Monthly Archives: მაისი 2012

დიდი ძმა გიყურებთ

სტანდარტული

ჯორჯ ორუელი თავის ანტიუტოპიურ რომანში “1984” აღწერს ტოტალიტარულ სახელმწიფო ოკეანიას. ოკეანიაში მკაცრი იერარქიაა, სახელმწიფოს მართავს მცირერიცხოვანი პარტია, პარტიის სათავეში კი დგას ვინმე “დიდი ძმა”. მოქალაქეების საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრება, მათი აზროვნება მკაცრად კონტროლდება პარტიის მიერ. მათ ერთი წამითაც არ უნდა დაავიწყდეთ “თავიანთი მოვალეობები”, ამიტომ საჯარო ადგილებში გაკრული პლაკატები მათ ამცნობს და ახსენებს: “დიდი ძმა გიყურებთ”.

ოკეანიის ერთ-ერთი სამინისტრო, რომელსაც ირონიულად სიყვარულის სამინისტრო ჰქვია, და მის დაქვემდებარებაში მყოფი აზრის პოლიცია მუშაობენ იმაზე, რომ პოტენციური მეამბოხეები გამოავლინონ და სხვადასხვა მეთოდების (მათ შორის, წამების) გამოყენებით, ისევ “სწორ გზაზე დააყენონ”, ესე იგი, შეაყვარონ პარტია და დიდი ძმა. სწორედ ასე ემართება რომანის პროტაგონისტ უინსტონ სმითსაც. რომანის დასაწყისში მას პარტია სძულს და ერთგვარი მეამბოხეა, მაგრამ საბოლოოდ, სიყვარულის სამინისტროს “კარგი მუშაობის” შედეგად, დიდ ძმას ისიც შეიყვარებს.

დიდი ძმის და პარტიის სიყვარული კი ნიშნავს, ფლობდე ე.წ. ორაზრის ხელოვნებას, შეგეძლოს აბსურდული დებულებების დაჯერება, მაგალითად ოკეანიის ლოზუნგების: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინარობა ძალაა. ან კიდევ სხვა დებულებისა, ორუელის სხვა რომანიდან “ცხოველების ფერმა”: ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია.

პატრიარქის 29 აპრილის ქადაგება ქალის მოვალეობებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე, ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ იმასაც, რომ ამ ქადაგების არსი ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს. არაფერი რთული იქ არ თქმულა. ყოველი შემთხვევისთვის, ქადაგების ძირითად დებულებებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცოლი და ქმარი თანასწორი არ არიან, ქმარი ცოლზე აღმატებულია (შესაბამისად, მამაკაცი ქალზე აღმატებულია); ცოლი უნდა მოემსახუროს ქმარს; ქალის მოვალეობაა დედობა და ქმრის მომსახურება. ყველაფერი დანარჩენი გამომდინარეობს პირველი დებულებიდან, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორები არ არიან! განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ პატრიარქმა თქვა, ქალმა ქმარს ფეხების დაბანა უნდა შესთავაზოსო. ამაზე შემდეგში კიდევ ვილაპარაკებ, მანამდე კი ისევ ზოგად განცხადებას მივუბრუნდები.  გასაკვირი არ არის, რომ პატრიარქს ბევრი დამცველი გამოუჩნდა. უნდა ითქვას, რომ ისინი მოაზროვნე ადამიანებივით სულაც არ იქცევიან, საუბრობენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი  ალეგორიაა, ან კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, “მორჩილება” თურმე მონობა არ არის ან პატრიარქი თურმე მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე საუბრობდა და სხვაზე არაფერზე. ერთი სიტყვით, მათ უყვართ დიდი ძმა და ფლობენ ორაზრს. თუ მართლაც მოაზროვნე ადამიანები ვართ და არა ზომბები, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ თავისუფლება მონობა არ არის, არც თანასწორობა და უთანასწორობა შეიძლება ერთდროულად არსებობდეს. ეს ქადაგება კი გენდერული თანასწორობის და ადამიანის (ქალის) თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

ახლა რაც შეეხება ფეხების დაბანას, რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად თვალშისაცემია ყველასთვის. ფემინისტებმა, ლიბერალებმა და სხვა კრიტიკოსებმა აღშფოთების გამოხატვისას აქცენტი ძირითადად სწორედ ამ მონაკვეთზე გააკეთეს. დამცველებიც, საპასუხოდ, შეეცადნენ აღნიშნული მონაკვეთი გაემართლებინათ (სწორედ ამაზე აცხადებენ, ალეგორია არისო). ისე გამოდის, თითქოს ქადაგების დანარჩენი ნაწილი ყველასთვის მისაღებია და მხოლოდ ფეხების დაბანაა პრობლემა. მე როგორც ფემინისტი, ვაცხადებ, რომ ეს ასე არ არის! მიუღებელია მთლიანად ეს ქადაგება, ხოლო “ფეხების დაბანა” ძირითადი პრინციპიდან (ქალის და მამაკაცის უთანასწორობიდან) მომდინარე ერთ-ერთი რიგითი სიმახინჯეა. აღმაშფოთებელია ის, რომ ქალს როგორღაც არასრულ ადამიანად და მამაკაცის მონად თუ მოსამსახურედ მიიჩნევენ.

სამწუხაროდ, პატრიარქის ქადაგებაზე არაადეკვატური რეაქცია აქვთ ე.წ. ქალის უფლებადამცველებს – საუკეთესო შემთხვევაში ეს პატრიარქის რბილი და უცნაური კრიტიკაა, ხოლო ნინო ციხისთავმა საერთოდ დიდი ძმის სანიმუშო სიყვარული გამოამჟღავნა. მარინა თაბუკაშვილი კი მიუთითებს, რომ უშუალოდ სახარებაში არაფერია ნათქვამი ქალისა და მამაკაცის უთანასწორობაზე. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამას უფლებადამცველისთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. რომ ეწეროს ეს სახარებაში, მაშინ თანახმა ვიქნებოდით? აღარ ვიბრძოლებდით ადამიანის უფლებების დაცვისთვის? ქალბატონი მარინა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ქალი მუშაობს და ქმრებს შეუძლიათ მათ ფეხები დაბანონ. “მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ფეხები უნდა დაბანონ, თუ სიყვარულით და პატივისცემით არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ” – აცხადებს იგი, იმის ნაცვლად რომ საერთოდ უარყოს ფეხების დაბანის უცნაური იდეა. თუმცა ეს ალბათ გემოვნების საკითხია. ნინო ციხისთავი და გალინა პეტრიაშვილი აცხადებენ, რომ მთავარია სახელმწიფომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა მიუხედავად იმისა, თუ რას იქადაგებს პატრიარქი. საინტერესოა, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ამის გაკეთებას, ექნება კი აზრი მის მიერ გატარებულ ღონისძიებებს (მაგალითად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ), მაშინ როცა ქალებს დიდი ძმა უყურებს და ჯოჯოხეთით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი “თავიანთ მოვალეობას” არ შეასრულებენ, მაშინ როცა პატრიარქის ქადაგება ამყარებს პატრიარქატს.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტრადიციული რელიგიები და ჩვენი ეკლესიაც, ქალთმოძულეა. ქალი რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი და ქმრის მოსამსახურეა, ამას უფრო დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირები ისედაც გამუდმებით უქადაგებენ მრევლს. და მაინც, პატრიარქის, მაღალი იერარქის ქადაგება უდაოდ კარგი საბაბია გენდერული თანასწორობისა და მის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულების პრობლემის წინწამოსაწევად და ამ თემაზე დისკუსიის დასაწყებად. დასანანი იქნება, თუ ამ საკითხზე ერთადერთ ფემინისტურ (?) გამოხმაურებად მხოლოდ ზემოხსენებული უფლებადამცველების განცხადებები დარჩება.