Category Archives: კინო

სკარლეტი თუ ლოლა?

სტანდარტული

მერე რა რომ ”ქარწაღებულნი” 1939 წელს გამოვიდა ამერიკაში, ”გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” კი 1998 წელს გერმანიაში; მერე რა რომ ფილმებში სულ სხვადასხვა ეპოქებია ასახული… დროისა თუ სივრცის მიუხედავად ადამიანებს აქვთ პრობლემები და ცდილობენ მათ მოგვარებას, აქვთ მიზნები და ცდილობენ მათ მიღწევას. ეს პოსტი სწორედ ზემოხსენებული ფილმების მთავარ გმირებს და მათ მიზნებს შეეხება.

სკარლეტი მაგარი გოგოა, არაფრის არ ეშინია, ომისგან განადგურებულ, დაქცეულ ოჯახს და საკუთარ თავსაც ფეხზე დააყენებს. თავისი მიზნების მისაღწევად არ ერიდება სხვადასხვა წესების დარღვევას, ”ქალისთვის შეუფერებელ საქმიანობას”, რეპუტაციის შელახვას; მეტიც, არც ამორალურ ქცევაზე იხევს უკან – თუ საჭიროდ მიიჩნევს, სხვის გრძნობებსაც არას დაგიდევთ. ასეთი ქმედებების წყალობით იგი იმარჯვებს და წარმატებული, მდიდარი და ძლევამოსილი შეიქნება :), განსხვავებით იმათგან ვინც წესების ზედმიწევნით მიმდევარი და აბსტრაქტული ღირსების დამცველი იყო. ასეთი ადამიანია მაგალითად ეშლი უილკსი – იგი ვერ ადაპტირდება ახალ სამყაროსთან, სუსტია და კვდომისთვის განწირული… მხოლოდ სკარლეტისნაირების ქველმოქმედება თუ იხსნის. სკარლეტი კი აშკარად კლასიკური ლიბერალიზმის/ნეოლიბერალიზმის იდეალია – ძლიერი, აქტიური, უშიშარი და მოქნილი ადამიანი, რომელიც თვითონ უზრუნველყოფს თავის გადარჩენას.

ლოლას შემთხვევაში აქცენტი რომელიმე ეკონომიკურ წყობაზე არ კეთდება, მაგრამ მორალის თემა აქაც აქტუალურია. თავისებურად ლოლაც მაგარი გოგოა. აბა რა, ამბიცია აქვს 20 წუთში 100 000 მარკა იშოვოს. თანაც, ბევრს დარბის. 🙂 ლოლა ვიდეოთამაშის გმირია, რომელსაც ”ლეველის” გასავლელად 100 000 მარკის შოვნა ევალება, მაგრამ ის მხოლოდ მესამე ცდაზე ახერხებს მოგებას და თამაშის სწორად დასრულებას. ლოლა სწორედ მაშინ იგებს, როცა ის მორალურად იქცევა – როცა ცდილობს, სირბილისას არავის დაეჯახოს, არავის ძარცვავს, არავის კლავს… ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ სკარლეტს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ლოლა კი მაშინ იგებს, როცა სასოწარკვეთილი ღმერთს სთხოვს დახმარებას.

ჩემი აზრით, ორივე ფილმი შთამბეჭდავია და ორივე პერსონაჟი თავისებურად მომხიბლავი, მაგრამ მაინც რომელია უფრო სწორი? ვის უწერია გამარჯვება რეალურად – მოქნილ და მორალზე თვალის დამხუჭავ სკარლეტს თუ ლოლას, რომელიც ბოლოს იმდენად ”წესიერია”, რომ გზაშიც კი არავის ეჯახება? საკითხავი აი, ეს არის. 🙂

დისნეი: მტვრის გადაწმენდიდან ბიზნესვუმენობამდე

სტანდარტული

ყოველთვის მიყვარდა ”დისნეის” მულტფილმები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც პრინცებზე და პრინცესებზეა. ამ პოსტშიც სწორედ მათზე ვისაუბრებ.  ”დისნეის” პირველი ასეთი მულტფილმი – ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა” – 1937 წელს გამოვიდა, ბოლო – ”დახლართული” (Tangled) – კი 2010 წელს. სხვაობა 73 წელს შეადგენს. საინტერესოა როგორ იცვლებოდნენ ამ ხნის განმავლობაში პრინცესები და როგორ წარმოუდგენდა ”დისნეი” ბავშვებს (და არა მარტო მათ) იდეალურ გოგონას? პრინცესა ხომ იდეალური გოგონას განსახიერებაა…

არის თვისებები, რომლებიც ყველა პრინცესისთვის ან უმეტესობა მათგანისთვის საერთოა, მაგალითად – ყველა კეთილია, ლამაზი, უყვარს სხვების დახმარება და ცხოველები; ყველა ცდილობს გაუმკლავდეს რაღაც პრობლემებს, უპირისპირდება უფროს თაობას/მშობლებს… რაც შეეხება განსხვავებებს – შეიძლება გამოვყოთ პრინცესათა სამი კატეგორია:

  1. პრინცესები, რომლებიც პასიურად ელიან პრინცს;
  2. პრინცესები, რომლებიც აქტიურად ეძიებენ პრინცს;
  3. პრინცესები, რომლებიც თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი და პრინცს ”უბრალოდ” გზაში ხვდებიან.

”პასიური” პრინცესები გვხვდება 1937-1959 წლებში გადაღებულ ანიმაციებში. ესენია ფიფქია, კონკია და ავრორა/როუზი. ეს პრინცესები გარემოცულნი არიან ავისმსურველებით – ბოროტი დედინაცვლებით ან ბოროტი ჯადოქრით (ეს უკანასკნელი ავრორას ანუ მძინარე მზეთუნახავის შემთხვევაში), რომლებიც არ აძლევენ მათ საშუალებას ნორმალურად და ბედნიერად იცხოვრონ, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ და ა.შ. მეტიც, ორ შემთხვევაში ისინი საერთოდაც კლავენ/მიაძინებენ საბრალო პრინცესებს. მაგრამ ამ ანიმაციებში არ დგას საკითხი, რომ ამ პრინცესებმა იაქტიურონ და ბოროტებასა და ჩაგვრას როგორმე თავი დააღწიონ. მათი ერთადერთი ხსნა პრინცია – პრინცი მოვა, გადაარჩენს და იხსნის მათ, ბოროტებას განარიდებს. მათი ოცნებები და პრინცის ეს მოლოდინი აისახება მათ სიმღერებშიც. მაგალითად, ფიფქია პირდაპირ მღერის Someday My Prince Will Come-ო. 🙂 რით არიან დაკავებულნი ეს პრინცესები, სანამ პრინცი გამოჩნდება? ძირითადად სახლის დალაგება-წმენდა-რეცხვით, საჭმლის მზადებითა და ცხოველებთან მეგობრობით. 🙂 ამ მხრივ განსაკუთრებით ფიფქია გამოირჩევა – ალბათ გახსოვთ, რომ სისუფთავის დიდი მოყვარულია და საკუთარ მასპინძელ ჯუჯებსაც კი ხელ-პირის დაბანას აიძულებს. არც კონკიასთვისაა უცხო მსგავსი საქმიანობა, თუმცა ეს პერსონაჟი ალბათ სხვაგვარი ვერც იქნება.

”აქტიური” პრინცესები გვხვდება დაახლოებით 1989-1995 წლების ანიმაციებში: არიელი, ბელი, ჟასმინი, პოკაჰონტასი. ეს პრინცესები უკვე აღარ ელიან, როდის მოვა პრინცი და როდის გადაარჩენს მათ, ისინი თავად აქტიურობენ, ცდილობენ გაექცნენ იმ გარემოს, რომელიც ზღუდავს მათ როგორც ქალს და როგორც ადამიანს. ზოგადად, მათ არ აკმაყოფილებთ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ; მათ აინტერესებთ თვითსრულყოფა, შემეცნება, უნდათ რომ ნახონ მსოფლიო და გაიფართოვონ თვალსაწიერი. ბელი წიგნებს კითხულობს; არიელი ხმელეთის მცხოვრებთა ნივთებს აგროვებს; ჟასმინი სახლიდან გარბის, რათა ნახოს როგორია ცხოვრება სასახლის გარეთ; პოკაჰონტასი უცხოტომელს უმეგობრდება. პრინცები აქ კვლავინდებურად აქტუალურია – ოღონდ აქ პრინცესების რჩეული ის ხდება, ვინც მათ შემეცნებაში ეხმარება. მათი სიმღერებიც შემეცნებისკენ სწრაფვას ან მისით ტკბობას გამოხატავს – A Whole New World, Colors of the Wind… პრინცესების აქტიურობა ჩანს იმაშიც, რომ აქ უკვე მაინცდამაინც თავად ისინი აღარ არიან გადასარჩენები; პირიქით, ზოგ შემთხვევაში თვითონ იხსნიან ხოლმე თავიანთ პრინცებს.

”საქმიანი” პრინცესები – 1998-2010 წლები: მულანი, ტიანა, რაპუნცელი. თუ ”აქტიურ” პრინცესათა ოცნებებში პრინცები ჯერ კიდევ ფიგურირებს, ”საქმიანებს” ამაზე ფიქრი აზრადაც არ მოსდით. 🙂 მათ თავიანთი მიზნები და საქმეები აქვთ, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება მძიმე შრომა, საკუთარი თავისთვის ძალის დატანება, რისკზე წასვლა დასჭირდეთ… მაგრამ ისინი უკან არაფერზე იხევენ, რადგან არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისგან დამხსნელი საკუთარი თავის გარდა არავინ ეგულებათ. ამიტომ მულანი ომში მიდის, ტიანა კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს… ამ პრინცესებისთვის აქტუალურია საკუთარი თავის ძიება და საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამის მაგალითად შეიძლებად მულანის ნამღერი Reflection გამოდგეს. ხოლო თუ საქმით გართულ პრინცესებს გზაში ვინმე სიმპათიური, მხიარული ყმაწვილი გადაეყრებათ, ამას რა სჯობსო, უარს არ ამბობენ. 🙂

მეფის სიტყვა vs ხალხის ხმა

სტანდარტული

2010 წელს გადაღებულ ფილმებიდან ეს ორი საუკეთესოებს შორის მოიაზრება. სულ ცოტა ხნის გამართულ დაჯილდოებებზე ისინი არაერთ ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილნი. ერთსაც და მეორესაც საუკეთესო ფილმის ტიტულიც ერგო – ოღონდ ერთს ოსკარი და მეორეს ოქროს გლობუსი. ეს ფილმებია ”მეფის სიტყვა” და ”სოციალური ქსელი”.

”მეფის სიტყვა”

ოსკარი

საუკეთესო ფილმი

საუკეთესო რეჟისორი – ტომ ჰუპერი

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავარ როლში – კოლინ ფერტი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

ოქროს გლობუსი

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავარ როლში – კოლინ ფერტი

 

 

 

რითი ჰგავს ეს ორი ფილმი ერთმანეთს ან რითი გასხვავდება? მაინც რომელია მათ შორის საუკეთესო? რომელს უფრო ეკუთვნოდა წლის ფილმის ტიტული?

ორივე ფილმი ნამდვილ ამბავზე, ისტორიულ მოვლენაზეა დაფუძნებული. ორივე მათგანი კომუნიკაციის, ურთიერთობის პრობლემაზეა. თან ორივე ისეთია, ვისაც თემა არ აინტერესებს, ალბათ მოსაწყენი და უაზროდ გაწელილი მოეჩვენება.

”სოციალური ქსელი”

ოსკარი

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

საუკეთესო ფილმისთვის დაწერილი მუსიკა

საუკეთესო მონტაჟი

ოქროს გლობუსი

საუკეთესო ფილმი-დრამა

საუკეთესო რეჟისორი – დევიდ ფინჩერი

საუკეთესო სცენარი

საუკეთესო ფილმისთვის დაწერილი მუსიკა

 

მეფეს, ჯორჯ VI-ს (თავიდან იორკის ჰერცოგს) მეტყველების დეფექტი აქვს და ვერ ახერხებს ნორმალურად მიმართოს თავის ხალხს რადიოთი. მოვალეობის გრძნობით აღვსილი მეფე ცდილობს გამოასწოროს თავისი ნაკლი, რასაც ბოლოს ახერხებს კიდეც არაპროფესიონალი ლოგოპედის – მეგობრის დახმარების წყალობით. მეფე სიტყვით გამოდის; მეორე მსოფლიო ომის დროს მისი გამოსვლები ხალხს ამხნევებს და წინააღმდეგობის სიმბოლოდაც კი იქცევა.

მარკ ცუკერბერგი ადამიანებთან ურთიერთობისას როგორღაც მოუქნელია, ისე რომ მისდა სამწუხაროდ, შეყვარებულს ვერ ინარჩუნებს. ამას გარდა, მას ჰარვარდის პრესტიჟულ კლუბშიც არ იღებენ და თავს სოციალურად წარუმატებლად მიიჩნევს. მარკს ”ხელში უვარდება” იდეა და იგი ქმნის საიტს, ფეისბუქს. ფილმის ბოლოს მარკი თავის ყოფილ შეყვარებულ ერიკას ფეისბუქზე ”მეგობრობის თხოვნას” უგზავნის. თვით ფეისბუქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მას თავისუფალი სიტყვის და პოლიტიკური რევოლუციების სიმბოლოდაც კი აცხადებენ.

”მეფის სიტყვა” გვაჩვენებს იმას, თუ როგორ იღვწვის ერთი ადამიანი (მეფე) იმისათვის, რომ მილიონობით ადამიანს მიმართოს. ნუთუ მართლა ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს მიმართვები? მხოლოდდამხოლოდ სიმბოლური მმართველის მიმართვები? ბოლოსდაბოლოს ხომ შეიძლებოდა ამის გაკეთებაც ვინმე სხვას აეღო საკუთარ თავზე? რას გვეუბნება ეს ფილმი, რომ სიმბოლური არსებობაც შეიძლება ძნელი იყოს? რომ მნიშვნელოვანია, ეს ერთი სიმბოლო ლაპარაკობდეს და არა დანარჩენი მილიონობით ”არასიმბოლური” ადამიანი?

”სოციალურ ქსელში” ერთ ადამიანს (მარკს) კონტაქტთა მთელი ქსელის შექმნა სჭირდება იმისათვის, რომ მეორე ადამიანს (ერიკას) დაეკონტაქტოს. როგორც ჩანს, ადამიანებს კონტაქტი, ურთიერთობა, ლაპარაკი სწყურიათ, ამიტომაც გახდა ფეისბუქი ასეთი პოპულარული. ხოლო ერთი კონტაქტი, ერთი საუბარი რომ შედგეს, ამისთვის სხვა უამრავი კონტაქტი და საუბარია საჭირო (?). დაბოლოს, ეს კონტაქტები და საუბრები თავისუფლებაა, თავისუფლების მომნიჭებელია და მათი საშუალებით/დახმარებით რევოლუციებიც კი შეიძლება მოხდეს (?).

ჯორჯ VI-ის პრობლემა თავდაჯერებულობის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, მან შიში გადალახა. შიშის გადასალახავად მას თურმე ურთიერთობა – მეგობრობა ესაჭიროებოდა. მარკ ცუკერბერგს კი არც თავდაჯერებულობა აკლია და არც ამბიციები – მას(აც) ”წონიანი” ურთიერთობები აკლია. ფეისბუქის შექმნის შემდეგაც კი იგი მარტოსულია. მაგრამ ეს მხოლოდ მარკის პრობლემა არ არის, ფილმის დანარჩენ პერსონაჟთა ურთიერთობებიც ზედაპირულია. ალბათ ამის გამოც ებღაუჭება მარკი ერიკას ბოლომდე (და თან გზადაგზა საეჭვო მორალით მოქმედებს) – როგორც ჩანს ეს ურთიერთობა ღირდა ამად.

ამ ფილმებს შორის გარკვეულ მსგავსებებს ნამდვილად ვერ უარვყოფთ, მაგრამ ვფიქრობ ის რაც ”სოციალურ ქსელშია” გადმოცემული უფრო თანამედროვე და აქტუალურია, ამიტომაც საუკეთესო ფილმის ტიტულს მე ”სოციალურ ქსელს” მივანიჭებდი და არა ”მეფის სიტყვას”.

P.S. არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო და არ შევადარო ფინალური სცენები. თუ ”მეფის სიტყვის” ფინალი ბანალურია (სიტყვით გამოსვლის შემდეგ მეფე და მისი ოჯახი სასახლესთან შეკრებილ ხალხს ესალმება), ”სოციალური ქსელის” ფინალი ორიგინალურია და ცოტა გულისამაჩუყებელიც კი. თავად ნახეთ 🙂

ჯიჯღინა და კატა

სტანდარტული

ჯიჯღინა ერთი ლურჯთმიანი გოგოა. მას უყვარს ფერადოვნება და თავგადასავლები, ცნობისმოყვარეა, კატებთან მეგობრობს; ამასთანავე, უკმაყოფილოა გარემომცველი რეალობით და ჯიჯღინებს ხოლმე. ჯიჯღინას მე ვეძახი – სინამდვილეში კორალაინი ჰქვია და არ უყვარს, როცა მისი სახელი ეშლებათ და კეროლაინს უძახიან.

ბლოგის ჰედერზე კორალაინი მყავს, ამიტომ გადავწყვიტე, ერთი პოსტი მისთვის დამეთმო. მოსაყოლი აქ ბევრი არაფერია – რეალობით უკმაყოფილო პატარა გოგონა; ვიღაც ბოროტი კი ცდილობს ეს უკმაყოფილება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს; გოგონას თავს დამტყდარი უბედურებიდან თავის დაღწევაში მოლაპარაკე კატა ეხმარება. მოკლედ, თვითონ უნდა ნახოთ.

ანიმაცია სათავგადასავლო და ჰორორის ჟანრშია; ესთეტიკა, მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი. 🙂

P.S. მეც მინდა ლურჯი თმა :დ

Nothing’s gonna change my world

სტანდარტული

”ფლეზენთვილი” (Pleasantville) 1998 წელს გამოსული ამერიკული ფილმია. ფილმის მთავარი გმირები თინეიჯერი და-ძმა, დევიდი და ჯენიფერი არიან. დევიდი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, თავს უიღბლოდ მიიჩნევს. იგი უყურებს სერიალ ”ფლეზენთვილს”, სადაც 50-იანი წლების ამერიკის პატარა ქალაქის ცხოვრებაა აღწერილი; დევიდის თვალში ფლეზენთვილი იდეალური ქალაქია.

რაღაც სასწაული დევიდს და ჯენიფერს სერიალში ”გადაისვრის”, ისე რომ ისინი იძულებულნი ხდებიან იქ იცხოვრონ და სერიალის მთავარ პერსონაჟთა ”როლები შეასრულონ”. მალევე ირკვევა, რომ ამ ქალაქის ”იდეალურობა” სინამდვილეში ამაზრზენი შეზღუდულობა და კონსერვატიზმი ყოფილა. ფლეზენთვილში მართლაც საოცარი რამეები ხდება – გეოგრაფიის გაკვეთილზე დღე-მუდამ ქალაქის ორ ქუჩას შეისწავლიან; ბიბლიოთეკაში მხოლოდ ცარიელფურცლებიანი წიგნებია; ყველა ნასროლი ბურთი ავტომატურად ვარდება კალათში; სექსის შესახებ არავინ არაფერი უწყის (თვით დაქორწინებულმა წყვილებმაც კი); არც წვიმა უნახავთ ოდესმე… და რაც მთავარია, სერიალი შავ-თეთრია – ყველაფერი შავ-თეთრია.

ამ ყველაფრით გაოცებული და აღშფოთებული და-ძმა ნელ-ნელა, შეგნებულად თუ სხვადასხვა ”წესიდან” გადახრით გამოასწორებს ყველაფერს. ისინი ნელ-ნელა გააფერადებენ ქალაქს და ადამიანთა ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ადვილად არ ნებდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ”წესრიგის” შენარჩუნებას ცდილობს და ”ფერადთა” წინააღმდეგ აღდგება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ”ფერადები” იმარჯვებენ.

ფილმში ბევრი სხვადასხვა თემაა ჩართული, მაგრამ ძირითადად ის არის ოდა თავისუფლების, სილამაზისა და მრავალფეროვნების მიმართ. ბევრია ისეთი კადრი, რომლის ნახვისას გული გაგითბება და სასიამოვნო ჟრუანტელი დაგივლის. 🙂

ფილმის საუნდტრეკში შედის Fiona Apple-ის მიერ შესრულებული The Beatles – Across The Universe-ის ქავერი – ჩემი აზრით, ძალიან კარგად და სასიამოვნოდაა შესრულებული და ფილმსაც ძალიან უხდება.

მედეა – ფემინისტი

სტანდარტული

მედეა ბერძნული მითოლოგიის ცნობილი გმირია. მითი მოკლედ ასეთია: იასონი არგონავტებთან ერთად კოლხეთში მიემგზავრება, რათა ოდესღაც საბერძნეთიდან ”წაღებული” ოქროს საწმისი უკან დააბრუნოს. იგი კოლხეთის მეფის, აიეტის გრძნეულ ასულს, მედეას უყვარდება და საწმისის გატაცებაში ეხმარება. მედეა იასონს თან მიჰყვება საბერძნეთში, მათ გაუჩნდებათ ორი შვილი. რაღაც ხნის შემდეგ დევნილი მედეა და იასონი კორინთოში აღმოჩნდებიან. აქ იასონი გადაწყვეტს, გამოიყენოს შესაძლებლობა – ცოლად შეირთოს კორინთოს მეფის ასული კრეუსა (ზოგი ვერსიით გლავკე) და შესაბამისად მიატოვოს მედეა. შეურაცხყოფილი მედეა ახერხებს, მოკლას კრეუსა და მეფეც, შემდეგ კი თავის შვილებსაც ხოცავს და იქაურობას განერიდება.

მოგვიანებით ამ მითზე დაყრდნობით თავად ძველი ბერძნები ქმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ევრიპიდეს პიესა ”მედეა”. ზოგადად მედეას თემა საკმაოდ პოპულარულია და არსებობს უამრავი ნამუშევარი ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

საქართველოში მედეას მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს – ზოგს საინტერესოდ, სასიამოვნოდ ესახება ის, რომ ეს კოლხი ასული ასეთი პოპულარულია; ზოგს კი არ სიამოვნებს ის, რომ ”სამშობლოს მოღალატე” და შვილების მკვლელი ქალი მის ქვეყანასთან ასოცირდება. ამავე მიზეზებით აცხადებენ/აცხადებდნენ, რომ საქართველოში მედეას ქანდაკების დადგმა არასასურველია.

როგორც ჩანს, ეს ადამიანები მედეას უყურებენ, როგორც ისტორიულ პერსონაჟს. ”სამშობლოს მოღალატე” და ”შვილების მკვლელი” კი მათ არ უწყობს ხელს, რომ ”დიადი წარსულით” იამაყონ. მაგრამ როგორია მედეას უფრო მხატვრული სახე? ევრიპიდეს ”მედეა” არსებითად ფემინისტური ნაწარმოებია და არა ქალთმოძულე, როგორც ზოგი რატომღაც ფიქრობს. მედეას თავს გადამხდარი ამბავი კარგად აჩვენებს ქალის ხვედრს პატრიარქალურ საზოგადოებაში. მედეა მართლაც ბევრს გაიღებს იასონისთვის, უღალატებს და მიატოვებს სამშობლოს, მიდის უცხო მხარეში, სანაცვლოდ კი რას იღებს? უმადური მეუღლე მას ძალაუფლებასა და სოციალურ პრესტიჟზე ცვლის. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამის ჩადენა მას ძალიან ადვილად შეუძლია, მაშინ როცა ქალი არ სარგებლობს ასეთი უფლებებით. უფრო მეტიც, იასონი არა მხოლოდ მიატოვებს მედეას, არამედ უშვებს იმას, რომ ის კორინთოს მეფემ განდევნოს. რასაკვირველია, ამით მედეას მდგომარეობა ერთი-ორად მძიმდება – სულ მარტო და უმეგობროდ დარჩენილი იგი იძულებელი გახდება, რომ თავშესაფარი ეძებოს თავისთვის უცხო მხარეში, სადაც მტრები და მდევნელები უკვე საკმარისად ჰყავს. აი, როგორ ჩივის ქალის ხვედრზე ევრიპიდესეული მედეა: ”ვისაც შევწირე ჩემი სიცოცხლე, – გვიან გავიგე, საყვარლებო – თურმე უკანასკნელი ყოფილა კაცთა შორის. რამდენი სულდგმულია ამქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება, ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი. ჯერ არის და, მამასისხლად ვყიდულობთ ქმარს, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მონა კი არა, დესპოტი შეგვიძენია, ხორცის მჯიჯგნელი. ვთქვათ, გაცილება დააპირე, ვაი შენს დღეს და მოსწრებას, სად წაუხვალ სირცხვილს? ქალებს ვინ მოგვცა იმისი ნება, რომ ქმარს გავეყაროთ? და, აი, ალალბედზე შევდივართ ქმრის სახლში, – უცხო ხალხი, უცხო წესი, უცხო გარემო; მიდი და იმტვრიე თავი, სადა ხარ, ვისთანა ხარ, ვინ გიწევს გვერდით, მხეცი თუ კაცი! ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლ-ქმრობის უღელს; თუ არა და, სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს. თუ კაცს თავი მოაბეზრეს შინაურებმა, გავა, გარეთ გაინავარდებს, ტოლ-სწორებში მოილხენს და დროს გაატარებს, ჩვენ კი მხოლოდ მას უნდა შევციცინებდეთ თვალებში. ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობთ ქმრის სახლში, კაცის ცხოვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.”

მედეას მიერ შვილების მოკვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საჭირო ფაქტია, რადგან ამის გარეშე ნაწარმოები როგორც ტრაგედია არ შედგება. მედეას მხოლოდ იასონის ახალი საცოლე და მამამისი რომ მოეკლა, ეს ”უბრალოდ” მიტოვებული, გამწარებული ქალის შურისძიებას დაემსგავსებოდა. შვილების მკვლელობა კი იმას ნიშნავს, რომ მედეა ჯანყდება – იგი ჯანყდება იასონის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მათი კავშირის წინააღმდეგ და შესაბამისად, ანადგურებს ამ კავშირის ნაყოფს – კლავს შვილებს. ეს აბსოლუტური უარყოფა და აბსოლუტური უიმედობაა, მედეა უკან დასახევ გზას არ იტოვებს. სწორედ ამიტომ არის იგი ჭეშმარიტად ტრაგიკული გმირი – აბსოლუტურ უარყოფაზე მწარე არაფერი არსებობს. ეს უკანასკნელი ჯანყი და აბსოლუტური უარყოფის ფაქტი განსაკუთრებით კარგად ჩანს ლარს ფონ ტრიერის ”მედეაში”; აქ იასონიც კიდევ უფრო მორალურად დაცემული გმირია, ვიდრე ევრიპიდესთან.

მედეა მართლაც ძლიერი და შთამბეჭდავი მხატვრული სახეა – აჯანყებული ფემინისტი.

გრაალის თასი და ქარის წისქვილები

სტანდარტული

ერთმა ჩემმა მეგობარმა ფილმი ნახა და თავის ბლოგზე მის შესახებ პოსტი დაწერა. დავინტერესდი და ფილმი მეც ვნახე, მაგრამ ამასობაში ჩემმა მეგობარმა ფეისბუქის პროფილი დროებით (?) გააუქმა. ჰოდა, მეც შთაბეჭდილებები ვეღარავის გავუზიარე და დავრჩი ასე პირში ჩალაგამოვლებული. :დ ამიტომ გადავწყვიტე ახლა აქ დავწერო.

”მონტი პაითონი და წმინდა გრაალი” 1975 წელს გადაღებული კომედიაა. მოკლე შინაარსი ასეთია – მეფე არტური მრგვალი მაგიდის რაინდებს კრებს და შემდეგ ღმერთის დავალებით ყველანი გრაალის თასის საძებნელად მიეშურებიან, გზაში კი უამრავი სასაცილო და აბსურდული თავგადასავალი გადახდებათ.

არტურის და მისი რაინდების გარდა ფილმში გვხვდება ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, მაგალითად:

1. ”მკვდრები”, რომელთაც თავიანთი მკვდრები გააქვთ (რამდენჯერმე მეორდება შეძახილი ”გამოიტანეთ თქვენი მკვდრები!”).

2. ”ანარქო-სინდიკალისტები”, რომლებიც ტალახში იქექებიან ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

3. გლეხები, რომლებიც კუდიანებს დასდევენ.

რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟი კომიკურია და გაშარჟებული, ყველას საქმიანობა ფუჭია და უგუნური; მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დაჯგუფებებს შორის ყველაზე სიმპათიურად სწორედ არტური და მისი რაინდები გამოიყურებიან. ისინი პატივისცემას იმსახურებენ, რადგან დანარჩენთა მსგავსად მდაბალი საქმიანობით არ კმაყოფილდებიან, სურთ რაღაც დიადი და მნიშვნელოვანი გააკეთონ. ისინი დონ კიხოტის მსგავსად კეთილის მოსურნე, მაგრამ რეალობას აცდენილნი არიან და მის მსგავსად ეხვევიან კომიკურ სიტუაციებში. მეფე არტური დონ კიხოტივით თვითმარქვიას უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ მეფეს – ჩვენ ვერ ვხედავთ მისი ძალაუფლება სადმე ვრცელდებოდეს, ვხედავთ უბრალოდ ადამიანს, რომელიც დადის და აცხადებს, რომ მეფეა :დ (მოგვიანებით ვხედავთ, რომ კამელოტიც მოდელირებულია :))). ვინც მას უჯერებს და აღიარებს მეფედ, სწორედ ისინი მიჰყვებიან რაინდებად და შემდეგ თასის ძებნაშიც მონაწილეობენ. რაც შეეხება ამ რაინდებს – სერ რობინს ძალიან უნდა, რომ მამაცი იყოს, მაგრამ სამთავიანი გოლიათის ეშინია და, რა ქნას, გარბის. ლანსელოტი თავქუდმოგლეჯილი გარბის, რომ პრინცესა იძულებითი ქორწინებისგან გადაარჩინოს, ხელში კი პრინცი შერჩება. ფილმის ფინალი კი საბოლოოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ”დიადი მიზანი” მხოლოდ ილუზია და ფიქციაა. ასეთი სევდიანი ბოლოს მიუხედავად ეს რაინდები მაინც ყველაზე ღირსეული ხალხია.