Category Archives: ისტორია

ლეილა აჩბას მემუარები

სტანდარტული

“ლეილა აჩბა–ანჩაბაძე ერთ–ერთ პირველ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავალია. მამამისი, რეფიქ ბეი აჩბა, ოსმალეთის სულთან აბდულაზიზის ცოლის დისშვილი იყო. მისი დეიდა, ფეივესტე ემხვარი და ბიძაშვილი, ფატმა აჩბა, სულთან აბდულჰამიდ II-ის ცოლები იყვნენ.

1919 წელს ლეილა აჩბა ფადიშაჰის სასახლეში აიყვანეს და ოსმალეთის ბოლო სულთნის, მეჰმედ VI–ის ცოლის, ემინე ნაზიქედას, სეფექალი გახდა.

მართალია, ამ დროს ფადიშაჰის სასახლე და ჰარამხანა ძველებური ტრადიციებითა და წესებით აღარ ცხოვრობს, მაგრამ ლეილა აჩბას ჩანაწერები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იგი ერთადერთი ქალია, რომელიც ჰარემში ცხოვრობდა და ამის შესახებ მოგონებები აქვს დაწერილი. გარდა ამისა, ის არის თვითმხილველი ოსმალეთის იმპერიის დაცემის, ასევე სულთანათისა და ხალიფატის გაუქმებისა, რაზეც ის სასახლის სეფექალის პოზიციიდან საუბრობს. ლეილა აჩბას მემუარები საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიცავს ბევრ ცნობას თურქეთში მცხოვრები აფხაზების შესახებ.”

ლეილა აჩბას მემუარები “ლიტერატურის მუზეუმმა” 2011 წელს გამოსცა. როგორც წიგნის ანოტაცია გვამცნობს, ლეილა ერთადერთი ქალია, ვინც ჰარამხანაში ცხოვრობდა და ამის შესახებ მოგონებები დაწერა. გარდა ამისა, მისი სეფექალობა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს დაემთხვა – ოსმალეთის იმპერია დაეცა, სულთანათი გაუქმდა და რესპუბლიკა გამოცხადდა. სულთანი და მისი ოჯახი გადასახლებაში წავიდნენ.

ლეილას მემუარები რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლეილას ოჯახის ისტორია, სასახლის ცხოვრების აღწერა და სულთნის გადასახლების პერიოდი. ყურადღებას გავამახვილებ ზოგიერთ საინტერესო მონაკვეთზე:

 

სულთანი და მისი ცოლები 

სულთნის პირველი ცოლი – სულთან მეჰმედ VI ვაჰიდედდინის პირველი ცოლი ემინე ნაზიქედა იყო. უფლისწულმა ვაჰიდედდინმა ნაზიქედა მაშინ შეამჩნია, როცა ის მის დასთან მსახურობდა სეფექალად. უფლისწულს მოეწონა იგი, ამიტომ დასთან მივიდა და სთხოვა, ცოლად გამატანეო, მაგრამ უარი მიიღო. ერთწლიანი ხვეწნის შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმა და, მაგრამ ერთი პირობით – ნაზიქედას გარდა სხვა ცოლი არასოდეს უნდა შეერთო.

ნაზიქედამ ორი გოგო გააჩინა, შემდეგ კი იავადმყოფა და მეტი ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო. ლეილა წერს, ამის შემდეგ დედოფალი შეგუებული იყო იმ აზრთან, რომ მისი ქმარი კიდევ მოიყვანდა ცოლს – მას ხომ ვაჟი, ტახტის მემკვიდრე არ გაუჩენია.

მეამბოხე ინშირაჰი – მართლაც, სულთანმა მალევე მოისურვა მეორე ცოლის შერთვა და ერთი 17 წლის გოგო, ინშირაჰი მოიყვანა. მაგრამ ინშირაჰი უჩვეულოდ მეამბოხე გამოდგა, პირველი ცოლისგან განსხვავებით, ის სულთნის გარეშე რომანებს არ ეგუებოდა. ლეილა მას “ზღვარგადასულად ეჭვიანს” უწოდებს. ერთხელ ინშირაჰს მსახურმა ამბავი მიუტანა, სულთანი გღალატობსო. ინშირაჰმა სკანდალი მოაწყო, შემდეგ კი სასახლიდან წავიდა. ორი დღის შემდეგ კი სულთანი მას ოფიციალურად გაეყარა.

ბიძაშვილები – ამის შემდეგ სულთანმა ვაჰიდედდინმა ცოლად შეირთო მუვედდეთი, რომელმაც, როგორც იქნა, გააჩინა ასე ნანატრი ვაჟი. მაგრამ ამ დიდმა “მიღწევამაც” კი ვერ იხსნა იგი ერთი მისთვის არასასურველი მოვლენისგან. მუვედდეთთან სეფექალად მისი ბიძაშვილი ნევვარე მსახურობდა. სულთანს იგი მოეწონა და მისი ცოლად მოყვანა განიზრახა. მუვედდეთმა ეს რომ შეიტყო, სულთანთან მივიდა და შეეხვეწა, ნუ შეირთავ ცოლად ნევვარეს, ამის შემდეგ ისე ვეღარ მეყვარება და ისეთ პატივს ვეღარ ვცემ, როგორც ადრეო. სულთანმა ყურად არ იღო ეს თხოვნა და ნევვარე მისი მესამე ცოლი გახდა.

სულთნის მეოთხე ცოლი – სულთნის ბოლო ცოლს ნევზადი ერქვა. ლეილა აღნიშნავს, რომ სულთანი მას განსაკუთრებულად ენდობოდა და მასთან ბევრ დროს ატარებდა. ეს კი სხვა ცოლების (განსაკუთრებით, ნევვარეს) ბრაზსა და ეჭვიანობას იწვევდა.

სულთნის ცოლებთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ისინი ორგვარი ტიტულით სარგებლობდნენ – ქადინეფენდი და იქბალი. “ქადინეფენდი” უფრო მაღალი და პატივსაცემი ტიტული იყო, “იქბალი” კი, ფაქტობრივად, ხარჭას უფრო ნიშნავდა. ამ ტიტულებს ცოლებს თავად სულთანი ანიჭებდა. ვაჰიდედდინს ასე გადაუწყვეტია – “ქადინეფენდის” ტიტული მხოლოდ იმ ცოლებს მიანიჭა, რომლებთანაც შვილი ეყოლა, ესე იგი, პირველ და მეორე ცოლებს. ასე რომ, ნევზადსაც “იქბალის” ტიტული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სულთანი მისით სხვებზე მეტად იყო გატაცებული. ლეილა აღნიშნავს, რომ “ამ საკითხთან დაკავშირებით სასახლეში ბევრს ჭორაობდნენ”.

სულთნის ცოლები, გარდა ნევზადისა, ეთნიკურად აფხაზები იყვნენ. ნაზიქედა გვარად მარშანია იყო, მუვედდეთი და ნევვარე კი ჩიჰბას გვარის წარმომადგენლები იყვნენ.

 

მექალთანე მამაკაცები

როგორც ვხედავთ, სულთანს საერთო ჯამში ხუთი ცოლი ჰყავდა და კიდევ არაერთი რომანიც ჰქონდა. მამაკაცების მექალთანეობა თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არც არავის უნდა გაკვირვებოდა. მიუხედავად ამისა, ლეილა ზოგიერთ მამაკაცს ანტიპათიით მოიხსენიებს და “მექალთანეს” უწოდებს. ჰარამხანის მკვიდრისგან ამ სიტყვის ხსენება მართლაც საოცარი მეჩვენა. ბოლო-ბოლო დავასკვენი, რომ “მექალთანეს” აქ ისეთ მამაკაცს უწოდებდნენ, ვინც გარკვეულ ზღვარს გადადიოდა – სასახლის ეტიკეტს არღვევდა. ამის გარდა, ისინი მართლაც არაფრით განსხვავდებოდნენ არც სულთნისა და არც სხვა მამაკაცებისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველანი ერთნაირად მექალთანეები იყვნენ.

 

დამოკიდებულება ჰარამხანის მიმართ

ლეილა დაწვრილებით აღწერს ჰარამხანაში ქალების (სეფექალების, მსახურების) ცხოვრებას. მისი თქმით, ამ ქალებს საწუწუნო არაფერი ჰქონდათ; მშვენივრად ცხოვრობდნენ, განათლებას იღებდნენ, ფული ჰქონდათ, პატივისცემით სარგებლობდნენ… ლეილა ვერ ხვდება, რატომ არ მოსწონდათ ევროპელებს ჰარამხანა. იგი წუხილს გამოთქვამს ამ საკითხზე: “სასახლეში სტუმრად ჩამოსულმა, მეფეებმა, პრინცესებმა, უცხოელმა ელჩებმა ჰარამხანის ცხოვრება საკუთარი თვალით იხილეს. რა სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ქილიკი არ მთავრდებოდა”.

ევროპელები ჰარამხანას თავიანთი ცივილიზაციის გადმოსახედიდან, ქედმაღლურად უცქერდნენ და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ევროპაში ქალები არ იჩაგრებოდნენ და ამ მხრივ იდეალური მდგომარეობა იყო. უბრალოდ, როგორც ცნობილია, ევროპულ-ქრისტიანული კულტურისთვის მრავალცოლიანობის იდეა ოდითგანვე მიუღებელია.

 

გადასახლება

ლეილა აჩბა

სულთანი გადასახლებაში რესპუბლიკის გამოცხადებამდე, 1922 წელს წავიდა. მისი ცოლები, ქალიშვილები, სხვა ოჯახის წევრები და მსახურები კი თურქეთში დარჩნენ. მათი ნაწილი მოგვიანებით, 1924 წელს გადაასახლეს.

სულთანათის გაუქმება, სულთნის წასვლა, რესპუბლიკის გამოცხადება – ეს ყველაფერი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა სასახლის ქალებისთვის. ჩვენს თანამედროვე ინფორმაციულ ერაში მცხოვრები ადამიანისთვის ალბათ ბევრად უფრო ადვილია თუნდაც მნიშვნელოვან ცვლილებებთან გამკლავება; მაგრამ ამ ქალებისთვის ასე არ იყო, სასახლე და ჰარამხანა მათთვის ცნობილი ერთადერთი რეალობა იყო და წარმოდგენაც კი უჭირდათ, სად უნდა წასულიყვნენ ან რა უნდა ეკეთებინათ, როცა ეს რეალობა თავზე დაემხობოდათ.

ამას ზედ დაერთო ისიც, რომ თურქეთში დარჩენილი სულთნის ცოლები თავიანთ სეფექალიან-მსახურებიანად სხვა სასახლეში გადაასახლეს. ლეილა დაწვრილებით აღწერს, თუ რა მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება; ერთი პერიოდი საწოლებიც კი არ ჰქონდათ და იატაკზე ეძინათ. გარდა ამისა, მათ არ აძლევდნენ უფლებას, სასახლიდან გასულიყვნენ ან წერილი მაინც მიეწერათ ვინმესთვის. ეს ქალები ახალგამოცხადებული რესპუბლიკის პატიმრებად იქცნენ.

ზოგმა ამგვარი მკვეთრი ცვლილებები და ცუდი პირობები ვერ აიტანა. ლეილა უშუალოდ გახდა მოწმე, როგორ შეიშალა ჭკუიდან ერთი გოგონა, დედოფალ ნაზიქედას ერთ-ერთმა სეფექალმა კი თავი მოიკლა. სამწუხაროდ, ეს მოვლენები ბევრი იქაური ქალის ნერვიულობისა და ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა. თავად ლეილაც ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქალმა, პირიქით, საკმაო სულის სიმტკიცე და შეგუების უნარი გამოავლინა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია სულთნის ბოლო  და ყველაზე ახალგაზრდა ცოლები – ნევვარე და ნევზადი. მათ გადასახლებაში სულთანთან წასვლა არ ისურვეს, მალულად დარჩნენ თურქეთში (კანონი სულთნის ყველა ცოლისა და შვილის გადასახლებას ბრძანებდა), მოგვიანებით მეორედაც გათხოვდნენ და დიდხანსაც იცოცხლეს – მეოცე საუკუნის დასაწყისში დაბადებულები 1990-იან წლებში გარდაიცვალნენ.

ლეილამ კი, როგორც მისივე ძმა ამბობს, ამ მემუარებით უკვდავყო თავისი სახელი.

მიუნხენს მოსწონხარ

სტანდარტული

შარშან, ესე იგი, 2011 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში წიგნის ბაზრობას დავესწარი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად იმართება და იქ მთელი მსოფლიოდან ჩადიან გამომცემლები, რომ საავტორო უფლებები იყიდონ ან გაყიდონ. უკვე წლებია, ქართველი გამომცემლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. და მაინც, მიუხედავად ასეთი შესავალისა, ჩემი პოსტის თემა ხსენებული წიგნის ბაზრობა არ არის.

საქმე ისაა, რომ ფრანკფურტში გატარებული ერთი კვირის შემდეგ რამდენიმე დღე ბერლინსა და მიუნხენშიც დავყავი, ახლა უკვე წმინდა ტურისტული მიზნებით. მიუხედავად დროის სიმცირისა, მეტ-ნაკლებად მაინც მოვახერხე ამ სამი გერმანული ქალაქის დათვალიერება და მათი შედარების საშუალებაც მომეცა. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მიუნხენმა მოახდინა. ამიტომ ამ პოსტშიც მიუნხენსა და ბავარიაზე ვისაუბრებ.

მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ბავარიის დედაქალაქი და გერმანიაში სიდიდით მესამე ქალაქია. აშენებულია მდინარე იზარზე და ახლოსაა ალპებთან.

მიუნხენი მწვანე ქალაქია უამრავი პარკით – მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ინგლისური ბაღი. ეს პარკი თუ ბაღი ძალიან ლამაზი და მასშტაბურია, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე დიდიც კი ყოფილა. პარკში ჩამოედინება მდინარე იზარი, რომელიც გედებით და იხვებითაა სავსე. ერთ ადგილას მდინარეზე სერფინგის ადგილიც კი არის მოწყობილი.

ინგლისური ბაღი – სურათები

ყვავები პარკში

სერფინგი ინგლისურ ბაღში

არანაკლებ ლამაზია მეორე პარკიც, რომელიც მე ვნახე – ეს უკანასკნელი ნიმფენბურგის სასახლეს აკრავს ირგვლივ. ნიმფენბურგის სასახლე თავის დროზე ბავარიელი პრინცების საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა და აქ დაბადებულა ბავარიის ერთ-ერთი ცნობილი მონარქიც – ლუდვიგ II ბავარიელი. ერთი სიტყვით, ნიმფენბურგისკენ მიმავალ გზაზე გრძელი არხია გაყვანილი, ხოლო უშუალოდ სასახლის წინ გედებიან-იხვებიანი ტბორია. სასახლის უკან კი ვრცელი ტყე-პარკია. ეს პარკი იმდენად “ველურია”, რომ გიჭირს დაჯერება დიდი ქალაქის, ურბანული გარემოს შუაგულში ასეთი ადგილიც რომ შეიძლება არსებობდეს.

ეს არის ის, რამაც განსაკუთრებით მომხიბლა მიუნხენში – მიუნხენი თითქოს იდეალური შერწყმაა: თან დიდია და თან მყუდრო, თან ისტორიულია და თან თანამედროვე.

ნიმფენბურგის სასახლე და პარკი – სურათები

სასახლე შიგნიდან

მე პარკში, ტბასთან

ბავარია, საერთოდ, ძალიან საინტერესო მხარეა. არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლის მონახულებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. ეს არის ნოშვანშტაინის სასახლე – ულამაზესი, ზღაპრული ქმნილება. მას წელიწადში მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ნოშვანშტაინი მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა უკვე ხსენებული ლუდვიგ II-ის ინიციატივით. ლუდვიგ II ზოგადად საინტერესო მონარქი გახლდათ – ხელოვნებისა და სილამაზის დიდი დამფასებელი იყო, მფარველობდა რიხარდ ვაგნერს, მისი ინიციატივით აიგო რამდენიმე მშვენიერი სასახლე… ამის გამო ლუდვიგი ბევრს არ უყვარდა, ბრალს ექსცენტრულობასა და მფლანგველობაში სდებდნენ. ლუკინო ვისკონტის ლუდვიგის  ცხოვრების ამსახველი ძალიან კარგი ფილმი აქვს გადაღებული. თანამედროვე ბავარიაში კი ლუდვიგი საკადრისად არის დაფასებული, რადგანაც ბავარიას ეკონომიკური თუ არქიტექტურულ-კულტურული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა, პირველ რიგში კი, სწორედ ნოშვანშტაინი. რა გასაკვირია, რომ მიუნხენის ცენტრში ლუდვიგის სახელობის ქუჩაც არის და მისი ძეგლიც დგას.

თუკი გერმანიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, მიუნხენს და ბავარიას ნუ გამოტოვებთ! 🙂

პ.ს. “მიუნხენს მოსწონხარ” მიუნხენის სლოგანია.

ნოშვანშტაინის სასახლე

უცნობი(?) ისტორია

სტანდარტული

ცოტა ხნის წინ ვიყავი ბათუმში. განახლებული ქუჩების, ახლად აშენებული სასტუმროებისა და რესტორნების გარდა ჩემი ყურადღება ბათუმის ისტორიამაც მიიპყრო. განსაკუთრებით კი ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიამ და ძმები ნობელების მუზეუმმა დამაინტერესა.

ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია

ეს გოთიკური, კათოლიკური ეკლესიის არქიტექტურის ტრადიციებში გადაწყვეტილი ტაძარი მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და ტაძარი ამოქმედდა კიდეც. საბჭოთა პერიოდში ტაძარი გაუუქმებიათ, 1989 წელს კი იგი კვლავ ამოქმედდა, ოღონდ ამჯერად როგორც მართლმადიდებლური. დღემდე ეს ტაძარი ისევ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ის კათოლიკეებს დაუბრუნონ. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო და სადავოც კი არაფერია – ისტორია ცნობილია, ტაძარი თავიდანვე აიგო როგორც კათოლიკური; არქიტექტურული თვალსაზრისითაც ეს აშკარად არ არის ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური საღვთისმსახურო ნაგებობა. მოკლედ, არავის არანაირი საფუძველი არა აქვს ამტკიცოს, თითქოს ეს ტაძარი ოდითგანვე მართლმადიდებლურია და არა კათოლიკური. საქმე გვაქვს აშკარა უსამართლობასთან – მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ბევრი სხვა დაჯგუფება ჩვენს ქვეყანაში, ორმაგი მორალით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, არც საპატრიარქოს და არც მრევლს არ მოეწონება, რომელიმე სხვა კონფესიამ მართლმადიდებლური ტაძარი რომ მიითვისოს, მაგრამ წინააღმდეგნი არ არიან, თავად ჩაიდინონ იგივე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ქმედება არა მხოლოდ ზოგადადამიანური სამართლიანობის უგულებელყოფა და სხვა სარწმუნოების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა, არამედ აგრეთვე საკუთარი ერის წარმომადგენლების მიმართაც. როგორც ვიცით, ტაძარი ქართველი კათოლიკეების აგებულია და ახლაც მათსავე განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. ბათუმელმა კათოლიკეებმა მოძებნეს გამოსავალი – 2000 წელს ახალი, სულიწმინდის სახელობის ეკლესია  ააგეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ამით სამართლიანობა აღდგა.

სულიწმინდის სახელობის ეკლესია

ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა. ძმები ალფრედ, რობერტ და ლუდვიგ ნობელები ბათუმში მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. 1876 წელს მათ ბაქოში ნავთობსამრეწველო კომპანია, ,,ძმები ნობელების ამხანაგობა” იგივე ბრანობელი დააარსეს. ძმებმა ნობელებმა დიდი წვლილი შეიტანეს

ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი

ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, რკინიგზის და აგრეთვე ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობაში. მათ პირველებმა გაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით. მუზეუმი ძმები ნობელების ყოფილ სახლშია განთავსებული (საბჭოთა პერიოდში აქ მილიციის სამმართველო იყო). გამოფენილია ძმები ნობელების ავეჯი, სხვადასხვა ნივთები, აგრეთვე ნავთობის მრეწველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნოლოგია. თუმცა ექსპონატები ამით არ ამოიწურება – აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სერგეი პროკუდინ-გორსკის და რამდენიმე სხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული, ძველი ბათუმის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, აგრეთვე ჩინელი ჩაის სპეციალისტის პირადი ნივთები. აღნიშნული სპეციალისტი სხვა ჩინელებთან ერთად საქართველოში ჩაის კულტურის დასანერგად მოუწვევიათ და მათ მრავალი წელი გაატარეს აქ. საინტერესო ბევრია. აღნიშნული ექსპონატების დათვალიერება თვალნათლივ გაჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ბათუმი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში; რწმუნდები, რომ ბათუმს (აჭარას, საქართველოს) ჰქონდა ნორმალური განვითარების პოტენციალი იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი დარჩებოდა და საბჭოთა ტერიტორიულ თუ იდეოლოგიურ საზღვრებში არ მოექცეოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა და წინანდელი ეკონომიკური აქტივობაც შეწყდა.