ქართლის დედა და გლამურული გოგონა

სტანდარტული

ფეისბუქზე ყურადღება მიიქცია ერთმა ფოტომ. მისი ავტორი შალვა ლონდარიძეა და ზედ გამოსახულია ორი ქალი, ორი ქანდაკება. ერთი ქართლის დედაა, ერთიც ახალი ქანდაკება ხიდის მოაჯირზე. კონტრასტი ამ ქანდაკებებს, ქალის ამ სახეებს შორის აშკარაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი.

ზოგმა ამ კონტრასტში პროგრესი დაინახა, ახალი ქალი ფემინისტური იდეის განსხეულებად აღიქვა. კერძოდ, საუბარი მაქვს გიორგი კიკონიშვილის პოსტზე. გიორგი აცხადებს, რომ ამ ქანდაკებამ თუ ამ კონტრასტმა ქანდაკებებს შორის შეძლო მიეტანა ხალხამდე ის, რაც “აკადემიური ენით” მოსაუბრე ფემინისტებმა ვერ შეძლეს. მისი თქმით, ქანდაკება “ორგანულადაა შერწყმული ადგილობრივ კულტურასთან და ამ ადგილობრივი ენით ელაპარაკება ადამიანებს”. ერთი სიტყვით, გიორგის აზრით, ხელოვნებამ შეძლო ადამიანებთან მიეტანა ის იდეა, რომელიც ამ იდეის უპირველესმა მატარებლებმა (ფემინისტებმა) ვერ შეძლეს. ამ აზრით, ქართლის დედა კულტურის მიერ რეპრესირებული ქალის სახეა, “ახალი ქალი” კი, მისგან განსხვავებით, თავისუფალი და ბედნიერია.

მაგრამ არის კი ეს კონტრასტის სწორი ინტერპრეტაცია?  ნამდვილად თავისუფალია “ახალი ქალი” თუ ისიც პატრიარქალური კულტურის მიერ არის კონსტრუირებული? აბა, დავაკვირდეთ ფოტოს. კი, “ახალი ქალი” ნამდვილად უფრო დინამიურია, მაგრამ მასშიც ისევე იგრძობა “დაჭიმულობა”, როგორც ქართლის დედის შემთხვევაში. ამას მისი მოკლე კაბა და ვარცხნილობა მოწმობს.  იქნებ ეს მდინარესთან ჩამომჯდარი თავისუფალ-გახარებული ქალი კი არა, ვინმე გლამურული რუსკა, თიკო ან ნუკია, რომელთაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვხედავთ ხოლმე? იქნებ სულაც “ქალური ლოგიკის” გადაღებებიდან ახლახანს გამოსული მოდელი გოგოა? აღნიშნული გოგონები ქართლის დედას საერთოდ არ ჰგვანან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი კულტურის მიერ რეპრესირებული ქალები არ არიან. უბრალოდ ისინი სხვა მოთხოვნებს ემორჩილებიან, სხვა როლს თამაშობენ და ქართლის დედა კი – სხვას.

ილია ჭავჭავაძე თავის ლექსში “ქართვლის დედას” წერს:

“ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…”

მერე კი აზუსტებს, როგორ ხედავს ქალის როლს ამ საქმეში:

“აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს…”

ქართლის დედა ნაციონალისტური პროექტის ნაწილია. აქ ქალის ერთადერთი დანიშნულება და საქმე ისაა, რომ გახდეს დედა და “ღირსეული” შვილები აღზარდოს – ბიჭები კარგ მებრძოლებად და პატრიოტებად გამოზარდოს, გოგოები კი მოამზადოს ისევ იმ საქმისთვის, რასაც თავად აკეთებს – დედობისთვის და მომდევნო თაობის აღზრდისთვის.  ასეთი ქალის ერთადერთი ლეგიტიმური იდენტობა არის დედობა, მან არაფერზე არ უნდა იფიქროს სამშობლოს წინაშე თავისი ვალისა და თავისი შვილების გარდა, შვილებს უნდა მიუძღვნას თავისი ცხოვრების ყოველი წუთი, არ უნდა ჰქონდეს სექსუალური სურვილები, არ უნდა ჰქონდეს “მამაკაცის მსგავსად” მუშაობის, საზოგადო მოღვაწეობის ან თუნდაც ბრძოლის სურვილი. ეს ყველაფერი ქალს სამშობლოსა და მისი მომავლის სახელით ეკისრება, ანუ ეს ნაციონალისტური იდეოლოგიის შეკვეთაა.

როგორც ვხედავთ, ქალის როლის ასეთი გააზრება ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არის აქტუალური და XXI საუკუნეში ჯერ კიდევ არ გამხდარა მარგინალური. ამას სიმბოლური გამოხატულებაც აქვს, ქართლის დედის ქანდაკება ჯერ კიდევ მკვიდრად დგას და მის დემონტაჟზე არავინ ფიქრობს. მაგრამ ახალ დროს ახალი მოთხოვნებიც მოაქვს, პატრიარქატიც ტრანსფორმირდება და მის მიერ მოთხოვნილი ქალური როლები უფრო მრავალფეროვანი ხდება. რა თქმა უნდა, ფემინისტური გადმოსახედიდან არამცდაარამც არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრესად ის, რომ დღეს თავდადებული დედებისა და დიასახლისების გვერდით რუსკები და თიკოებიც არსებობენ.

როგორც ვთქვი, “ახალი ქალის” ქანდაკება თავისუფალი და ბედნიერი ქალის ასოციაციას არ მიქმნის. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ახალ, განსხვავებულ როლს მორგებულია ქალია. ცოტა ხნის წინ შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ მას ებრალება ის ქალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მამაკაცის ძლიერი ფრთის ქვეშ იყვნენ და რომლებსაც თავიანთ ვალად არ მიაჩნიათ, მამაკაცებს ემსახურონ (სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა). ასე გამოეხმაურა იგი ფემინისტების აღშფოთებასა და პროტესტს სექსისტური რეკლამებისა და “ქალური ლოგიკის” მიმართ. “ახალი ქალიც”, ვფიქრობ, იმ ქალის სახეა, რომელიც ძლიერ “ფრთოსნებს” მოსწონთ – ეს არის გლამურული, კეკლუცი, სულელი, სექსუალური (“ფრთოსნების” გაგებით სექსუალური), სუსტი და ძლიერი ფრთის ქვეშ თავის შეფარების მოსურნე ქალი. ქართლის დედა ნაციონალიზმის შეკვეთა იყო/არის, “ახალი ქალი” კი ძლიერი “ფრთოსნების” – მდიდარი და ძალაუფლების მქონე მამაკაცების შეკვეთაა.

შესაბამისად, ახალ ქანდაკებას ნამდვილად ვერ აღვიქვამ ფემინისტური იდეების გამოხატულებად და ამ იდეების ხალხამდე მიტანად. გიორგი კიკონიშვილის აზრით, ეს ადგილობრივი კულტურის ორგანული ნაწილია. ამაში კი დავეთანხმები, სამწუხაროდ, ქალის როგორც ერთი, ისე მეორე სახე ჩვენი კულტურის ორგანულია ნაწილია. ფემინიზმი, თავისუფალი და ბედნიერი ქალები კი ჩვენი კულტურის ნაწილი არ არის.

19 responses »

  1. საინტერესოა თავად შალვას აზრი როგორ ხედავს ამ ფოტოს.

  2. amis deda vatire qartlis dedas xmali uchiravs da kide axali qalia feministi ??????????

  3. მეჩვენება, რომ ქართვლის დედა უფრო ფემინისტი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს :))

    • : )) მეც ასე მეჩვენება, თუმცა დიდი ხანია აღმოვაჩინე, რომ უმრავლესობა ქართლის დედას არასწორად აღიქვამს.

  4. ე.ი. შვილების გაზრდა უკვე არააქტუალურია? თქვენ გავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანი და მათ შორის ქალებიც განსხვავებული ინდივიდები არიან. შეიძლება ვიღაცას კარგად გამოსდის მუშაობა, ვიღაცას კარგად გამოსდის ძროხის მოწველა , ვიღაცას კიდევ შვილების გაზრდა. და თუ ეს ადამიანები თავისი საქმიანობით სიამოვნებას იღებენ , თუ აქ ხედავენ თავის დანიშნულებას და როლს, ე. ი. ისინი ლაღები და ბედნიერები არიან და არავის აქვს უფლება ჩამორჩენილობა დააბრალოს. კიდევ ერთხელ მიწევს გამეორება, რომ თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა და არა ვიღაცის მიერ მონიჭებული წყალობა. თავისუფალი ადამიანი ნებისმიერ გარემოში იპოვის თავის თავს.

    • ადამიანის თავისუფალი არჩევანი არ შეიძლება იყოს ის, რომ მთელი ცხოვრება შინამოსამსახურე იყოს ან ძროხას წველიდეს. ასეთი არგუმენტი მოჰყავთ ხოლმე – დიასახლისობა ქალის არჩევანიაო. კაცზე არავინ იტყვის, რომ ეს მისი არჩევანი შეიძლება იყოს.

      რაც შეეხება დედობას, ეს ზოგადად არც ფემინისტობას და არც თავისუფლებას ხელს არ უშლის. საუბარია იმაზე, რომ ქალი არ უნდა იყოს დედის როლში ჩაკეტილი.

      • და იქნებ დედის როლში ყოფნა მისთვის გაცილებით სასიამოვნოა, თქვენ რატომ აწესებთ ვისთვის რა არის კარგი. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ დედობით უნდა იყოს ქალი დაკავებული და სხვა არაფრის უფლება აქვს, უბრალოდ ქალი , რომელიც დედობით არის დაკავებული არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩამორჩენილი და გონებაშეზღუდული არსება. რადიკალური მიდგომა ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია. ძროხის ყოლა და მოწველაც იგივე ამბავია. თქვენ შეიძლება არ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არიან ქალები, რომლებისთვისაც დიდი სიხარულია საკუთარ ეზოში, საკუთარი შინაური ცხოველის მოვლა ან მეურნეობის გაძღოლა. თქვენ ფიქრობთ ყველა ქალი თბილისში უნდა ჩამოვიდეს და ფემინისტი გახდეს? მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტობა თავისთავად ცუდი არ არის, ყველა ადამიანს თავ-თავისი შესაძლებლობები და თავისი ადგილი აქვს და თუ ეს ადგილი მისთვის კომფორტულია, რა მნიშვნელობა აქვს ძროხას მოწველი თუ სტატიებს დაბეჭდავ?

    • აბსოლუტურად გეთანხმებით.მეც თქვენს აზრზე ვარ :))))

  5. კარგი თემაა, მაგრამ შალვას კომენტარს რომ დიდ მნიშვნელობას აძლევ, ‘ქალურ ლოგიკაზე’ გაკეთებული პროტესტი (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური) რატომ გავიწყდება? ეგეთი პროტესტებია იმის ნიშანი, რომ ჩვენს (ყოველ შემთხვევაში, ახალი თაობის) კულტურაში თავისუფალი ქალების ადგილიც არის.

    • არ მავიწყდება, თუმცა ეს ქალები ჯერჯერობით მარგინალები არიან. იმედია, დაიწყება ცვლილებები…

  6. მშვენიერია სტატიაა!

    თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადობაში ღირებულებების გადაფასება მიმდინარეობს და ეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველთვის სასიკეთო მიმართულებით არ ხდება.

    სამწუხაროა, თუ ვინმე მკერდმოღეღილ, კაბაწამოხდილ, სადღაც წამოსკუპულ და პირში სიგარეტგარჭობილ ქალში (ზოგადად, არც ერთი სქესის მწეველთა საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს) ფემინიზმის გამარჯვებას და ქალთა უფლებების დამკვიდრებას ხედავს.

  7. მომწონს წერილი და ფოტოს განხილვის ასეთი მიდგომა. საზოგადოების აზრი ყოველთვის საინტერესოა ავტორისთვის. ვგულისხმობ შალვა ლონდარიძეს, რომელმაც გამოჩენისთანავე მიიქცია ფართო აუდიტორიის ყურადღება. ეს ფოტო მეც განსაკუთრებით მომწონს. ქალური ხიბლი წამიერი გაელვებით არის თითქოს დანახული; თუმცა მრვალმნიშვნელოვანია ეს ფოტო- ეპიზოდი… ”ქართლის დედა” თავისი დიდებულებით, გმირული ტრადიციით, ქალური სიძლიერით ამაყად დგას და მას ელვარებას 21-ე საუკუნე ვერაფრით დაუკარგავს. თანამედროვე თბილისელი ქალის სილუეტური პორტრეტი შინაარსით და ”შარმით” მოკრძალებულად გამოიყურება და არც აქვს არავითარი პრეტენზია იდგეს ”ქართვლის დედის” სიმაღლეზე.მისი თანამედროვე ”ტვირთი” და დანიშნულება სულ სხვაა… თუმცა, ეს გრაციოზული, მინიატურული ”არსება” მოუხდა აქაურობას. ”ქართვლის დედის” თვალის შევლება ჩემში სიამაყეს და სიძლიერეს იწვევს. შემახსენებს, რომ ქართველ ქალს ღირსეული ადგილი ეჭირა ჩვენს წარსულში. ასეთი და სხვა ასოციაციები ჩნდება. შალვა ლონდარიძის ფოტო-ობიექტივმა- ჭკვიანმა ”თვალმა” დაინახა და დაგვანახა ის, რაც რეალობაში ხდება. მადლობა მას ყველაფრისთვის…

  8. საინტერესეო ხედვა აქვს თავად ფოტოს ავტორს… კარგი იქნება მის აზრს თუ დააფიქსირებს… ვფიქრობ ამ მოსაზრებისგან, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, განსხვავებული იქნება თავად ავტორის ხედვა…

  9. დ ე დ ა კ ა ც ი
    შეიქმნა კაცთათჳს – არსად მრავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადისობისა.
    გადაგვარდა კაცთაგან – განმართლებად მეძავობისა და ბერწობისა.

  10. სამწუხაროა ის ფაქტი,რომ დღევანდელობაშიც წნეხის ქვეშ დგას ქალი,განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ქალის მოვალეობა ნამდვილად არის დედობა,თუმცა ქალი ამის გამო არ უნდა გავრიყოთ საზოგადოებრივი საქმიანობიდან.რა მნიშვნელობა აქვს სქესს,როცა ადამიანს სურს, საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებრივ საქმიანობაში ჰპოვოს,არა მარტო დედობაში. იქნებ მასაც უნდა ჰქონდეს პროფესია,იყოს აღიარებული და იპოვოს საკუთარი თავი ნებისმიერ სფეროში.შეიძლება ეს იყოს სახლის დალაგება,ბავშვის მოვლა,ძროხის მოწველა თუ უფროსის თანამდებობაზე ყოფნა. ქალი ადამიანის მეგობარი კიარა–ადამიანია :))) ფემინიზმი კი არ გულისხმობს იმას,რომ ქალი მამაკაცზე რამით აღმატებულია,არამედ ფემინისტების მიზანია საზგადოებაში ქალსაც მისცეს ხმის ამოღების უფლება და არ იყოს ქალი დაჩაგრული,არ გაჩუმდეს და დამალოს ის,რომ მაგალითად ქმარი მას ცემს. სანამ ამას არ გააცნობიერებს ქართველი ერი,პრობლემები გენდერულ თანასწორობასთან მუდმივად გვექნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s