სტუდენტი მეგაფონით

სტანდარტული

ამ ბოლო დროს გაისმის საყვედურები იმის შესახებ, რომ თურმე ჩემი თაობა, როგორც იტყვიან სტუდენტი-ახალგაზრდობა, “ქუჩაში არ გამოდის” და არაფერს აპროტესტებს. ამის გამო ახალგაზრდებს “მძინარებს”, მშიშრებს ან კონფორმისტებს უწოდებენ. საინტერესოა, მაინცდამაინც ახალგაზრდები რატომ გამოდიან ასეთი მშიშრები თუ კონფორმისტები, მაშინ როცა მათმა მშობლებმა ნახევარი სიცოცხლე ქუჩის აქციებზე გაატარეს?

მშობლების თემას მოგვიანებით კიდევ მივუბრუნდები, მანამდე კი მოვყვები, მე როგორ ვხედავ ქუჩის აქციებს. რაღაც ხნის წინ ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ასეთ აქციაზე ვიყავი. წავედი, მიუხედავად იმისა, რომ აქციების მიმართ მაშინაც და ახლაც სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. იმ აქციამაც დამიდასტურა, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. აქცია ჩვეულებრივად წარიმართა – ვიღაცებმა მეგაფონში იყვირეს და დავიშალეთ. აქციისშემდგომი ბლოგპოსტები და კომენტარები სავსე იყო თვითტკბობით – ეს რა გავაკეთეთ, როგორ “გამოვიღვიძეთ”, რა მეამბოხეები ვართ, რა მაგრები ვართ… ისეთი ეიფორია იყო, გეგონებოდა, აქამდე არნახული რამე გააკეთეს ან ცხოვრებაში პირველად გაუწიეს წინააღმდეგობა რაღაცას. უფროსი თაობის შექებამ და უცებ დამეგობრება-ჩასასტავებამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეასხა ფრთა მათ აღტაცებას.

აღნიშნულ აქციას თავისთავად არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, ის პრობლემა რაც არსებობდა, ისევე დარჩა, როგორც იყო. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! ეს ფაქტი თვითტკბობას სულაც არ ანელებდა. მიზანი პრობლემის მოგვარება კი არა, თავად აქცია იყო. მთავარია, როლი კარგად შეასრულო, მეგაფონში იყვირო, მკერდში მჯიღი იბრაგუნო… ასე მეამბოხის სტატუსსაც მიიღებ და უფროსი თაობაც გაღიარებს. მეტი რაღაა საჭირო კმაყოფილებისთვის?

ახალგაზრდებს მოუწოდებენ, “მამების” თაობას დაუპირისპირდნენ; ქუჩის აქციებსა და პროტესტსაც ამ ბრძოლის ნაწილად მოიაზრებენ. მაგრამ აბა გავიხსენოთ, რას აკეთებს “მამების” თაობა – 20 (?) წლის განმავლობაში ქუჩის აქციებს მართავს. ამ აქციებისთვის დამახასიათებელია სწორედ ისეთივე ირაციონალიზმი, ისეთივე მეგაფონში ყვირილი, ისეთივე მკერდში მჯიღის ცემა და ალბათ ისეთივე თვითტკბობა, როგორიც მე ზემოთ აღვწერე. ამ კომედიის სახე შალვა ნათელაშვილია – აი, როგორ გამოთქვამს პროტესტს ქუჩაში. ამერიკაში. სად არის ან პრობლემა, ან მიზანი, ან შედეგი? მაგრამ ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ აქცია იმართება.

მე ვბრაზდები, როცა უფროსი თაობის წარმომადგენელი მომიწოდებს, ქუჩაში გამოვიდე და “გავაპროტესტო”. ჩემს თვალში იგი სწორედ ის “მამაა”, რომელიც თავისი სულელური ტრადიციის გაგრძელებას მთხოვს.  ჯერჯერობით ეს ერთ-ერთი იშვიათი რამეა, რაშიც ჩემი თაობა “მამების” ტრადიციას არ აგრძელებს. მაგრამ როგორც ჩანს,  “მამებს” არც ამის დათმობა უნდათ.

მე უარს ვამბობ ირაციონალიზმზე და ქუჩის აქციებზე. ისინი პრობლემებს ვერ აგვარებს.

Advertisements

18 responses »

  1. აწმყოზე, ჩვენი თანამედროვეების ბაქიბუქზე გეთანხმები. მაგრა აქცია საჭიროა, ჩემი აზრით. აქცია, პროტესტი და არა “აქცია”.

  2. აბსოლუტურად გეთანხმები. ყველა აქცია საქართველოში “აქციისთვის” კეთდება და არა რეალურად პრობლემების მოგვარებისთვის.
    იმ ადამიანებს კი, ვინც იქ მიდიან, ჰგონიათ რაც უფრო ხმამაღლა და პათეტიკური ტონით იყვირებენ, უკეთესია. სინამდვილეში მრჩება ისეთი შთაბეჭდილება რომ პრობლემები მათთვისს უკანა პლანზეა და მთავარია გამოჩნდნენ რომ “აი ყვირიან”, აი “პროტესტი აქვთ”, აი “არ არიან კონფორმისტები”.
    ჩემი აზრით ისინი უბრალოდ მოცლილი ადამიანები არიან, რომლებსაც სულ არ უნდათ პრობლემების მოგვარება (მერე გასაპროტესტებელი აღარაფერი ენებათ) და იმის ნაცვლად რომ საკუთარი თავიდან დაიწყონ ცვლილებები, მხოლოდ ყვირიან ისტერიულად. ეს არ არის პროტესტი, ეს არის რაღაც

    • შეიძლება უნდათ კიდეც მოგვარება, მაგრამ არ იციან როგორ უნდა მოაგვარონ… საბოლოო ჯამში მაინც მხოლოდ ემოციების ფრქვევა და “აქცია აქციისთვის” გამოდის.

  3. რაიმეთი ბაქიბუქობა ახალი მოვლენა არაა ჩვენში და ეგ არამარტო აქციას, არამედ ყველაფერს ეხება. ჩვენთან ადამიანი ყველაფრით ტრაბახობს. ეს გავიარეთ.
    რაც შეეხება აქციებს, გასაგებია, რომ შენ იმ ტიპის აქციებს გულისხმობ, როგორებსაც აქ აწყობენ, მაგრამ რატომ აზოგადებ? ქუჩის აქციებია ზუსტად, მსოფლიოს რომ ცვლის.
    ხოდა “მძინარე თაობა” რომ ვართ, მაგასაც არ გაუვა წყალი და ნურავის ნუ გეწყინებათ, ასე რომ გიწოდებენ. არა, იმიტომ არა, რომ “მამებს” არ ვბაძავთ და ბურჯანაძის აქციებზე არ დავდივართ. ეს იმიტომ, რომ პროტესტის არანაირი გრძნობა არ გაგვაჩნია და მართლა დიდი კონფორმისტები ვართ. არც სოლიდარობის, არც უსამართლობის შეგრძნება არ გვაქვს. გულახდილები ვიყოთ, ხომ ბევრჯერ გიფიქრიათ უმრავლესობას, მე ვიყო კარგად და დანარჩენებს კისერიც უტეხიათო?

    • გეთანხმები იმაში, რომ ეგოიზმი და სოლიდარობის ნაკლებობა ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. მაგრამ ამას ქუჩის აქციების თემასთან არ ვაკავშირებ 🙂

      • მერე მაგ ყველაფერს პროტესტის გრძნობის არქონამდე მივყავართ. ასე რომ, სწორედ ქუჩის აქციებთანაა კავშირში.
        ხშირად ჟღერს ხოლმე ეს ციტატა დღეს და გავიმეორებ მეც
        ” გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ მომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ.კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო.”

        • პროტესტი ჩემთვის უაზრო ყვირილთან არ ასოცირდება. თუ პოზიციის გამოხატვა გინდა, ეგ სხვანაირადაც შეიძლება.

  4. აქციის ჩატარება არ არის ტრადიცია, აქცია არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, სამოქალაქო აქტივობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

    აქციოფობია უფრო 2003 წლის მერე დამკვიდრებული ფენომენი მგონია, ვითომდა გვქონდა რევოლუცია და ვითომ ახალ ეტაპზე გადადის საქართველო და აქციები არ სჭირდება. დღემდე საქართველოში რა აქციებიც ტარდება, უმეტესობას ყავს ლიდერები და პოლიტიკური პარტიების ინტერესებში შედის და იმიტომ არ გამოსდით არაფერი. როდესაც ხალხის უმეტესობის მოთხოვნები იქნება რეპრეზენტირებული აქციაზე, მას შედეგის მოტანა შეუძლია.

    • ტრადიციაც არის, ხატია. გააჩნია, რა კუთხით შეხედავ :))
      თუ გამოხატვის და მოქმედების ფორმები არ იცვლება, მე შემადგენლობის ცვლილებაში აზრს ვერ ვხედავ. ამ კუთხით აზრი ძველი თაობის ახლით ჩანაცვლებასაც არა აქვს. გამოდის, რომ ახალი თაობა ტრადიციას გააგრძელებს.

      ისე, კარგი იქნება თუ თქვენს მშობლებს გამოკითხავთ, 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში რა ხდებოდა (წესით, უნდა დაადასტურონ ის, რაც ჩემი მშობლებისგან ვიცი – აქციებით და მიტინგებით “იმართებოდა” ქვეყანა). მერე აქციოფობიას მარტო 2003 წლის შემდგომ მოვლენებს არ დაუკავშირებთ…

      • რაიმე ქცევის ტრადიციად ქცევას ათწლეულები სჭირდება. შემდეგ, გამოხატვის ფუნდამენტური ფორმა, რევოლუციის/სახალხო ამბოხის უფლებაც საუკუნეების წინ მივიღეთ და ამის წართმევის სურვილი იმედია არ გაქვთ. თანაც აქციას ფორმა ეცვლება, აღარ არის იმდენად ძალადობრივი, კულტურა შეიცვალა და ამან მის ეფექტურობაზე ცოტათი უფრო ცუდად იმოქმედა, რადგან ყვავილებით ,,შეიარაღებული” ახალგაზრდების აღარ ეშინიათ. არც კალაშნიკოვებია საჭირო, ეს ისე.

        მშობლებისთვის კითხვა არ მჭირდება, კარგად ვიცნობ ამ პერიოდს. 1989 წლის 9 აპრილს რომ ადამიანები დაიხოცნენ, ისიც ტრადიციის გაგრძელება იყო? არანაირად, აქციები რომ არ იმართებოდა საბჭოთა კავშირში, ამას არ სჭირდება ახსნა იმედია. უამრავმა აქციებმა მოიტანა ბევრი ფუნდამენტური ცვლილება. მაგალითების ჩამოთვლა თუ გსურთ არ დავიზარებ, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემაში პარიზში 1968 წლის გამოსვლების შედეგად შეტანილი ცვლილებებიც საკმარისია იმედია. ეს ყველაზე ნათელი და ცოტა ოდიოზური მაგალითიცაა:)

      • თანაც, თაიმსის წლის ადამიანი როცა პროტესტერი ხდება, რატომ გაგიჩნდათ ასეთი პოსტის დაწერის სურვილი ვერ ვხვდები. პროტესტების წელია და რამდენ ქვეყანაში მთავრობის დამხობით დამთავრდა:)

        • არა მგონია, აქაური სტუდენტების მიზანი მთავრობის დამხობა იყოს :დ
          თუმცა, ვისაც აქვს ეგ სურვილი და მაგისთვის მართავს აქციებს, ისიც ვერ აღწევს მიზანს. ასე რომ, კვლავ ირაციონალიზმი გვრჩება ხელთ.

          • კი ბევრს აქვს სხვათაშორის და არ ამბობენ.

            ახლა საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებების იმედი არავის აქვს რეალურად. ამიტომ როგორც რიგითი ლაბორატორიელი (http://www.facebook.com/laboratory1918) (ალბათ ჩვენ აქციაზე იყავი, რასაც უამრავი მაქებარი სტატია მოყვა რეალურად, იმიტომ რომ ვაშა მინისტრს გაუბედეს ტრანსფარანტებიო და არა რამდენს მიაღწიესო) გეუბნები (იყოს შენობით) რომ სიტუაციის შესაფერისად ვცდილობთ ვიაზროვნოთ. 3 ოქტომბერს რომ გვქონდა ის აქცია, როგორც დაგეგმილი იყო ისე ჩატარდა, გვინდოდა პირველკურსელებს ენახათ რომ ატყუებდა მინისტრი, როცა ეუბნებოდა მათ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარეთო. მინისტრი რომ არ გადადგებოდა ვიცოდით ეს. ხოდა, რეალურად ამ პირობებში და ამ განწყობებით პროტესტების მიმართ, ჯერ კიდევ მინიმალურის მიღწევა შეიძლება. მაგრამ, რაც მთავარია შედეგი არის. თვითმმართველობაც კი მოდის ინიციატივებზე, იქნებ დაგვამშვიდონ. ასე რომ, რავიცი. ზოგადი დამოკიდებულება თუ გაქვს აქციებზე ასეთი, მაგას მე ვერ შევცვლი ალბათ. 2011 წელი მთლიანობაში სამოქალაქო აქტივობის პიკი იყო :>

            • მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე არ ვყოფილვარ, სხვაზე ვიყავი. თუმცა, არა მგონია, ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან აქციები ერთი ტიპისაა.

  5. ,,მე ვბრაზდები, როცა უფროსი თაობის წარმომადგენელი მომიწოდებს, ქუჩაში გამოვიდე და “გავაპროტესტო”. ჩემს თვალში იგი სწორედ ის “მამაა”, რომელიც თავისი სულელური ტრადიციის გაგრძელებას მთხოვს. ჯერჯერობით ეს ერთ-ერთი იშვიათი რამეა, რაშიც ჩემი თაობა “მამების” ტრადიციას არ აგრძელებს. მაგრამ როგორც ჩანს, ”მამებს” არც ამის დათმობა უნდათ.” – ხო, სანამ შენ თვითონ არ გაგიჩნდება პროტესტის გრძნობა მანამდე არაფერი გამოვა : ))

    • რა აბსურდია პროტესტის გრძნობის და აქციებზე სიარულის გაიგივება :))

  6. ჩვენი ქვეყანაა ტრაკში (ბოდიში) თორემ პროტესტს უნდა ქონდეს შედეგი. ჩვენთან საერთოდ არაფერს არ აქვს შედეგი, არც პოსტის წერას, არც აქციას, არც თავის დაწვას და საერთოდ ასე თუ ვიფიქრეთ დაგვერხა და ეგაა. ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, რომ გამოვასწოროთ მამების ჩასვრილი საქმე. აქციაზეც უნდა ვიაროთ (ნუ შალვას მსგავს აქციებზე არა), პოსტებიც უნდა ვწეროთ, უნდა ვისწავლოთ უფრო მეტი და იქნებ რამე ეშველოს ქვეყანას. ჩვენი თაობა თუ ჩავარდება საქართველო ვეღარასოდეს გამოსწორდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s