ეკლესია, მაფია, პოლიცია

სტანდარტული

სააღდგომოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პაატა შამუგიას ბლოგპოსტმა და კიდევ ერთხელ დასვა დღის წესრიგში საკითხი, რას წარმოადგენს ეკლესია და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მის მიმართ საზოგადოებას.

ზემოხსენებული ბლოგპოსტის შთაბეჭდილებით ბევრმა ადამიანმა ეკლესია და სამღვდელოება მაფიას შეადარა, ზოგმა პოლიციასთანაც გაავლო პარალელები. ვნახოთ, რით ჰგავს ან განსხვავდება ეს სამი ინსტიტუტი ერთმანეთისგან.

ეკლესია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? არანაირი. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს უქმნის ილუზიას, რომ “ყველაფერი რიგზეა” და “ყველაფერი კარგად იქნება”; ასევე თუ “წესიერად” მოიქცევა, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. შეიძლება შემომედავონ კიდეც რომ ამგვარი ტყუილი და ილუზია საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მაგრამ მე პირიქით მგონია.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? მღვდლობა მართლაც ძალიან კომფორტული “პროფესიაა”. მღვდლები არაფერ სასარგებლოს არ ქმნიან, არაფრით არ ემსახურებიან საზოგადოებას. ისინი მხოლოდ არწმუნებენ ადამიანებს, თუ ფულს და ძალაუფლებას მოგვცემთ, სამოთხეში მოხვდებითო. ჰოდა, იღებენ კიდევაც – ფულსაც და ძალაუფლებასაც. თუ “მორჩილებაში არ იქნები”, თუ ეკლესიას და მოძღვარს არ დაუჯერებ, თუ შენი ცხოვრების ყოველ დეტალს მოძღვრის კონტროლს არ დაუქვემდებარებ და ყველაფერზე კურთხევას არ ითხოვ, მაშინ ცოდვილი ხარ და ღმერთი დაგსჯის, სამოთხეში ვეღარ მოხვდები… – ეს დისკურსი ძალიან გავრცელებული და ყველასთვის ცნობილია. ეკლესიას უნდა დაემონო, ემსახურო, ფული შესწირო (რაც მეტი, მით უკეთესი), მოძღვარს ყველაფერი დაუჯერო, საერთოდ სასულიერო პირში არასოდეს შეიტანო ეჭვი და არასდროს გააკრიტიკო, რადგან ის “წმინდაა”.

ამგვარად დამონებულ მრევლში/საზოგადოებაში ეკლესიას, რა თქმა უნდა, არ უჭირს გაავრცელოს ის იდეები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მისი ძალაუფლების განმტკიცებას – მათ შორის, ფაშისტური, სექსისტური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური ან უბრალოდ აბსურდულ-ირაციონალური და ანტიმეცნიერული იდეები.

ამხელა ძალაუფლების მქონე ეკლესიას უკვე ისიც აღარ უჭირს, რომ არა მხოლოდ თავის მრევლს, არამედ სახელმწიფოსაც გამოსძალოს ფული რამდენიმე ათეული მილიონის ოდენობით (შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფოს ფული” იგივე საზოგადოების, გადასახადების გადამხდელთა ფულია). თუკი სახელმწიფო უარს იტყვის მისთვის ამ ფულის გადახდაზე, დიდია ალბათობა, ეკლესიამ თავისი ზომბირებული მრევლი ააჯანყოს.

ამგვარად, ეკლესია “იკვებება” საზოგადოების ხარჯზე, იღებს დიდ ფულსაც და დიდ ძალაუფლებასაც, ავრცელებს მახინჯ იდეებსა და მენტალიტეტს. ეკლესია აგებულია ადამიანთა ჩაგვრაზე, დისკრიმინაციასა და ექსპლუატაციაზე.

მაფია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? არანაირი. მაფიის ზოგი ტიპი ცდილობს, გარკვეულწილად ჩაანაცვლოს პოლიცია და სასამართლო და გადაწყვიტოს ადამიანებს შორის არსებული დავები. მაგრამ მაფიას არ შეუძლია, ჩაენაცვლოს სასამართლოს ან პოლიციას, ის ვერ იქნება სამართლიანობისა და უსაფრთხოების გარანტი, რადგან თავად არის კრიმინალური და უსამართლო. ისიც, ეკლესიის მსგავსად “მუშაობს” მხოლოდ საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გასაზრდელად და არავითარი სხვა მიზანი არ გააჩნია.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? მაფია არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ქმნის კრიმინალურ ქსელებს, არის სხვადასხვა ტიპის მძიმე დანაშაულის ბუდე, ადამიანებს ფულს სძალავს და ექსპლუატაციას უწევს. მაფია აგრეთვე ავრცელებს მახინჯ მენტალიტეტს და სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციულ თუ ფაშისტურ იდეებს, რომლებიც ზემოთ ეკლესიასთან აღვნიშნე.

მაფიის ბოროტების დანახვა გაცილებით უფრო ადვილია, რადგან ის კრიმინალურია და ადამიანების დამონებას უხეში ძალის გამოყენებით ახდენს. აი, ეკლესია კი ღმერთის (სიკეთის) სახელსაა ამოფარებული და მას თავისი ნებით ემონებიან, იმ იმედით, რომ სამოთხეში მოხვდებიან. ტყუილია! არ დაიჯეროთ! მონა ან ზომბი თუ იქნებით, ამის გამო სამოთხეში არ მოხვდებით.

პოლიცია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, უზრუნველყოფს ადამიანთა უსაფრთხოებას და ძალადობისგან დაცულობას.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? პოლიციამ შეიძლება გამოამჟღავნოს მიდრეკილება კორუფციისკენ, ზოგიერთი ტიპის დანაშაულის იგნორირების ან სულაც ხელშეწყობისკენ, ძალის გადამეტებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ…

პოლიცია არის ინსტიტუტი, რომელიც არსებობს ადამიანთა შეთანხმების საფუძველზე. პოლიციის ფუნქცია არის სწორედ ის, რომ მან დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს უსაფრთხოება და კანონიერება. მაშასადამე, საზოგადოებას შეუძლია გააკრიტიკოს პოლიცია, მოითხოვოს მისგან, რომ არ გადაუხვიოს თავის ფუნქციებს, მოითხოვოს მასზე მეტი კონტროლი და ა.შ. მაფიის შემთხვევაში, რაიმე კონსტრუქციული კრიტიკა, რომ “ის თავის ფუნქციებს არ ასრულებს”, რა თქმა უნდა აბსურდია. ვფიქრობ, ასევეა ეკლესიის შემთხვევაშიც, რადგან ეკლესიის ოფიციალურად გაცხადებული ფუნქციები და მიზნები ბუნდოვანი და მისტიკურია. გარდა ამისა, სასულიერო პირების კრიტიკა, როგორც აღვნიშნე, პრაქტიკულად აკრძალულია.

როცა “ბედავენ” და რომელიმე მღვდელს აკრიტიკებენ, ეკლესიის დამცველებს ხანდახან მოჰყავთ ხოლმე ასეთი არგუმენტი, ამას მთელ ეკლესიაზე რატომ ავრცელებთ, ცუდი და კარგი ხომ ყველგან არისო. მე მინდა ვუპასუხო მათ, პოლიციაში შეიძლება იყვნენ “ცუდები და კარგები”, მაგრამ ეკლესიაში არა. არც მაფიაში. ეს ორი ინსტიტუტი თავისი არსით არის ბოროტება და თითო-ოროლა “ბუნჩულა” და “შემწყნარებლური” წევრი თუ გამოერევათ, ეს ინსტიტუტის ბუნებას არ ცვლის. ამგვარ ინსტიტუტებს უნდა ებრძოლო.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეკლესიაც, მაფიაც და პოლიციაც თითქმის სულ მამაკაცებით არის დაკომპლექტებული. ეკლესია და მაფია თავისი არსით წარმოადგენს მკაცრ პატრიარქალურ, იერარქიულ ინსტიტუტებს. ეკლესია და მაფია თავიანთი მახინჯი მენტალიტეტით ჩაგრავენ და მტრობენ არა მხოლოდ საზოგადოებრივ უმცირესობებს, არამედ ისეთ დიდ ჯგუფსაც, როგორიც არიან ქალები. ისინი, რასაკვირველია, იმონებენ თავიანთი წრის გარეთ მყოფ მამაკაცებსაც, მაგრამ მათი გაგებით ქალები (და ჰომოსექსუალი მამაკაცები) იერარქიის კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე დგანან. ამიტომ, მაფია და ეკლესია ნებისმიერ, თვით ყველაზე დაჩაგრულ-დამონებულ მამაკაცსაც კი “საჩუქარს უკეთებენ” – უფლებას აძლევენ, რომ ქალებზე იბატონოს. რაც შეეხება პოლიციას, ისიც, როგორც ყველა ტრადიციული ძალაუფლებასთან დაკავშირებული ინსტიტუტი ძირითადად მამაკაცებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ვფიქრობ, ამის შეცვლა შესაძლებელია.

მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს, ამომრჩეველს შევპირდებოდი:

  1. ეკლესიისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას;
  2. პოლიციის ფემინიზაციას.
იხილეთ რუსი ფემინისტების “პანკ-ლოცვა”

8 responses »

  1. ძალიან უტრირებულად განიხილავთ საკითხს. თქვენი მიდგომით არაფრით განსხვავდებით აგრესიული მმკ-ელებისაგან.არ შეიძლებას ყველაფრის ასე ცალსახად განხილვა და ყველას და ყველაფრის ერთ ტაფაში მოქცევა, თქვენ წარმოიდგინეთ მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს უფლებები. რა მოტივით ლანძღავთ განურჩევლად ყველა მღვდელს? გულზე ხელი დაიდეთ და თქვით- რამდენ მღვდელს იცნობთ? სიდან იცით , რომ ყველა უვარგისია? თუ მღვდლად კურთხევა მათ ავტომატურად უსინდისო და გაიძვერა ადამიანებად აქცევს? რატომ არ უშვებთ, რომ რელიგიამ შეიძლება ადამიანზე დადებითი გავლენა მოახდინოს? მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომლებსაც მოძღვრების დაუღალავი მუშაობის შედეგად წამალზე, ქურდობაზე და ყაჩაღობაზე უთქვამთ უარი. თუ ეს არ ითვლება? ეს არაფერია? ის ადამიანები მაინც ნაგავში გადდასაყრელები იყვნენ? სამწუხაროდ ჩვენთან ლიბერალობა არასწორად არის გაგებული. ლიბერალობა სრულებით არ ნიშნავს რელიგიის უარყოფას. ლიბერალიზმი ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა ეროვნებისა, სექსუალური ორიენტაციისა და ს ა რ წ მ უ ნ ო ბ ი ს ა საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრია. თქვენ კი, თქვენს ბლოგში საერთოდ არ განიხილავთ ეკლესიის წევრებს საზოგადოებად. თქვენთვის ყველა ეკლესიაში მოსიარულე ადამიანი ბნელი და საზოგადოებისთვის უსარგებლოა.დაფიქრდით სანამ რაიმეს დაწერთ, გაარკვიეთ , დაინტერესდით, იქნებ მედალს მეორე მხარეც აქვს.

    • ცდებით, რა თქმა უნდა საზოგადოებად განვიხილავ მღვდლებსაც და მრევლსაც. მღვდლები საზოგადოების პრივილეგირებული და დიდი ძალაუფლების მქონე წევრები არიან, ხოლო მრევლი მათ მიერ დამონებულ-დარეკეტებული ადამიანები. ეს არის ამ პოსტის ძირითადი სათქმელი.
      გარდა ამისა, ჩემი პოზიცია უფრო ფემინისტური და ანარქისტულია, ვიდრე ლიბერალური.

      • დამონებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ დამონებულები იყვნენ და ასეთი ადამიანებისათვის მონობა გარკვეულწილად კომფორტიცაა. მღვდელს თუ არა, დაემონება ცოლს, ქმარს, უფროსს და ა. შ. ვინც ბუნებით მონა არა არის , ის ვერასოდეს გახდება მონა, მით უმეტეს მღვდლის. ქრისტიანობის არსი მონობა არ არის და ქრისტე თავისი ბუნებით ყველაზე დიდი მეამბოხე იყო მეამბოხეთა შორის. როგორც წესი ადამიანებს სჩვევიათ როგორც რელიგიის ისე იდეოლოგიის დამახინჯება და საკუთარ თავზე და სურვილებზე მორგება. გეთანხმებით, რომ დღეს ძალიან ბევრი მღვდელი დამახინჯებულად გვაწვდის ქრისტიანობას. რა თქმა უნდა ვამხილოთ ასეთი მღვდლები, მაგრამ იმის თქმა , რომ ეკლესია საჭირო არ არის და ყველა მღვდელი უთოფო ყაჩაღია, ფანატიკოსების პოზიციისაგან არაფრით განსხვავდება. შემოწირულობა ნებაყოფლობითია და არავინ გვაძალებს. როგორც წესი ადამიანებს თვითონ აქვთ ამის სურვილი და არც თუ უანგაროდ. საბედნიეროდ სასუფეველი ფულით არ მოიპოვება, ამისათვის ძალიან მარტივი და ამავე დროს ძალიან რთული რამ არის საჭირო- საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა და გ უ ლ წ რ ფ ე ლ ი სინანული საკუთარ ცოდვებზე.ჰოდა თუ ქრისტიანობა კათარზისს უწყობს ხელს, რატომ არ არის ის საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი? საბედნიეროდ არსებობენ მღვდლები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ მრევლთან და ნუ ჩავთვლით ამ ხალხს ხორცმეტებად.

  2. ცოტა სიღრმე გაკლიათ. თუ ეკლესია არაფერს ჰქმნის და მას არაფერი სარგებელი არ აქვს, მაშინ როგორ გაძლო ამდენი საუკუნე? მას ჩვენი ერისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. სწორედ ის იცავს წესრიგს და არა პოლიცია, რომელიც უბრალოდ უხეში ძალაა.

  3. სრულიად გეთანხმებით სამივე საკითხის ხედვაში – მთავარი პრობლემა ისევ და ისევ მოაზროვნე ადამიანია და მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებას ეკლესია უშლის ხელს, რომელიც ბრმა მორჩილებას მოითხოვს, ყოველგვარი შემეცნების გარეშე … ანუ ადამიანმა კითხვა არ უნდა დასვას (იცის სხვამ და გადაგვარჩენს სხვა) … ასე ხომ ცხოველიც ცხოვრობს – კითხვის დასმის გარეშე, უბრალოდ ეძლევა გარემოს …
    ერთადერთი არსება კი ვისაც კითხვის დასმა და კითხვა პასუხის ძიება ძალუძს ადამიანია …
    გამიხარდა თქვენი ბლოგის აღმოჩენა 🙂

  4. იმხელა ძალაუფლება აქვს ეკლესიას,რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია აურიოს და დაალაგოს სიტუაცია.სამწუხაროდ,ცუდად იყენებენ ავტორიტეტს და ხალხს აჩლუნგებენ.ერთ დროს მეც ამ ავადმყოფური სამრევლოს ნაწილი ვიყავი,რისიც ძალიან მცხვენია.ესაა ფულის კეთებისა და ბატონ-ყმური წყობის ნათელი მაგალითი.თვითონ არ იციან რისი სწამთ და მეც ვერაფერი მასწავლეს მეტანიებით იატაკზე თავის ბრახუნის და გამუდმებით ალილუიას ძახილის გარდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s