ფემინიზმი და სილამაზე

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერა გიორგი ძნელაძის სტატიამ გადამაწყვეტინა. ავტორი სილამაზის კონკურსებისა და მათთან დაკავშირებული სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებს, ამხელს მათ სექსისტურობას. ყოველივე ამაში გიორგის მეც ვეთანხმები, სილამაზის კონკურსი მართლაც პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მახინჯი მოვლენაა, მართლაც უწყობს ხელს ქალის ობიექტივაციას და მამაკაცთა სურვილებსა თუ გემოვნებაზე დაქვემდებარებას. ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ სილამაზე იყო მამაკაცების მიერ ქალისთვის ”მიგდებული” ერთადერთი სფერო (?), რომლის წყალობითაც მას საზოგადოებრივ ასპარეზზე გარკვეული წარმატების მიღწევა შეეძლო. მაგრამ თვით ამ სფეროშიც კი მკაცრი და მამაკაცზე ორიენტირებული სტანდარტები იყო გაბატონებული.

თუმცა თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, თუ როგორ აზრებს და რეაქციებს ბადებს ხანდახან მსგავსი სტატიები, ან ზოგადად, იდეები. ანტიფემინისტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საბაბი, განაცხადონ, რასაც ისედაც დიდი ენთუზიაზმით აცხადებენ ხოლმე – ფემინისტები მხოლოდ მახინჯი ქალები არიანო. მათი თქმით, ფემინიზმი თავშესაფარია ისეთი ქალებისთვის, რომლებმაც მამაკაცებს თავი ვერ მოაწონეს, ესე იგი, ”მახინჯებისთვის”.  თავის მხრივ, ასეთი განცხადებები ფემინისტებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განუმტკიცებს რწმენას სილამაზის კონკურსებისა და სხვა მისთანათა სექსისტურობაზე. აქ ამაზე აღარ განვავრცობ და ფემინისტურ მოსაზრებებზე არსებულ რეაქციებს დავუბრუნდები. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის გვესმის, რომ ფემინისტები ”მახინჯები” არიან; ზოგმა ადამიანმა შეიძლება ასეც შენიშნოს და იკითხოს, ფემინიზმი ესთეტიკას ხომ არ უპირისპირდებაო.

სწორედ ამ საკითხზე მინდა ვისაუბრო – ესე იგი, ფემინიზმის და ზოგადად სილამაზის იდეის ან ფემინიზმისა და ქალის სილამაზის ურთიერთდამოკიდებულებაზე. სწორი შთაბეჭდილება უჩნდებათ ამ ადამიანებს? მართლაც უპირისპირდება ფემინიზმი სილამაზის იდეას ან უარყოფს ქალის სილამაზეს? ნუთუ ფემინიზმისთვის სილამაზე ღირებული არ არის ან არ უნდა იყოს? რა უნდათ საერთოდ ამ ფემინისტებს?

Freja Beha

იქნებ ფემინისტების სურვილი ისაა, რომ ქალებმა პირდაუბანელებმა ან ტომარაგადაცმულებმა იარონ? მაგრამ არა, როგორც ცნობილია, ქალის ჩადრის, ბურკის და სხვა მსგავსი შესამოსლების ქვეშ დამალვა ფემინისტებს ისევე (ან უფრო მეტადაც) აღაშფოთებთ, როგორც ვთქვათ, სილამაზის კონკურსზე ბიკინებში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ქალი. მაშ რა უნდათ, თუ არც ერთი მოსწონთ და არც მეორე? ამის პასუხი შემდეგია: ფემინისტებს უნდათ, ქალი თვითონ ფლობდეს და განაგებდეს თავის სხეულს, შესაბამისად, თავის სილამაზეს და სექსუალობასაც. ჩადრიც და სილამაზის კონკურსიც იმიტომ არის მათთვის მიუღებელი, რომ  არც ერთ შემთხვევაში ქალი არ არის საკუთარი სხეულისა და სილამაზის განმკარგველი, არამედ ორივე შემთხვევაში ის ემორჩილება სხვის (მამაკაცის) მოთხოვნებს ან/და თავსმოხვეულ სილამაზის სტანდარტებს.

თუ მაინცდამაინც ამ უაზრო და ”დაშტამპულ” სილამაზის კონკურსებს მივაჩერდებით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ უიმედო მდგომარეობაა და ქალები ვერაფრით ვერ თავისუფლდებიან ხსენებული თავსმოხვეული სილამაზის სტანდარტებისგან. მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა. ვინც მოდის ინდუსტრიაში ასე თუ ისე ჩახედულია, მან იცის, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც სამოდელო ბიზნესში გამოჩნდნენ გოგონები… ასე ვთქვათ, ანდროგინული გარეგნობისა და სტილის მქონე გოგონები, რომლებიც სულაც არ ჰგვანან სილამაზის კონკურსების ”დაშტამპულ” მონაწილეებს. ვფიქრობ, ისინი მართლაც ფლობენ საკუთარ სილამაზესა და სექსუალობას, ისინი არ ”ყიდიან” საკუთარ თავს მამაკაცებზე – თავისუფალნი არიან მოჭარბებული ფემინურობის, კეკლუცობის, ქარაფშუტობისა თუ ვულგარულობისგან.

ხსენებულ მოდელთა ლიდერად, ვფიქრობ, 22 წლის დანიელი გოგო, ფრეია ბეჰა (Freja Beha Erichsen) უნდა ჩაითვალოს. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ფრეია ცნობილია, როგორც ლესბოსელი და სასიყვარულო ურთიერთობები თავის კოლეგა-მოდელებთანაც ჰქონია. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, მასთან თანამშრომლობენ Chanel, Gucci, Burberry, Alexander Wang, Prada, Balmain, Balenciaga და ბევრი სხვა, მონაწილეობას იღებს უამრავ სარეკლამო კამპანიაში, ფოტოგადაღებებში… არანაკლებ ცნობილნი და პოპულარულნი არიან სხვა მოდელებიც: Kasia Struss, Irina Lazareanu, Agyness Deyn, Saskia de Brauw… ხსენებული მოდელების წარმატებულობას თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამედროვე მოდის ტენდენციები. ცხადია, თანამედროვე ანდროგინულ სამოსს ვინმე თვალებფახულა, ტუჩებგაბუსხულ თუ ხელოვნურად გაბერილმკერდიან გოგოს ვერ ჩააცვამ. მას ეს უბრალოდ არ მოუხდება.

დაბოლოს, არ შეიძლება არ ვახსენო კოკო შანელიც, რომელიც მოდისა და სილამაზის ისტორიაში რევოლუციური ფიგურა იყო. შანელი სისადავესა და ორიგინალობას ქადაგებდა და ებრძოდა ვულგარულობას. იგი ამბობდა (ბოდიშს ვიხდი უხეში თარგმანისთვის): ”მე ფუფუნება (luxury) მიყვარს. ფუფუნება მდიდრულობას და მორთულ-მოკაზმულობას კი არ ნიშნავს, არამედ ვულგარულობის არარსებობას. ვულგარულობა ამქვეყნად ყველაზე საძაგელი რამაა და მეც სწორედ იმისთვის ვიღწვი, რომ აღმოვფხვრა ის”.

ერთი კომენტარი »

  1. აია, სრულიად გეთანხმები.

  2. კარგი პოსტია..მომეწონა…განსაკუთრები ბოლო აბზაცს გავუსვამ ხაზს…”ვულგარულობა ამქვეყნად ყველაზე საძაგელი რამაა და მეც სწორედ იმისთვის ვიღწვი, რომ აღმოვფხვრა ის”…მეც ვერ ვიტან!

  3. ‘მამაკაცებისთვის მოსაწონი სილამაზე’ და ვულგარულობა სინონიმები არაა. ‘მამაკაცების დიდი ნაწილისთვის მოსაწონი სილამაზე’ და ვულგარულობა – შეიძლება.
    ქალები ნამდვილად თვითონ უნდა განაგებდნენ, როგორ დაინახავენ ქალის სილამაზეს, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის, ბიკინის და შესამჩნევი ზომის მკერდის ავტომატურად ვულგარულობასთან და ‘მხოლოდ მამაკაცების ხედვასთან’ გაიგივება ფემინისტების ისეთივე შეცდომაა, როგორც სხვა ‘..სტი’ ჯგუფების სტერეოტიპული ხედვის შეცდომები.

    • მანდ ჩამოთვლილებს ავტომატურად ვულგარულად არც მივიჩნევ 🙂 საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები, სტილი და ა.შ, რაც მამაკაცებში პოპულარულია. ქალების ნაწილი ტყავიდან ძვრება, რომ მათ მაქსიმალურად მოერგოს. ეს არის მიუღებელი.

      • ეგ ქალები მაგას ყურადღებისთვის (=საკუთარი თავისთვის) აკეთებენ, ანუ შეგნებულად და რასაც ადამიანი შეგნებულად აკეთებს, იმის კეთებიდან გადარწმუნება იმის თქმით რომ “შენ არ იცი რომ ეს ცუდია, აი მე ვიცი და დამიჯერე რომ მიუღებელია”, სიტუაციის არაადექვატურია.
        ქალები, რომლებისთვისაც მამაკაცური აღტაცების მოპოვება სულერთია, მაგ სტანდარტებს ყურადღებას არ აქცევენ. ქალები, რომლებიც თვლიან, რომ თავს ქალად მაშინ იგრძნობენ, როდესაც მამაკაცური აღტაცების ადრესატი იქნებიან – აქცევენ. ვერავითარ პრობლემას აქ ვერ ვხედავ, ფემინისტების მორიგი სტერეოტიპული დოგმის გარდა.

        • პატრიარქალურ კულტურაში ასეა – ქალი არ არსებობს თავისთავად, ქალი არსებობს მხოლოდ მამაკაცთან მიმართებაში და ამიტომ მისთვის “მამაკაცური აღტაცება” გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. ხოლო ეს “აღტაცება” რომ მოიპოვოს, უნდა იყოს აუცილებლად ასეთი და ასეთი, და არა სხვანაირი. თუ ქალი სხვანაირია თავისი გარეგნობით, ქცევით და ა.შ., მაშინ მას მიეკერება უამრავი იარლიყი, მაგალითად – მახინჯი, არასექსუალური, წარუმატებელი, პრეტენზიული… აგრეთვე სხვადასხვა უფრო უხეში სიტყვებიც, რომლებსაც არ ჩამოვთვლი. ასეთი ტიპის “დახასიათებები” ძალიან გავრცელებულია მამაკაცებში, მასობრივად იმეორებს მედიაც.
          მე ვთვლი, რომ ასეთი თავსმოხვეული სტანდარტები კლავს ქალის ბუნებრიობას, შემოქმედებით პოტენციალს, ესთეტიკურ ხედვას…
          გარდა ამისა, პოსტში ამაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ რამდენადაც მკაცრია კულტურა ქალის გარეგნული იერის მიმართ, იმდენადვე შემწყნარებლურია ამ მხრივ მამაკაცის მიმართ. მამაკაცის მიმართ მოთხოვნები მინიმალურია, მათ არ მოეთხოვებათ, რომ “ლამაზები” იყვნენ. ამ შემთხვევაში რატომღაც არავის ახსენდება, ესთეტიკა და სილამაზე ღირებულება რომ არის :დ

          • პატრიარქალური კულტურის რეაქცია ქალის ქცევაზე სხვა თემაა, მანდ შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ ის, რომ თვითონ “მამაკაცური აღტაცებისთვის” საჭირო სტანდარტებია მიუღებელი, არასწორი მიდგომაა. როგორც ქალის ხასიათში დევს ბუნებრივად გარკვეული წინაპირობების მიმართ დაქვემდებარება და მათზე რეაქცია, ისევეა მამაკაცის ხასიათის შემთხვევაში – კაცები “პწიჩკებით” არ ნიშნავენ ქალს რა უნდა ქონდეს, გენეტიკაში უდევთ ქალის კარგ (მათი წარმოდგენით) გარეგნობაზე დადებითი რეაქცია.

            • პოსტში სპეციალურად მაქვს მოყვანილი “არასტანდარტული” სილამაზის მაგალითები. შენ როგორ ფიქრობ, თუნდაც ეს მოდელები უშნოები და ასექსუალურები არიან და არავისგან არანაირ აღტაცებას არ იმსახურებენ?

              პ.ს. გენეტიკის ნაკლებად მჯერა 🙂

              • უშნოები არა, ასექსუალურები – კი.
                გენეტიკის შეიძლება ნაკლებად გჯეროდეს, მაგრამ საპირისპირო სქესთან დაკავშირებით ბუნებრივი მამაკაცური/ქალური რეაქციები ფაქტობრივი ამბავია, თავისთავადი.

                • უშნოები არა, ასექსუალურები – კი.<<<< ვერ დაგეთანხმები.

                  • ჰო, იმიტომ რომ სექსუალობის აღქმის შენს რეცეპტორებზე სხვა მომენტები ზემოქმედებს ) მაგაზე მქონდა ლაპარაკი – მე კი არ ამირჩევია რომ ეგ გოგოები ასექსუალურები არიან, უბრალოდ ეგრეა ჩემთვის, ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ დონეზე.

  4. აი, ხომ ხედავ, გენეტიკაზე რაც დაიწყე ლაპარაკი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება შენი ტექსტები 🙂 “ბუნებრივი მამაკაცური/ქალური რეაქციები”, “სექსუალობის აღქმის ქალური და კაცური რეცეპტორები” <<< რაებია ესენი? 🙂
    გენი კი არა, დამკვიდრებული ტრადიცია და სტანდარტები გკარნახობს.

    • რომელი ტრადიცია, გრძელ ფეხზე გული რომ მიჩქარდება, სადმეა გაწერილი? ))

  5. რა საინტერესო ბლოგი აღმომიჩენია 🙂
    გიორგის რაღაცებში არ ვეთანხმები, თუნდაც იმაში, რომ პარამეტრები 90-60 -90 კაცების მიერ დადგენილი სილამაზის სტანდარტია. მამაკაცების უმეტესობას უფრო ხორცსავსე ქალები მოსწონს, მაშინ როცა ქალები სულ წონაში დაკლებაზე ფიქრობენ და უნდათ უფრო გამხდრები იყვნენ. კაცების “ბრალს” აქ ვერ ვხედავ :დ ამ შემთხვევაში თვითონ ქალები იქმნიან რაღაც მცდარ სტერეოტიპებს სილამაზის კრიტერიუმების შესახებ. არც იმაში ვეთანხმები, რომ პოდიუმზე ქალი ნივთია :/ მაგ ლოგიკით ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, სადაც წარმოჩენილია ქალის სილამაზე, სექსისტურია. ხო კიდევ: რა სჯობია იმას თუ ადამიანი სხვებში აღტაცებას იწვევს? რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ სასიამოვნოა როცა სხვებს მოსწონხარ. მე პირადად ძალიან მომწონს, როცა კაცები ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და ცდილობენ თავი მომაწონონ :დ

    • კეთილი იყოს შენი მობრძანება 🙂
      ჩემი აზრით, ორი სტანდარტი არსებობს – ერთია სიგამხდრე და მეორეა ე.წ. ქალური ფორმები. შესაბამისად, ზოგი ცდილობს გახდეს და ზოგი კი ხელოვნურად იზრდის სხეულის ნაწილებს. მაგრამ მე მგონი, პირველი უფრო გავრცელებულია.
      ვერ იტყვი, რომ მამაკაცების დაკვეთა არ არის გამხდარი ქალები. თუნდაც საქართველოში – ცნობილია, რომ მდიდარი და გავლენიანი მამაკაცები სამოდელო სააგენტოებში ეძებენ საცოლეებს. როგორც კარგ მანქანას ან რამე ნივთს ყიდულობენ საზოგადოებაში თავმოსაწონებლად და პრესტიჟის გულისთვის, ისე ყიდულობენ ამ შემთხვევაში ლამაზ ქალს (ცოლს).

Leave a reply to jijgina კომენტარის გაუქმება