დაითმინონ და ელოდონ დასასრულს.

შავი ჭირი ღვთის ნება და ღვთისგან მოვლენილი სასჯელია – ასეთი პასუხი აქვს მამა პანელუს კითხვაზე ”რატომ?” ექიმ რიეს (რომელიც რომანში ავტორის თვალსაზრისს გამოხატავს) არ სჯერა ამისი. მის ყველაზე ძლიერ არგუმენტად ბავშვის სიკვდილი იქცევა – შეიძლება დავუშვათ, რომ მოზრდილ ადამიანებს ღმერთი მათი ცოდვების გამო სჯის, მაგრამ რა უნდა დაეშავებინათ ისეთი მცირეწლოვან ბავშვებს, რომ ტანჯვით სიკვდილი დაემსახურებინათ? ამ მოვლენამ მამა პანელუს რწმენაც კი შეარყია. თუმცა შემდეგ მან ქადაგებაში განაცხადა, რომ საკითხი ასე დგას – ან ყველაფერი უნდა მიიღო ან ყველაფერი უარყო. თუ რწმენას ირჩევ, მაშინ უნდა მიიღო აუხსნელი და უსამართლო სიკვდილიც.

ასეა თუ ისე, ბავშვის სიკვდილი, როგორც უკიდურესი უსამართლობა ამტკიცებს ექიმი რიეს (და კამიუს) მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შავი ჭირი აბსურდული, ალოგიკური ბუნებისაა. მსგავსი უსამართლობა გვართმევს საშუალებას იმისა, რომ ვილაპარაკოთ რაიმე  კანონზომიერებებზე, სამართლიან ღმერთზე და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა, კარგი ადამიანი ხარ თუ არა, ცოდვილი ხარ თუ არა, შავი ჭირი ყველას განურჩევლად ევლინება და არ არსებობს პასუხი კითხვაზე ”რატომ?”

ბედისწერას დამორჩილება აირჩია მერსომ რომანში ”უცხო”; მერსომ აირჩია, არ ჰქონოდა არჩევანი, თავისუფალი ნება. ”უცხო” გვაჩვენებს, თუ როგორი ხდება ადამიანი ასეთი არჩევანის შედეგად: მერსო გულგრილია ყველაფრის მიმართ, იგი ბრმად მიჰყვება თავის ინსტინქტებს, აგრეთვე ყველანაირ შემოთავაზებას – ძალიან იშვიათად ამბობს ”არას”. მერსოსთვის სასურველი არაფერია – მისთვის სულ ერთია. ამ არჩევანს მიჰყავს იგი საბოლოოდ მკვლელობამდე და თავის დაღუპვამდეც. ცდება თუ არა მერსო? იქნებ თავისუფალი ნების არსებობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება მაინც შესაძლებელია და ღირს ამისთვის ბრძოლა? ამ კითხვებს პასუხს მეორე რომანი, ”შავი ჭირი” სცემს.

არჩევანის შეუძლებლობასთან ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩანდეს უაზრობა – შეიძლება რამბერის მსგავსად ამაოდ ცდილობდე ქალაქიდან გაღწევას, ან რიეს მსგავსად ყოველდღე მკურნალობდე ავადმყოფებს და შედეგს კი ვერ ხედავდე… მაგრამ ოდესმე შავი ჭირი მაინც დამთავრდება და დამთავრების შემდეგ კი ადამიანისთვის ნამდვილად საამაყო იქნება, რომ არ დანებდა და ყოველთვის იბრძოდა მის წინააღმდეგ. საამაყო იქნება, რომ არ გახდა ”მერსო” და ბრმად არ მიჰყვებოდა ყოველივე შემოთავაზებულს. საინტერესოა, რომ ზოგადად ძნელი სათქმელია, თუ რის შედეგად სრულდება შავი ჭირი – ადამიანთა ბრძოლითა და ძალისხმევით თუ იმის გამო, რომ უბრალოდ მისი ძალები ამოიწურა; ან იქნებ ორივე ერთადაა. კამიუს რომანშიც ასეა – ვერ იტყვი, კონკრეტულად რის შედეგად დასრულდა შავი ჭირი. მაგრამ მთავარი ესეც კი არ არის – კამიუს მიხედვით, თავად ბრძოლაა ღირებულება და არა აუცილებლად ბრძოლის შედეგი. სხვა სიტყვებით, ”უაზრო” ბრძოლაც კი ღირებულია და არ არის უაზრო.

სტუდენტი მეგაფონით

სტანდარტული

ამ ბოლო დროს გაისმის საყვედურები იმის შესახებ, რომ თურმე ჩემი თაობა, როგორც იტყვიან სტუდენტი-ახალგაზრდობა, “ქუჩაში არ გამოდის” და არაფერს აპროტესტებს. ამის გამო ახალგაზრდებს “მძინარებს”, მშიშრებს ან კონფორმისტებს უწოდებენ. საინტერესოა, მაინცდამაინც ახალგაზრდები რატომ გამოდიან ასეთი მშიშრები თუ კონფორმისტები, მაშინ როცა მათმა მშობლებმა ნახევარი სიცოცხლე ქუჩის აქციებზე გაატარეს?

მშობლების თემას მოგვიანებით კიდევ მივუბრუნდები, მანამდე კი მოვყვები, მე როგორ ვხედავ ქუჩის აქციებს. რაღაც ხნის წინ ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ასეთ აქციაზე ვიყავი. წავედი, მიუხედავად იმისა, რომ აქციების მიმართ მაშინაც და ახლაც სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. იმ აქციამაც დამიდასტურა, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. აქცია ჩვეულებრივად წარიმართა – ვიღაცებმა მეგაფონში იყვირეს და დავიშალეთ. აქციისშემდგომი ბლოგპოსტები და კომენტარები სავსე იყო თვითტკბობით – ეს რა გავაკეთეთ, როგორ “გამოვიღვიძეთ”, რა მეამბოხეები ვართ, რა მაგრები ვართ… ისეთი ეიფორია იყო, გეგონებოდა, აქამდე არნახული რამე გააკეთეს ან ცხოვრებაში პირველად გაუწიეს წინააღმდეგობა რაღაცას. უფროსი თაობის შექებამ და უცებ დამეგობრება-ჩასასტავებამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეასხა ფრთა მათ აღტაცებას.

აღნიშნულ აქციას თავისთავად არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, ის პრობლემა რაც არსებობდა, ისევე დარჩა, როგორც იყო. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! ეს ფაქტი თვითტკბობას სულაც არ ანელებდა. მიზანი პრობლემის მოგვარება კი არა, თავად აქცია იყო. მთავარია, როლი კარგად შეასრულო, მეგაფონში იყვირო, მკერდში მჯიღი იბრაგუნო… ასე მეამბოხის სტატუსსაც მიიღებ და უფროსი თაობაც გაღიარებს. მეტი რაღაა საჭირო კმაყოფილებისთვის?

ახალგაზრდებს მოუწოდებენ, “მამების” თაობას დაუპირისპირდნენ; ქუჩის აქციებსა და პროტესტსაც ამ ბრძოლის ნაწილად მოიაზრებენ. მაგრამ აბა გავიხსენოთ, რას აკეთებს “მამების” თაობა – 20 (?) წლის განმავლობაში ქუჩის აქციებს მართავს. ამ აქციებისთვის დამახასიათებელია სწორედ ისეთივე ირაციონალიზმი, ისეთივე მეგაფონში ყვირილი, ისეთივე მკერდში მჯიღის ცემა და ალბათ ისეთივე თვითტკბობა, როგორიც მე ზემოთ აღვწერე. ამ კომედიის სახე შალვა ნათელაშვილია – აი, როგორ გამოთქვამს პროტესტს ქუჩაში. ამერიკაში. სად არის ან პრობლემა, ან მიზანი, ან შედეგი? მაგრამ ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ აქცია იმართება.

მე ვბრაზდები, როცა უფროსი თაობის წარმომადგენელი მომიწოდებს, ქუჩაში გამოვიდე და “გავაპროტესტო”. ჩემს თვალში იგი სწორედ ის “მამაა”, რომელიც თავისი სულელური ტრადიციის გაგრძელებას მთხოვს.  ჯერჯერობით ეს ერთ-ერთი იშვიათი რამეა, რაშიც ჩემი თაობა “მამების” ტრადიციას არ აგრძელებს. მაგრამ როგორც ჩანს,  “მამებს” არც ამის დათმობა უნდათ.

მე უარს ვამბობ ირაციონალიზმზე და ქუჩის აქციებზე. ისინი პრობლემებს ვერ აგვარებს.

ფემინიზმი და სილამაზე

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერა გიორგი ძნელაძის სტატიამ გადამაწყვეტინა. ავტორი სილამაზის კონკურსებისა და მათთან დაკავშირებული სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებს, ამხელს მათ სექსისტურობას. ყოველივე ამაში გიორგის მეც ვეთანხმები, სილამაზის კონკურსი მართლაც პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მახინჯი მოვლენაა, მართლაც უწყობს ხელს ქალის ობიექტივაციას და მამაკაცთა სურვილებსა თუ გემოვნებაზე დაქვემდებარებას. ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ სილამაზე იყო მამაკაცების მიერ ქალისთვის ”მიგდებული” ერთადერთი სფერო (?), რომლის წყალობითაც მას საზოგადოებრივ ასპარეზზე გარკვეული წარმატების მიღწევა შეეძლო. მაგრამ თვით ამ სფეროშიც კი მკაცრი და მამაკაცზე ორიენტირებული სტანდარტები იყო გაბატონებული.

თუმცა თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, თუ როგორ აზრებს და რეაქციებს ბადებს ხანდახან მსგავსი სტატიები, ან ზოგადად, იდეები. ანტიფემინისტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საბაბი, განაცხადონ, რასაც ისედაც დიდი ენთუზიაზმით აცხადებენ ხოლმე – ფემინისტები მხოლოდ მახინჯი ქალები არიანო. მათი თქმით, ფემინიზმი თავშესაფარია ისეთი ქალებისთვის, რომლებმაც მამაკაცებს თავი ვერ მოაწონეს, ესე იგი, ”მახინჯებისთვის”.  თავის მხრივ, ასეთი განცხადებები ფემინისტებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განუმტკიცებს რწმენას სილამაზის კონკურსებისა და სხვა მისთანათა სექსისტურობაზე. აქ ამაზე აღარ განვავრცობ და ფემინისტურ მოსაზრებებზე არსებულ რეაქციებს დავუბრუნდები. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის გვესმის, რომ ფემინისტები ”მახინჯები” არიან; ზოგმა ადამიანმა შეიძლება ასეც შენიშნოს და იკითხოს, ფემინიზმი ესთეტიკას ხომ არ უპირისპირდებაო.

სწორედ ამ საკითხზე მინდა ვისაუბრო – ესე იგი, ფემინიზმის და ზოგადად სილამაზის იდეის ან ფემინიზმისა და ქალის სილამაზის ურთიერთდამოკიდებულებაზე. სწორი შთაბეჭდილება უჩნდებათ ამ ადამიანებს? მართლაც უპირისპირდება ფემინიზმი სილამაზის იდეას ან უარყოფს ქალის სილამაზეს? ნუთუ ფემინიზმისთვის სილამაზე ღირებული არ არის ან არ უნდა იყოს? რა უნდათ საერთოდ ამ ფემინისტებს?

Freja Beha

იქნებ ფემინისტების სურვილი ისაა, რომ ქალებმა პირდაუბანელებმა ან ტომარაგადაცმულებმა იარონ? მაგრამ არა, როგორც ცნობილია, ქალის ჩადრის, ბურკის და სხვა მსგავსი შესამოსლების ქვეშ დამალვა ფემინისტებს ისევე (ან უფრო მეტადაც) აღაშფოთებთ, როგორც ვთქვათ, სილამაზის კონკურსზე ბიკინებში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ქალი. მაშ რა უნდათ, თუ არც ერთი მოსწონთ და არც მეორე? ამის პასუხი შემდეგია: ფემინისტებს უნდათ, ქალი თვითონ ფლობდეს და განაგებდეს თავის სხეულს, შესაბამისად, თავის სილამაზეს და სექსუალობასაც. ჩადრიც და სილამაზის კონკურსიც იმიტომ არის მათთვის მიუღებელი, რომ  არც ერთ შემთხვევაში ქალი არ არის საკუთარი სხეულისა და სილამაზის განმკარგველი, არამედ ორივე შემთხვევაში ის ემორჩილება სხვის (მამაკაცის) მოთხოვნებს ან/და თავსმოხვეულ სილამაზის სტანდარტებს.

თუ მაინცდამაინც ამ უაზრო და ”დაშტამპულ” სილამაზის კონკურსებს მივაჩერდებით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ უიმედო მდგომარეობაა და ქალები ვერაფრით ვერ თავისუფლდებიან ხსენებული თავსმოხვეული სილამაზის სტანდარტებისგან. მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა. ვინც მოდის ინდუსტრიაში ასე თუ ისე ჩახედულია, მან იცის, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც სამოდელო ბიზნესში გამოჩნდნენ გოგონები… ასე ვთქვათ, ანდროგინული გარეგნობისა და სტილის მქონე გოგონები, რომლებიც სულაც არ ჰგვანან სილამაზის კონკურსების ”დაშტამპულ” მონაწილეებს. ვფიქრობ, ისინი მართლაც ფლობენ საკუთარ სილამაზესა და სექსუალობას, ისინი არ ”ყიდიან” საკუთარ თავს მამაკაცებზე – თავისუფალნი არიან მოჭარბებული ფემინურობის, კეკლუცობის, ქარაფშუტობისა თუ ვულგარულობისგან.

ხსენებულ მოდელთა ლიდერად, ვფიქრობ, 22 წლის დანიელი გოგო, ფრეია ბეჰა (Freja Beha Erichsen) უნდა ჩაითვალოს. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ფრეია ცნობილია, როგორც ლესბოსელი და სასიყვარულო ურთიერთობები თავის კოლეგა-მოდელებთანაც ჰქონია. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, მასთან თანამშრომლობენ Chanel, Gucci, Burberry, Alexander Wang, Prada, Balmain, Balenciaga და ბევრი სხვა, მონაწილეობას იღებს უამრავ სარეკლამო კამპანიაში, ფოტოგადაღებებში… არანაკლებ ცნობილნი და პოპულარულნი არიან სხვა მოდელებიც: Kasia Struss, Irina Lazareanu, Agyness Deyn, Saskia de Brauw… ხსენებული მოდელების წარმატებულობას თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამედროვე მოდის ტენდენციები. ცხადია, თანამედროვე ანდროგინულ სამოსს ვინმე თვალებფახულა, ტუჩებგაბუსხულ თუ ხელოვნურად გაბერილმკერდიან გოგოს ვერ ჩააცვამ. მას ეს უბრალოდ არ მოუხდება.

დაბოლოს, არ შეიძლება არ ვახსენო კოკო შანელიც, რომელიც მოდისა და სილამაზის ისტორიაში რევოლუციური ფიგურა იყო. შანელი სისადავესა და ორიგინალობას ქადაგებდა და ებრძოდა ვულგარულობას. იგი ამბობდა (ბოდიშს ვიხდი უხეში თარგმანისთვის): ”მე ფუფუნება (luxury) მიყვარს. ფუფუნება მდიდრულობას და მორთულ-მოკაზმულობას კი არ ნიშნავს, არამედ ვულგარულობის არარსებობას. ვულგარულობა ამქვეყნად ყველაზე საძაგელი რამაა და მეც სწორედ იმისთვის ვიღწვი, რომ აღმოვფხვრა ის”.

ქალთმოძულე კაცები

სტანდარტული

“გოგონა დრაკონის ტატუთი” შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნია. იგი პირველად 2005 წელს გამოვიდა შვედეთში. წიგნი მალევე იქცა საერთაშორისო ბესტსელერად – 40 ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა. სამწუხაროა, რომ თავად ავტორი ვერ მოესწრო ამ წარმატებას – იგი 2004 წელს გარდაიცვალა. მილენიუმის ტრილოგიის მომდევნო ორი წიგნია “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” და “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია”. პირველ წიგნს შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ერქვა და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ამავე სათაურით გამოიცა. “გოგონა დრაკონის ტატუთი” ინგლისურენოვანი გამოცემის ვერსიაა. უნდა ვთქვა, რომ ეს უკანასკნელი სათაური თავიდანვე უინტერესოდ და მასებზე გათვლილ, “პაპსა” რამედ მომეჩვენა.”ქალთმოძულე კაცები” უფრო მომწონს – ეს სათაური  წიგნის ერთ-ერთ მთავარ თემაზე მიანიშნებს და თან უფრო დამაინტრიგებელიც არის. თუმცა, როდესაც დანარჩენი ორი წიგნის სათაურებიც მოვიძიე, დავასკვენი, რომ მთლიანობაში ასეც არა უშავს.

წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალებზე ძალადობაა. ორიგინალის სათაურიც და მთავარი გმირი გოგონაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წიგნი დიდწილად ფემინისტურია. უფრო მეტიც, წიგნი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და თითოეულ ნაწილს წამძღვარებული აქვს  მცირე სტატისტიკური მონაცემი (შვედეთში) ქალებზე ძალადობის შესახებ.

გოგონას ლიზბეთ სალანდერი ჰქვია და 24 წლისაა. წიგნში ჩართულია იმაზე მინიშნებაც, რომ გოგონა პეპი გრძელიწინდას ჰგავს; პეპი კი, როგორც ცნობილია, ფემინისტების ფავორიტია და მისაბაძ მაგალითადაც არის აღიარებული. ლიზბეთიც პეპის მსგავსად ექსტრავაგანტური, დამოუკიდებელი, მამაცი, ძლიერი, მებრძოლი გოგოა. ლიზბეთი საზოგადოებისგან სწორედ ამ თვისებების გამო არის გარიყული. ის პრობლემურ ბავშვად იყო შერაცხული, შემდეგ კი სულაც ჭკუასუსტად და ქმედუუნაროდ გამოაცხადეს და მიუხედავად სრულწლოვანებისა, სასამართლომ მეურვე დაუნიშნა. საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ლიზბეთი ჭკუასუსტია – მხოლოდ იმიტომ, რომ ძალადობრივ საზოგადოებას ვერ ეგუებოდა და თავადაც აგრესიით პასუხობდა, იმიტომ რომ პროტესტის ნიშნად განათლების სისტემას აღარაფრად აგდებდა და ოფიციალურ განათლებაზე უარი თქვა… სინამდვილეში ლიზბეთი ძალიან ინტელექტუალურია და შესანიშნავ უნარებს ფლობს, რასაც იყენებს კიდეც თავის გამოძიებებში. ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპანიაში, Milton Security-ში მუშაობს.

წიგნში მრავლად შეხვდებით ქალთმოძულე კაცებს – შეშლილ ნაცისტებს, სერიულ მკვლელებსა და სადისტებს. თან არ გეგონოთ ეს კაცები საზოგადოების დაბალი ფენებიდან გამოსული, მარგინალიზებული და სასაოწარკვეთილი ტიპები იყვნენ. პირიქით, ყველა მათგანი მდიდარია, საკმაო ძალაუფლებაც აქვს და საზოგადოებაში პატივსაცემ ადამიანადაც ითვლება. მათი მსხვერპლი ქალები კი პირიქით, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე და შესაბამისად, სუსტნი და დაუცველნი არიან. ბუნებრივია, შეუძლებელია, ყველა კაცი სერიული მკვლელი იყოს. ამიტომ, ვფიქრობ ლარსონის პერსონაჟები და მათი ქმედებები უბრალოდ სიმბოლოა იმ ძალაუფლებისა, რომელსაც პატრიარქალურ საზოგადოებებში კაცები ფლობენ და ბოროტად იყენებენ.

“გოგონა დრაკონის ტატუთი” დეტექტიურ ჟანრშია გადაწყვეტილი. ლიზბეთ სალანდერი და მეორე მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი, 60-იან წლებში გაუჩინარებელ გოგონას ეძებენ და კვალი სწორედ ქალთმოძულე კაცებამდე მიიყვანთ. აღსანიშნავია, რომ წიგნის პერსონაჟებს, მათ პიროვნებებს გაცილებით მეტი დრო ეთმობა, ვიდრე ეს კლასიკური დეტექტივებისთვის არის დამახასიათებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს წიგნი სხვა დეტექტივებთან შედარებით ნაკლებად ზედაპირულია. ავტორს ვუფასებ იმასაც, რომ კარგად წარმოაჩინა თანამედროვეობა, თუნდაც ისეთი პრობლემები, როგორიც ქალებზე ძალადობა ან ბიზნესმენთა კრიმინალური საქმიანობაა. წიგნის მეორე მთავარი თემა სწორედ თაღლითი და მაფიოზი ბიზნესმენებია. მათ ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით უპირისპირდება. ერთი სიტყვით, ბლუმკვისტი და სალანდერი მთელი წიგნის განმავლობაში სიმართლის დასადგენად ან\და გამოსააშკარავებლად იბრძვიან. სიმართლე კი დიდი ღირებულებაა.

უნივერსიტეტი და საბავშვო ბაღი

სტანდარტული

გუშინ, სწავლის დაწყების დღეს, ”ლაბორატორია 1918-ის” მიერ თსუ-სთან გამართული აქცია ფეისბუქზე დღის მთავარ თემად იქცა. ხალხი აზიარებდა ბმულებს, აღფრთოვანებას გამოხატავდა ”პროტესტანტი” სტუდენტების მიმართ, ქილიკობდა რექტორ სანდრო კვიტაშვილზე, ლანძღავდა თვითმმართველობას და ა.შ. მრავალგზის იქნა გაქილიკებული კვიტაშვილის სიტყვით გამოსვლა. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში.

“როცა უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, რომ 4 წელია აქ სწავლობს და ვერაფერი მიიღო, ხოლო ამის შემდეგ მაინც აქვე აბარებს გამოცდებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ან რაღაც სხვა პრობლემა აქვს, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ან სწორ არჩევანს ვერ აკეთებს. ვისაც პათოლოგიური ზიზღი აქვს აქაურობის მიმართ, შეუძლია სხვაგან წავიდეს.” მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერები თუ სიტყვები მართლაც მრავალჯერ იქნა ”გადაღეჭილი”, არც ერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა (ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მინახავს), მაინც რატომ აბარებენ ეს სტუდენტები ისევ იმ უნივერსიტეტში, რომელიც ეზიზღებათ; რა აიძულებთ, რომ იქ განაგრძონ სწავლა. აქ კიდევ ახალი კითხვა იბადება: რატომ არ გაუჩნდათ ამ ადამიანებს (ფეისბუქელებს) წინარე კითხვა? ამაზე პასუხს, ვფიქრობ, მოძღვრები გვაძლევენ – უბრალოდ უნდა გწამდეს, ზედმეტი კითხვების დასმა კი მკრეხელობაა :))) მაგრამ მე ცოდვილი, ამჯერადაც ვერ ვიკავებ თავს ამ მკრეხელური საქციელისგან და ვსვამ კითხვას. თსუ-ს რექტორის მსგავსად მეც მიკვირს, რატომ არ უნდა გაეცალო იმ ადგილს, რომელიც არ მოგწონს. არ ვიცი, ბაღის ასაკის ბავშვებს თუ აქვთ ამდენის მიხვედრის უნარი, მაგრამ მოზრდილობასა და მოწიფულობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს კი ნამდვილად უნდა ჰქონდეს. ცხადია, სტუდენტების წასვლა თუ არწასვლა რექტორს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს , მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს სულაც არ ხდის პირველ საკითხს ნაკლებად აქტუალურს ან საინტერესოს. ბოლოსდაბოლოს, სანამ რექტორს მოსთხოვს, იმხელა უნივერსიტეტზე აგე პასუხიო, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავზე მაინც ხომ უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება.

სიმართლეს ვიტყვი და დიდი კვლევები ნამდვილად არ ჩამიტარებია, მაინც რატომ ჩააბარა ამ ხალხმა უნივერსიტეტში, რომელიც ეზიზღებათ. მხოლოდ, აქა-იქ მოვკარი თვალი თითო-ოროლა ”არგუმენტს”. მაგალითად, ერთგან ვნახე თსუ-ს მიმართ თითქოს კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმა როგორ განაცხადა, რომ თსუ თურმე საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია – დაეთანხმა ამის თაობაზე დიმიტრი შაშკინის განცხადებას. თუმცა სინამდვილეში, მთლად ასეთი საოცრება შაშკინსაც კი არ უთქვამს, მან თსუ ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიხსენია. ისევ ”არგუმენტს” რომ დავუბრუნდეთ, მაშასადამე, თსუ ცუდია, მაგრამ მაინც საუკეთესო. ასევე ვიხილე ”არგუმენტები”: ”სხვაგან სად უნდა ჩააბარო?”; ”სხვაგანაც იგივე ხდება”. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მეტი არაფერი საინტერესო არ გამიგია. ისღა დამრჩენია, დავკმაყოფილდე შეგროვებული მასალით და მათზე დაყრდნობით ვცადო ამ ადამიანთა მოტივაციის ახსნა.

ვფიქრობ, შეიძლება გამოიყოს სამი სახის მოტივაცია:

  1. გულუბრყვილო – ”თსუ ცუდია, მაგრამ მაინც სხვებზე უკეთესი და მაშასადამე, საუკეთესოა”. მიკვირს და გამკვირვებია – როგორ შეიძლება თსუ-ში მთელი ოთხი წელი ისწავლო, ნახო და გააცნობიერო (?) მთელი მისი ნაკლოვანებანი და ამის მიუხედავად, მაინც ვერ განთავისუფლდე იმ მითის ტყვეობისგან, რომ ”თსუ საუკეთესოა”. ასეთი სტუდენტი, რასაკვირველია, ბოლოს იმით დაამთავრებს, რომ შაშკინსაც და კვიტაშვილსაც გადაუჯოკრავს თსუ-ს ქება-დიდებაში.
  2. უპასუხისმგებლო – ”სხვაგანაც იგივე ხდება”. მაინც რატომ არის ამის მთქმელი ადამიანი ისეთი დარწმუნებული, რომ ცდაც კი არ უნდა? ჩემი აზრით, ეს ”არგუმენტი” პირველს წააგავს, ოღონდ უფრო პასიურია.
  3. ჰეროიკული – ”თსუ ცუდია, მაგრამ მე მაინც დავრჩები და აქვე ვიბრძოლებ მისი გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის”. მართალია, ასეთი ”არგუმენტი” ან რაიმე მინიშნება მასზე მე არ მინახავს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. რა შეიძლება ითქვას ასეთ მებრძოლ სტუდენტებზე? ნაცვლად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად იზრუნონ თავიანთ განვითარებასა თუ ბედნიერებაზე, ისინი საკუთარ თავს და მომავალს თსუ-ს გადასარჩენად სწირავენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს სურთ მადლიერმა შთამომავლობამ თსუ-სთვის თავდადებული გმირების სახელით მოიხსენიოს; მთლად უკეთესი კი ის იქნება, წმინდანის შარავანდედსაც თუ გამოჰკრავენ ხელს. 🙂

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილება რაციონალიზმისგან დაცლილი ჩანს და არასერიოზულად გამოიყურება. არასერიოზული და ირაციონალურია ისიც, როცა თვითმმართველობის წევრები გირტყამენ და ამის პასუხად აქციას აწყობ და მეგაფონში გზნებით გაჰყვირი, არა ძალადობასო. მოგვიანებით კი რექტორს შეჰღაღადებ, ბიძია, უთხარი რა, არ დაგვარტყანო.  გცემენ? ადექი და უჩივლე. მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობის აღება ხომ ძნელია, ბევრად უფრო ადვილია, აქცია მოაწყო, ტრანსპარანტები აფრიალო და ემოციებად დაიღვარო. თან ეროვნულ ტრადიციებშიც კარგად ჯდება. 🙂 და მაინც, თუ არ შეგიძლია იყო რაციონალური, მაშინ რატომ გაქვს პრეტენზია, რომ ბავშვად, უმწიფრად არ მიგიღონ?

წინა პოსტში ვწერდი, საქართველოში ინდივიდუალიზმს არ სწყალობენ მეთქი. არც რაციონალიზმს სწყალობენ. მოკლედ, ლიბერალური ღირებულებები აქ ვერ ხარობს. ქართველები პრობლემების გადასაჭრელად (?) ან ემოციებს მიმართავენ ან ტრადიციებს, რაციონალიზმს კი ყველაზე ნაკლებად. როგორც ჩანს, თავიანთი მამებისა და დედებისაგან განსხვავებულნი არც ახალგაზრდები არიან.

P.S. თუ მოხდება ისე, რომ რომელიმე მკითხველს მეტისმეტად აღაშფოთებს ჩემი პოსტი, მაშინ ვურჩევ ცივი წყალი დალიოს და ეს წაიკითხოს.

აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავს…

სტანდარტული

ინდივიდუალიზმი არის რწმენა ინდივიდის უზენაესობისა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე.

კოლექტივიზმი არის რწმენა იმისა, რომ კოლექტიური ადამიანური მცდელობა უფრო დიდი პრაქტიკული და მორალური ღირებულების მქონეა, ვიდრე ინდივიდუალური სწრაფვა.

წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები, ენდრიუ ჰეივუდი
 

ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი მიიჩნევა კონკრეტული საზოგადოებების, კულტურების მახასიათებელ ნიშნად. მაგალითისთვის, დასავლური კულტურა და საზოგადოებები უფრო ინდივიდუალისტურად მიიჩნევა, ვიდრე სხვები. აი, საქართველოში კი ინდივიდუალიზმს საერთოდ არ სწყალობენ, თუმცა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ საზოგადოებას შეიძლება, კლასიკური გაგებით, კოლექტივისტური ეწოდოს. მე ვიტყოდი, რომ ქართული საზოგადოება არის კლანური. უფრო სწორად, საზოგადოება შედგება კლანებისგან. ერთი ადამიანი შეიძლება ერთიანდებოდეს ერთ ან რამდენიმე კლანში – სანათესაოში, სამეგობროში, კოლეგების კოლექტივში, ეკლესიის მრევლში, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ან მოძრაობაში… რა თქმა უნდა, შეიძლება ისიც, რომ ეს კლანები ნაწილობრივ ერთმანეთს კვეთდეს.

რას ნიშნავს ან რაში გამოიხატება კლანურობა? კლანურობა არის საკუთარი ჯგუფის (კლანის) მიმართ უკიდურესი ლოიალობა, ხოლო მთელი დანარჩენი საზოგადოების (ე.ი. დანარჩენი კლანების :)) მიმართ უკიდურესად ინდეფერენტული და გულცივი დამოკიდებულება. მიიჩნევა, რომ კლანის თითოეულმა წევრმა უნდა იღვაწოს კლანის წარმატებისა და კეთილდღეობისათვის, უნდა დაიცვას მისი ინტერესები, უნდა ეცადოს, მოუპოვოს კლანს რაც შეიძლება მეტი პრივილეგია და აღაზევოს ის. აღზევებისაკენ მიმავალ გზაზე სხვა მეტოქე კლანის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო საშუალება ანუ დასაშვებია მთელი რიგი ამორალური საშუალებებიც. მეორე მხრივ, დაუშვებელია საკუთარი კლანის წევრების გაკრიტიკება, მათთვის რამეში წინააღმდეგობის გაწევა, მით უმეტეს საჯაროდ. საკუთარი კლანის წევრები მუდამ უნდა აქოთ და ადიდოთ, მათი ყოველი ნაბიჯით აღფრთოვანდეთ და ყოველ მოქმედებასა თუ მოსაზრებას გენიალური უწოდოთ. განსხვავებული აზრის გამოთქმა დაუშვებელია, ეს ნამდვილი მკრეხელობა და კლანის ღალატია (მით უმეტეს, თუ თქვენი განსხვავებული აზრი შემთხვევით ნაწილობრივ მაინც დაემთხვა რომელიმე მეტოქე კლანის აზრს). კლანი უკიდურეს ლოიალობასა და კონფორმიზმს მოითხოვს. სასაცილოა, მაგრამ ამას ის კლანებიც აკეთებენ, რომლებიც საკუთარ თავს ნონკონფორმისტებად აცხადებენ (მაგალითად, ისინი, ვინც საზოგადოების უმრავლესობაში გავრცელებულ შეხედულებებს ან ძალაუფლების მფლობელთ უპირისპირდებიან). საბოლოოდ, ნებისმიერი კლანის მიზანი ჭეშმარიტების დადგენა კი არა, საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. იმიტომაც არის ის კლანი. კლანთა ურთიერთობა ნორმალურ საზოგადოებრივ პროცესს კი არა, ომში ჩაბმული ქვეყნების ქცევას მოგაგონებთ. როგორც ჩანს, ასეა, ეს ქვეყანა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული კლანების ასპარეზია.

კლანურობა ნიშნავს ორმაგი მორალის არსებობას. მაგალითად – თუკი B კლანის წევრი ადამიანს მოკლავს, A კლანის წევრები მყისვე მოახდენენ რეაგირებას და მკაცრად დაგმობენ ამ აღმაშფოთებელ საქციელს. მაგრამ თუკი A კლანის წევრი ჩაიდენს იმავე საქციელს, მისი თანაკლანელები სანიმუშოდ მიმტევებელნი შეიქნებიან და მიხვდებიან, რომ უნდა ”გაუგონ” დამნაშავეს. იგივე ”აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავს” პრინციპი ვრცელდება, რა თქმა უნდა, ყველა სხვა დიდსა თუ პატარა ცოდვაზე.

თავისი პრინციპებიდან გამომდინარე, კლანურობა ფარისევლობის საბადოა. როდესაც ნებისმიერი კლანი გამოჩნდება ასპარეზზე, მორალს კითხულობს და ხმამაღლა ითხოვს სამართლიანობას, ის მე მატყუებს. მას სამართლიანობა კი არა, საკუთარი კეთილდღეობა აღელვებს; თვითონ რომ მიეცეს საშუალება, შეიძლება იმაზე გაცილებით უარესი რამ მოიმოქმედოს, რასაც ახლა გზნებით აპროტესტებს.

ქართული საზოგადოება, რომელსაც ვითომდა სამართლიანობის წყურვილი კლავს, რომელიც თითქოს სამართლიან სასამართლოს მოითხოვს, თვითონვეა უსამართლობის წყარო. კლანურობის პირობებში შეუძლებელია სამართლიანობის არსებობა, ორმაგი მორალი გამორიცხავს მას! სამართლიანობა გინდათ? მაშინ მოკალით კლანი, გაანთავისუფლეთ ინდივიდი!

კლანურობის მეტასტაზები მთელ საზოგადოებასაა მოდებული – გავრცელებულია ყველა პროფესიისა თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანებში. კლანურია ელიტაც – პოლიტიკოსები, სამღვდელოება, ჟურნალისტები, ინტელექტუალები… კლანურია პლებსიც. დაბალი ფენა ამას ”ქართველობას” და ”ჯიგრობას” უწოდებს, ინტელექტუალები – სოლიდარობას, მაგრამ ამით მისი არსი არ იცვლება.

ბიუროკრატია ბოროტებაა ანუ ამბავი სტუდბილეთისა

სტანდარტული

თსუ-ში 2007 წელს ჩავაბარე. ე.წ. სტუდბილეთები თავიდან თვითონ უნივერსიტეტმა დაგვიმზადა და დაგვირიგა. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო უბრალო ბარათი ზედ სურათითა და გვარ-სახელით. პირველი კურსის ბოლოს კი ეს ბარათები გამოცვალეს – სტუდბილეთის ფუნქცია ამიერიდან ”სახალხო ბანკის” ( აწ უკვე ”ლიბერთი ბანკის”) დამზადებულ საკრედიტო ბარათს უნდა შეესრულებინა. ერთი ასეთი ბარათი მეც მომცეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბარათზე რაღაც შეცდომა იყო. რაღას ვიზამდი, ხელახლა შევიტანე მოთხოვნილი ”საბუთები” უნივერსიტეტის რომელიღაც კაბინეტში და დავიწყე ლოდინი, როდის დამიმზადებდნენ ახალ ბარათს. ლოდინი ფუჭი გამოდგა, არავითარი ჩემთვის განკუთვნილი ბარათი უნივერსიტეტს არ მიუღია. მერე აღარ მახსოვს, ”საბუთების” კიდევ ერთხელ შეტანა დამეზარა თუ უკვე აზრიც აღარ ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, ის სემესტრი სტუდბილეთის გარეშე დავასრულე.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის ყველაზე წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდია გაიცემა. როდესაც დავინტერესდი, როგორ ხდებოდა ხსენებული სტიპენდიის მიღება, აღმოჩნდა, რომ ამისთვის რაღაც ”ფორმა” უნდა შეგევსო თუ განცხადება უნდა დაგეწერა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს თავისთავად აქვს ინფორმაცია სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესახებ, სტიპენდიის გასაცემად რატომღაც მაინც განცხადებები სჭირდება – ესე იგი, რაც არ უნდა გადასარევად სწავლობდეს სტუდენტი, თუ განცხადება არ დაწერა, სტიპენდიას ვერ ეღირსება 🙂 ეს კიდევ არ არის ყველაფერი – არასოდეს არსად მინახავს ინფორმაცია სტიპენდიის მიღების ”წესის” შესახებ, არც უნივერსიტეტის საიტზე და არც საინფორმაციო დაფებზე მსგავსი არაფერი ყოფილა გამოკრული. დღემდე ისიც არ ვიცი ზუსტად, ეს განცხადება სემესტრის დასაწყისში იწერებოდა თუ სემესტრის ბოლოს (სტუდენტებმა ამის შესახებ არაერთგვაროვანი ინფორმაცია მომაწოდეს). მიუხედავად ინფორმაციის კატასტროფული ნაკლებობისა, მეორე კურსზე შევეცადე, სტიპენდია მიმეღო. პირველ მცდელობაზე, რამდენადაც მახსოვს, განცხადების შეტანის ვადას გადავაცილე :))) მეორე ჯერზე როგორც იქნა, ჩავიგდე ხელში ძვირფასი ”ფორმა”, მაგრამ ამჯერად აღმოჩნდა, რომ სტიპენდიის მისაღებად აუცილებლად სტუდბილეთი ანუ ”სახალხო ბანკის” მიერ დამზადებული ბარათი უნდა გქონოდა; სხვა შემთხვევაში კი განცხადების დაწერას არავითარი აზრი არ ჰქონდა. იმ პერიოდში ”სახალხო ბანკი” ახალ პირველკურსელებს უმზადებდა ბარათებს, მეც მათ შევუერთდი და კიდევ ერთხელ ვცადე სტუდბილეთის აღება. არ ვიცი, ამჯერად ვინ იყო დამნაშავე – ბანკი თუ უნივერსიტეტი, მაგრამ ბარათი ისევ ვერ მივიღე. რა თქმა უნდა, ვერც სტიპენდია. მერე და მერე ამ და სხვა ადმინისტრაციული თუ აკადემიური პრობლემების გამო სწავლის მოტივაცია თანდათან დავკარგე, ასე რომ სტიპენდიას ალბათ მაინც ვერ მივიღებდი.

ამ ამბავში ჩემთვის სასიხარულო მხოლოდ ის არის, რომ ეს ყბადაღებული სტუდბილეთი გარდა სტიპენდიის შემთხვევისა, მაინცდამაინც არაფერში დამჭირვებია. ჩემმა სტუდენტობის პერიოდმა კი კარგად დამანახა, რომ ბიუროკრატია ბოროტებაა. ბიუროკრატია ან უნდა გაუქმდეს, ან სადაც სულ გაუქმება შეუძლებელია, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მაგალითად, საჭიროა კი, გვქონდეს ეს სამინისტროები:

  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ხომ არ აჯობებს, რომ ისინი გაუქმდეს ან მცირე დეპარტამენტის სახით შეუერთდეს რომელიმე სხვა სამინისტროს? საჭიროა, რომ ცალკე გარემოს დაცვის სამინისტრო არსებობდეს და ცალკე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო? ხომ არ აჯობებდა მათი გაერთიანება და ზედმეტი ბიუროკრატიის მოშორება? საჭიროა იმდენი დეპარტამენტი და სამსახური, რამდენიც აქვთ სამინისტროებს?

რატომ უნდა ვამრავლოთ ბიუროკრატია, რომელსაც ჩვენი ფულის, დროისა და ნერვების ფლანგვა ეხერხება, საქმის კეთება კი არა?