ძალაუფლება, სისტემა და მოქალაქეები

Standard

ციხეში წამების კადრების გამოქვეყნებამ რადიკალური გარდატეხა მოახდინა. არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიის რეიტინგი დაეცა და სხვისი რეიტინგი კი პირიქით, გაიზარდა. ეს თავად პარტიებისა და მათი თავგადაკლული მხარდამჭერებისთვის არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა.

მგონია, რომ ამ კადრების გამოქვეყნებამდე ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები – ვფიქრობდით, რომ შეგვიძლია ვენდოთ მთავრობას.  ძალაუფლების მპყრობელი პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” და შესაბამისად, მთავრობაც თავს მუდამ პროგრესისა და ცივილიზაციის დამცველად წარმოგვიჩენდა. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ უპირისპირდებოდნენ ანტიცივილიზაციურ მოვლენებს – რუსეთს, მაფიას და კრიმინალებს, ათასი ჯურის ქსენოფობ-ჰომოფობ-ფაშისტებს… სამაგიეროდ, ჩვენ ჩვენი მხრივ თვალს ვხუჭავდით სხვადასხვა ძალადობრივ გადაცდომებზე, იმაზე რომ ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლოთ დაენიშნათ მინისტრად საეჭვო რეპუტაციის ადამიანები, ან ხშირ-ხშირად და ასევე ახსნა-განმარტების გარეშე შეეცვალათ პოლიტიკა მთელ რიგ სფეროებში; აგრეთვე იმაზე, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტდა უამრავ საკითხს – დაწყებული მთელი ქალაქის მშენებლობით და დამთავრებული იმით, თუ რომელ კუთხეში როგორი შადრევანი უნდა დაიდგას ან როგორი ბუჩქი დაირგოს… ბევრ რამეზე ვხუჭავდით  თვალს ან/და მხოლოდ პასიურად ვაპროტესტებდით, ალბათ იმიტომ რომ ვენდობოდით მთავრობას და ვფიქრობდით, “რაღაცეები ეშლებათ, მაგრამ მაინც კარგი ტიპები არიან და კატასტროფულს არაფერს გააკეთებენ”. მერე კი უცებ ცხადი გახდა, რომ ეს ცივილიზაციის მცველები და “კარგი ტიპები” სრულიად ამაზრზენი, კატასტროფული, ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი სისტემის არსებობას უშვებდნენ და არაფერს აკეთებდნენ მის აღსაკვეთად.  მგონია, რომ ციხის კადრების ნახვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ცდებოდა; გააცნობიერა, რომ ძალაუფლება რყვნის და არავის ნდობა არ შეიძლება. მთავრობაზე საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია, უკონტროლო ძალაუფლება საშიშია, ვინც არ უნდა ფლობდეს მას, თუნდაც უაღრესად სიმპათიური და ცივილიზებული ადამიანები იყვნენ (ან თავს ასეთებად წარმოაჩენდნენ).

ამ პირობებში იშვა სლოგანი “სისტემა უნდა დაინგრეს”. “სისტემას” ხშირად განმარტავენ როგორც ძალადობას და სიძულვილს, მაგრამ ჩემი აზრით, ის ასევე გულისხმობს  თვალის დახუჭვას, გულგრილობას და უპასუხისმგებლობას (როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მხრიდან). “სისტემა” არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული მთავრობით ან ზოგადად მთავრობით, როგორც ინსტიტუციით. “სისტემა” მოიცავს მთელ რიგ სოციალურ პრობლემებს – ძალადობასა და სიძულვილს, რომელიც სხვადასხვა ფობიის, უთანასწორობის და დისკრიმინაციის სახით ვლინდება. “სისტემა” არის იერარქიული სისტემა, სადაც ძალაუფლება არათანაბრადაა გადანაწილებული. “სისტემა” არის ისეთი მოვლენა, რომელსაც ყოველთვის, ნებისმიერი მთავრობის დროს, ნებისმიერ პირობებში ყოველდღიურად უნდა ებრძოლო. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს კონკრეტული კამპანია თუ მოძრაობაც გაგრძელდება და ვინმე არ იფიქრებს, რომ მისია შესრულებულია.

ვფიქრობ, მოქალაქეების ნაწილმა (მეც მათ შორის) ეს ყველაფერი გააცნობიერა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც ამას ვერ მიხვდნენ ან “არ მიხვდნენ”. მათზე ციხის კადრებს თითქოს შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ისინი ისევ მზად არიან, თვალი დახუჭონ თუნდაც ამაზე და ბრმად ენდონ მთავრობას. ეს ადამიანები კვლავ ენდობიან “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს, ვერ გრძნობენ საზოგადოებრივი კონტროლის საჭიროებას და შესაბამისად,  სწორედ ისინი გაბრაზდნენ  ყველაზე მეტად 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამო. მათ სურთ, ხელისუფლებაში იყოს ის, ვისაც ენდობიან (ბრმად) – ასეთი კი “ცივილიზებული” და დასავლეთთან ასოცირებული “ნაციონალური მოძრაობაა” და არა მოფაშისტო და რუსეთთან ასოცირებული “ქართული ოცნება”. ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში არსებული მესიანისტური ტენდენციები კი არ აწუხებთ , ისინი წუხდებიან იმით, რომ იმ მესიამ გაიმარჯვა, რომელსაც არ ენდობიან – ასე ვთქვათ, მესია ცრუმესიით ჩანაცვლდა. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ქართველმა ხალხმა შეცდომა დაუშვა, რომ ცრუმესია ათას უბედურებას მოგვიტანს – გაანადგურებს ცივილიზაციას, დააბრუნებს ქურდებს და რუსეთს და ა.შ. ისინი ნიშნს გვიგებენ და აპოკალიფსით გვემუქრებიან, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღონ ყველაფერზე, რაც იყო და რაც იქნება.  ამ ადამიანებს ასევე არ სურთ გაიგონ “სისტემის ნგრევის” მნიშვნელობა და ნიშნის მოგებით გვიცხადებენ, ხომ დაანგრიეთ სისტემა, ახლა ნახავთ რა მოგივათო. “სისტემას” რატომღაც კონკრეტულ მთავრობასთან ან პიროვნებებთან აიგივებენ.

ამდენი შფოთის, შეთქმულების თეორიის და ზოგადი გაურკვევლობის ფონზე ძნელი სათქმელია, როგორ გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამჯერად საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება, მუდმივად გააკონტროლებს მთავრობას და მხოლოდ მისი გადაწყვეტილებების პასიური მიმღების როლს არ დასჯერდება.

“პიანისტი ქალი”

Standard

“ბახის მუსიკა მიყუჩდა. მისი დინება შეწყდა. ორივე მაესტრო – ბატონი მაესტრო და ქალბატონი მაესტრო დგებიან თავიანთი ტაბურეტებიდან და თავს დაბლა ხრიან, ისევე როგორც თვინიერი ცხენები ყოფენ თავს შვრიით სავსე ტომარაში.”

“პიანისტი ქალი” ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. რომანი პირველად 1983 წელს გამოიცა.

სათაურის ქართულმა ვარიანტმა – “პიანისტი ქალი” – მკითხველს შეიძლება რაღაც ამაღლებულის, რომანტიულისა და დახვეწილის მოლოდინი გაუჩინოს. მაგრამ ამ მოლოდინის საპირისპიროდ, მთავარი გმირის, ერიკა კოხუტის ცხოვრებას ამაღლებული და რომანტიული არაფერი სცხია. ერიკა კოხუტი ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, იგი ოცდაათს გადაცილებულია, რომანის ბოლოსთვის კი 38 წლისაა. ის ალბათ მეოცე საუკუნის ტიპური ევროპელი “შინაბერა” ქალია. ყველაფერი ნაცნობია და ყველაფერი ადგილზეა – სიმკაცრე, ძველმოდური ჩაცმულობა, ახალგაზრდა გოგონების მიმართ მტრული დამოკიდებულება… ეს ის ქალია, გვერდიდან რომ უყურებენ, თან ხითხითებენ და თან თანაუგრძნობენ, რადგან მისი “პირადი ცხოვრება არ შედგა”. ოღონდ, ამ შემთხვევაში ამ ქალს გვერდიდან კი არ ვუყურებთ, არამედ ყველაფერს მისი (ერიკა კოხუტის) პოზიციიდან ვხედავთ.

ამგვარ ქალებს საზოგადოება ქმნის თავისი წესებითა და ინსტიტუტებით. მაგრამ ერიკა კოხუტი, უფრო კონკრეტულად, ხელოვნების ნაყოფია. ერიკა ხელოვნებამ შექმნა – კერძოდ, კლასიკურმა მუსიკამ. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ერიკა არ არის ხელოვანი, რომელიც ქმნის ხელოვნებას; ის მხოლოდ “ასრულებს” მას და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ინტერპრეტაციას უკეთებს. ერიკა არ ქმნის ხელოვნებას, პირიქით, ხელოვნება ქმნის და განსაზღვრავს მას. მას ხომ დედა ბავშვობიდანვე ზრდიდა როგორც მუსიკალურ ვუნდერკინდს; ამზადებდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ცნობილი შემსრულებელი გამხდარიყო. ერიკას ხელოვნებას არაფერი აქვს საერთო თავისუფლებასთან, ჯანყთან, სოციალურ პროტესტთან. პირიქით:

  • ხელოვნება მონათმფლობელია, მათრახით რომ გადგას თავზე;
  • ხელოვნება სასტიკი კაპიტალისტია, დღე-ღამეში 12 საათს რომ გამუშავებს და ხელფასს კი მხოლოდ იმდენს გიხდის, საარსებოდ რომ გეყოს;
  • ხელოვნება ღმერთია/რელიგიაა, რომელიც თვითშეწირვას, მუდმივ მსახურებას და თავისი წესების განუხრელად დაცვას გთხოვს და თან გეუბნება, რომ ამის სანაცვლოდ, შეიძლება შემდგომში დაჯილდოვდე.

მაგრამ ერიკა ამ ჯილდოსაც კი ვერ იღებს (ეტყობა, საკმარისად მორჩილი მაინც ვერ აღმოჩნდა), ის ვერ გახდა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი პიანისტი და იძულებულია, უბრალო მუსიკის მასწავლებლობას დასჯერდეს. ის მუსიკის მასწავლებელია და ამგვარად, ხელოვნებას ახალ მონებს უზრდის.

სწორედ თავის ახალგაზრდა მოსწავლესთან აბამს რომანს(?) ეს შუა ხნის ქალი. თუმცა თავად იგი (მოსწავლე) ხელოვნებას შეწირული მორიგი მონა არ არის, ხელოვნება მისთვის მეგობარია, მას იშველიებს თავისი მიზნების მისაღწევად. ვალტერ კლემერი ხელოვნებასთან მეგობრობს, როგორც შეიძლება სიამოვნებით მეგობრობდნენ გავლენიან მონათმფლობელთან, კაპიტალისტთან ან მღვდელთან და მათთან ერთად ბატონობდნენ ჩაგრულებზე, ინაწილებდნენ ძალაუფლებას. ვალტერ კლემერს არც განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვს ხელოვნებასთან. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მიატოვოს ეს “მეგობარი”, თუ ჩათვლის, რომ მისთვის სარგებელი აღარ მოაქვს. ნათელია, რომ ამგვარი მამაკაცი ერიკას არაფრად გამოადგებოდა. ამიტომაც არის, რომ ეს არშემდგარი რომანი კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის მის ცხოვრებას. ერიკასთვის ხსნა არ არსებობს.

ზაფხულის მშვენიერი საღამოები

Standard

რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც ქალაქში, ურბანულ გარემოში ცხოვრობს, მაგრამ ბუნება უყვარს? სად შეიძლება ადამიანი დატკბეს სიმწვანით ისე, რომ ქალაქიდან გასვლა არ მოუწიოს? სად შეიძლება გაატაროს ამ ადამიანმა ზაფხულის მშვენიერი საღამოები? პასუხი მარტივია – ქალაქის პარკებსა და ბაღებში.

მაგრამ თუ თბილისში ცხოვრობთ, ბუნებით ტკბობის მოთხოვნილებას ვერაფრით დაიკმაყოფილებთ. ქალაქის პარკები და ბაღები ამის საშუალებას არ იძლევა. უფრო მეტიც, ეს პარკები იმდენად დამთრგუნველია, რომ კარგ ხასიათზე მყოფი იქ არ უნდა შეხვიდეთ, რადგან უკან ხასიათგაფუჭებული გამოხვალთ. ხოლო თუ ისედაც ცუდ ხასიათზე იყავით, მაშინ სავარაუდოდ ღრმა დეპრესიაში ჩავარდებით.🙂

ხსენებული პარკები სავსეა ნანგრევებით, გაურკვეველი დანიშნულების გაუქმებული ან მოქმედი შენობებით, ძველი გაქუცული ან დამტვრეული სკამებით, სამშენებლო მასალებით, ნაგვით და ზოგ შემთხვევაში ტრანსპორტითაც კი. რაც მთავარია, თითქმის არსად ჩანს ყველაზე არსებითი რამ, ის რაც პარკისკენ გვიზიდავს (ან უნდა გვიზიდავდეს) – სიმწვანე. პარკებში მეტისმეტად ბევრი ასფალტია. ხოლო ის ადგილები, სადაც ასფალტი არაა, მიუდგომელია, ან დაფარულია საბავშვო მოედნებით ან სამშენებლო მასალებით. საბავშვო მოედნებიც და შენობებიც კარგი და სასარგებლო რამეა, მაგრამ სად არის მდელო, სადაც შეგვეძლება დავსხდეთ და წიგნი წავიკითხოთ ან სადაც ბავშვები ირბენენ?

ალბათ “დამსვენებლებსაც” ვერ გავამტყუნებთ, რადგან თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ ამგვარ ულაზათო და გაუგებარ ადგილს მოუფრთხილდნენ და მას კიდევ უფრო აპარტახებენ და ანაგვიანებენ.

სამწუხაროდ, მე არ ვიცი თბილისში ისეთი პარკი, სადაც ზაფხულის საღამოებს სიამოვნებით გავატარებდი.

 

 

დიდი ძმა გიყურებთ

Standard

ჯორჯ ორუელი თავის ანტიუტოპიურ რომანში “1984” აღწერს ტოტალიტარულ სახელმწიფო ოკეანიას. ოკეანიაში მკაცრი იერარქიაა, სახელმწიფოს მართავს მცირერიცხოვანი პარტია, პარტიის სათავეში კი დგას ვინმე “დიდი ძმა”. მოქალაქეების საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრება, მათი აზროვნება მკაცრად კონტროლდება პარტიის მიერ. მათ ერთი წამითაც არ უნდა დაავიწყდეთ “თავიანთი მოვალეობები”, ამიტომ საჯარო ადგილებში გაკრული პლაკატები მათ ამცნობს და ახსენებს: “დიდი ძმა გიყურებთ”.

ოკეანიის ერთ-ერთი სამინისტრო, რომელსაც ირონიულად სიყვარულის სამინისტრო ჰქვია, და მის დაქვემდებარებაში მყოფი აზრის პოლიცია მუშაობენ იმაზე, რომ პოტენციური მეამბოხეები გამოავლინონ და სხვადასხვა მეთოდების (მათ შორის, წამების) გამოყენებით, ისევ “სწორ გზაზე დააყენონ”, ესე იგი, შეაყვარონ პარტია და დიდი ძმა. სწორედ ასე ემართება რომანის პროტაგონისტ უინსტონ სმითსაც. რომანის დასაწყისში მას პარტია სძულს და ერთგვარი მეამბოხეა, მაგრამ საბოლოოდ, სიყვარულის სამინისტროს “კარგი მუშაობის” შედეგად, დიდ ძმას ისიც შეიყვარებს.

დიდი ძმის და პარტიის სიყვარული კი ნიშნავს, ფლობდე ე.წ. ორაზრის ხელოვნებას, შეგეძლოს აბსურდული დებულებების დაჯერება, მაგალითად ოკეანიის ლოზუნგების: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინარობა ძალაა. ან კიდევ სხვა დებულებისა, ორუელის სხვა რომანიდან “ცხოველების ფერმა”: ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია.

პატრიარქის 29 აპრილის ქადაგება ქალის მოვალეობებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე, ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ იმასაც, რომ ამ ქადაგების არსი ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს. არაფერი რთული იქ არ თქმულა. ყოველი შემთხვევისთვის, ქადაგების ძირითად დებულებებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცოლი და ქმარი თანასწორი არ არიან, ქმარი ცოლზე აღმატებულია (შესაბამისად, მამაკაცი ქალზე აღმატებულია); ცოლი უნდა მოემსახუროს ქმარს; ქალის მოვალეობაა დედობა და ქმრის მომსახურება. ყველაფერი დანარჩენი გამომდინარეობს პირველი დებულებიდან, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორები არ არიან! განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ პატრიარქმა თქვა, ქალმა ქმარს ფეხების დაბანა უნდა შესთავაზოსო. ამაზე შემდეგში კიდევ ვილაპარაკებ, მანამდე კი ისევ ზოგად განცხადებას მივუბრუნდები.  გასაკვირი არ არის, რომ პატრიარქს ბევრი დამცველი გამოუჩნდა. უნდა ითქვას, რომ ისინი მოაზროვნე ადამიანებივით სულაც არ იქცევიან, საუბრობენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი  ალეგორიაა, ან კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, “მორჩილება” თურმე მონობა არ არის ან პატრიარქი თურმე მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე საუბრობდა და სხვაზე არაფერზე. ერთი სიტყვით, მათ უყვართ დიდი ძმა და ფლობენ ორაზრს. თუ მართლაც მოაზროვნე ადამიანები ვართ და არა ზომბები, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ თავისუფლება მონობა არ არის, არც თანასწორობა და უთანასწორობა შეიძლება ერთდროულად არსებობდეს. ეს ქადაგება კი გენდერული თანასწორობის და ადამიანის (ქალის) თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

ახლა რაც შეეხება ფეხების დაბანას, რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად თვალშისაცემია ყველასთვის. ფემინისტებმა, ლიბერალებმა და სხვა კრიტიკოსებმა აღშფოთების გამოხატვისას აქცენტი ძირითადად სწორედ ამ მონაკვეთზე გააკეთეს. დამცველებიც, საპასუხოდ, შეეცადნენ აღნიშნული მონაკვეთი გაემართლებინათ (სწორედ ამაზე აცხადებენ, ალეგორია არისო). ისე გამოდის, თითქოს ქადაგების დანარჩენი ნაწილი ყველასთვის მისაღებია და მხოლოდ ფეხების დაბანაა პრობლემა. მე როგორც ფემინისტი, ვაცხადებ, რომ ეს ასე არ არის! მიუღებელია მთლიანად ეს ქადაგება, ხოლო “ფეხების დაბანა” ძირითადი პრინციპიდან (ქალის და მამაკაცის უთანასწორობიდან) მომდინარე ერთ-ერთი რიგითი სიმახინჯეა. აღმაშფოთებელია ის, რომ ქალს როგორღაც არასრულ ადამიანად და მამაკაცის მონად თუ მოსამსახურედ მიიჩნევენ.

სამწუხაროდ, პატრიარქის ქადაგებაზე არაადეკვატური რეაქცია აქვთ ე.წ. ქალის უფლებადამცველებს – საუკეთესო შემთხვევაში ეს პატრიარქის რბილი და უცნაური კრიტიკაა, ხოლო ნინო ციხისთავმა საერთოდ დიდი ძმის სანიმუშო სიყვარული გამოამჟღავნა. მარინა თაბუკაშვილი კი მიუთითებს, რომ უშუალოდ სახარებაში არაფერია ნათქვამი ქალისა და მამაკაცის უთანასწორობაზე. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამას უფლებადამცველისთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. რომ ეწეროს ეს სახარებაში, მაშინ თანახმა ვიქნებოდით? აღარ ვიბრძოლებდით ადამიანის უფლებების დაცვისთვის? ქალბატონი მარინა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ქალი მუშაობს და ქმრებს შეუძლიათ მათ ფეხები დაბანონ. “მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ფეხები უნდა დაბანონ, თუ სიყვარულით და პატივისცემით არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ” – აცხადებს იგი, იმის ნაცვლად რომ საერთოდ უარყოს ფეხების დაბანის უცნაური იდეა. თუმცა ეს ალბათ გემოვნების საკითხია. ნინო ციხისთავი და გალინა პეტრიაშვილი აცხადებენ, რომ მთავარია სახელმწიფომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა მიუხედავად იმისა, თუ რას იქადაგებს პატრიარქი. საინტერესოა, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ამის გაკეთებას, ექნება კი აზრი მის მიერ გატარებულ ღონისძიებებს (მაგალითად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ), მაშინ როცა ქალებს დიდი ძმა უყურებს და ჯოჯოხეთით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი “თავიანთ მოვალეობას” არ შეასრულებენ, მაშინ როცა პატრიარქის ქადაგება ამყარებს პატრიარქატს.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტრადიციული რელიგიები და ჩვენი ეკლესიაც, ქალთმოძულეა. ქალი რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი და ქმრის მოსამსახურეა, ამას უფრო დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირები ისედაც გამუდმებით უქადაგებენ მრევლს. და მაინც, პატრიარქის, მაღალი იერარქის ქადაგება უდაოდ კარგი საბაბია გენდერული თანასწორობისა და მის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულების პრობლემის წინწამოსაწევად და ამ თემაზე დისკუსიის დასაწყებად. დასანანი იქნება, თუ ამ საკითხზე ერთადერთ ფემინისტურ (?) გამოხმაურებად მხოლოდ ზემოხსენებული უფლებადამცველების განცხადებები დარჩება.

ეკლესია, მაფია, პოლიცია

Standard

სააღდგომოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პაატა შამუგიას ბლოგპოსტმა და კიდევ ერთხელ დასვა დღის წესრიგში საკითხი, რას წარმოადგენს ეკლესია და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მის მიმართ საზოგადოებას.

ზემოხსენებული ბლოგპოსტის შთაბეჭდილებით ბევრმა ადამიანმა ეკლესია და სამღვდელოება მაფიას შეადარა, ზოგმა პოლიციასთანაც გაავლო პარალელები. ვნახოთ, რით ჰგავს ან განსხვავდება ეს სამი ინსტიტუტი ერთმანეთისგან.

ეკლესია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? არანაირი. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს უქმნის ილუზიას, რომ “ყველაფერი რიგზეა” და “ყველაფერი კარგად იქნება”; ასევე თუ “წესიერად” მოიქცევა, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. შეიძლება შემომედავონ კიდეც რომ ამგვარი ტყუილი და ილუზია საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მაგრამ მე პირიქით მგონია.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? მღვდლობა მართლაც ძალიან კომფორტული “პროფესიაა”. მღვდლები არაფერ სასარგებლოს არ ქმნიან, არაფრით არ ემსახურებიან საზოგადოებას. ისინი მხოლოდ არწმუნებენ ადამიანებს, თუ ფულს და ძალაუფლებას მოგვცემთ, სამოთხეში მოხვდებითო. ჰოდა, იღებენ კიდევაც – ფულსაც და ძალაუფლებასაც. თუ “მორჩილებაში არ იქნები”, თუ ეკლესიას და მოძღვარს არ დაუჯერებ, თუ შენი ცხოვრების ყოველ დეტალს მოძღვრის კონტროლს არ დაუქვემდებარებ და ყველაფერზე კურთხევას არ ითხოვ, მაშინ ცოდვილი ხარ და ღმერთი დაგსჯის, სამოთხეში ვეღარ მოხვდები… – ეს დისკურსი ძალიან გავრცელებული და ყველასთვის ცნობილია. ეკლესიას უნდა დაემონო, ემსახურო, ფული შესწირო (რაც მეტი, მით უკეთესი), მოძღვარს ყველაფერი დაუჯერო, საერთოდ სასულიერო პირში არასოდეს შეიტანო ეჭვი და არასდროს გააკრიტიკო, რადგან ის “წმინდაა”.

ამგვარად დამონებულ მრევლში/საზოგადოებაში ეკლესიას, რა თქმა უნდა, არ უჭირს გაავრცელოს ის იდეები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მისი ძალაუფლების განმტკიცებას – მათ შორის, ფაშისტური, სექსისტური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური ან უბრალოდ აბსურდულ-ირაციონალური და ანტიმეცნიერული იდეები.

ამხელა ძალაუფლების მქონე ეკლესიას უკვე ისიც აღარ უჭირს, რომ არა მხოლოდ თავის მრევლს, არამედ სახელმწიფოსაც გამოსძალოს ფული რამდენიმე ათეული მილიონის ოდენობით (შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფოს ფული” იგივე საზოგადოების, გადასახადების გადამხდელთა ფულია). თუკი სახელმწიფო უარს იტყვის მისთვის ამ ფულის გადახდაზე, დიდია ალბათობა, ეკლესიამ თავისი ზომბირებული მრევლი ააჯანყოს.

ამგვარად, ეკლესია “იკვებება” საზოგადოების ხარჯზე, იღებს დიდ ფულსაც და დიდ ძალაუფლებასაც, ავრცელებს მახინჯ იდეებსა და მენტალიტეტს. ეკლესია აგებულია ადამიანთა ჩაგვრაზე, დისკრიმინაციასა და ექსპლუატაციაზე.

მაფია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? არანაირი. მაფიის ზოგი ტიპი ცდილობს, გარკვეულწილად ჩაანაცვლოს პოლიცია და სასამართლო და გადაწყვიტოს ადამიანებს შორის არსებული დავები. მაგრამ მაფიას არ შეუძლია, ჩაენაცვლოს სასამართლოს ან პოლიციას, ის ვერ იქნება სამართლიანობისა და უსაფრთხოების გარანტი, რადგან თავად არის კრიმინალური და უსამართლო. ისიც, ეკლესიის მსგავსად “მუშაობს” მხოლოდ საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გასაზრდელად და არავითარი სხვა მიზანი არ გააჩნია.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? მაფია არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ქმნის კრიმინალურ ქსელებს, არის სხვადასხვა ტიპის მძიმე დანაშაულის ბუდე, ადამიანებს ფულს სძალავს და ექსპლუატაციას უწევს. მაფია აგრეთვე ავრცელებს მახინჯ მენტალიტეტს და სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციულ თუ ფაშისტურ იდეებს, რომლებიც ზემოთ ეკლესიასთან აღვნიშნე.

მაფიის ბოროტების დანახვა გაცილებით უფრო ადვილია, რადგან ის კრიმინალურია და ადამიანების დამონებას უხეში ძალის გამოყენებით ახდენს. აი, ეკლესია კი ღმერთის (სიკეთის) სახელსაა ამოფარებული და მას თავისი ნებით ემონებიან, იმ იმედით, რომ სამოთხეში მოხვდებიან. ტყუილია! არ დაიჯეროთ! მონა ან ზომბი თუ იქნებით, ამის გამო სამოთხეში არ მოხვდებით.

პოლიცია:

რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის? იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, უზრუნველყოფს ადამიანთა უსაფრთხოებას და ძალადობისგან დაცულობას.

რა ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის? პოლიციამ შეიძლება გამოამჟღავნოს მიდრეკილება კორუფციისკენ, ზოგიერთი ტიპის დანაშაულის იგნორირების ან სულაც ხელშეწყობისკენ, ძალის გადამეტებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ…

პოლიცია არის ინსტიტუტი, რომელიც არსებობს ადამიანთა შეთანხმების საფუძველზე. პოლიციის ფუნქცია არის სწორედ ის, რომ მან დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს უსაფრთხოება და კანონიერება. მაშასადამე, საზოგადოებას შეუძლია გააკრიტიკოს პოლიცია, მოითხოვოს მისგან, რომ არ გადაუხვიოს თავის ფუნქციებს, მოითხოვოს მასზე მეტი კონტროლი და ა.შ. მაფიის შემთხვევაში, რაიმე კონსტრუქციული კრიტიკა, რომ “ის თავის ფუნქციებს არ ასრულებს”, რა თქმა უნდა აბსურდია. ვფიქრობ, ასევეა ეკლესიის შემთხვევაშიც, რადგან ეკლესიის ოფიციალურად გაცხადებული ფუნქციები და მიზნები ბუნდოვანი და მისტიკურია. გარდა ამისა, სასულიერო პირების კრიტიკა, როგორც აღვნიშნე, პრაქტიკულად აკრძალულია.

როცა “ბედავენ” და რომელიმე მღვდელს აკრიტიკებენ, ეკლესიის დამცველებს ხანდახან მოჰყავთ ხოლმე ასეთი არგუმენტი, ამას მთელ ეკლესიაზე რატომ ავრცელებთ, ცუდი და კარგი ხომ ყველგან არისო. მე მინდა ვუპასუხო მათ, პოლიციაში შეიძლება იყვნენ “ცუდები და კარგები”, მაგრამ ეკლესიაში არა. არც მაფიაში. ეს ორი ინსტიტუტი თავისი არსით არის ბოროტება და თითო-ოროლა “ბუნჩულა” და “შემწყნარებლური” წევრი თუ გამოერევათ, ეს ინსტიტუტის ბუნებას არ ცვლის. ამგვარ ინსტიტუტებს უნდა ებრძოლო.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეკლესიაც, მაფიაც და პოლიციაც თითქმის სულ მამაკაცებით არის დაკომპლექტებული. ეკლესია და მაფია თავისი არსით წარმოადგენს მკაცრ პატრიარქალურ, იერარქიულ ინსტიტუტებს. ეკლესია და მაფია თავიანთი მახინჯი მენტალიტეტით ჩაგრავენ და მტრობენ არა მხოლოდ საზოგადოებრივ უმცირესობებს, არამედ ისეთ დიდ ჯგუფსაც, როგორიც არიან ქალები. ისინი, რასაკვირველია, იმონებენ თავიანთი წრის გარეთ მყოფ მამაკაცებსაც, მაგრამ მათი გაგებით ქალები (და ჰომოსექსუალი მამაკაცები) იერარქიის კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე დგანან. ამიტომ, მაფია და ეკლესია ნებისმიერ, თვით ყველაზე დაჩაგრულ-დამონებულ მამაკაცსაც კი “საჩუქარს უკეთებენ” – უფლებას აძლევენ, რომ ქალებზე იბატონოს. რაც შეეხება პოლიციას, ისიც, როგორც ყველა ტრადიციული ძალაუფლებასთან დაკავშირებული ინსტიტუტი ძირითადად მამაკაცებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ვფიქრობ, ამის შეცვლა შესაძლებელია.

მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს, ამომრჩეველს შევპირდებოდი:

  1. ეკლესიისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას;
  2. პოლიციის ფემინიზაციას.
იხილეთ რუსი ფემინისტების “პანკ-ლოცვა”

სირაქლემები და “ტაბულა”

Standard

“ქართული ოცნების” პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე 8 მარტს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ქალის უფლებები დაცულია და ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ არის.

ჟურნალ “ტაბულას” ბოლო ნომერი ფემინისტების მიერ გადაცემა “ქალური ლოგიკის” მიმართ პროტესტსა და დახურვის მოთხოვნას ეხმაურება სტატიით “ფემინისტური ლოგიკა”. სტატიის არსი ისაა, რომ “ტაბულა” ფემინისტებს თავისუფალი სიტყვისა და მედიის მტრებად აცხადებს; ერთგან კი წერია ასეთი რამ: “ერთია, როცა გამოხატვა აჩენს მყისიერ საფრთხეს – ძალადობის მსხვერპლად იქცეს რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი. ასეთ დროს პირდაპირი კავშირი ძალადობასა და გამოხატვას შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას ქმნის.” მაშასადამე, “ტაბულას” ჟურნალისტების აზრით, “ქალური ლოგიკა” ძალადობის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის და ამიტომ მისი დახურვის მოთხოვნა ბოროტებაა.

როგორც მაია ფანჯიკიძის, ისე “ტაბულაში” გამოთქმული მოსაზრება მცდარია და აი, რატომ:

არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” 2010 წელს ჩაატარა კვლევა ოჯახში ძალადობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კახეთშია, სადაც ძალადობის მსხვერპლი 92%-ს აღწევს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, ქვემო ქართლში, აჭარაში და იმერეთში ძალადობის მსხვერპლი ქალთა 3/4-ია. ძალადობა არის სხვადასხვა სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური.

ქალები ხშირად ვერ ახერხებენ მოძალადე ქმრისგან (ან სხვა ოჯახის წევრისგან) თავის დახსნას, რადგან გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრი მათ წინააღმდეგაა, მათ უბრალოდ წასასვლელიც არსად აქვთ ხოლმე – მათ უძრავი ქონება ან მაღალი შემოსავალი არა აქვთ, გათხოვილ ქალს კი თავისი ოჯახი უარს ეუბნება უკან მიღებაზე. სახელმწიფოსთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის, არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალის დაცვას. ქალის დაცვას ვერც ქალის უფლებადამცველი ორგანიზაციები ახერხებენ – სხვადასხვა ინტერვიუებში თვითონვე აღიარებენ ამას. ისინი როგორც წესი, მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ მსხვერპლს დროებითი თავშესაფარი მისცენ, მაგრამ საბოლოოდ ქალი მაინც იძულებული ხდება მოძალადესთან დაბრუნდეს.

ასეთ პირობებში, საუბარი იმაზე, რომ ქალის უფლებები დაცულია ან რომ ძალადობის მყისიერი საფრთხე არ არსებობს, სირაქლემის პოზაა და სხვა არაფერი. ამ თემაზე სირაქლემის პოზა ძალიან გამტკბარი აქვს ნებისმიერი მიმართულების პოლიტიკოსს და “უფლებადამცველს”. ამაზე არავინ საუბრობს. “პოლიტიკური თემაა” ყველაფერი – საგარეო ურთიერთობებიდან დაწყებული სხვადასხვა სკულპტურების დადგმით დამთავრებული. ქალების პრობლემები კი “პოლიტიკური თემა” არაა. ჟურნალისტებს არც კი მოსდით აზრად, პოლიტიკოსებს ამის შესახებ კითხვა დაუსვან. “ბატონო/ქალბატონო, რას ფიქრობთ ოჯახში ძალადობის შესახებ და როგორ ესახება თქვენს პარტიას ამ პრობლემის მოგვარება?” გინახავთ ან გაგიგიათ ოდესმე მსგავსი კითხვა ქართველი პოლიტიკოსის მიმართ? მე არ მახსენდება. ჟურნალისტებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ თემაზე კითხვები მხოლოდ ქალის უფლებადამცველ ორგანიზაციებს ან დიდი-დიდი სახალხო დამცველის აპარატს უნდა დაუსვან.

პოლიტიკოსები და უფლებადამცველები დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ პატიმართა უფლებების დარღვევაზე, მათზე განხორციელებულ ძალადობაზე ან კიდევ აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლაზე და ა.შ. სტუდენტები აპროტესტებენ, რომ თვითმმართველობის წევრები “რიგით” სტუდენტებს სცემენ… ყველა აპროტესტებს, როცა კაცებს ხვდებათ, ქალებზე კი ყველა დუმს. რატომ? იმიტომ რომ ასეთი წესია – კაცებზე ჩვეულებრივ საჯაროდ ძალადობენ, ქალებზე კი არა. ქალზე საჯაროდ “ხელის აწევა” პატრიარქალურ-მაჩოისტური გადმოსახედიდან დიდ სირცხვილად და თავის მოჭრად ითვლება. აი, სახლში “ჩუმად” საკუთარ ცოლზე, შვილზე ან დაზე ძალადობა კი შეიძლება, სადმე მოფარებულ კუთხე-კუნჭულში ქალის გაუპატიურებაც არაა პრობლემა. ასეთი ძალადობის არშემჩნევა, მასზე თვალის დახუჭვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე იმაზე, რომელიც საჯარო სივრცეში ხდება.

დავუბრუნდეთ ისევ პატიმრების თემას. პატიმართა უმეტესობა კაცია, როგორც ითქვა, მათ არც თუ ცოტა დამცველი და გულშემატკივარი ჰყავთ. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა, თუ ვინმე რეციდივისტი და საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიში მამაკაციც კი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებების დაცვისთვის იბრძოლონ, რატომ არ იმსახურებს იმავეს მშვიდობიანი მოქალაქე ქალი? აშკარა უსამართლობაა ის, რომ ქალის უფლებების ხსენებისთანავე ყველა (მათ შორის ქალებიც!) თავს ქვიშაში წარგავს და განაცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, ეს რა სალაპარაკოა და ა.შ.

ქალზე ძალადობა მთელ მსოფლიოში პრობლემად რჩება. მაგალითად მოვიყვან შემთხვევებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკული შედეგით დასრულდა. 2000 წელს პალესტინაში 21 წლის ფახრა იუნუსს ყოფილმა ქმარმა მჟავა დაასხა. გოგონამ საშინელი დაზიანებები მიიღო, ცხვირი პრაქტიკულად სულ დაუდნა, უამრავი ოპერაცია გაიკეთა და ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ამ თავდასხმამ სამუდამოდ დაამახინჯა და ადამიანის სახე დაუკარგა. 12 წლის შემდეგ უბედური ქალი ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა.

უკრაინელ 18 წლის გოგონას, ოქსანა მაკარს რამდენიმე კაცი დაესხა თავს, გააუპატიურეს, აწამეს და ცეცხლი წაუკიდეს. გოგონამ მძიმე დამწვრობები მიიღო, ექიმებს მისი ორივე ქვედა კიდურის და ერთი ხელის ამპუტაცია დასჭირდათ, მაგრამ ოქსანა მაინც გარდაიცვალა.

ამ პოსტს რომ ვწერდი, ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე სწორედ მაშინ გააზიარა საქართველოში მომხდარი ეს ამბავი. 23 წლის გოგონა ქმარმა მოკლა. მოკლულს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ დამნაშავე მაინც დაისაჯოს მკაცრად. ზემოთ აღწერილ შემთხვევებში, მიუხედავად ძალადობის სიმძიმისა და კატასტროფული შედეგებისა, ფახრაზე და ოქსანაზე თავდამსხმელმა მამაკაცებმა მაინც მოახერხეს სასჯელისგან თავის დაძვრენა… იმიტომ, რომ გავლენიანი ოჯახებიდან იყვნენ და სახელმწიფოც მათ მხარეზე აღმოჩნდა.

 

რაც შეეხება “ტაბულას”, “ფემინისტური ლოგიკა” მათი პირველი ანტიფემინისტური სტატია არ არის, ამგვარი სტატიები ამ ჟურნალში საკმაოდ ხშირია. “ტაბულას” რედაქციას მიაჩნია, რომ მათ მემარჯვენე-ლიბერტარიანულ იდეოლოგიასთან ყველანაირი ფემინიზმი წინააღმდეგობაში მოდის. მაგრამ მე ვფიქრობ, ამაშიც ცდებიან. ამის სადემონსტრაციოდ კი სწორედ ოჯახში ძალადობის თემა გამოდგება. მემარჯვენეებისთვის იდეალური სახელმწიფო მინიმალური სახელმწიფოა. მინიმალური სახელმწიფოს არსი მდგომარეობს შემდეგში: მან უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები საფრთხისგან, როგორც ერთმანეთისგან, ასევე სახელმწიფოს გარედან მომდინარე საფრთხისგან. ამიტომ მინიმალური სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია ჯარი და პოლიცია. მეორე მხრივ, ეს სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს სხვა საკითხებში, განსაკუთრებით ეკონომიკაში. მაშასადამე, მემარჯვენეების აზრით, სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაიცვას ადამიანები საფრთხისგან, ძალადობისგან, თავისუფლების შეზღუდვისგან, ხოლო სხვა მხრივ აცალოს მათ თავისუფლად განვითარება და ეკონომიკური აქტივობა. თუ დავეყრდნობით ქალზე ძალადობის შესახებ ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციას, თუნდაც ზემოთ ხსენებულ სტატისტიკას, გამოდის, რომ სახელმწიფო თავის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას – ძალადობისგან დაცვას – ვერ ან არ ასრულებს. ამ ქალებისთვის ფაქტობრივად, არც მინიმალური და არც საერთოდ არანაირი სახელმწიფო არ არსებობს. ისინი არიან პრესახელმწიფოებრივ, ჰობსისეულ “ბუნებრივ მდგომარეობაში”, სადაც შედარებით სუსტ ადამიანს სხვა გზა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ან ითმინოს ძალადობა ან მოძალადე მოკლას. იმ შემთხვევაში თუ გატანჯული ქალი მეორე, უკიდურეს და საშინელ არჩევანამდე მივა, აქ უცებ საიდანღაც გაჩნდება სახელმწიფო და მკვლელს დასჯის, მიუხედავად იმისა, რომ თავისივე უმოქმედობითა თუ უუნარობით მიიყვანა ადამიანი ამ ზომამდე.

მართალია, მინიმალური სახელმწიფოს ცნება ჯერ კიდევ იმ ბნელ დროებაში ჩამოყალიბდა, როცა ქალი მოქალაქედ და სრულფასოვან ადამიანად არ მოიაზრებოდა. ასე რომ, ის თავიდან მართლაც მხოლოდ მამაკაცების დასაცავად იყო ჩაფიქრებული. მაგრამ ახლა ხომ სხვა დროა – თუ ქალს ადამიანად და მოქალაქედ ვაღიარებთ (რისი აღიარებისთვისაც სხვათაშორის, ქალებმა/ფემინისტებმა ბევრი იბრძოლეს), მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია ქალი ძალადობისგან დაიცვას, ისევე როგორც მამაკაცი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად და რა პირობებში ხორციელდება ეს ძალადობა.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, რით ეწინააღმდეგება ქალის ძალადობისგან დაცვის ფემინისტური მოთხოვნა ვინმეს მემარჯვენე-ლიბერტარიანულ იდეოლოგიას. მესმის, მემარჯვენე არ ეთანხმებოდეს სოციალისტური ფემინიზმის ზოგიერთ მოთხოვნას, მაგრამ ძალადობის საკითხზე სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მესმის. თუ ამ ადამიანს ყველანაირი ფემინიზმის ხსენებაზე ელეთმელეთი მოსდის და ჯიუტად უარყოფს ძალადობის არსებობას ან ამ თემის მნიშვნელობას, მაშინ გამოდის, რომ მას უბრალოდ ხელს აძლევს ამგვარი ძალადობის არსებობა და ქალის დაუცველობა. უკეთეს შემთხვევაში, ასეთ მემარჯვენეს (მამაკაცს) მოსწონს ის, რომ ამგვარად დამონებულ-დაბეჩავებული ქალები საზოგადოებრივ ასპარეზზე თუ შრომის ბაზარზე ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ, უარეს შემთხვევაში კი თვითონაც მოძალადეა. ძალადობაზე თვალის დახუჭვა არანაირი პოზიტიური იდეოლოგიური მოსაზრებებით არ იხსნება და არც შეიძლება აიხსნას.

ქართლის დედა და გლამურული გოგონა

Standard

ფეისბუქზე ყურადღება მიიქცია ერთმა ფოტომ. მისი ავტორი შალვა ლონდარიძეა და ზედ გამოსახულია ორი ქალი, ორი ქანდაკება. ერთი ქართლის დედაა, ერთიც ახალი ქანდაკება ხიდის მოაჯირზე. კონტრასტი ამ ქანდაკებებს, ქალის ამ სახეებს შორის აშკარაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი.

ზოგმა ამ კონტრასტში პროგრესი დაინახა, ახალი ქალი ფემინისტური იდეის განსხეულებად აღიქვა. კერძოდ, საუბარი მაქვს გიორგი კიკონიშვილის პოსტზე. გიორგი აცხადებს, რომ ამ ქანდაკებამ თუ ამ კონტრასტმა ქანდაკებებს შორის შეძლო მიეტანა ხალხამდე ის, რაც “აკადემიური ენით” მოსაუბრე ფემინისტებმა ვერ შეძლეს. მისი თქმით, ქანდაკება “ორგანულადაა შერწყმული ადგილობრივ კულტურასთან და ამ ადგილობრივი ენით ელაპარაკება ადამიანებს”. ერთი სიტყვით, გიორგის აზრით, ხელოვნებამ შეძლო ადამიანებთან მიეტანა ის იდეა, რომელიც ამ იდეის უპირველესმა მატარებლებმა (ფემინისტებმა) ვერ შეძლეს. ამ აზრით, ქართლის დედა კულტურის მიერ რეპრესირებული ქალის სახეა, “ახალი ქალი” კი, მისგან განსხვავებით, თავისუფალი და ბედნიერია.

მაგრამ არის კი ეს კონტრასტის სწორი ინტერპრეტაცია?  ნამდვილად თავისუფალია “ახალი ქალი” თუ ისიც პატრიარქალური კულტურის მიერ არის კონსტრუირებული? აბა, დავაკვირდეთ ფოტოს. კი, “ახალი ქალი” ნამდვილად უფრო დინამიურია, მაგრამ მასშიც ისევე იგრძობა “დაჭიმულობა”, როგორც ქართლის დედის შემთხვევაში. ამას მისი მოკლე კაბა და ვარცხნილობა მოწმობს.  იქნებ ეს მდინარესთან ჩამომჯდარი თავისუფალ-გახარებული ქალი კი არა, ვინმე გლამურული რუსკა, თიკო ან ნუკია, რომელთაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვხედავთ ხოლმე? იქნებ სულაც “ქალური ლოგიკის” გადაღებებიდან ახლახანს გამოსული მოდელი გოგოა? აღნიშნული გოგონები ქართლის დედას საერთოდ არ ჰგვანან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი კულტურის მიერ რეპრესირებული ქალები არ არიან. უბრალოდ ისინი სხვა მოთხოვნებს ემორჩილებიან, სხვა როლს თამაშობენ და ქართლის დედა კი – სხვას.

ილია ჭავჭავაძე თავის ლექსში “ქართვლის დედას” წერს:

“ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…”

მერე კი აზუსტებს, როგორ ხედავს ქალის როლს ამ საქმეში:

“აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს…”

ქართლის დედა ნაციონალისტური პროექტის ნაწილია. აქ ქალის ერთადერთი დანიშნულება და საქმე ისაა, რომ გახდეს დედა და “ღირსეული” შვილები აღზარდოს – ბიჭები კარგ მებრძოლებად და პატრიოტებად გამოზარდოს, გოგოები კი მოამზადოს ისევ იმ საქმისთვის, რასაც თავად აკეთებს – დედობისთვის და მომდევნო თაობის აღზრდისთვის.  ასეთი ქალის ერთადერთი ლეგიტიმური იდენტობა არის დედობა, მან არაფერზე არ უნდა იფიქროს სამშობლოს წინაშე თავისი ვალისა და თავისი შვილების გარდა, შვილებს უნდა მიუძღვნას თავისი ცხოვრების ყოველი წუთი, არ უნდა ჰქონდეს სექსუალური სურვილები, არ უნდა ჰქონდეს “მამაკაცის მსგავსად” მუშაობის, საზოგადო მოღვაწეობის ან თუნდაც ბრძოლის სურვილი. ეს ყველაფერი ქალს სამშობლოსა და მისი მომავლის სახელით ეკისრება, ანუ ეს ნაციონალისტური იდეოლოგიის შეკვეთაა.

როგორც ვხედავთ, ქალის როლის ასეთი გააზრება ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არის აქტუალური და XXI საუკუნეში ჯერ კიდევ არ გამხდარა მარგინალური. ამას სიმბოლური გამოხატულებაც აქვს, ქართლის დედის ქანდაკება ჯერ კიდევ მკვიდრად დგას და მის დემონტაჟზე არავინ ფიქრობს. მაგრამ ახალ დროს ახალი მოთხოვნებიც მოაქვს, პატრიარქატიც ტრანსფორმირდება და მის მიერ მოთხოვნილი ქალური როლები უფრო მრავალფეროვანი ხდება. რა თქმა უნდა, ფემინისტური გადმოსახედიდან არამცდაარამც არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრესად ის, რომ დღეს თავდადებული დედებისა და დიასახლისების გვერდით რუსკები და თიკოებიც არსებობენ.

როგორც ვთქვი, “ახალი ქალის” ქანდაკება თავისუფალი და ბედნიერი ქალის ასოციაციას არ მიქმნის. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ახალ, განსხვავებულ როლს მორგებულია ქალია. ცოტა ხნის წინ შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ მას ებრალება ის ქალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მამაკაცის ძლიერი ფრთის ქვეშ იყვნენ და რომლებსაც თავიანთ ვალად არ მიაჩნიათ, მამაკაცებს ემსახურონ (სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა). ასე გამოეხმაურა იგი ფემინისტების აღშფოთებასა და პროტესტს სექსისტური რეკლამებისა და “ქალური ლოგიკის” მიმართ. “ახალი ქალიც”, ვფიქრობ, იმ ქალის სახეა, რომელიც ძლიერ “ფრთოსნებს” მოსწონთ – ეს არის გლამურული, კეკლუცი, სულელი, სექსუალური (“ფრთოსნების” გაგებით სექსუალური), სუსტი და ძლიერი ფრთის ქვეშ თავის შეფარების მოსურნე ქალი. ქართლის დედა ნაციონალიზმის შეკვეთა იყო/არის, “ახალი ქალი” კი ძლიერი “ფრთოსნების” – მდიდარი და ძალაუფლების მქონე მამაკაცების შეკვეთაა.

შესაბამისად, ახალ ქანდაკებას ნამდვილად ვერ აღვიქვამ ფემინისტური იდეების გამოხატულებად და ამ იდეების ხალხამდე მიტანად. გიორგი კიკონიშვილის აზრით, ეს ადგილობრივი კულტურის ორგანული ნაწილია. ამაში კი დავეთანხმები, სამწუხაროდ, ქალის როგორც ერთი, ისე მეორე სახე ჩვენი კულტურის ორგანულია ნაწილია. ფემინიზმი, თავისუფალი და ბედნიერი ქალები კი ჩვენი კულტურის ნაწილი არ არის.