Monthly Archives: მარტი 2011

დისნეი: მტვრის გადაწმენდიდან ბიზნესვუმენობამდე

სტანდარტული

ყოველთვის მიყვარდა ”დისნეის” მულტფილმები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც პრინცებზე და პრინცესებზეა. ამ პოსტშიც სწორედ მათზე ვისაუბრებ.  ”დისნეის” პირველი ასეთი მულტფილმი – ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა” – 1937 წელს გამოვიდა, ბოლო – ”დახლართული” (Tangled) – კი 2010 წელს. სხვაობა 73 წელს შეადგენს. საინტერესოა როგორ იცვლებოდნენ ამ ხნის განმავლობაში პრინცესები და როგორ წარმოუდგენდა ”დისნეი” ბავშვებს (და არა მარტო მათ) იდეალურ გოგონას? პრინცესა ხომ იდეალური გოგონას განსახიერებაა…

არის თვისებები, რომლებიც ყველა პრინცესისთვის ან უმეტესობა მათგანისთვის საერთოა, მაგალითად – ყველა კეთილია, ლამაზი, უყვარს სხვების დახმარება და ცხოველები; ყველა ცდილობს გაუმკლავდეს რაღაც პრობლემებს, უპირისპირდება უფროს თაობას/მშობლებს… რაც შეეხება განსხვავებებს – შეიძლება გამოვყოთ პრინცესათა სამი კატეგორია:

  1. პრინცესები, რომლებიც პასიურად ელიან პრინცს;
  2. პრინცესები, რომლებიც აქტიურად ეძიებენ პრინცს;
  3. პრინცესები, რომლებიც თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი და პრინცს ”უბრალოდ” გზაში ხვდებიან.

”პასიური” პრინცესები გვხვდება 1937-1959 წლებში გადაღებულ ანიმაციებში. ესენია ფიფქია, კონკია და ავრორა/როუზი. ეს პრინცესები გარემოცულნი არიან ავისმსურველებით – ბოროტი დედინაცვლებით ან ბოროტი ჯადოქრით (ეს უკანასკნელი ავრორას ანუ მძინარე მზეთუნახავის შემთხვევაში), რომლებიც არ აძლევენ მათ საშუალებას ნორმალურად და ბედნიერად იცხოვრონ, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ და ა.შ. მეტიც, ორ შემთხვევაში ისინი საერთოდაც კლავენ/მიაძინებენ საბრალო პრინცესებს. მაგრამ ამ ანიმაციებში არ დგას საკითხი, რომ ამ პრინცესებმა იაქტიურონ და ბოროტებასა და ჩაგვრას როგორმე თავი დააღწიონ. მათი ერთადერთი ხსნა პრინცია – პრინცი მოვა, გადაარჩენს და იხსნის მათ, ბოროტებას განარიდებს. მათი ოცნებები და პრინცის ეს მოლოდინი აისახება მათ სიმღერებშიც. მაგალითად, ფიფქია პირდაპირ მღერის Someday My Prince Will Come-ო. 🙂 რით არიან დაკავებულნი ეს პრინცესები, სანამ პრინცი გამოჩნდება? ძირითადად სახლის დალაგება-წმენდა-რეცხვით, საჭმლის მზადებითა და ცხოველებთან მეგობრობით. 🙂 ამ მხრივ განსაკუთრებით ფიფქია გამოირჩევა – ალბათ გახსოვთ, რომ სისუფთავის დიდი მოყვარულია და საკუთარ მასპინძელ ჯუჯებსაც კი ხელ-პირის დაბანას აიძულებს. არც კონკიასთვისაა უცხო მსგავსი საქმიანობა, თუმცა ეს პერსონაჟი ალბათ სხვაგვარი ვერც იქნება.

”აქტიური” პრინცესები გვხვდება დაახლოებით 1989-1995 წლების ანიმაციებში: არიელი, ბელი, ჟასმინი, პოკაჰონტასი. ეს პრინცესები უკვე აღარ ელიან, როდის მოვა პრინცი და როდის გადაარჩენს მათ, ისინი თავად აქტიურობენ, ცდილობენ გაექცნენ იმ გარემოს, რომელიც ზღუდავს მათ როგორც ქალს და როგორც ადამიანს. ზოგადად, მათ არ აკმაყოფილებთ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ; მათ აინტერესებთ თვითსრულყოფა, შემეცნება, უნდათ რომ ნახონ მსოფლიო და გაიფართოვონ თვალსაწიერი. ბელი წიგნებს კითხულობს; არიელი ხმელეთის მცხოვრებთა ნივთებს აგროვებს; ჟასმინი სახლიდან გარბის, რათა ნახოს როგორია ცხოვრება სასახლის გარეთ; პოკაჰონტასი უცხოტომელს უმეგობრდება. პრინცები აქ კვლავინდებურად აქტუალურია – ოღონდ აქ პრინცესების რჩეული ის ხდება, ვინც მათ შემეცნებაში ეხმარება. მათი სიმღერებიც შემეცნებისკენ სწრაფვას ან მისით ტკბობას გამოხატავს – A Whole New World, Colors of the Wind… პრინცესების აქტიურობა ჩანს იმაშიც, რომ აქ უკვე მაინცდამაინც თავად ისინი აღარ არიან გადასარჩენები; პირიქით, ზოგ შემთხვევაში თვითონ იხსნიან ხოლმე თავიანთ პრინცებს.

”საქმიანი” პრინცესები – 1998-2010 წლები: მულანი, ტიანა, რაპუნცელი. თუ ”აქტიურ” პრინცესათა ოცნებებში პრინცები ჯერ კიდევ ფიგურირებს, ”საქმიანებს” ამაზე ფიქრი აზრადაც არ მოსდით. 🙂 მათ თავიანთი მიზნები და საქმეები აქვთ, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება მძიმე შრომა, საკუთარი თავისთვის ძალის დატანება, რისკზე წასვლა დასჭირდეთ… მაგრამ ისინი უკან არაფერზე იხევენ, რადგან არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისგან დამხსნელი საკუთარი თავის გარდა არავინ ეგულებათ. ამიტომ მულანი ომში მიდის, ტიანა კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს… ამ პრინცესებისთვის აქტუალურია საკუთარი თავის ძიება და საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამის მაგალითად შეიძლებად მულანის ნამღერი Reflection გამოდგეს. ხოლო თუ საქმით გართულ პრინცესებს გზაში ვინმე სიმპათიური, მხიარული ყმაწვილი გადაეყრებათ, ამას რა სჯობსო, უარს არ ამბობენ. 🙂

მეფის სიტყვა vs ხალხის ხმა

სტანდარტული

2010 წელს გადაღებულ ფილმებიდან ეს ორი საუკეთესოებს შორის მოიაზრება. სულ ცოტა ხნის გამართულ დაჯილდოებებზე ისინი არაერთ ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილნი. ერთსაც და მეორესაც საუკეთესო ფილმის ტიტულიც ერგო – ოღონდ ერთს ოსკარი და მეორეს ოქროს გლობუსი. ეს ფილმებია ”მეფის სიტყვა” და ”სოციალური ქსელი”.

”მეფის სიტყვა”

ოსკარი

საუკეთესო ფილმი

საუკეთესო რეჟისორი – ტომ ჰუპერი

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავარ როლში – კოლინ ფერტი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

ოქროს გლობუსი

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავარ როლში – კოლინ ფერტი

 

 

 

რითი ჰგავს ეს ორი ფილმი ერთმანეთს ან რითი გასხვავდება? მაინც რომელია მათ შორის საუკეთესო? რომელს უფრო ეკუთვნოდა წლის ფილმის ტიტული?

ორივე ფილმი ნამდვილ ამბავზე, ისტორიულ მოვლენაზეა დაფუძნებული. ორივე მათგანი კომუნიკაციის, ურთიერთობის პრობლემაზეა. თან ორივე ისეთია, ვისაც თემა არ აინტერესებს, ალბათ მოსაწყენი და უაზროდ გაწელილი მოეჩვენება.

”სოციალური ქსელი”

ოსკარი

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

საუკეთესო ფილმისთვის დაწერილი მუსიკა

საუკეთესო მონტაჟი

ოქროს გლობუსი

საუკეთესო ფილმი-დრამა

საუკეთესო რეჟისორი – დევიდ ფინჩერი

საუკეთესო სცენარი

საუკეთესო ფილმისთვის დაწერილი მუსიკა

 

მეფეს, ჯორჯ VI-ს (თავიდან იორკის ჰერცოგს) მეტყველების დეფექტი აქვს და ვერ ახერხებს ნორმალურად მიმართოს თავის ხალხს რადიოთი. მოვალეობის გრძნობით აღვსილი მეფე ცდილობს გამოასწოროს თავისი ნაკლი, რასაც ბოლოს ახერხებს კიდეც არაპროფესიონალი ლოგოპედის – მეგობრის დახმარების წყალობით. მეფე სიტყვით გამოდის; მეორე მსოფლიო ომის დროს მისი გამოსვლები ხალხს ამხნევებს და წინააღმდეგობის სიმბოლოდაც კი იქცევა.

მარკ ცუკერბერგი ადამიანებთან ურთიერთობისას როგორღაც მოუქნელია, ისე რომ მისდა სამწუხაროდ, შეყვარებულს ვერ ინარჩუნებს. ამას გარდა, მას ჰარვარდის პრესტიჟულ კლუბშიც არ იღებენ და თავს სოციალურად წარუმატებლად მიიჩნევს. მარკს ”ხელში უვარდება” იდეა და იგი ქმნის საიტს, ფეისბუქს. ფილმის ბოლოს მარკი თავის ყოფილ შეყვარებულ ერიკას ფეისბუქზე ”მეგობრობის თხოვნას” უგზავნის. თვით ფეისბუქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მას თავისუფალი სიტყვის და პოლიტიკური რევოლუციების სიმბოლოდაც კი აცხადებენ.

”მეფის სიტყვა” გვაჩვენებს იმას, თუ როგორ იღვწვის ერთი ადამიანი (მეფე) იმისათვის, რომ მილიონობით ადამიანს მიმართოს. ნუთუ მართლა ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს მიმართვები? მხოლოდდამხოლოდ სიმბოლური მმართველის მიმართვები? ბოლოსდაბოლოს ხომ შეიძლებოდა ამის გაკეთებაც ვინმე სხვას აეღო საკუთარ თავზე? რას გვეუბნება ეს ფილმი, რომ სიმბოლური არსებობაც შეიძლება ძნელი იყოს? რომ მნიშვნელოვანია, ეს ერთი სიმბოლო ლაპარაკობდეს და არა დანარჩენი მილიონობით ”არასიმბოლური” ადამიანი?

”სოციალურ ქსელში” ერთ ადამიანს (მარკს) კონტაქტთა მთელი ქსელის შექმნა სჭირდება იმისათვის, რომ მეორე ადამიანს (ერიკას) დაეკონტაქტოს. როგორც ჩანს, ადამიანებს კონტაქტი, ურთიერთობა, ლაპარაკი სწყურიათ, ამიტომაც გახდა ფეისბუქი ასეთი პოპულარული. ხოლო ერთი კონტაქტი, ერთი საუბარი რომ შედგეს, ამისთვის სხვა უამრავი კონტაქტი და საუბარია საჭირო (?). დაბოლოს, ეს კონტაქტები და საუბრები თავისუფლებაა, თავისუფლების მომნიჭებელია და მათი საშუალებით/დახმარებით რევოლუციებიც კი შეიძლება მოხდეს (?).

ჯორჯ VI-ის პრობლემა თავდაჯერებულობის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, მან შიში გადალახა. შიშის გადასალახავად მას თურმე ურთიერთობა – მეგობრობა ესაჭიროებოდა. მარკ ცუკერბერგს კი არც თავდაჯერებულობა აკლია და არც ამბიციები – მას(აც) ”წონიანი” ურთიერთობები აკლია. ფეისბუქის შექმნის შემდეგაც კი იგი მარტოსულია. მაგრამ ეს მხოლოდ მარკის პრობლემა არ არის, ფილმის დანარჩენ პერსონაჟთა ურთიერთობებიც ზედაპირულია. ალბათ ამის გამოც ებღაუჭება მარკი ერიკას ბოლომდე (და თან გზადაგზა საეჭვო მორალით მოქმედებს) – როგორც ჩანს ეს ურთიერთობა ღირდა ამად.

ამ ფილმებს შორის გარკვეულ მსგავსებებს ნამდვილად ვერ უარვყოფთ, მაგრამ ვფიქრობ ის რაც ”სოციალურ ქსელშია” გადმოცემული უფრო თანამედროვე და აქტუალურია, ამიტომაც საუკეთესო ფილმის ტიტულს მე ”სოციალურ ქსელს” მივანიჭებდი და არა ”მეფის სიტყვას”.

P.S. არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო და არ შევადარო ფინალური სცენები. თუ ”მეფის სიტყვის” ფინალი ბანალურია (სიტყვით გამოსვლის შემდეგ მეფე და მისი ოჯახი სასახლესთან შეკრებილ ხალხს ესალმება), ”სოციალური ქსელის” ფინალი ორიგინალურია და ცოტა გულისამაჩუყებელიც კი. თავად ნახეთ 🙂

სწორს გვირჩევს თუ არა ჰერმან ჰესე?

სტანდარტული

ჰერმან ჰესეს ”ტრამალის მგელი” პირველად 1927 წელს, გერმანიაში გამოიცა – ორ მსოფლიო ომს შორის. რომანის მთავარი გმირი ჰარი ჰალერია, შუა ხნის მარგინალი მამაკაცი, რომელიც თავის თავს ტრამალის მგელს უწოდებს.

შეგვიძლია რომანი პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ: ”გამომცემლის წინათქმა”, ”ტრაქტატი ტრამალის მგელზე”, ჰერმინე-ჰერმანთან შეხვედრა და მაგიური თეატრის ეპიზოდი. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაქტატი და მაგიური თეატრია.

”ტრაქტატი ტრამალის მგელზე” არის პატარა ბროშურა, რომელიც ჰარი ჰალერს უვარდება ხელში და სადაც, მისდა გასაოცრად სწორედ მასზეა მოთხრობილი  და მისი პორტრეტია ”დახატული”. ”ტრაქტატში” ფაქტობრივად მოკლედ არის გადმოცემული რომანის მთავარი სათქმელი და იდეა. ”ტრაქტატი” ჰარის ორბუნებოვანი საწყისის აღწერით იწყება – თურმე მასში ერთიანდება მგლური და ადამიანური. ”მგელი” გამოხატავს ჰარის ველურ ინსტინქტებს, ადამიანების და ქვეყნიერების არასრულყოფილებით გამოწვეულ იმედგაცრუებას, ბრაზსა და სიშმაგეს; ”ადამიანი” კი ეტრფის სილამაზეს და ესწრაფვის იდეალებს. აქვე აღნიშნულია, რომ ეს ორი არსება ერთმანეთთან მუდმივ ქიშპშია და ჰარი ჰალერის ტანჯვის მიზეზიც გამხდარა.

მგლის არსი მოგვიანებით კარგადაა ახსნილი ჰერმინეს სიტყვებით:”ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი, იგი ცოტათი ცხოველს ჩამოჰგავს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია”.

ტრამალის მგელი (ანუ ჰარი) ამქვეყნად ყველაფერზე მეტად თავისუფლებას აფასებდა, ახალგაზრდობიდანვე ელტვოდა მას; მიაღწია კიდეც, მაგრამ მეტისმეტად მძიმე გამოდგა ეს თავისუფლება – ჰარი მარტოსული და ქვეყნიერებისგან განმდგარ-გარიყული აღმოჩნდა.

”ტრაქტატში”  საინტერესოა ისიც, რომ თურმე ტრამალის მგელი ”თვითმკვლელთა დასს” მიეკუთვნება. ამგვარ ”თვითმკვლელთა” მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე უბედურებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყონ ფიქრი. მაგრამ ”ტრაქტატი” გვამცნობს, რომ ”თვითმკვლელების უმრავლესობას არ შესწევს უნარი ოდესმე მართლა მოისწრაფოს სიცოცხლე, რადგან შეგნებაში ღრმადა აქვს გამჯდარი, რა დიდი ცოდვაა ეს. მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები სიცოცხლეში კი არა, სიკვდილში ხედავენ ხსნას, ვინაიდან მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, მოსპონ და კვლავ დაუბრუნდნენ პირველსაწყისს, ამიტომაც ჩვენ მათ მაინც თვითმკვლელებად ვთვლით.” მეორე მხრივ ”ტრაქტატი” გვეუბნება, რომ ვინც მართლა სჩადის თვითმკვლელობას, ისინი ძირითადად სულაც არ არიან ხოლმე ”ჭეშმარიტი თვითმკვლელები”.

”ტრაქტატში” ასევე საუბარია ბიურგერობაზე, რაც ჰარი ჰალერს ასე სძულდა და რისგანაც/ვისგანაც იყო იგი განდგომილ-გარიყული. ბიურგერი აღწერილია, როგორც ადამიანის ტიპი, რომელიც ყველაფერში ზომიერებისა და წესრიგის მოყვარულია და ამასვე ეძიებს. ბიურგერისთვის უცხოა უკიდურესი დაცემა და გადაგვარება, მაგრამ ამავე დროს მისთვის უცხოა იდეალებიც; იგი არ ესწრაფვის იდეალს და ცდილობს რაღაც საშუალო იპოვოს. ბიურგერის ყოფა არის ”უნიათო და ნახევრის-ნახევრული”. ვისაც არ აკმაყოფილებს ბიურგერული ცხოვრების წესი და მისწრაფებები, იგი მარტოსული იდეალისტია, ტრამალის მგელია. ბიურგერი სუსტი და მხდალია, მაგრამ ადამიანთა ეს კატეგორია მაინც არ იღუპება და აგრძელებს არსებობას – პარადოქსულად, სწორედ ტრამალის მგლების წყალობით: ისინი თავისდაუნებურად მსახურებენ ბიურგერებს.

ტრამალის მგლის გასაჭირის აღწერის შემდეგ ”ტრაქტატი” (ავტორი) გამოსავალსაც გვთავაზობს – ხსნა იუმორშია, იუმორი უნდა დაუპირისპირდეს ტრამალის მგლისეულ იმედგაცრუებასა და ბრაზს. ”მარტოოდენ იუმორია დიდებული გამოგონება კაცისა, ვინაც შეუბოჭავს თავის მაქსიმალიზმს, ვისაც ლამისაა ტრაგიკული ბედი ხვდომია წილად. იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა. მხოლოდ მას (შესაძლოა კაცობრიობის ამ ყველაზე თვითმყოფადსა და გენიალურ მიღწევას) ძალუძს ქმნა შეუძლებლისა…” ”და თუ ტრამალის მგელი მოახერხებს საკუთარი სულის ჯოჯოხეთიდან გამოწრიტოს ეს ჯადოსნური სასმელი, ხსნის გზაც ეს იქნება მისთვის. მაგრამ საამისოდ მას ბევრი რამ აკლია, თუმცაღა არსებობს ხსნის შესაძლებლობა და იმედი. ვისაც უყვარს ტრამალის მგელი, ვისაც გული შესტკივა მასზე, დაე, ინატროს მისთვის ასეთი ხსნა!” – მოგვიწოდებს კიდეც ავტორი.

კვანძისშემკვრელი ნაწილი რომანის ფინალშია, როდესაც ჰარი მაგიურ თეატრში ხვდება და საკუთარ წარმოსახვა-ფანტაზიებში მოგზაურობს, ასე ვთქვათ საკუთარ თავის სიღრმეში იხედება და სწორედ ასე საბოლოო არჩევანის წინაშე დგება – მან უნდა აირჩიოს, ან მგელი იყოს, ან ადამიანი, ან ორივე ერთად ოღონდ ”იუმორის სხივით მადლცხებული”. ამ საბოლოო გადაწყვეტილებასა თუ გამოსავალზეც ჯერ კიდევ ”ტრაქტატშია” საუბარი. ვხედავთ თეატრში ჰარის – ტრამალის მგელს, რომელიც ხან ბრაზმორეული, დაუნდობლად და სასტიკად ანადგურებს ადამიანებს, ხან კი ადამიანებთან ურთიერთობებითა და მშვენიერი შეგრძნებებით ტკბება. არჩევანის გაკეთებისას იგი მარტო არ არის, რომანში იგი სხვადასხვა დროს ხვდება თავის კერპებს – გოეთეს და მოცარტს. ისინი ”უკვდავთა დასის” წარმომადგენლები არიან, მათ უკვე გაიარეს ის მტანჯველი გზა, რომელსაც ახლა ჰარი ადგას. ”უკვდავთა” მთავარი მახასიათებელი გამყინავი სიცილია, ისინი იცინიან, დასცინიან ჰარის და იმ სერიოზულობას და ბრაზს, რომლითაც იგი უყურებს სამყაროს, მოუწოდებენ მას ”ისწავლოს სიცილი” და ბრაზი იუმორით ჩაანაცვლოს.

ამგვარად ესწრაფვის ჰერმან ჰესე, იხსნას თავისი ტრამალის მგელი, არჩევანის წინაშე აყენებს მას და თხრობასაც ამით ამთავრებს. მაგრამ რამდენად მართალია ის? იუმორი მართლაც ერთადერთი, საუკეთესო და ეფექტური გამოსავალია? ტრამალის მგლის პრობლემა ჩემთვის გასაგებია, თუმცა გამოსავლის მართებულობაში კი ეჭვი მეპარება.