სარვამარტო სექსიზმი

სტანდარტული

საქართველო მარტის დასაწყისში ორ დღეს აღნიშნავს – 3 მარტს, ქართულ დედის დღეს და 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. 8 მარტთან დაკავშირებით ზოგადად დიდი არეულობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა სუფევს. ზოგს ჰგონია, რომ ეს საბჭოური გადმონაშთი, “კომუნისტური დღესასწაულია” და როგორც ბოროტებას ისე უნდა ებრძოლოს. 3 მარტიც ხომ თავის დროზე ყოველივე საბჭოურთან და კომუნისტურთან ბრძოლის ეგიდით შემოიღეს; თანაც ქართულ “დედის კულტსაც” კარგად ეთანხმებოდა. მაგრამ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია მაინც არ გაქრა და დღესაც ბევრი ადამიანი ამ დღეს “ქალების მიმართ პატივისცემას” ყვავილების ჩუქებით გამოხატავს. როგორც ჩანს, ცოტამ თუ იცის, რომ 8 მარტი გაეროს მიერ აღიარებული საერთაშორისო “დღესასწაულია” და კიდევ უფრო ცოტას აინტერესებს, რომ ეს დღე ქალთა უფლებებს დაუკავშიროს.

ასეა თუ ისე, ფართო საზოგადოებაში მიღებულია აზრი, რომ ამ დღეებში ქალებს განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოეპყრონ. ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტებზე, თუ როგორ გამოხატავს ქართული მედია და ბიზნესი ქალების მიმართ პატივისცემას.

“ჯი პი აი ჰოლდინგი” ქალებს მანქანის დაზღვევას სთავაზობს, ოღონდ სექსისტური რეკლამით. “ფრთხილად! ავტომობილის სარკესთან ქალია!” გვაუწყებს მათი სარეკლამო ბანერი და შემდეგ ყოველგვარი უხერხულობის გრძნობის გარეშე აგრძელებს: “სარვამარტო საჩუქარი მანდილოსნებს…” ბანერზე გამოსახულნი არიან ქალები, რომელთაც ხელში კოსმეტიკური საშუალებები უჭირავთ. ფეისბუქზე აღვნიშნე, რომ ეს რეკლამა ამგვარი სულისკვეთების შემცველია:”სულელო და უპასუხისმგებლო ქალებო, მანქანა ჩვენთან დააზღვიეთ!” მართლაც, რეკლამა იმეორებს სტერეოტიპს, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან; აგრეთვე სულელები და უპასუხისმგებლოები, რომელთაც თავიანთი “პრანჭიაობის” მეტი არაფერი აინტერესებთ. საოცარია, რას ფიქრობს ამ რეკლამის შემქმნელი, ქალებს შეურაცხყოფა უნდა გაუხარდეთ და სასწრაფოდ უნდა გაიქცნენ ამ კომპანიის მომსახურების საყიდლად?

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ეს “სარვამარტო საჩუქარია”. ქალებს დაცინვას, შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციას უძღვნიან – სწორედ იმ დღის აღსანიშნავად, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.

“ჯი პი აი ჰოლდინგს” არც ტელეკომპანია იმედი ჩამორჩა. იქ ახალი გასართობი შოუ, “ქალური ლოგიკა” დაიწყო. ვისაც ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ ამ გადაცემის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მისი ანონსი. მართალია, “იმედს” ეს გადაცემა მაინცდამაინც 8 მარტისთვის არ დაუკავშირებია, მაგრამ ეს პროექტიც ამ პერიოდში დაიწყეს, ამიტომ შეგვიძლია, ესეც ქალებისთვის გაკეთებულ “საჩუქრად” ჩავთვალოთ.

დავიწყოთ იმით, რომ გადაცემის სათაური უკვე სექსისტურია. რამე გადაცემა რომ ყოფილიყო სათაურით “სომხური ლოგიკა” ან “ჰომოსექსუალთა ლოგიკა”, უფლებადამცველებსა და მედიას ეს არ გამორჩებოდათ და დიდ აჟიოტაჟსაც ატეხდნენ (სავსებით სწორადაც), “ქალური ლოგიკა” კი, სამწუხაროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უბრალოდ “გაატარა”.

გარდა სათაურისა, თუ ანონსიც მოისმინეთ, იქაც ნახავდით, რას წარმოადგენს ეს შოუ. საკვანძო ფრაზაა: “შემოქმედებითი ჯგუფის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა ქალურ ლოგიკაზე უკვე გაიცინეს”. დიახ, ეს შოუ იმისთვისაა, რომ კიდევ ერთხელ გავიცინოთ, რა სულელები არიან ეს ქალები!

ამ გადაცემა-თამაშის პრინციპი შემდეგია: მოწვეული არიან ექვსი ქალი და ექვსი მამაკაცი, რომლებიც თავის მხრივ სამ-სამ წყვილად იყოფიან. ქალებს უსვამენ კითხვებს, ხოლო მამაკაცებმა უნდა გამოიცნონ, იციან თუ არა ქალებმა ამ კითხვის პასუხი; თუ სწორად გამოიცნობენ, მაშინ ფულს იგებენ. წამყვანმა რამდენჯერმე უთხრა მამაკაცებს, რომ “არ არის მნიშვნელოვანი, თქვენ თუ იცით პასუხი”. მართალია, ხანდახან მამაკაცებმა არ იცოდნენ სწორი პასუხი და ქალებმა ზოგჯერ იცოდნენ, მაგრამ გადაცემა იმგვარად არის აწყობილი, რომ მამაკაცის ცოდნა-არცოდნა უმნიშვნელოა, ხოლო ქალებს პასუხის გაცემა მოეთხოვებათ და თუ ისინი უვიცები აღმოჩნდებიან, მათი მსჯელობა სასაცილოა. ჰოდა, მიზანიც მიღწეულია, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ ქალების სისულელეს, “ქალურ ლოგიკას” და ამაზე ვიცინოთ. მიზანი მით უფრო ადვილად მიიღწევა, თუ გადაცემაში ახალგაზრდა მოდელებს მივიწვევთ, რომელთაც, როგორც გადაცემის წამყვანი აღნიშნავს, “ყველაფრის ცოდნა არ მოეთხოვებათ”. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს გოგონა სტუდენტიც არის (თავად თქვეს თავის წარდგენისას), ისინი ხაზგასმით მოდელების რანგში იყვნენ წარმოდგენილნი, კოკტეილის კაბებში გამოწყობილები ისხდნენ და “ქალურ ლოგიკას” ამჟღავნებდნენ.

ამგვარად აღნიშნავს 8 მარტს საქართველო. ისღა დამრჩენია, ვთქვა, რომ თუ ვინმე (მამაკაცი) მართლაც სცემს პატივს ქალთა სქესს, ყვავილების ჩუქებითა თუ ავტობუსებში ადგილის დათმობით თავს ნუ შეიწუხებს, არამედ ქალთა შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია გააპროტესტოს.

7 responses »

  1. კარგი პოსტია 🙂
    მეც მინდოდა ამ ბოლო დროს გავრცელებულ სექსისტურ გამოხტომებზე დამეწერა პოსტი, მაგრამ დამასწარი xD
    ეგ კიარადა, ისე გავრცელდა კაიფის პონტში წარმოთქმული “ქალი კუხნაში”, რომ მემგონი უკვე ისევ სერიოზულ სახეს იღებს. აღარ მინდა ეს პაპიდაჩემისდროინდელი აზროვნება.

  2. სექსიზმი და ქალებისადმი ასეთი დამოკიდებულება მანამდე იარსებებს სანამ თავად ქალები მიიღებენ ამაში მონაწილეობას. ისევე როგორც პროსტიტუციას ვერავინ გააქრობს სანამ კაცები მზად არიან სექსში ფული იხადონ ისევე სექსისტური რეკლამები და გადაცემები არ გაქრება სანამ ერთი ქალი მაინც იქნება მზად მონაწილეობა მიიღოს. მარტივად რომ გითხრათ ჩვენ კაცები რომის პაპზე უფრო კათოლიკეები ვერ ვიქნებით. აი ყველა მანდილოსანი რომ ერთ პოზიციაზე დადგება მერე ვნახოთ 🙂

  3. სწორე ხარ, ის ქალები არიან დასახრჩობები ვინც იმ გადაცემაში მონაწილეობს… მათი მსგავსი ლამაზი და ტუტუცი ფუტლიარები არიან სწორედ, რომ არცხვენენ მთელს საქალეთს.

  4. ეს სტერეოტიპები დაგვღუპავენ ჩვენ 😦

    მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, აქ ხომ ყველაფერზე კლიშე აქვთ :/

    კარგი პოსტია, სწორი შენიშვნაა…

    პ.ს. ლოგიკას არ აქვს სქესი. შტერი მამაკაციც ბევრი მინახავს 🙂

  5. დღეს სამსახურში ამ თემაზე ვსაუბრობდით მე და ჩემი კოლეგები. ჩვენი გულისწუხილის და აღშფოთების გამოძახილია თქვენი მშვენიერი პოსტი. დიდი მადლობა! მე პირადად ამ დღეებში წერილით მივმართავ ჯიპიაი ჰოლდინგის სათაო ოფისს ვენაში (Vienna Insurance Group).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s