Monthly Archives: თებერვალი 2011

ჰარი პოტერი და სხვა დანაკარგები

სტანდარტული

ფენტეზი ლიტერატურული ჟანრია, რომელიც სიუჟეტში მაგიას ან სხვა ზებუნებრივ მოვლენებს რთავს. ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებში ავტორები ხშირად  სრულიად ახალ, განსხვავებულ, მაგიურ სამყაროს და რეალობას ქმნიან ხოლმე. ფენტეზი ზღაპრებსა და მითებს ეყრდნობა და მათით იკვებება, შესაბამისად, ჰგავს კიდეც ზღაპარს; მაგრამ ზღაპარი უფრო მარტივია, პრიმიტიულია, ფენტეზისეული რეალობა კი უფრო რთული და დახვეწილია; სწორედ სირთულე აქვს საერთო ჩვენს რეალობასთან. მე მიყვარს ფენტეზი სწორედ იმის გამო, რომ ის არ ირეკლავს სარკესავით და არ აკეთებს ჩვენი რეალობის ”კოპირებას” – ის ახალ, ზღაპრულ და ამავდროულად საკმაოდ რთულ სამყაროს გვთავაზობს.

ფენტეზის მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ის ”უაზროა”, ზედაპირულია. დიახ, ეს მართალია იმ გაგებით, რომ ფენტეზის არც აქვს პრეტენზია, იყოს ღრმად ფილოსოფიური ლიტერატურა. ზღაპრების მსგავსად ფენტეზის ცენტრალური თემაც ხშირად ერთი მარტივი იდეაა – სიკეთისა და ბოროტების, თეთრისა და შავის დაპირისპირება. კარგი ფენტეზი იდეალურია მისთვის, ვისაც კითხვისგან სიამოვნების მიღება ან/და მოყირჭებული რეალობისგან დროებით სხვა რეალობაში გადართვა უნდა.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფენტეზი უდაოდ ჯოან როულინგის ”ჰარი პოტერია”. ეს ის წიგნია, რომელმაც ფენტეზი როგორც ჟანრი შემაყვარა. ამას გარდა ეს წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაცაა ჩემთვის (და ალბათ ჩემი თაობის სხვა მკითხველებისთვისაც), რომ ფაქტობრივად ჰარის და მისი მეგობრების პარალელურად, მათი თავგადასავლების კითხვის პარალელურად, მათთან ერთად ვიზრდებოდი. ”ჰარი პოტერის საგა” სულ შვიდი წიგნისგან შედგება.

მთავარი, რაც ”ჰარი პოტერზე” მინდოდა მეთქვა, ის არის, რომ ვისაც ეს წიგნები არ წაუკითხავს, მან მართლაც მშვენიერი სამყარო დაკარგა – ჯადოქრების სამყარო, სადაც კეთილი და ბოროტი ძალები იბრძვიან.

ვისაც ”ჰარი პოტერი” არ წაუკითხავს, ის არასოდესაა ნამყოფი ამ ადგილებში:

ჰოგვორთსი – ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა;
ჰოგვორთსის აკრძალული ტყე;
მაგიის სამინისტრო;
გრინგოტსი – ჯადოქართა ბანკი;
აზკაბანი – ჯადოქართა ციხე;
ჰოგსმიდი – ჯადოქრული დასახლება-სოფელი;
პლატფორმა 9¾
მრუდე ქუჩა;
მრუმე ქუჩა….

მას არ უნახავს ეს არსებები:

გობლინები;
შინაური ელფები;
ცალრქიანი ცხენები;
თესტრალები;
ჰიპოგრიფები;
მაქციები;
დრაკონები;
კენტავრები…

იგი არასდროს დასწრებია შემდეგ გაკვეთილებს:

ტრანსფიგურაცია;
შელოცვები;
ჰერბოლოგია;
შხამ-წამლები;
ბნელი ძალებისგან თავდაცვა;
ჯადოსნური არსებების მოვლა…

ის არ იცნობს ჰოგვორთსის შესანიშნავ პროფესორებს:

მხიარულ და გულღია დირექტორ ალბუს დამბლდორს;
მკაცრ და ცივ მინერვა მაკგონაგელს;
სარკასტულ და იდუმალ სევერუს სნეიპს;
მეგობრულ მაქცია რემუს ლუპინს;
მშიშარა და კომფორტული ცხოვრების მეტისმეტად მოყვარულ ჰორაციუს სლაგჰორნს…

ცხადია, არც სხვა პერსონაჟებს იცნობს 🙂 :

თვით ჰარი პოტერსა და მის უახლოეს მეგობრებს – ჰერმიონ გრეინჯერს და რონ უისლის;
უისლების მრავალრიცხოვან, არაჩვეულებრივ ოჯახს;
მუდამ დაბნეულ და გაუბედავ ნევილ ლონგბოტომს;
”სულელუნად” მონათლულ, მაგრამ ძალიან ჭკვიან და კეთილ ლუნა ლავგუდს;
ქედმაღალ და თვითკმაყოფილ დრაკო მალფოის;
ჰოგვორთსის სხვა სტუდენტებს;
ბნელი ძალების წარმომადგენლებს – ბელატრისა ლესტრეინჯს, ლუციუს მალფოის, თვით ვოლდემორსა და სხვებს;
სხვადასხვა დროის მაგიის მინისტრებს;
სხვა ქვეყნებიდან წვეულ ჯადოქრებს
და სხვა მრავალს.

რაც მთავარია, არც ის იცის, თუ რა ნათესაური, მეგობრული ან მტრული კავშირ-ურთიერთობებია ამ პერსონაჟებს შორის. მან არ იცის, ვინ არიან ჰოგვორთსის დამფუძნებლები; ვინ არიან სიკვდილის მხვრელები, რა არის პატრონუსი ან ფენიქსის ორდენი; ვინ არიან დემენტორები ან რას ნიშნავს ”დემენტორის კოცნა”; რას ნიშნავს ”მუქსისხლიანი” და რატომაა ეს ცუდი სიტყვა; რა არის ქვიდიჩი, აპარაცია, ჰორკრუქსი ან აურორი…

მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, ამ ჩამონათვალების გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება. მე მხოლოდ მინდა გირჩიოთ 🙂 – ნუ დაკარგავთ ამდენ რამეს, ნუ დაკარგავთ ამ სამყაროს. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, მაშინ ახლა წაიკითხეთ ”ჰარი პოტერი”; წაიკითხეთ განურჩევლად იმისა, თუ რამდენი წლისა ხართ, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. 🙂

ჯიჯღინა და კატა

სტანდარტული

ჯიჯღინა ერთი ლურჯთმიანი გოგოა. მას უყვარს ფერადოვნება და თავგადასავლები, ცნობისმოყვარეა, კატებთან მეგობრობს; ამასთანავე, უკმაყოფილოა გარემომცველი რეალობით და ჯიჯღინებს ხოლმე. ჯიჯღინას მე ვეძახი – სინამდვილეში კორალაინი ჰქვია და არ უყვარს, როცა მისი სახელი ეშლებათ და კეროლაინს უძახიან.

ბლოგის ჰედერზე კორალაინი მყავს, ამიტომ გადავწყვიტე, ერთი პოსტი მისთვის დამეთმო. მოსაყოლი აქ ბევრი არაფერია – რეალობით უკმაყოფილო პატარა გოგონა; ვიღაც ბოროტი კი ცდილობს ეს უკმაყოფილება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს; გოგონას თავს დამტყდარი უბედურებიდან თავის დაღწევაში მოლაპარაკე კატა ეხმარება. მოკლედ, თვითონ უნდა ნახოთ.

ანიმაცია სათავგადასავლო და ჰორორის ჟანრშია; ესთეტიკა, მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი. 🙂

P.S. მეც მინდა ლურჯი თმა :დ

მშვენიერი ახალი სამყარო

სტანდარტული

ახალი წელთაღრიცხვით, ფორდის შემდეგ მეშვიდე საუკუნეა; მსოფლიო სახელმწიფოს ათი კონტროლიორი მართავს; მსოფლიო სახელმწიფოს დევიზია ერთობა, იდენტობა, სტაბილურობა.

ეს მომავლის ცივილიზაციაა ოლდოს ჰაქსლის რომანი-ანტიუტოპიიდან ”მშვენიერი ახალი სამყარო” (Brave New World).  რომანი პირველად 1932 წელს გამოქვეყნდა. სიტყვა ”უტოპია” იდეალურ ადგილს და არსებობას აღნიშნავს, ანტიუტოპია კი მისი საპირისპიროა და ყველაზე ცუდი და არასასურველი არსებობის ფორმაა. ამდენად, ცხადია, რომ რომანის სათაურია ირონიულია – ამასთანავე ეს სათაური დასცინის იმ ადამიანებს, რომელთაც მშვენიერება და პროგრესი იმ სახით წარმოუდგენიათ, როგორიც რომანშია აღწერილი.

”ახალ სამყაროში” მეცნიერება იმდენად განვითარებულა, რომ ადამიანებს საერთოდ აღარ სჭირდებათ ბავშვების გაჩენა, ამას მათ ნაცვლად ინკუბატორული და აღმზრდელობითი ცენტრები აკეთებენ, ეს ცენტრები ბავშვებს აწარმოებენ, უფრო ზუსტად – მასობრივად აწარმოებენ. მათ შემუშავებული აქვთ სპეციალური მეთოდები – თითოეული კვერცხუჯრედის ნაყოფს ხელოვნურად ამრავლებენ, ისე რომ შეუძლიათ მისგან ასამდე ტყუპისცალი ”შვან”. შედეგად, მსოფლიო მოფენილია ტყუპისცალთა დაჯგუფებებით. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ახალი სამყარო წინასწარ განსაზღვრავს ყველაფერს, იგი შეგნებულად ქმნის  ადამიანთა კლასებს. სულ ხუთი კლასია, მათთვის ბერძნული ანბანის ასოების სახელები დაურქმევიათ – ალფა, ბეტა, გამა, დელტა და ეპსილონი. პირველი ორი მაღალი კლასებია, დანარჩენები კი დაბალი. ინკუბატორული და აღმზრდელობითი ცენტრები ზრუნავენ იმაზე, რომ ყველა ნაყოფი თავისი კლასის შესაბამისად განვითარდეს, მაგალითად, დაბალ კლასებს დროდადრო ჟანგბადის მიწოდებას უზღუდავენ ან ალკოჰოლით გაჯერებულ სისხლის სუროგატს აწვდიან, რათა ისინი ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილები დაიბადონ და მზად იყვნენ თავიანთი სოციალური როლისთვის. დაბადების შემდეგ ბავშვები იქვე, ცენტრში იზრდებიან. ამ ბავშვებთან მიმართებაში აქტიურად იყენებენ მეთოდს, რომელსაც ჰიპნოპედიას უწოდებენ და რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში – ბავშვებს ძილის დროს ჩაურთავენ ხოლმე ხმას, რომელიც კითხულობს – კითხულობს იმ შეხედულებებსა და ფრაზებს, რომლებიც ბავშვებს უნდა ჩაუნერგონ. მთელი რომანის განმავლობაში ვხედავთ, რაოდენ ეფექტურია ჰიპნოპედია – მოზრდილი ადამიანები ხშირ-ხშირად ციტირებენ ტვინში გამჯდარ და შესისხლხორცებულ ფრაზებს; თუმცა ისინი ვერ გრძნობენ, რომ ეს მათი საკუთარი აზრები არ არის და ისინი ჰიპნოპედიით აქვთ შთაგონებული. ასეთი ფრაზებია ”ყველა ეკუთვნის ყველას”, ”ყველა მუშაობს ყველა დანარჩენისთვის”, ”დღესდღეობით ყველა ბედნიერია” და ა.შ. ამ ადამიანებს კლასობრივი ცნობიერებაც ჰიპნოპედიით აქვთ შთაგონებული, ისე რომ მართლაც ყველა ბედნიერი და კმაყოფილია თავისი კლასობრივი იდენტობით, თვით იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი ეპსილონებიც კი.

ბავშვების წარმოებისა და აღზრდის ეს თავისებურებები რომანის დასაწყისშივე, პირველ ორ თავშია აღწერილი. ”ეპოქის” სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია:

  • პრომისკუიტეტი – ვინაიდან ”ყველა ეკუთვნის ყველას”, მონოგამიური სექსუალური ცხოვრება ან სექსისგან საერთოდ თავის შეკავება ნორმიდან გადახრად და სირცხვილად მიიჩნევა.
  • მომხმარებლობის პრიორიტეტი – ბავშვების აღზრდისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ მათ აძულებენ ბუნებას. ბუნებაში სეირნობა არ არის ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე აქტივობა, ამიტომ იგი საზოგადოების კეთილდღეობისთვის არათუ უსარგებლოდ, არამედ ზიანის მომტანადაც კი მიიჩნევა. წახალისებულია მხოლოდ ისეთი აქტივობები, რომლის დროსაც ადამიანი რაიმე საქონელს ან მომსახურებას შეიძენს – ერთი სიტყვით, ფულს იხდის.
  • მარტოობის მიუღებლობა – მარტოობა, განმარტოება ბუნებაში სეირნობის მსგავსად მავნებლურ მოვლენად მიიჩნევა – ”წესიერმა ადამიანმა” მთელი დრო (სამუშაო დროის გარდა) ხალხით სავსე სხვადასხვა გასართობ ადგილებში უნდა გაატაროს, ღამე კი – თავის მიმდინარე სექსუალურ პარტნიორთან.
  • ფორდი, როგორც ახალი ღმერთი – ახალი სამყაროს ”ღმერთი” ვინმე ფორდია, პერსონაჟები ”ო, ღმერთოს” ნაცვლად შესძახებენ ხოლმე ”ო, ფორდ” , მსოფლიო კონტროლიორ(ებ)ს უწოდებენ მის უფორდესობას. 🙂 ფორდში როგორც ჩანს, იგულისხმება ჰენრი ფორდი, ამერიკელი ბიზნესმენი; აგრეთვე ერთგან პერსონაჟები აღნიშნავენ, რომ ფორდი იგივე ფროიდია. როგორც ჩანს, მწერალს მიაჩნია, რომ მის მიერ აღწერილ მომავლის საზოგადოებას სწორედ ამ ორი ადამიანის პრინციპები აქვს ათვისებული და რადიკალური სახით განხორციელებული – იქნება ეს მასობრივი წარმოება და მოხმარება, თუ ლიბიდოს პრიორიტეტულობა ან ჰიპნოზი. აღსანიშნავია, რომ ფორდიც და ფროიდიც ოლდოს ჰაქსლის თანამედროვენი იყვნენ.
  • ისტორიის უარყოფა – ”ფორდიზმი” ქადაგებს, რომ ისტორია უმნიშვნელოა, ამიტომ ”ახალი სამყაროს” ადამიანებმა ისტორიიდან ძალიან ცოტა რამე თუ იციან – აოცებთ ის ფაქტი, რომ წარსულში ბავშვებს ქალები აჩენდნენ და არსებობდა ”დედა” და ”მამა”; აგრეთვე უგულებელყოფილია მთელი წარსული კულტურა, ლიტერატურა…. თანამედროვე ხელოვნება კი მხოლოდ პროპაგანდის ან გასართობი სახით არსებობს.
  • ნარკოტიკი – ადამიანებს სწამთ, რომ ”დღესდღეობით ყველა ბედნიერია”, ისინი ისე არიან აღზრდილები, რომ თავი მუდამ მაქსიმალურად ინტეგრირებულად და კომფორტულად იგრძნონ. თუ მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც მოიწყენენ, მათ გასამხნევებლად არსებობს ე.წ. სომა – ანტიდეპრესანტი. ამ ნარკოტიკის მოხმარებაც ასევე ჰიპნოპედიურად აქვთ შთაგონებული, ყოველი მცირე შფოთისას იღებენ და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

ოლდოს ჰაქსლიმ ეს რომანი 30-იანი წლების დასაწყისში დაწერა. შეიძლება ვიმსჯელოთ და ვიდავოთ, რამდენად შეესაბამება ან არ შეესაბამება თითოეული ზემოაღნიშნული ნიშანი თანამედროვე ყოფას და საზოგადოებებს, მაგრამ ჰაქსლი აშკარად უსწრებდა თავის დროს. თუნდაც პრომისკუიტეტი – ბევრი იმდროინდელი კრიტიკოსი გაოცდა და აღშფოთდა კიდეც ჰაქსლის მიერ აღწერილი მკაცრად პოლიგამიური და უემოციო ურთიერთობებით, თანამედროვე მკითხველს კი ვფიქრობ, მაინცდამაინც არ უნდა უკვირდეს და ეუცხოვებოდეს მსგავსი რამ. ჩემთვის რომანში აღწერილი პრობლემებიდან ყველაზე აქტუალური მაინც ”ნარკოტიკის პრობლემაა” – მეტად შემაშფოთებელი და უსიამოვნოა საყოველთაო გატაცება სიგარეტითა და ალკოჰოლით, რასაც თანამედროვე საზოგადოებაში ვხედავ. აგრეთვე მნიშვნელოვნად და აქტუალურად მიმაჩნია ამორალური მედია, რომელიც ყველაფერს სანახაობად და გასაყიდ საქონლად აქცევს – ადამიანის (პირად) ცხოვრებას, გრძნობებს და ტრაგედიასაც კი. მართალია პოსტში ეს ჯერ არ მიხსენებია, მაგრამ მედია რომანში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს – ტრაგიკული ფინალის უშუალო მიზეზი ხდება!

ჰაქსლი ალაგ-ალაგ მეტისმეტად კონსერვატიულია და ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ რომანი საინტერესოა, ის პრობლემები და ის საფრთხე, რომელსაც იგი აღწერს – მნიშვნელოვანი. ჯორჯ ორუელს ეშინოდა, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო ძალადობით დაიმორჩილებდა ადამიანებს და მოახდენდა საზოგადოების დეგრადირებას; ოლდოს ჰაქსლის კი ეშინოდა, რომ ადამიანების დეგრადირება არა ძალით, არამედ ”შეუმჩნევლად”, შთაგონებით მოხდებოდა. რასაკვირველია, ამის გამო აბსურდული შეთქმულების თეორიები არ უნდა შევთხზათ, მაგრამ არც ეჭვშეუტანლად, ”ჰიპნოპედიურად” უნდა ვიმეოროთ ფრაზები და ვაღიაროთ ”ჭეშმარიტებები”.

გინდა, გახდე იდიოტი?

სტანდარტული

გიპასუხიათ თუ არა ამ კითხვაზე დადებითად? გსურთ ან ოდესმე თუ მოგსურვებიათ იდიოტი ყოფილიყავით? აი, ანტუანს კი, მარტენ პაჟის რომანიდან, უნდოდა. რომანს ”როგორ გავხდი იდიოტი” ჰქვია და აქვეა მოთხრობილი თუ როგორ და რატომ გახდა ანტუანი იდიოტი.

საქმე ისაა, რომ როგორც რომანშია აღნიშნული, ჭკვიანებს შორის ყველაზე თავმდაბალმაც კი იცის, რომ ჭკვიანია. ჰოდა, ანტუანმაც იცოდა, მაგრამ ჭკუა რაიმე ღირსებად და სიკეთედ კი არა, ნაკლად და უბედურებად მიაჩნდა. სწორედ ჭკუის წყალობით იყო იგი მარგინალი, მუდამ შეწუხებული მსოფლიოს სხვადასხვა უბედურებათა და უსამართლობათა გამო და, შესაბამისად მუდამ უბედური.

წიგნში ანტუანი გრძელ მსჯელობებს ავითარებს ჭკუის შესახებ. მაგალითად, ერთგან აღნიშნავს, რომ ინტელექტი ევოლუციის შეცდომაა. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს პრეისტორიული ტომის მაგალითი, სადაც ბავშვებიც მონაწილეობდნენ უფროსების სხვადასხვა საქმიანობაში, ნადირობასა თუ შემგროვებლობაში და ამგვარად, ადრიდანვე ნელ-ნელა შეისწავლიდნენ ამ საქმიანობას. მაგრამ ბავშვებს შორის გამოერეოდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ შეეძლოთ ამ საქმიანობებში ჩაბმულიყვნენ – ზოგი კოჭლი იყო, ზოგი ბრმა და ა.შ. ანტუანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა შექმნეს ცივილიზაცია, რადგან ისინი მთელი დღეები თავშესაფარში ისხდნენ და ფანტაზიორობდნენ, ფიქრობდნენ. შესაბამისად, ანტუანი მიდის ორიგინალურ დასკვნამდე, რომ ”ბუნება რომ ყველას სწყალობდეს, მისი ყალიბი ყოველთვის უნაკლოდ რომ ასრულებდეს თავის საქმეს, კაცობრიობა პითეკანტროპებზე შეჩერდებოდა და ბედნიერად იცხოვრებდა ყოველგვარი პროგრესული იდეის, პროზაკის, პრეზერვატივისა თუ DVD dolby digital-ის გარეშე.”

ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ მარტენ პაჟის რომანი მსგავსი ორიგინალურობის, ირონიისა თუ იუმორის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მოვიყვან ერთ-ორ მაგალითს:

”კატეხიზმოში წერია: ცოდნის მომატებით ტანჯვაც გემატებაო, მაგრამ არასოდეს მიმიღია სხვა ბავშვების მსგავსად კატეხიზმოს გაკვეთილები და შესაბამისად, ამ საფრთხის შესახებაც არავის გავუფრთხილებივარ. ქრისტიანებს გაუმართლათ, მათ ხომ  ბავშვობიდან იციან, რამხელა რისკია ინტელექტის გამდიდრებაში და მთელი ცხოვრება ამისგან თავი შორს უჭირავთ. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა.”

მეორე მაგალითი ჭკუას და ინტელექტს არ შეეხება:

”კაცობრიობის საკლასიფიკაციო კრიტერიუმების ძებნისას ანტუანმა უნივერსალური სკალა შექმნა, სადაც სიმდიდრის ინდიკატორად წინდა აირჩია. გამოყო ადამიანთა სამი კატეგორია: პირველი, ყველაზე ღარიბები – ისინი, ვისაც წინდები არა აქვთ; მეორე, საშუალოდ ღარიბები – ისინი, ვისაც წინდები გამოხვრეტილი აქვთ და მესამე კატეგორია, მდიდრები – მათ წინდებს ნახვრეტები არა აქვს.” 🙂

მაშასადამე, როგორც გავიგეთ, ანტუანს ინტელექტი ევოლუციის შეცდომად, ავადმყოფობად და უბედურებად ესახებოდა. მაგრამ მეორე უბედურება კიდევ ის იყო, რომ ჭკუა უბედურებად არავის მიაჩნდა და ანტუანს არავინ თანაუგრძნობდა. ანტუანს სურდა, მის მიმართ ისეთივე თანაგრძნობა გამოეჩინათ, როგორსაც ალკოჰოლიკების მიმართ იჩენენ; სურდა მოესმინა ფრაზები, როგორიცაა ”საწყალი, ჭკვიანია” ან ”ძალიან ჭკვიანი ძმისშვილი მყავს, მაგრამ მჯერა, თავს დაიძვრენს აქედან” და ა.შ. ერთი პირობა ალკოჰოლიკად ქცევაც კი განიზრახა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ბოლოსდაბოლოს, ანტუანი მივიდა დასკვნამდე, რომ თავსდამტყდარი უბედურებისგან ერთადერთი ხსნა იდიოტად გახდომა იყო.

იდიოტად ქცევა მოკლედ რომ ვთქვათ, გამოიხატა იმაში, რომ ანტუანი დაემსგავსა სხვებს, იგი მოერგო საზოგადოებას და მის მოთხოვნებს, მისთვის მისაღები შეიქნა ის მიზნები და საშუალებები, რომლებსაც საზოგადოება აღიარებდა – სიმდიდრე, მომხმარებლობა და ამასთანავე საკუთარი თავის კარგად შეფუთვა და გაყიდვა (პირველ რიგში, პირად ურთიერთობებში). თუმცა საბოლოოდ, ანტუანი იდიოტიზმისგან (ძველმა) მეგობრებმა იხსნეს. მიუხედავად ყველაფრისა, წიგნის ფინალი ოპტიმისტურია.  🙂

უფრო ნათელი შთაბეჭდილების შესაქმნელად აქვე წარმოვადგენ წიგნის პირველ და ბოლო ფრაზებს:

პირველი – ”ანტუანს ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ ძაღლის სისწრაფით ბერდებოდა”;

ბოლო – ”ჯაჭვების ჩხაკუნითა და ხელების ქნევით კლემანსი და ანტუანი მოჩვენებებივით აედევნნენ პარიზს”.

Nothing’s gonna change my world

სტანდარტული

”ფლეზენთვილი” (Pleasantville) 1998 წელს გამოსული ამერიკული ფილმია. ფილმის მთავარი გმირები თინეიჯერი და-ძმა, დევიდი და ჯენიფერი არიან. დევიდი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, თავს უიღბლოდ მიიჩნევს. იგი უყურებს სერიალ ”ფლეზენთვილს”, სადაც 50-იანი წლების ამერიკის პატარა ქალაქის ცხოვრებაა აღწერილი; დევიდის თვალში ფლეზენთვილი იდეალური ქალაქია.

რაღაც სასწაული დევიდს და ჯენიფერს სერიალში ”გადაისვრის”, ისე რომ ისინი იძულებულნი ხდებიან იქ იცხოვრონ და სერიალის მთავარ პერსონაჟთა ”როლები შეასრულონ”. მალევე ირკვევა, რომ ამ ქალაქის ”იდეალურობა” სინამდვილეში ამაზრზენი შეზღუდულობა და კონსერვატიზმი ყოფილა. ფლეზენთვილში მართლაც საოცარი რამეები ხდება – გეოგრაფიის გაკვეთილზე დღე-მუდამ ქალაქის ორ ქუჩას შეისწავლიან; ბიბლიოთეკაში მხოლოდ ცარიელფურცლებიანი წიგნებია; ყველა ნასროლი ბურთი ავტომატურად ვარდება კალათში; სექსის შესახებ არავინ არაფერი უწყის (თვით დაქორწინებულმა წყვილებმაც კი); არც წვიმა უნახავთ ოდესმე… და რაც მთავარია, სერიალი შავ-თეთრია – ყველაფერი შავ-თეთრია.

ამ ყველაფრით გაოცებული და აღშფოთებული და-ძმა ნელ-ნელა, შეგნებულად თუ სხვადასხვა ”წესიდან” გადახრით გამოასწორებს ყველაფერს. ისინი ნელ-ნელა გააფერადებენ ქალაქს და ადამიანთა ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ადვილად არ ნებდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ”წესრიგის” შენარჩუნებას ცდილობს და ”ფერადთა” წინააღმდეგ აღდგება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ”ფერადები” იმარჯვებენ.

ფილმში ბევრი სხვადასხვა თემაა ჩართული, მაგრამ ძირითადად ის არის ოდა თავისუფლების, სილამაზისა და მრავალფეროვნების მიმართ. ბევრია ისეთი კადრი, რომლის ნახვისას გული გაგითბება და სასიამოვნო ჟრუანტელი დაგივლის. 🙂

ფილმის საუნდტრეკში შედის Fiona Apple-ის მიერ შესრულებული The Beatles – Across The Universe-ის ქავერი – ჩემი აზრით, ძალიან კარგად და სასიამოვნოდაა შესრულებული და ფილმსაც ძალიან უხდება.

მედეა – ფემინისტი

სტანდარტული

მედეა ბერძნული მითოლოგიის ცნობილი გმირია. მითი მოკლედ ასეთია: იასონი არგონავტებთან ერთად კოლხეთში მიემგზავრება, რათა ოდესღაც საბერძნეთიდან ”წაღებული” ოქროს საწმისი უკან დააბრუნოს. იგი კოლხეთის მეფის, აიეტის გრძნეულ ასულს, მედეას უყვარდება და საწმისის გატაცებაში ეხმარება. მედეა იასონს თან მიჰყვება საბერძნეთში, მათ გაუჩნდებათ ორი შვილი. რაღაც ხნის შემდეგ დევნილი მედეა და იასონი კორინთოში აღმოჩნდებიან. აქ იასონი გადაწყვეტს, გამოიყენოს შესაძლებლობა – ცოლად შეირთოს კორინთოს მეფის ასული კრეუსა (ზოგი ვერსიით გლავკე) და შესაბამისად მიატოვოს მედეა. შეურაცხყოფილი მედეა ახერხებს, მოკლას კრეუსა და მეფეც, შემდეგ კი თავის შვილებსაც ხოცავს და იქაურობას განერიდება.

მოგვიანებით ამ მითზე დაყრდნობით თავად ძველი ბერძნები ქმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ევრიპიდეს პიესა ”მედეა”. ზოგადად მედეას თემა საკმაოდ პოპულარულია და არსებობს უამრავი ნამუშევარი ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

საქართველოში მედეას მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს – ზოგს საინტერესოდ, სასიამოვნოდ ესახება ის, რომ ეს კოლხი ასული ასეთი პოპულარულია; ზოგს კი არ სიამოვნებს ის, რომ ”სამშობლოს მოღალატე” და შვილების მკვლელი ქალი მის ქვეყანასთან ასოცირდება. ამავე მიზეზებით აცხადებენ/აცხადებდნენ, რომ საქართველოში მედეას ქანდაკების დადგმა არასასურველია.

როგორც ჩანს, ეს ადამიანები მედეას უყურებენ, როგორც ისტორიულ პერსონაჟს. ”სამშობლოს მოღალატე” და ”შვილების მკვლელი” კი მათ არ უწყობს ხელს, რომ ”დიადი წარსულით” იამაყონ. მაგრამ როგორია მედეას უფრო მხატვრული სახე? ევრიპიდეს ”მედეა” არსებითად ფემინისტური ნაწარმოებია და არა ქალთმოძულე, როგორც ზოგი რატომღაც ფიქრობს. მედეას თავს გადამხდარი ამბავი კარგად აჩვენებს ქალის ხვედრს პატრიარქალურ საზოგადოებაში. მედეა მართლაც ბევრს გაიღებს იასონისთვის, უღალატებს და მიატოვებს სამშობლოს, მიდის უცხო მხარეში, სანაცვლოდ კი რას იღებს? უმადური მეუღლე მას ძალაუფლებასა და სოციალურ პრესტიჟზე ცვლის. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამის ჩადენა მას ძალიან ადვილად შეუძლია, მაშინ როცა ქალი არ სარგებლობს ასეთი უფლებებით. უფრო მეტიც, იასონი არა მხოლოდ მიატოვებს მედეას, არამედ უშვებს იმას, რომ ის კორინთოს მეფემ განდევნოს. რასაკვირველია, ამით მედეას მდგომარეობა ერთი-ორად მძიმდება – სულ მარტო და უმეგობროდ დარჩენილი იგი იძულებელი გახდება, რომ თავშესაფარი ეძებოს თავისთვის უცხო მხარეში, სადაც მტრები და მდევნელები უკვე საკმარისად ჰყავს. აი, როგორ ჩივის ქალის ხვედრზე ევრიპიდესეული მედეა: ”ვისაც შევწირე ჩემი სიცოცხლე, – გვიან გავიგე, საყვარლებო – თურმე უკანასკნელი ყოფილა კაცთა შორის. რამდენი სულდგმულია ამქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება, ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი. ჯერ არის და, მამასისხლად ვყიდულობთ ქმარს, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მონა კი არა, დესპოტი შეგვიძენია, ხორცის მჯიჯგნელი. ვთქვათ, გაცილება დააპირე, ვაი შენს დღეს და მოსწრებას, სად წაუხვალ სირცხვილს? ქალებს ვინ მოგვცა იმისი ნება, რომ ქმარს გავეყაროთ? და, აი, ალალბედზე შევდივართ ქმრის სახლში, – უცხო ხალხი, უცხო წესი, უცხო გარემო; მიდი და იმტვრიე თავი, სადა ხარ, ვისთანა ხარ, ვინ გიწევს გვერდით, მხეცი თუ კაცი! ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლ-ქმრობის უღელს; თუ არა და, სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს. თუ კაცს თავი მოაბეზრეს შინაურებმა, გავა, გარეთ გაინავარდებს, ტოლ-სწორებში მოილხენს და დროს გაატარებს, ჩვენ კი მხოლოდ მას უნდა შევციცინებდეთ თვალებში. ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობთ ქმრის სახლში, კაცის ცხოვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.”

მედეას მიერ შვილების მოკვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საჭირო ფაქტია, რადგან ამის გარეშე ნაწარმოები როგორც ტრაგედია არ შედგება. მედეას მხოლოდ იასონის ახალი საცოლე და მამამისი რომ მოეკლა, ეს ”უბრალოდ” მიტოვებული, გამწარებული ქალის შურისძიებას დაემსგავსებოდა. შვილების მკვლელობა კი იმას ნიშნავს, რომ მედეა ჯანყდება – იგი ჯანყდება იასონის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მათი კავშირის წინააღმდეგ და შესაბამისად, ანადგურებს ამ კავშირის ნაყოფს – კლავს შვილებს. ეს აბსოლუტური უარყოფა და აბსოლუტური უიმედობაა, მედეა უკან დასახევ გზას არ იტოვებს. სწორედ ამიტომ არის იგი ჭეშმარიტად ტრაგიკული გმირი – აბსოლუტურ უარყოფაზე მწარე არაფერი არსებობს. ეს უკანასკნელი ჯანყი და აბსოლუტური უარყოფის ფაქტი განსაკუთრებით კარგად ჩანს ლარს ფონ ტრიერის ”მედეაში”; აქ იასონიც კიდევ უფრო მორალურად დაცემული გმირია, ვიდრე ევრიპიდესთან.

მედეა მართლაც ძლიერი და შთამბეჭდავი მხატვრული სახეა – აჯანყებული ფემინისტი.