Monthly Archives: მაისი 2011

რა შევიძინე წიგნის ფესტივალზე :)

სტანდარტული

მაშ ასე, სია:

  • ”ვიკინგები” – სიგრიდ უნსეტი
  • ”ამბერის ქრონიკების” პირველი ორი წიგნი – როჯერ ზელაზნი
  • ”ბაბუაწვერას ღვინო” – რეი ბრედბერი
  • ”რეკვიემი მონაზონისთვის” – ალბერ კამიუ
  • ”პორტუგალიის იმპერატორი” – სელმა ლაგერლეფი
  • Fictions – ხორხე ლუის ბორხესი
  • ”აგვისტოს ნათელი” – უილიამ ფოლკნერი
  • ”ძმები კარამაზოვები” – ფიოდორ დოსტოევსკი

სკარლეტი თუ ლოლა?

სტანდარტული

მერე რა რომ ”ქარწაღებულნი” 1939 წელს გამოვიდა ამერიკაში, ”გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” კი 1998 წელს გერმანიაში; მერე რა რომ ფილმებში სულ სხვადასხვა ეპოქებია ასახული… დროისა თუ სივრცის მიუხედავად ადამიანებს აქვთ პრობლემები და ცდილობენ მათ მოგვარებას, აქვთ მიზნები და ცდილობენ მათ მიღწევას. ეს პოსტი სწორედ ზემოხსენებული ფილმების მთავარ გმირებს და მათ მიზნებს შეეხება.

სკარლეტი მაგარი გოგოა, არაფრის არ ეშინია, ომისგან განადგურებულ, დაქცეულ ოჯახს და საკუთარ თავსაც ფეხზე დააყენებს. თავისი მიზნების მისაღწევად არ ერიდება სხვადასხვა წესების დარღვევას, ”ქალისთვის შეუფერებელ საქმიანობას”, რეპუტაციის შელახვას; მეტიც, არც ამორალურ ქცევაზე იხევს უკან – თუ საჭიროდ მიიჩნევს, სხვის გრძნობებსაც არას დაგიდევთ. ასეთი ქმედებების წყალობით იგი იმარჯვებს და წარმატებული, მდიდარი და ძლევამოსილი შეიქნება :), განსხვავებით იმათგან ვინც წესების ზედმიწევნით მიმდევარი და აბსტრაქტული ღირსების დამცველი იყო. ასეთი ადამიანია მაგალითად ეშლი უილკსი – იგი ვერ ადაპტირდება ახალ სამყაროსთან, სუსტია და კვდომისთვის განწირული… მხოლოდ სკარლეტისნაირების ქველმოქმედება თუ იხსნის. სკარლეტი კი აშკარად კლასიკური ლიბერალიზმის/ნეოლიბერალიზმის იდეალია – ძლიერი, აქტიური, უშიშარი და მოქნილი ადამიანი, რომელიც თვითონ უზრუნველყოფს თავის გადარჩენას.

ლოლას შემთხვევაში აქცენტი რომელიმე ეკონომიკურ წყობაზე არ კეთდება, მაგრამ მორალის თემა აქაც აქტუალურია. თავისებურად ლოლაც მაგარი გოგოა. აბა რა, ამბიცია აქვს 20 წუთში 100 000 მარკა იშოვოს. თანაც, ბევრს დარბის. 🙂 ლოლა ვიდეოთამაშის გმირია, რომელსაც ”ლეველის” გასავლელად 100 000 მარკის შოვნა ევალება, მაგრამ ის მხოლოდ მესამე ცდაზე ახერხებს მოგებას და თამაშის სწორად დასრულებას. ლოლა სწორედ მაშინ იგებს, როცა ის მორალურად იქცევა – როცა ცდილობს, სირბილისას არავის დაეჯახოს, არავის ძარცვავს, არავის კლავს… ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ სკარლეტს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ლოლა კი მაშინ იგებს, როცა სასოწარკვეთილი ღმერთს სთხოვს დახმარებას.

ჩემი აზრით, ორივე ფილმი შთამბეჭდავია და ორივე პერსონაჟი თავისებურად მომხიბლავი, მაგრამ მაინც რომელია უფრო სწორი? ვის უწერია გამარჯვება რეალურად – მოქნილ და მორალზე თვალის დამხუჭავ სკარლეტს თუ ლოლას, რომელიც ბოლოს იმდენად ”წესიერია”, რომ გზაშიც კი არავის ეჯახება? საკითხავი აი, ეს არის. 🙂